გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1183(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1183(კ-23) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი (ასკ-ის 16.2)- თ. დ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 15 ოქტომბერს მ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. 2021 წლის 12 ივლისის დაზუსტებული სარჩელით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიეთითნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2020 წლის 16 იანვარს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2020წ. N... გადაწყვეტილებით დადგინდა ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს შორის. 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. დ-ას სახელზე. 2018 წლის 21 მარტს თ. დ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადიგენის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 1997 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილითა და მასზე დართული 2019 წლის 15 მარტის N... ოქმით დადასტურდა თ. დ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილებით თ. დ-ას საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მდებარე: ადიგენის რაიონი, სოფელი .... მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თ. დ-ას უფლებადამდგენი დოკუმენტი, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთთა იდენტურობის ოქმი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. მარეგისტრირებელმა ორგანომ თ. დ-ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას არ გაითვალისწინა მასთან დაცული დოკუმენტაცია და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა თ. დ-ას სახელზე გაცემული ადიგენის რაიონის სოფელ ...ს 1997 წლის 14 აგვისტოს მიწის მიღება-ჩაბარების აქტის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილის და მასზე დართული 2019 წლის 15 მარტის N... ოქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის თანახმად, აუცილებელ მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. დ-ა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ფ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის 14 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ თ. დ-ას სახელზე გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც თ. დ-ას ადიგენის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო მიწის ნაკვეთი, 0,80 ჰა. ნაკვეთის მოსაზღვრედ ჩრდილოეთ მხარეს მითითებულია ფ-ე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - ფ-ე.

2018 წლის 21 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა თ. დ-ამ და მოითხოვა ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთს A-B მხრიდან ესაზღვრება მ. ა-იი, B-C მხრიდან - მ. ფ-ე, ხოლო C-D და D-A მხრიდან - გზა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ თ. დ-ას მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულ წერილს ერთვის სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 15 მარტის N... ოქმი.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით ადიგენში, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., დარეგისტრირდა თ. დ-ას საკუთრებად.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივის 2021 წლის 2 ნოემბრის საარქივო ცნობის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცულ აბაშის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება მ. მე.-ის ასული დ-ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. მ. მე.-ის ასული დ-ა - ოჯახის უფროსი; 2. თ. ნ.-ს ძე დ-ა - შვილი; 3. ლ. ნო.-ს ასული დ-ა - რძალი; 4. ნ. თ.-ს ძე დ-ა - შვილიშვილი; 5. ნო. თ.-ს ძე დ-ა - შვილიშვილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-2, მე-11, ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია ზემოხსენებული ფორმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტის შესაბამისად. კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობის, პარამეტრების და მოსაზღვრე ნაკვეთების თაობაზე, რაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოშობს მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სასამართლოს მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტზე ნომრის არარსებობა არ ჰქმნის მითითებული აქტის და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბეს, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე (სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქციით) და აღნიშნა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა თ. დ-ას მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თ. დ-ას უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებზე და თ. დ-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით არსებულ მოცემულობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა აშკარა განსხვავება თ. დ-ასთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ და მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის ფორმასა და პარამეტრებში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და ვერც მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა თ. დ-ას მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მ. ფ-ეისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტზე, 21-23-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 მარტის N... ადგილზე დათვალიერების ოქმის და თ. დ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე დადგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია (14.08.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტი) იყო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის 20.03.2019წ. წერილით დადგინდა თ. დ-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებულ ნაკვეთის და მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელიც ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე თ. დ-ას დაურეგისტრირდა, კასატორის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ამასთან, იდენტურობის ოქმზე არცერთი მოსაზღვრე მეზობლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. საგულისხმოა, რომ ოქმის შედგენაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთგან ოქმს მხოლოდ რამდენიმე მათგანი აწერს ხელს. იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 31 ივლისის N150 ბრძანებით დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ იდენტურობის დადგენის ოქმის ფორმა. კასატორის განმარტებით, კანონმდებლობით სავალდებულოა იდენტურობის დადგენის დროს მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელმოწერა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აბაშის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 1996-2000 წლების და 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება მ. მე.-ის ასული დ-ა, კომლის შემადგენლობაში კი ირიცხებიან თ. ნ.-ს ძე დ-ა-შვილი, ლ. ნო.-ს ასული დ-ა-რძალი, ნ. თ.-ს ძე დ-ა - შვილიშვილი. თ. დ-ა სხვა სოფლის კომლში ირიცხება, შესაბამისად, იგი ადიგენის რაიონში მდებარე სოფელში მიწის რეფორმის საფუძველზე ვერანაირად ვერ მიიღებდა მიწის ნაკვეთს. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მითითება თ. დ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბესთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა განისაზღვრა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 14.08.1997წ. N105 აქტით მ. ფ-ეს ადიგენის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 6 მიწის ნაკვეთი, ჯამში 0,39 ჰა, მათ შორის 0.059 ჰა და 0.24 ჰა. 0.059 ჰა მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ჩრდილოეთ მხარეს მითითებულია ლ-ი, სამხრეთიდან - ა-ი, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან - გზა, ხოლო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ჩრდილოეთ მხარეს მითითებულია ქ-ე, სამხრეთით - დ-ა, აღმოსავლეთით - ფ-ე და დასავლეთით - ქ-ე.

2020 წლის 16 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა მ. ფ-ემ და ითხოვა ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 560 კვ.მ და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე უფლების სპორადული რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისის 2020 წლის 13 მარტის N... და N... გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ განცხადებებით წარდგენილ და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება.

ადიგენის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის 14.08.1997 წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით თ. დ-ას ადიგენის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 1 მიწის ნაკვეთი, 0,80 ჰა. ნაკვეთის მოსაზღვრედ ჩრდილოეთ მხარეს მითითებულია ფ-ე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით - ფ-ე. 2018 წლის 21 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა თ. დ-ამ და ითხოვა ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანო ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადგენა მოსთხოვა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილით დადგინდა, რომ თ. დ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. ზემოაღნიშნული წერილი თავის მხრივ დაეფუძნა ადგილზე დათვალიერების 15.03.2019წ. N... ოქმს.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილებით ადიგენში, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., დარეგისტრირდა თ. დ-ას საკუთრებად.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა მესამე პირის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესამე პირზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 26.03.2019წ. N... გადაწყვეტილების, თ. დ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის (14.08.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის) და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილისა და მასზე დართული 2019 წლის 15 მარტის N... ოქმის ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, მათ შორის, უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). დასახელებული კანონის მესამე პუნქტის “მ” ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი).

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელს უნდა წარედგინა კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განეხორციელებინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი თ. დ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრულია მიღება-ჩაბარების აქტის სავალდებულო რეკვიზიტები: როგორიცაა გაცემის თარიღი, მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი არ არის თ. დ-ას უფლებადამდგენი დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, მოთხოვნა მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ნომრის მიუთითებლობა წარმოადგენს ის სახის პროცედურულ დარღვევას, რომ აღნიშნული წარმოშობს აქტის ბათილობის სათანადო წინაპირობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი უფლებადამდგენ დოკუმენტთან ერთად გახდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილი და მასზე დართული 2019 წლის 15 მარტის N... დათვალიერების ოქმი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ორგანო გამოსცემდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 20.03.2019წ. N1257/09 წერილსა და მასზე დართულ 2019 წლის 15 მარტის N... ოქმზე, რომელშიც აღნიშნული არ არის თუ რა გარემოებები შეისწავლეს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა. შესაბამისად, გაურკვეველია რა ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა სადავო წერილში და ოქმში გაკეთებული დასკვნა მასზედ, რომ თ. დ-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი მის მიერ საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული არ არის უძრავი ნივთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია და ზემოაღნიშნული პირები გამოკითხულნიც არ ყოფილან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების დროს მ. ფ-ე (თ. დ-ას სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში მოსაზღვრედ მითითებული პირი) არ იმყოფებოდა დათვალიერების ადგილას, შესაბამისად იგი არ იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის სტატუსით. ამდენად, დათვალიერების ოქმი არ არის სათანადო წესით შედგენილი და შეიცავს არასაკმარის ინფორმაციას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად. აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი და დათვალიერების ოქმი იდენტური შინაარსისაა, არცერთი მათგანი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მათი მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი და ადგილზე დათვალიერების ოქმი ეწინააღმდეგება კანონს, რადგან არსებითად დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რაც ზემოაღნიშნული აქტების არსებითად ბათილად ცნობის საფუძველია.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის საკმარის დოკუმენტს, თუმცა რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარებოდა შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილებისას გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მესაკუთრისა და მიწის მიახლოებით მდებარეობაზე ინფორმაციას მოიცავდა. იმ პერიოდისათვის, არ იყო გათვალისწინებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების საფუძველზე, სისტემური რეგისტრაციის მიზნით, არაერთხელ განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაციის (საკადასტრო სამუშაოები, რეგისტრაცია, საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა). საკასაციო პალატის მოსაზრებით, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონის (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი) მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო სადავო უძრავ ნივთზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომრის, საზღვრების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენისათვის აუცილებელი სიტუაციური და გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებლების შემცველი „ყვითელი ფენის“ არსებობა.

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა)ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებაზე (ძალადაკარგულია 31.12.2019წ.), რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული, სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას /ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან): მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე, საკუთრების უფლების, ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე, ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. დ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი მართალია შეიცავს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების და მიწის საერთო ფართობის თაობაზე ინფორმაციას, თუმცა ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მიწის ნაკვეთის მდებარეობის უტყუარად დადგენის საშუალებას არ იძლევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წერილით და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უპირობოდ გაზიარების ვალდებულება არ გააჩნდა, მითუფრო იმ პირობებში, რომ ზემოაღნიშნული აქტები ცალსახად არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის კანონით დადგენილ მოთხოვნებს (არ შეიცავს მითითებას თუ რა გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა იდენტურობა უფლებადამდგენ და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზის შესაბამისობა, ასევე არ შეიცავს მოსაზღვრე მეზობლების შესახებ ინფორმაციას). მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ცხადი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტების ხარვეზიანობის და კანონშეუსაბამობის თაობაზე. მესამე პირის საკუთრების უფლების აღრიცხვისას მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, დაედგინა მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთზე სხვა პირების უფლების არსებობის/არარსებობის საკითხი, მოეძიებინა შესაბამისი დოკუმენტები თუ სხვა სახის მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო საკითხთან მიმართებით გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების მიღების ლეგიტიმური მოლოდინი სადავო ნაკვეთზე, მითუფრო იმ პირობებში, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს მოსარჩელის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექტირების შესაძლებლობას, კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

საგულისხმოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასევე არ უმსჯელია თ. დ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექციის შესაძლებლობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ მარეგისტრირებელი ორგანოს აქტთან მიმართებაში, შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.) და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს და მესამე პირს მათ სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტებში მოსაზღვრე მეზობლებად ერთმანეთი ჰყავთ მითითებული. კერძოდ, საქმეში დაცულ მ. ფ-ეის 14.08.1997წ. N105 მიღება-ჩაბარების აქტში N6 მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეთა შორის სამხრეთით ფიქსირდება დ-ა, ჩრდილოეთით - ქ-ე, აღმოსავლეთით - ფ-ე, დასავლეთით - ქ-ე; ხოლო თ. დ-ას სახელზე გამოცემულ 14.08.1997წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსაზღვრეებად მითითებულია: ჩრდილოეთით - ფ-ე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთი - ფ-ე.

საკასაციო სასამართლო სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სრულყოფილად არ უმსჯელია და არ შეუფასებია მესამე პირის სახელზე გაცემული უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი ცალმხრივად დაეყრდნო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წერილსა და დათვალიერების ოქმს და უპირობოდ, დამატებითი მტკიცებულებების მოძიებისა და დაინტერესებული პირების გამორკვევის გარეშე, მიიღო სადავო გადაწყვეტილება თ. დ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე უთითებს სადავო მიწის ნაკვეთის მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაადგინოს მესამე პირის და მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტებში მითითებულ საგანთა ნამდვილი ადგილმდებარეობა, რასთან დაკავშირებითაც ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთა ჩაბმა.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველო იუსტიციის მინისტრის 31.12.2021წ. N798 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში (პირველი მუხლის "ბ" ქვეპუნქტი). ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა უფლებამოსილი დაადგინოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის მხარის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებით, რომელთან დაკავშირებითაც ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ს/კ N... უძრავი ქონების მესამე პირის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ საფუძვლიანია მხოლოდ მიწის ნაკვეთთა ზედდების ნაწილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ფ-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ფ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მარტის N1257/09 წერილი და მასზე დართული 2019 წლის 15 მარტის N... ოქმი;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 26 მარტის N... გადაწყვეტილება თ. დ-ას სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ზედდების ნაწილში; აღნიშნულ ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. მ. ფ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ფ-ეის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება;

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა