დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 09.02.2026
საქმის ნომერი
ბს-966(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-966(კ-25) 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,კ..-.ას“ (მესამე პირი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ე.თ-ა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რ.ჩ-ა, გ.ბ-ი, ნ.ბ-ი, თ.ს-ი, ნ.ბ-ი, დ.ქ-ი, ვ.გ-ი, გ.ც-ე, ვ.ც-ე, ო.კ-ა, თ.მ-ი, ნ.თ-ი, ლ.მ-ე, დ.ჭ-ე, მ.ბ-ი, პ.ა-ე, მ.გ-ე, მ.ჯ-ა, ნ.მ-ა, მ.მ-ა, ნ.ს-ე, ი.კ-ა, თ.მ-ი, თ.ჯ-ა, გ.გ-ე, ვ.ქ-ე, მ.ო-ე, ი.გ-ა, გ.შ-ე, ლ.ტ-ე, ნ.კ-ე, მ.კ-ე, ქ.ნ-ე, ო.კ-ი, მ.ბ-ე, თ.პ-ი, ე.ლ-ე, თ.უ-ე, ლ.ბ-ი, ს.მ-ე, თ.ხ-ი, მ.ა-ა, ო.შ-ე, ნ.ა-ი, ხ.ხ-ე, ზ.პ-ი, თ.ხ-ე, გ.გ-ე. გ.გ-ი, თ.პ-ი, ი.ა-ე, ნ.ლ-ე, ლ.რ-ი, ლა.რ-ი, დ.კ-ე, თ.თ-ე, ს.ნ-ი, ვ.ა-ი, ც.კ-ი, მ.ბ-ი, მ.ჭ-ი, ი.მ-ი, მ.დ-ე ნ.კ-ე, ბ.ღ-ე, ა.ც-ე, ნ.ჯ-ი, ო.დ-ე, ნ,ბ-ე, ა.ა-ი, გ.ფ-ე, ლ.კ-ე, ც.ი-ა, გ.ს-ა, ვ.ა-ი, კ.მ-ე, ე.ა-ე, მ.ვ-ი, დ.მ-ე, ა.ბ-ი, პ.ტ-ი, რ.ბ-ი, ნ.ა-ი, ი.გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 19 ივლისს შპს „მ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების არაერთხელ დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2023 წლის 15 ივნისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), 2023 წლის 19 ივნისის ..., №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), 2023 წლის 11 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2023 წლის 15 ივნისის №... და 2023 წლის 19 ივნისის ..., №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,კ...-ა’’ და ე.თ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რ.ჩ-ა, გ.ბ-ი, ნ.ბ-ი, თ.ს-ი, ნ.ბ-ი, დ.ქ-ი, ვ.გ-ი, გ.ც-ე, ვ.ც-ე, ო.კ-ა, თ.მ-ი, ნ.თ-ი, ლ.მ-ე, დ.ჭ-ე, მ.ბ-ი, პ.ა-ე, მ.გ-ე, მ.ჯ-ა, ნ.მ-ა,მ.მ-ა, ნ.ს-ე, ი,კ-ა, თ.მ-ი, თ.ჯ-ა, გ,გ-ე, ვ.ქ-ე, მ.ო-ე, ი.გ-ა, გ.შ-ე, ლ.ტ-ე, ნ.კ-ე, მ.კ-ე, ქ.ნ-ე, ო.კ-ი, მ.ბ-ე, თ.პ-ი, ე.ლ-ე, თ.უ-ე, ლ.ბ-ი, ს.მ-ე, თ.ხ-ი, მ.ა-ა, ო.შ-ე, ნ.ა-ი, ხ.ხ-ე, ზ.პ-ი, თ.ხ-ე, გ.გ-ე. გ.გ-ი, თ.პ-ი, ი.ა-ე, ნ.ლ-ე, ლ.რ-ი, ლ.რ-ი,დ.კ-ე, თ.თ-ე, ს.ნ-ი, ვ.ა-ი, ც.კ-ი, მ.ბ-ი, მ.ჭ-ი, ი.მ-ი,მ.დ-ე ნ.კ-ე, ბ.ღ-ე, ა.ც-ე, ნ.ჯ-ი, ო.დ-ე, ნ,ბ-ე, ა.ა-ი, გ.ფ-ე, ლ.კ-ე, ც.ი-ა, გ.ს-ა, ვ.ა-ი,კ.მ-ე, ე.ა-ე, მ.ვ-ი, დ.მ-ე, ა.ბ-ი, პ.ტ-ი, რ.ბ-ი, ნ.ა-ი, ი.გ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2023 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2023 წლის 19 ივნისის ..., №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2023 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2023 წლის 19 ივნისის ..., №... გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს ,,კ...-ას“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „კ...-ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელეს - შპს „მ...-ს“, უარი ეთქვა უძრავ ნივთზე (მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს.კ. №...) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციაზე. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად მიჩნეული იქნა 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოება, კერძოდ: ,,მსესხებლები და შპს „კ...“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. ამასთან, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეებს მისცემს უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ...-ს“ მიმართ დამდგარი სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგი დაუკავშირდა საკუთრების უფლებით სარგებლობის მომეტებულ შეზღუდვას, რამაც აღნიშნული უფლების რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლებას მოიაზრებს ადამიანის ძირითად უფლებათა შორის, თუმცა არ მიაკუთვნებს მას აბსოლუტურად დაცულ სფეროს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულით ხდება კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა მკაცრად განსაზღვრული და ზედმიწევნით დაცული წინაპირობების დაცვის შემთხვევებში. ამავე დროს საკუთრების უფლება მოიაზრებს მესაკუთრის უფლებას - შეუფერხებლად სარგებლობდეს, ფლობდეს და განკარგავდეს თავის საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა შპს „მ...-ს“ ინტერესი - მოახდინოს საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების თავისუფლად განკარგვა და მეორე მხრივ, სახეზეა შპს „კ...-ას“ ინტერესი - ისარგებლოს მორიგების აქტით მინიჭებული გამოსყიდვის ოფციით. მართალია, მიმდინარე დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჭრილში, თუმცა კერძო პირთა სამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისა და ბალანსირების გარეშე, აღნიშნული დავის გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია მოსარჩელის - შპს „მ...-ს“ საკუთრების უფლებაში ჩარევა - შეზღუდვა, რაც ადმინისტრაციული ორგანოსა და მესამე პირის განმარტებით, მორიგების პირობების გათვალისწინებით, გამართლებული და ლეგიტიმურია. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა განპირობებულია უფლების გაურკვეველ მდგომარეობაში უსასრულოდ დატოვებისგან თავის დასაცავად და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ პირობებში, როდესაც ერთი უფლების რეალიზებით ხდება მეორე უფლების შეზღუდვა, მაქსიმალური გულისხმიერებითა და ყურადღებით უნდა მოხდეს ხანდაზმულობის ვადის დასაწყისისა და დასასრულის მომენტის განსაზღვრა.

მოცემულ დავასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მორიგების პირობებში არ არის განსაზღვრული გამოსყიდვის უფლების ვადა, უნდა გავრცელდეს სსკ-ის 514-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუმცა, აღნიშნული ვადის ათვლა, ანუ ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს სააღსრულებო ფურცლის გამოცემიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან, მით უფრო იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მსესხებლები და შპს „კ...“ იღებდნენ ვალდებულებას მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღეში უზრუნველეყოთ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (სსკ 514-ე მუხლით გათვალისწინებული) დაკავშირებულია გამოსყიდვის უფლებით სარგებლობის ფაქტთან და არა ზოგადად სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ხანდაზმულობის ვადასთან. სასამართლო მიმდინარე დავაში არ აფასებს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებს, არამედ იმას თუ საიდან იწყება შპს „კ...-ასთვის“ მინიჭებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლება და როდის მთავრდება იგი, ვინაიდან, აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მიერ მოპოვებულ საკუთრების უფლებას, რომლით სარგებლობაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა გამოსყიდვის უფლების ამგვარი სახით არსებობამ. სააპელაციო პალატის განმარტებით, ერთი უფლების გამოყენება არ უნდა იწვევდეს სხვა უფლების არამართლზომიერ და გაუმართლებელ შეზღუდვას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედებით შპს „მ...-ს“ გაუმართლებლად და მომეტებულად ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რომელიც თავის არსში მოიცავს ნივთის როგორც ფლობის, ასევე მისი თავისუფლად განკარგვის საშუალებასაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,კ...-ამ“.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით განსაზღვრული გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსში მოცემული გამოსყიდვის უფლების მარეგულირებელი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გამოსყიდვის უფლების წარმოშობა და დროში არსებობა დამოკიდებულია და არ არსებობს გამოსასყიდ ნივთზე მყიდველის საკუთრების უფლების არსებობის გარეშე. ამდენად, კასატორი სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,კ...-ას“ მიერ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობის ვადა იწყება 2023 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც შპს ,,კ...-ამ“ შეიტყო, რომ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა შპს ,,მ...-ს“ საკუთრების უფლება და წარმოეშვა ამ ნივთის უკან გამოსყიდვაზე მოთხოვნის უფლება. ამასთან, რაც შეეხება მორიგების აქტში მითითებულ პირობას იმის თაობაზე, რომ მსესხებლები და შპს ,,კ...-ა“ იღებდნენ ვალდებულებას მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღეში უზრუნველეყოთ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ შპს ,,მ...-ს“ 2009 წლის 4 დეკემბრიდან უკვე მიღებული ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი და ამავე დღიდან შეეძლო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება შპს ,,კ...-ას“ ნებართვის გარეშეც. თუმცა შპს ,,მ...-მა“ 2009 წლის 4 დეკემბრიდან მინიჭებული უფლების რეალიზება განახორციელა მხოლოდ 2022 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა განცხადება შპს ,,კ...-ას“ კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით (2009 წლის 14 დეკემბრის და 2010 წლის 10 მაისის განცხადებები უკან იქნა გამოთხოვილი და ამ მოთხოვნაზე სააღსრულებო წარმოება შეწყდა, შპს ,,მ...-ს“ 2010 წლის 28 მაისის განცხადების საფუძველზე).

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2009 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის შინაარსიც შეთანხმებული იყო მხარეთა შორის და გამოხატავდა მათ თავისუფალ ნებას. აღნიშნული მორიგების აქტი, რომელიც დღემდე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ითვალისწინებს შპს ,,კ...-ას“ უფლებას გამოისყიდოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება კანონით (სკ-ის 514-ე მუხლი) გათვალისწინებულ 10 წლიან ვადაში. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ შპს ,,მ...-მა“, თუკი იგი უკმაყოფილოა რეგისტრირებული შეზღუდვით, სარჩელი უნდა აღძრას არა მარეგისტრირებელი ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც დასახელებული შეზღუდვა დაარეგისტრირა კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით, არამედ ამ რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლის - მორიგების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის მისთვის მიუღებელ დებულებათა გაუქმების ან შეცვლის თაობაზე. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,მ...-ს“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე უფლების შეზღუდვა დაარეგისტრირა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების (მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს ,, დ...-ის“ 2009 წლის 4 დეკემბრის N309 სააღსრულებო ფურცლისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2023 წლის 8 თებერვლის N... წერილის) შესაბამისად, რომლებიც ძალაშია და არ გაუქმებულა, მათ შორის არც რეგისტრირებული შეზღუდვის - გამოსყიდვის უფლების კანონით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა არის გასული. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,კ...-ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ...-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,...-ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს, ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების (დადგენილების) საფუძველზე, გაცემულია №309 სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორები: სს ,,...“, შპს ,,პ...“; მოვალეები: შპს ,,დ...“; შპს ,,მუ...”; მ.ხ-ა; თ.გ-ა; მ.ბ-ა; ლ.გ-ა; ი.გ-ა; შპს ,,კ...“.

მხარეთა შორის მორიგების აქტი გაფორმებულია შემდეგზე:

1. შპს „დ...“ და შპს ,,მუ...“ აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ (აუნაზღაურონ კრედიტორს) სს „...ს” სარჩელში ჩამოყალიბებული შემდეგი მოთხოვნები:

1.1. სს ,,ბ...ას“, შპს ,,დ...სა” და შპს ,,მუ...”-ს შორის 2008 წლის 28 ივლისის გენერალური ხელშეკრულებისა და №75516, №76886 საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავალიანება 5 520 656.94 აშშ დოლარის ოდენობით;

1.2. სს ,,...ს” მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%, 14 750 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 23 600 ლარის ოდენობით;

2. შპს ,,დ...” და შპს ,,მუ...” იღებენ ვალდებულებას დაფარონ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები (კრედიტები, საარბიტრაჟო მოსაკრებელი, იურიდიული ხარჯი) წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში ყოველთვიური თანაბარი გადახდებით, ყოველი თვის 30 რიცხვში. პირველი გადახდა განხორციელდება 2009 წლის 30 სექტემბერს;

3. შპს „დ...-ს” და შპს ,,მუ...“-ის მიერ მორიგების აქტით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკის ერთჯერადი დარღვევის შემთხვევაში, შპს ,,მ...” მიმართავს არბიტრაჟს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად საკრედიტო ვალდებულებების იძულების წესით დაკმაყოფილების მიზნით; 4. მსესხებლები და შპს „კ...ა“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. ამასთან, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეებს მისცემს უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას;

5. მსესხებლები და შპს „კ...-ა“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული აღნაგობის უფლებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა მათი სასესხო ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით;

6. ლ.გ-ა და მ.ხ-ა სს ,,ბ...-ას” მიერ შპს ,,მ...-ზე“ გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთავენ მათ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას:

ა. ლ.გ-ას საკუთრებაში არსებული 130.79 კვ.მ. ფართი შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ბინა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...;

ბ. მ.ხ-ას საკუთრებაში არსებული 113 კვ.მ. სასარგებლო ფართი შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის გამზირი №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...;

7. მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე მორიგების აქტით უქმდება მსესხებლების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით არსებული შპს ,,კ...-ას“, მ.ბ-ის, მ.ხ-ას, თ.გ-ას, ლ.გ-ასა და ი.გ-ას პერსონალური თავდებობა;

8. შპს ,,მ...” უზრუნველყოფს სს ,,...-ს” მოთხოვნით არბიტრაჟის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას;

9. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის ძალაში შესვლის თარიღად აითვლება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი.

დადგენილია, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,...-ის“ 2009 წლის 4 დეკემბრის №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელმა 2023 წლის 8 თებერვალს №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A12066767 სააღსრულებო საქმე, კერძო არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორები: სს ,,...“, შპს ,,მ...“; მოვალეები: შპს ,,მუ...”; შპს ,,კ...-ა‘’ და სხვები). მითითებული სააღსრულებო ფურცლით, სს ,, ...ამ“ მოთხოვნა დაუთმო შპს ,,მ...-ს“. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., ექვემდებარება კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას. 2009 წლის 4 დეკემბრის №309 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ,,მსესხებლები და შპს „კ...-ა“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. ამასთან, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეებს მისცემს უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას“. აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელმა მოითხოვა კრედიტორის შპს ,,მ...-ს“ საკუთრებაში უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., გადაცემა. წერილში ასევე მიეთითა, რომ შპს ,,მ...“ შპს ,,კ...-ას“ მისცემს უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის ოფციას. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2023 წლის 15 თებერვალს №10362 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2023 წლის 8 თებერვლის №... წერილზე დამატებით მოითხოვა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-194 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინოს მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ზემოხსენებული შეტყობინების შესრულებისას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., დარეგისტრირდა შპს ,,მ...-ს“ საკუთრების უფლება, ასევე ვალდებულება - შპს ,,კ...-ას“ გამოსყიდვის უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 16 თებერვალს შპს ,,მ...-ს“ წარმომადგენელმა (,,გამყიდველი“) და ე.თ-ამ (,,მყიდველი“) განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №... ამასთან, 2023 წლის 19 თებერვალს შპს ,,მ...-ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა შპს ,,კ...ას“ დირექტორს და წარუდგინა წინადადება 5 (ხუთი) დღის ვადაში უკან გამოესყიდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №....

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...-ს“ წარმომადგენელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავდა უფლების რეგისტრაციას.

ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 11 მაისს შპს ,,მ...-ს“ წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №...

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...-ს“ განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილების თანახმად, წარსადგენი იყო გამოსყიდვის უფლების მქონე პირის თანხმობა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რისთვისაც განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,მ...-ს“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით. ამასთან, სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილებით მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის ..., №... გადაწყვეტილებით კი, შპს ,,მ...-ს“ ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები იყო კანონიერი.

ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 11 მაისს შპს ,,მ...-ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №....

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...-ს“ განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილების თანახმად, წარსადგენი იყო შპს ,,კ...-ას“ თანხმობა განცხადებით მოთხოვნილი უფლების (ვალდებულების გაუქმების) რეგისტრაციის შესახებ, ან/და წარსადგენი იყო აღნიშნული ვალდებულების გაუქმების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რისთვისაც განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,მ...-ს“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრებით. ამასთან, სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებით მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის ..., №... გადაწყვეტილებით კი, შპს ,,მ...-ს“ ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები იყო კანონიერი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2023 წლის 15 ივნისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), 2023 წლის 19 ივნისის ..., №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), 2023 წლის 11 მაისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2023 წლის 15 ივნისის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და 2023 წლის 19 ივნისის ..., №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების კანონიერებას; ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შპს ,,მ...-ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილ განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი გამოსყიდვის უფლების მქონე პირის - შპს ,,კ...-ას“ თანხმობა უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №..., გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების (გამოსყიდვის უფლება) შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე, ასევე არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ვალდებულების გაუქმების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, პირველი კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ №..., ვალდებულება - შპს ,,კ...-ას“ გამოსყიდვის უფლება, წარმოშობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,...-ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს, ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების მიზნით გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მათ შორის მითითებულია შემდეგი: ,,მსესხებლები და შპს „კ...-ა“ ვალდებულებას იღებენ, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ კრედიტორის წინაშე მათი სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. ამასთან, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეებს მისცემს უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას.“ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მორიგების პირობებში არ არის განსაზღვრული გამოსყიდვის უფლების ვადა, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. აღნიშნული ვადის ათვლა კი, ანუ ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაიწყოს სააღსრულებო ფურცლის გამოცემიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეული იქნა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო განცხადებების წარდგენისას გასული იყო შპს ,,კ...-ას“ გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობის ვადა, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც შპს ,,მ...-ს“ სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების კანონიერების შეფასება, რაც განხილული უნდა იქნას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დავის საგნის კანონიერების შეფასება შეუძლებელია შპს ,,მ...-სა“ და შპს ,,კ...-ას“ შორის არსებული კერძო ძოსამართლებრივი ურთიერთობის შეფასების, შესაბამისი კერძოსამართლებრივი ნორმების, ასევე კერძო სამართალში მოქმედი ზოგადი პრინციპების ანალიზისა და განმარტების გარეშე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; Nას-833-2019, 15.11.2019წ; Nას-1326-2019, 13.03.2020წ; Nას-1351-2019, 08.05.2020წ; Nას-73-2020, 17.06.2020წ; Nას-25-2021, 27.04.2021წ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,...-ის“ მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს, ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების (დადგენილების) საფუძველზე გაცემული №309 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მორიგების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ის, რომ შპს „კ...-ა“ იღებდა ვალდებულებას მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო კრედიტორის წინაშე სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, ვალდებულების შესაბამისი ნაწილის დაფარვის მიზნით. თავის მხრივ, კრედიტორი ყოფილ მესაკუთრეს მისცემდა უძრავი ქონებების უკან გამოსყიდვის ოფციას. ამდენად, ცალსახაა და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მორიგების აქტის პირობაში გამოსყიდვის უფლების მოქმედების კონკრეტული ვადა მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია და არც მხარეთა შორის იწვევს დავას ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით დადგენილი, გამოსყიდვის უფლების მოქმედების ზოგადი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, თუ საიდან უნდა აითვალოს გამოსყიდვის უფლების მოქმედების 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, იყო თუ არა მოქმედი შპს ,,კ...-ას“ გამოსყიდვის უფლება შპს ,,მ...-ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო განაცხადების წარდგენის მომენტისათვის, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასებისთვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტის თანახმად, შპს „კ...-ამ“ აიღო ვალდებულება მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო კრედიტორის წინაშე სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება შპს ,,კ...-ას“ მითითებულ ვადაში არ შეუსრულებია, რითაც დაარღვია კერძო სამართალში მოქმედი ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოვალე შპს ,,კ...-ას“ მიერ მორიგების აქტით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, კრედიტორმა შპს ,,მ...-მა“ აიღო სააღსრულებო ფურცელი, თუმცა კასატორის მიერ კრედიტორის მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობაზე მითითება, შპს ,,კ...-ას“, როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისგან არ ათავისუფლებს და მით უფრო, არც ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას ადასტურებს. შპს ,,კ...-ამ“ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული და ხელმოწერილი მორიგების აქტის პირობების ფარგლებში თავად იკისრა ვალდებულება კონკრეტულ ვადაში, კერძოდ, მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო იპოთეკით დატვირთული ქონებების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, თავის მხრივ კი, კრედიტორი მას გადასცემდა აღნიშნული ქონებების გამოსყიდვის ოფციას. შესაბამისად, აღნიშნული ორი მოქმედება/პირობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და დადგენილ დროში ერთობლივად განხორციელების მხრივ, დამოკიდებული იყო შპს ,,კ...-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად, კასატორის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გამოსყიდვის უფლების წარმოშობა დამოკიდებულია გამოსასყიდ ნივთზე მყიდველის საკუთრების უფლების არსებობაზე და შესაბამისად, მისი ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული. შპს ,,კ...-ას“ მიერ მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე მითითება, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და კერძო სამართალში მოქმედი არსებითი პრინციპების უგულებელყოფით მოთხოვნის დასაბუთება, არ ქმნის კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ სამართლებრივ კონფლიქტში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ფორმალური იურიდიული კონსტრუქციების ან ცალკეული სამართლებრივი შედეგების შეფასება, არამედ მხარეთა ქცევის, მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთობის შინაარსის ანალიზი კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ჭრილში. დავა ეხება არა მხოლოდ კონკრეტული უფლების არსებობა-არარსებობას დროის გარკვეულ მონაკვეთში, არამედ იმას, თუ როგორ უნდა შეფასდეს უფლების განხორციელების შესაძლებლობა იმ ვითარებაში, როდესაც თავად ამ უფლების წარმოშობა და შემდგომი დინამიკა განპირობებულია ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებით ან შეუსრულებლობით.

მორიგების აქტით ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენს ერთმანეთისგან იზოლირებულ ვალდებულებათა უბრალო ერთობლიობას. იგი ქმნის ერთიან, ფუნქციურად დაკავშირებულ კონსტრუქციას, სადაც მხარეთა უფლებები და მოვალეობები ურთიერთდამოკიდებულია და ერთის რეალიზაცია უშუალოდ უკავშირდება მეორის სათანადო შესრულებას. კერძოდ, ქონების კრედიტორისთვის გადაცემა და უკან გამოსყიდვის ოფციის მინიჭება წარმოადგენს ურთიერთშემავსებელ მოქმედებებს, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული ბალანსის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ამ ბალანსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კრედიტორისთვის საკუთრების გადაცემა არ არის თვითმიზანი, არამედ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ფორმას, რომლის საპირწონედ მოვალეს ენიჭება უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა.

ასეთ კონსტრუქციაში უკან გამოსყიდვის უფლება ვერ განიხილება აბსტრაქტულად, როგორც დროისგან დამოუკიდებელი, ფორმალურად არსებული უფლება. იგი ფუნქციურად არის მიბმული იმ ქცევაზე, რომელიც მოვალეს ეკისრებოდა მორიგების აქტით. შესაბამისად, როდესაც მოვალე ვერ ან არ ასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას დათქმულ ვადაში, ირღვევა არა მხოლოდ ხელშეკრულებითი დისციპლინა, არამედ ის სამართლებრივი ლოგიკა, რომლის საფუძველზეც უკან გამოსყიდვის ოფცია არსებობდა.

კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართალში არ შემოიფარგლება მხოლოდ უკვე წარმოშობილი უფლებების პატიოსანი გამოყენებით. იგი მოიცავს ვალდებულებათა შესრულების წინარე ეტაპსაც და გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი სუბიექტი ვერ დაეყრდნობა ისეთ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც თავად, მისივე არაკეთილსინდისიერი ქცევით გახდა შესაძლებელი. სხვა სიტყვებით, პირი ვერ მოითხოვს მისთვის ხელსაყრელი უფლების შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უფლების არსებობის საფუძველი დამოკიდებული იყო იმ მოქმედებაზე, რომელიც მან შეგნებულად ან დაუდევრად არ განახორციელა.

განსახილველ შემთხვევაში, უკან გამოსყიდვის უფლების არსებობა ლოგიკურად წინასწარ გულისხმობდა ქონების დროულ გადაცემას კრედიტორისთვის. ამ მოქმედების გარეშე, უკან გამოსყიდვის ოფცია კარგავს თავის ფუნქციურ მნიშვნელობას და გარდაიქმნება მხოლოდ ფორმალურ იურიდიულ კონსტრუქციად, რომელიც რეალურად ემსახურება მოვალის ინტერესს ვალდებულების შესრულების გარეშე შეინარჩუნოს სამართლებრივი ბერკეტი. ასეთი ინტერპრეტაცია კი ეწინააღმდეგება კერძო სამართლის საფუძვლად მდებარე სამართლიანობისა და ინტერესთა ბალანსის იდეას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავ ნივთზე შპს ,,კ...-ას“ გამოსყიდვის უფლების 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ მხარეთა შორის მორიგების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში კასატორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის მომენტიდან (27.09.2009წ.). ხანდაზმულობის ვადის დასაწყისის განსაზღვრისას გადამწყვეტია არა საკუთრების ფორმალური რეგისტრაცია, არამედ ის მომენტი, როდესაც მხარეთა შორის შეთანხმებული სამართლებრივი მექანიზმი უნდა ამოქმედებულიყო ნორმალური განვითარების შემთხვევაში. თუ ვადის ათვლა გადაიტანება საკუთრების რეგისტრაციის მომენტზე, ეს ნიშნავს, რომ მოვალე საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობით შეძლებს ხანდაზმულობის მექანიზმის ხელოვნურად „გაყინვას“ ან გადავადებას, რაც აშკარად არღვევს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს და ქმნის არასამართლიან უპირატესობას.

სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა და პროგნოზირებადობა მოითხოვს, რომ დროის ფაქტორი უკავშირდებოდეს არა ფორმალურ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ იმ რეალურ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც მხარეთა ქცევით ყალიბდება. როდესაც მოვალეს დათქმულ ვადაში ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, საკუთარი მოქმედებით დაეწყო უკან გამოსყიდვის უფლების რეალიზაცია და მან ეს არ განახორციელა, აღნიშნული მომენტი წარმოადგენს იმ დროით ნიშნულს, საიდანაც განისაზღვრება მისი ინტერესების სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა და შესაბამისად, დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლების განხორციელების შესაძლებლობის დროითი შეზღუდვა ემსახურება არა მხოლოდ კრედიტორის ინტერესს, არამედ მთლიანად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. უსასრულოდ ან გაურკვეველი ვადით არსებული გამოსყიდვის უფლება ქმნის მუდმივ სამართლებრივ გაურკვევლობას ქონებრივ ურთიერთობებში და ხელს უშლის საკუთრების თავისუფალ ბრუნვას. სწორედ ამიტომ, მორიგების აქტით მხარეთა მიერ შეთანხმებული უკან გამოსყიდვის უფლება უნდა განიხილებოდეს როგორც დროით მკაცრად ჩარჩოებში მოქცეული ინსტრუმენტი, რომლის მოქმედების დასაწყისი უკავშირდება იმ მომენტს, როდესაც მოვალემ დაკარგა კეთილსინდისიერად მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, უკან გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მოვალემ ვერ შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში. სწორედ ამ დროიდან ირღვევა შეთანხმებით დადგენილი ბალანსი და სწორედ ამ მომენტიდან იწყება დროითი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მოვალეს შეუძლია ისარგებლოს მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული სამართლებრივი შესაძლებლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, უკან გამოსყიდვის უფლების შენარჩუნება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კეთილსინდისიერების პრინციპთან, ისე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლიანობის მოთხოვნებთან.

მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, შპს ,,მ...-ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სარეგისტრაციო განცხადებების წარდგენის დროისთვის (11.05.2023წ.) გასული იყო გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა და მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის განმარტების გაზიარებისა და გამოსყიდვის ხანდაზმულობის ვადის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტიდან (04.12.2009წ.) ათვლის შემთხვევაშიც კი, გასულია აღნიშნული ვადა და არსებითი სამართლებრივი შედეგი მხარეთათვის არ იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს ,,კ...-ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს ,,კ...-ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ლ.გ-ას მიერ 2025 წლის 11 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კ...-ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება;

3. შპს ,,კ...-ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ლ.გ-ას (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 11 აგვისტოს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე