დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1086(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1086 (2კ-25) 25 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 16 თებერვალს თ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ მოპასუხეებად - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითა.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 ოქტომბრის №6173617 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც 2022 წლის 12 ოქტომბრის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ. ჩ-ის, მ. ჩ-ის და ი. ჩ-ის მამისა და ფართის თანამესაკუთრის - პ. ჩ-ის მიერ გაცემული მინდობილობის ან შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა „თ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 იანვრის №12 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 ოქტომბრის №6173617 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2022 წლის 12 ოქტომბრის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გ. ჩ-ის, მ. ჩ-ის და ი. ჩ-ის მამისა და ფართის თანამესაკუთრის - პ. ჩ-ის მიერ გაცემული მინდობილობის ან შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 11 იანვრის №12 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თ. შ-ას მიერ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო დოკუმენტაციის სრულად წარუდგენლობის მიზეზებზე, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პ. ჩ-ი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და თ. შ-ასთან კომუნიკაციაზე (მათ შორის, თანხმობის გაცემაზე) უარს აცხადებდა. აღნიშნულის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის II სამმართველოს 2022 წლის 6 ოქტომბრის წერილი. ამასთან, განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ მოაჯირი, რომელზეც პირველი კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეტყობინების შეთანხმებას ითხოვდა, საფრთხის შემცველი იყო მასთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებისთვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 3 აპრილის №002112823 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №2-ში მდებარე საცხოვრებელ შენობაში (ს/კ ...) არსებული ბინის (ს/კ ...) აივნის მოაჯირის ექსპლუატაცია არსებული სახით დაუშვებელი იყო, ის საფრთხის შემცველი იყო და სრულ დემონტაჟს ექვემდებარებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ასევე საფუძვლიანად მიუთითებდა არასრულწლოვნებისთვის არსებულ საფრთხეზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და თ. შ-ასთვის ერთ-ერთი თანამესაკუთრის თანხმობის წარდგენის მოთხოვნისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, 2025 წლის 20 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი ...ს ქ. №2, სართული №2, ბინა №34) მესაკუთრეები იყვნენ: პ. ჩ-ი, მ. ჩ-ი, გ. ჩ-იი, ი. ჩ-ი. ამდენად, კასატორის შეფასებით, უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარება დასაშვებია მხოლოდ თანამესაკუთრეთა თანხმობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება სხვა გადაწყვეტილება მიეღო, რამდენადაც, უძრავი ნივთის თანამესაკუთრის ნების საწინააღდეგოდ ან ასეთი ნების არ არსებობის პირობებში ქონებაზე ნებისმიერი ზემოქმედება ჩაითვლებოდა საკუთრების უფლებაში ჩარევად.

კასატორი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ცალსახად, იმპერატიულად ადგენს სამშენებლო, სარკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის მესაკუთრის თანხმობის წარდგენის აუცილებლობას. ასეთი თანხმობის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი შეითანხმოს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თანამესაკუთრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არ გულისხმობს კომუნიკაციის დამყარების შეუძლებლობას და შესაბამისად, ვერ გახდება თანხმობის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება. ის ფაქტი, რომ მხარეები ვერ შეჯერდნენ თანხმობის გაცემაზე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კვლევისა და შეფასების საგანს, რამდენადაც ეს არის თანამესაკუთრეთა შეთანხმებისა და ცალკე დავის საგანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 17 ოქტომბრის №36/პლ-2025 დადგენილებით მოსამართლე ბადრი შონიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ არჩევის გამო, საქმე №ბს-1086(2კ-25), საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით 2025 წლის 22 ოქტომბერს განაწილდა მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2022 წლის 20 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების (მის: ქ. თბილისი ...ს ქ. №2, სართული №2, ბინა №34) მესაკუთრეები არიან: პ. ჩ-ი, მ. ჩ-ი, გ. ჩ-იი, ი. ჩ-ი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2015 წლის 5 თებერვლის №01156009601, 2015 წლის 10 თებერვლის №01156010684 და 2018 წლის №7801186008558 დაბადების მოწმობებით დგინდება, რომ გ. ჩ-ის, მ. ჩ-ის და ი. ჩ-ის მშობლები არიან - პ. ჩ-ი და თ. შ-ა.

2022 წლის 12 ოქტომბერს თ. შ-ამ №... განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. №2-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე პირველი კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება.

2022 წლის 21 ოქტომბრის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №6173617 გადაწყვეტილებით თ. შ-ას 2022 წლის 12 ოქტომბრის №... განცხადებაზე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა წარედგინა: 1. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები, გადაღებული სხვადასხვა ხედის ფიქსაციით; 2. გ. ჩ-იის, მ. ჩ-ის, ი. ჩ-ის მამისა და ფართის თანამესაკუთრის პ. ჩ-ის მიერ განმცხადებელზე გაცემული მინდობილობა ან თანხმობა სათანადო წესით დამოწმებული მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რისთვისაც განესაზღვრა 15 დღიანი ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ თუ დადგენილ ვადაში არ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

2022 წლის 3 ნოემბერს, თ. შ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას №19/0122307353-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 ოქტომბრის №6173617 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორმა დააზუსტა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 ოქტომბრის №6173617 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომლითაც 2022 წლის 12 ოქტომბრის №o... განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა გ. ჩ-ის, მ. ჩ-ის და ი. ჩ-ის მამისა და ფართის თანამესაკუთრის, პ. ჩ-ის მიერ გაცემული მინდობილობის ან შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სათანადო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა.

2023 წლის 11 იანვრის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №12 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ. შ-ას 2022 წლის 3 ნოემბრის №19/0122307353-01 ადმინისტრაციული საჩივარი.

ამდენად, განსახილველ დავაზე არსებითად შესაფასებელია ის საკითხი, არსებული ინდივიდუალური გარემოებების (არასრულწლოვან შვილთა და სხვა პირთა უსაფრთხოება) გათვალისწინებით, რამდენად სწორად შეაფასეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თ. შ-ას მიერ წარდგენილი განცხადება და მისთვის შესაბამისი ხარვეზის დადგენის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.გ). კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 (შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა) და მე-6 (სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოები) ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მოცემული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად: ა) I კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით; ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება დაბალი რისკით; გ) III კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით; ე) V კლასის შენობა-ნაგებობა − მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა. 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას და ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა I კლასის შენობა-ნაგებობისთვის განკუთვნილი სამუშაოს ტიპის - აივნის რეკონსტრუქციის განხორციელება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი წესის თანახმად, შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელსაც ესაჭიროება ნებართვა ან შეტყობინების დადასტურება, საჭიროებს ყველა თანამესაკუთრის თანხმობას. აღნიშნული რეგულაცია იცავს ყველა მესაკუთრის საკუთრების უფლებას, გამორიცხავს სამომავლო შესაძლო დავას თანამესაკუთრეთა შორის თუ სხვა გარეშე პირებთან და ანაწილებს სამშენებლო სამუშაოების დროს/შედეგად წარმოშობილ რისკებსა თუ სამართლებრივ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას. ამდენად, ზოგადი წესით, დაუშვებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. თუმცა, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, მშენებლობის განხორციელება დაკავშირებულია არა უძრავი ქონების მოდიფიცირებასთან, სამშენებლოდ განვითარება-გაუმჯობესებასთან, გადაკეთებასთან, ფართობის შემცირება/გაზრდასთან და ა.შ, არამედ, აივნის მოაჯირების ფაქტობრივ ავარიულ მდგომარეობასთან და მისგან მომდინარე რეალური საფრთხის პრევენცირებასთან.

საქმეზე დადგენილია, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. აივნის მოაჯირი იყო საფრთხის შემცველი და არ იყო საიმედო, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითაც.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 3 აპრილის №002112823 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. №2-ში მდებარე საცხოვრებელ შენობაში (საკ. კოდი ...) არსებული ბინის (კოდი ...) აივნის მოაჯირის ექსპლუატაცია არსებული სახით დაუშვებელია, ის საფრთხის შემცველია და სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. მის ნაცვლად უნდა მოწყობილიყო ახალი მოაჯირი შესაბამისი პროექტის მიხედვით მშენებლობაში მოქმედი ნორმების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობა დაკავშირებულია არა მხოლოდ მესაკუთრის უფლებასთან - ისარგებლოს და პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს ეს უძრავი ქონება, არამედ ვალდებულებასთან, საკუთარი ქონებით სარგებლობისას არ შეუშალოს სხვა პირს ხელი თავისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში, არ შექმნას საფრთხე და არ მიაყენოს სხვა პირს ზიანი. აღნიშნული ვალდებულებები რეგლამენტირებულია, როგორც კერძოსამართლებრივი კანონმდებლობით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი თავებით (სამეზობლო სამართალი; დელიქტური ვალდებულებანი), ასევე საჯაროსამართლებრივი - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, კერძოდ, 137-ე მუხლით (საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა), რომლის თანახმად, 1. თუ ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, მესაკუთრე ვალდებულია ასეთი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ შესაბამის მუნიციპალიტეტის ორგანოს და განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება: ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და ამ ნებართვის მიღების შემთხვევაში განახორციელოს, შესაბამისად, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი; ბ) შეასრულოს შესაბამისი ორგანოს მითითება, აგრეთვე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად მესაკუთრეს წარმოეშობა ვალდებულება მოახდინოს შენობის, მისი ნაწილის ავარიულობის პრევენცია და შესაბამისი ზომების მიღება, ხოლო ავარიულობის შემთხვევაში, უმოქმედობა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთი მხრივ, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ფართში აივნის მოაჯირი არის საფრთხის შემცველი და ექვემდებარება დემონტაჟს, შეცვლას. აივანი და მისი ნაწილები საფრთხის შემცველია როგორც მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი ოჯახის წევრებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის. ხოლო მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნება, შესაძლო საფრთხის თავიდან არიდებისა და ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამორიცხვის მიზნით. ამდენად, აღნიშნული გარემოებები არათუ უფლებას აძლევდა, არამედ პირიქით ავალდებულებდა ქონების მესაკუთრეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესაბამისი რეკონსტრუქციის განხორციელების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა სამუშაოების განხორციელებიდან/განუხორციელებლობიდან გამომდინარე არსებული რისკები. განსახილველ საქმეში კი უდავოდ დგინდება, მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების (ასევე სხვა მესამე პირთა) კანონიერი ინტერესი და ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულება - ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასევე საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წინასწარ არ აქვს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა