გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1059(2კ-24) 10 თებერვალი, 2026 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 01 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...-ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს „...-სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით, ჯამში 43 580 ლარისა და 46 თეთრის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 13 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 698 ლარის ოდენობით დაკისრება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ასევე მოითხოვა შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემა.
სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2017 წლის 25 დეკემბერს. ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა აღნიშნული ქონების უკანონოდ სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, შპს „...-“ სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა მას - განთავსებული ჰქონდა ოფისი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 12 სექტემბრის №5006223922 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2022 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 114 204 ლარს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 12 სექტემბრის №5006226522 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა: 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით 593 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 660 ლარს, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 728 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 753 ლარს, ხოლო 2022 წლის იანვრიდან ყოველთვიურად - 698 ლარს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არამართლზომიერი სარგებლობისთვის გადასახდელი თანხებისა და დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებით რეგისტრირებული ქონების გამოთავისუფლების თაობაზე არაერთი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, შპს „...-“ კვლავ აგრძელებდა სახელმწიფო ქონებაში სამეწარმეო საქმიანობას არამართლზომიერად და დაკისრებული თანხა არ გადაუხდია, რაც შემდგომში გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით, №3/3259-23 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „...-ს“ მიმართ, შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ ...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2022 წლის 09 აგვისტოდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით ჯამში - 5676 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 13 აპრილიდან ზემოაღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე - ყოველთვიურად 698 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...-“ 1998 წლის 16 ოქტომბერს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, საიდენტიფიკაციო ნომრით №..., იურიდიული მისამართი - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №....
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში (ნაკვ. ...) მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 3150 კვ.მ უძრავ ქონებზე და მასზე განთავსებულ შვიდ შენობა-ნაგებობებზე, 2018 წლის 08 ივნისს დარეგისტრირდა შპს „...-ს“ საკუთრების უფლება, ხოლო ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1 372 კვ.მ უძრავ ქონებასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე 2017 წლის 25 დეკემბერს დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.08.2022წ. აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შემოწმებით დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა იურიდიული პირი შპს „...-“.
საქმეში დაცული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12.09.2022წ. №006278622 დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა - 593 ლარს; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 660 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 728 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 753 ლარს, ხოლო 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 12 სექტემბრამდე - 698 ლარს.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ 09.08.2022წ. აქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა იურიდიული პირი შპს „...-“. 09.08.2022წ. გადაღებულ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებული ფოტოები ასახავდა შპს „...-ს“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამუშაო პროცესს.
სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2023წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/12838-23), რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; კერძოდ, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 1372 კვ.მ უძრავი ქონება და შენობა-ნაგებობა №1 გამოთხოვილ იქნა შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სახელმწიფოს.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...-“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა 2022 წლის 09 აგვისტოდან და სარგებლობას აგრძელებდა გადაწყვეტილების მიღების დროისთვისაც, აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წარდგენილა სხვა დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „...-ს“ მიერ სადავო უძრავი ქონებით 2017 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 09 აგვისტომდე ფლობა-სარგებლობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა შპს „...-სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2022 წლის 09 აგვისტოდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლითა და 2023 წლის 13 აპრილიდან უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე, სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2023 წლის 24 აგვისტოდან სადავო ფართის გამოთავისუფლებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად 698 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების აქტისა და ფოტომასალის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „...-“ სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) სარგებლობდა და არსებული მდგომარეობითაც სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით (ს/კ: №...). პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები შპს „...-ს“ მიერ საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატის დასკვნით, შპს „...-სთვის“ ცნობილი იყო, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას; აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად სასამართლომ მიუთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, შპს „...-ს“ 2022 წლის 14 ივლისის №81218/ფ განცხადებაზე, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.
პალატამ ასევე მიუთითა საქმეში დაცულ სს „...ის“ შეტყობინების ბარათებზე, რომელთა თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია, რომელიც ეხებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის მოთხოვნას, და აღნიშნა, რომ შპს „...-ს“ ზემოხსენებული შეტყობინებები არ ჩაჰბარებია. პალატამ არ უარყო შპს „...-ს“ მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სარგებლობის ფაქტი, თუმცა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა იმ გარემოებას, თუ რა პერიოდზე უნდა განხორციელებულიყო შპს „...-სთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.08.2022წ., 13.09.2022წ. და 20.02.2023წ. გაფრთხილების №7/46183, №7/51381 და №7/9431 წერილების ადრესატისთვის საფოსტო გზავნილით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო, ხოლო მითითებული გარემოების შესახებ შპს „...-სთვის“ ცნობილი გახდა 2023 წლის 24 აგვისტოს, როდესაც სასამართლოში წარადგინა შესაგებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მართებული იყო შპს „...-სთვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გამო, 2023 წლის 24 აგვისტოდან - სადავო ფართის გამოთავისუფლებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ყოველთვიურად 698 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ მიერ.
კასატორის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისგან სარგებლის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი იმავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების, ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისთვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი უთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, 492 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლება, №... ნაკვეთის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომელზეც საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2017 წლის 25 დეკემბერს. 2022 წლის 9 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ადგილი ჰქონდა აღნიშნული ქონებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტს - მოპასუხე შპს „...-“ ქონებას იყენებდა და იყენებს არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის, კერძოდ, განთავსებული აქვს ოფისი. მისივე განმარტებით, შპს „...-ს“ არაერთი წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა არამართლზომიერი სარგებლობისთვის გადასახდელი თანხებისა და სახელმწიფოს საკუთრებით რეგისტრირებული ქონების გამოთავისუფლების თაობაზე, რომელთა ჩაბარების დასტური სააგენტოს არ მოეპოვება, თუმცა სააპელაციო სასამართლოში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ შპს „...-სთვის“ იმთავითვე ცნობილი იყო ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი და ასევე, თავიდანვე გააჩნდა ქონებით სარგებლობის ინტერესი და საჭიროება. კერძოდ, 2022 წლის 14 ივლისის №812118 განცხადებით დასტურდება, რომ შპს „...-“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდა თავის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული, სახელმწიფო საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემას.
კასატორის წარმომადგენლის მითითებით, საქმეში დაცული მასალით უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ შპს „...-“ ინფორმირებული იყო მის მიერ არამართლზომიერად დაკავებული ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „...-“, როგორც მეწარმე იურიდიული პირი, საქმიანობის განხორციელებისას ვალდებული იყო გამოეჩინა მეწარმის წინდახედულობა. კანონმდებლობა არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრებას არ უკავშირებს არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის თაობაზე ინფორმირებულობას, აღნიშნულს კავშირი არ გააჩნია საქმის გადაწყვეტასთან.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ არ დგინდება შპს „...-ს“ მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არამართლზომიერი სარგებლობის ობიექტის მომიჯნავედ მდებარეობს არამართლზომიერი მოსარგებლის საკუთრებად რეგისტრირებული ქონება, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც ავტომატურად ავრცელებდა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზეც. სასამართლოების მიერ შეფასების მიღმა დარჩა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი ყოველდღიურად ამოწმოს რეგისტრირებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის, შპს „...-ს“, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ფაქტის დადგენისა და ფაქტების კონსტანტაციის უფლებამოსილება არ გააჩნია. ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას საფუძვლად უნდა ედოს საქართველოს კანონმდებლობა. მართალია, საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ადგილზე უძრავი ქონების დათვალიერების უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია, თუმცა ფაქტების კონსტატაციის უფლებამოსილება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გააჩნია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დათვალიერების აქტი შედგა თვითნებურად, აქტს ხელს აწერს პირი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ადმინისტრაციული ორგანოს ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი ყველა აქტის, გადაწყვეტილების გამოცემა/მიღება ხდება მკაცრი აღრიცხვის ან შესაბამისი ორგანოს კონტროლირებად გერბიანი ბლანკების მეშვეობით, აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2022წ. №572 დადგენილებით დამტკიცებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი ფორმალური მხატვრულ-შინაარსობრივი სახის უზრუნველსაყოფად, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლ ქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბისა და წარმომდგენი დაწესებულების სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერის გამოსახვა, ზემოხსენებული კი სასამართლოების შეფასების მიღმაა დარჩენილი. ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, არ დადასტურებულა შპს „...-ს“ მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც, მისივე მოსაზრებით, შპს „...-ს“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მითითებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (1.6 მუხ.).
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის დანაწესი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო ქონების მართვა უკავშირდება მესაკუთრის ნების საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. ქონების მართვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონებით სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას, მათ შორის, ქონების განმკარგველის უფლებამოსილებას დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლისა და ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები. რამდენადაც კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას მართოს ქონება, ამავდროულად სახელმწიფო ქონებით უნებართვო სარგებლობას უკავშირებს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს. სახელმწიფო საკუთრების უნებართვო სარგებლობით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონებით უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის 29.09.2016წ. გადაწყვეტილება №3/4/641).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების უნებართვოდ სარგებლობისა და მისგან მომდინარე შედეგების მოწესრიგებას ემსახურება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2012 წლის 5 ივნისის №6377- Iს კანონით განხორციელებული ცვლილება, რომლითაც 36-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.“
აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმის შინაარსი დაზუსტდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2014 წლის 11 დეკემბრის №2878-Iს საქართველოს კანონით და იგი ჩამოყალიბდა დღევანდელი მოცემულობით; კერძოდ, ამ ცვლილებით დაზუსტდა სარგებლობაში გადაცემის საფასურის მოთხოვნის ათვლის პერიოდი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.“
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ადგენს იმ პირის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს არამართლზომიერად და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). აღნიშნული ნორმის მიზანს შეადგენს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნეს ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ., №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.13 მუხლის საფუძველზე პირისათვის თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობა რამდენიმე კუმულაციურ წინაპირობას დაუკავშირა. კერძოდ, იმისათვის, რომ დადგეს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ამ პირის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს არამართლზომიერად, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და ამავდროულად სახელმწიფო ქონების გამოყენება უნდა უკავშირდებოდეს კომერციულ მიზანს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამ ორი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ქონების მმართველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოეშობა უფლება სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერ მოსარგებლეს მოსთხოვოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მომენტიდან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი მოსარგებლისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოსადმი მიმართვის დღიდან უკუსვლით (იხ. სუსგ №ბს-1112(კ-23), 15.02.2024წ.).
განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია შპს „...-ს“ მიერ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2022 წლის 09 აგვისტოდან არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული გარემოება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 09 აგვისტოს დათვალიერების აქტისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის გარდა, დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 02.11.2023წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; კერძოდ, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 1372 კვ.მ უძრავი ქონება და შენობა-ნაგებობა №1 გამოთხოვილი იქნა შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სახელმწიფოს. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეძლო მის კუთვნილ უძრავ ნივთზე მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი მფლობელობის დადასტურება, ხოლო მოპასუხეს (შპს „...-“) არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მისი მხრიდან მფლობელობის განხორციელებას (სუსგ №ას-694-2024), 05.07.2024წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სისტემური შინაარსით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები „პრეიუდიციული“ მნიშვნელობით აღიჭურვება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში. პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განასახიერებს სამართლის პრინციპს - „დავა გადაწყვეტილია“ (“res judicata”), უფლებები, ურთიერთობები, ვალდებულებები და ამრიგად, ის ფაქტები, რომლებიც მათ წარმოშობას უდევს საფუძვლად, არ შეიძლება მუდმივად დავის საგანი იყოს, სამართლის ფუნქცია კონფლიქტების მოგვარებაა, ამდენად, ფაქტები, რომლებიც კონფლიქტს იწვევს ვერ იქნება უთანხმოების მუდმივი წყარო, განსაზღვრულობა საჭიროებს ასეთი ფაქტების სტაბილურობას, აღნიშნული ასახავს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, მისი „საბოლოობის“ ობიექტურ ნიშანს (სუსგ №ბს-1118(კ-23), 25.07.2025წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადასტურებულია შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად, კომერციული მიზნით სარგებლობის ფაქტი. ამ მიმართებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეძლო მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთის დაძლევა, ხოლო აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ შპს „...-მა“ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ დადასტურებული ფაქტების გაქარწყლება. სახელმწიფო ქონებით, კომერციული მიზნებისთვის არამართლზომიერი სარგებლობა კი წარმოშობს ქონებით სარგებლობისთვის საფასურის დაკისრების საფუძველს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის სახელმწიფო ქონებით მოსარგებლისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებაზე აქცენტის გაკეთების შესახებ და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების წარმოშობას და მის პერიოდს პირის ინფორმირებულობით არ ბოჭავს, ჩანაწერი „ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად“ არ უნდა იქნეს აღქმული როგორც შეტყობინება, რომელიც უფლების წარმოშობას და მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. კანონის ამგვარად განმარტების შემთხვევაში ქონების მესაკუთრეს წაერთმეოდა საშუალება მოეთხოვა თანხის გადახდა სარგებლობის მთელი პერიოდისთვის (მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით), ამგვარი განმარტება აზრს უცვლის ნორმას და ეწინააღმდეგება მისი განმარტების მიზნებს. მეტიც, კანონმდებელმა მოცემულ ნორმაში პირდაპირ დაუკავშირა უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გაანგარიშების პერიოდი საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის და არა ქონებით მოსარგებლეზე წერილობითი მოთხოვნის ჩაბარების მომენტს.
კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში, №... ნაკვეთის მიმდებარედ არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2017 წლის 25 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. მისი მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით - 593 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 660 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 728 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 753 ლარს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე - 698 ლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით დასტურდება შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონების 2022 წლის 09 აგვისტოდან არამართლზომიერად ფლობის ფაქტი და ამ გარემოებისაგან განსხვავებულად დამადასტურებელი (ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მტკიცებულება მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს, არსებობს შპს „...-სათვის“ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრების საფუძველი 2022 წლის 09 აგვისტოდან ქონების გამოთავისუფლებამდე პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და შპს „...-ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2022 წლის 09 აგვისტოდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით (8 თვე და 4 დღე) ჯამში - 5676 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით (698X8=5584 - 8 თვის თანხა; 698÷30=23 - 1 დღის თანხა; 23X4=92 - 4 დღის თანხა; 5584+92=5676), ხოლო 2023 წლის 13 აპრილიდან ზემოაღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე - ყოველთვიურად 698 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში კი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების საკითხსაც. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 421,56 (ოთხას ოცდაერთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით (698X12=8376; 5676+8376=14052; 14052X3%=421,56), ხოლო მის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 53-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2022 წლის 09 აგვისტოდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით ჯამში - 5676 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 13 აპრილიდან ზემოაღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე - ყოველთვიურად 698 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით;
6. დანარჩენ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 421,56 (ოთხას ოცდაერთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა