დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-93(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-93(კ-26) 18 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2024 წლის 15 აპრილის №37-01241061450 გადაწყვეტილება, თ.ა-ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას გამოსცეს ცნობა თ.ა-ის სახელზე, რომ მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ფართობი - 1 360 კვ.მ) გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2024 წლის 15 აპრილის №37-01241061450 გადაწყვეტილება თ.ა-ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ცნობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში 2024 წლის 19 მარტს შევიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის რაიონების საზღვრებისდადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ 2013 წლის 1 მარტს შეიქმნა. 2014 წლის 5 დეკემბრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №16-41 დადგენილების „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ შესაბამისად, მოხდა ახალი ტერიტორიების შემოერთება. გარდაბნის რაიონიდან შესაბამისი სოფლის საკრებულოს (წლების მიხედვით) საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დადმგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა (დაცული არ არის). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დაუზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტით ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. საყურადღებოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 2 თებერვლის №245 განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა თ.ა-ის (პ/ნ...) მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. გარდა ამისა, კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ გარდაბნის რაიონის ლილოს მევენახეობის ს/მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ზემოხსენებული კანონის მიხედვით, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად დადასტურება, ვინაიდან სამგორის რაიონის გამგეობა არ არის აღნიშნული აქტის, უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე, არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამგორის რაიონის გამგეობაში არანაირი საარქივო მასალა არ შემოსულა (რაც წერილშიც არის მითითებული) და მუნიციპალიტეტს უჭირს გაარკვიოს განმცხადებელი ნამდვილად ფლობდა თუ არა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2024 წლის 13 მარტს თ.ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... (ს/კ...) (ს.ფ. 16); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2024 წლის 19 მარტის №... მიმართვით, დოკუმენტაცია გადაეგზავნა სამგორის რაიონის გამგეობას, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის ფაქტის დადასტურების მიზნით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 3 თვისა (ს.ფ. 18-19, 20); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2024 წლის 15 აპრილის №37-01241061450 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა, „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მარტს შეიქმნა, ხოლო „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №16-41 დადგენილების შესაბამისად, მოხდა ახალი ტერიტორიების შემოერთება. გარდაბნის რაიონიდან შესაბამისი სოფლის საკრებულოს (წლების მიხედვით) საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა (დაცული არ არის). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის დადასტურება, ვინაიდან სამგორის რაიონის გამგეობა არ არის აღნიშნული აქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე, არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს (ს.ფ. 21-22); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თ.ა-ის უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დგინდებოდა საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამასთან, არ დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი (ს.ფ. 23-24); ე) საქართველოს ეროვნული არქივის (გარდაბნის არქივის) 2013 წლის 6 სექტემბრის №AA2013032663-03 საარქივო ცნობით დგინდება, რომ გარდაბნის არქივში დაცული ...ის სადაბო საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია - ფ.ა-ი. კომლის წევრები არიან: ზ.ა-ი - მეუღლე; თ.ა-ი - შვილი; მ.ა-ი - შვილიშვილი; მა.ა-ი - შვილიშვილი; მი. (ასეა დოკუმენტში) ა-ი - შვილიშვილი (გადახაზულია, წერია ფანქრით); მა.ვ. (ასეა დოკუმენტში) ა-ა - რძალი (გადახაზულია, წერია ფანქრით). კომლს ერიცხება 1965 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 48 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 0.97 ჰა. 2001-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია - ფ.ა-ი. კომლის წევრები არიან: ზ.ა-ი - მეუღლე; თ.ა-ი - შვილი; მ.ა-ი - შვილიშვილი; მა.ა-ი - შვილიშვილი; მ. (ასეა დოკუმენტში) (ა-ი) ა-ი - რძალი; კომლის პირად საკუთრებაშია 1965 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 48 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 0.97ჰა (ს.ფ. 25); ვ) დ.თ-იმა, შ.ბ-იმა და ზ.მ-იმა, 2024 წლის 7 თებერვალს, სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ თ.ა-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ..., 1 393 კვ.მ ფართობი, იდენტურია უფლების დამდგენ დოკუმენტთან და წარმოადგენს თ.ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც გაცემულია საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ასევე მიუთითეს, რომ ისინი იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან: დ.თ-ი - ს/კ...-ის მესაკუთრე; შ.ბ-ი - ს/კ...-ის მესაკუთრე და ზ.მ-ი ს/კ...-ის და ს/კ...-ის მესაკუთრე (ს.ფ. 61-62).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციასა და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (პირველი მუხლი).

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს ადგენს კანონის 41 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ1) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ზემოდასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი განიმარტება, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს;

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ 2024 წლის 15 აპრილის №37-01241061450 წერილით უარი განაცხადა დაედასტურებინა წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, უარის თქმის მიზეზად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში დაცული არ არის, ხოლო სამგორის რაიონის გამგეობა, არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე, არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, თუ რამდენად შეასრულა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ფუნქცია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 41 მუხლიდან გამომდინარე. მითითებული საკითხის გასარკვევად უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა საფუძველი იმისა, რომ სამგორის რაიონის გამგეობას დაედასტურებინა მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი და გაეცა ასეთზე შესაბამისი ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი განხილულ იქნეს საკარმიდამოდ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: 1) უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; 2) უნდა იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2024 წლის 19 მარტის „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2024 წლის 19 მარტის №... მიმართვით, დოკუმენტაცია გადაეგზავნა სამგორის რაიონის გამგეობას საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის ფაქტის დადასტურების მიზნით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. დასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი არ დადასტურდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული პირობის დადასტურება წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მის ინტერესში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების (აღრიცხოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში) სამართლებრივ საფუძველს. სწორედ ამ მიზნით სჭირდება მას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ცნობით) დადასტურება იმისა, რომ ნაკვეთი საკარმიდამო დანიშნულებით გაიცა. სადავო აქტითაც დგინდება, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში დაცული არ არის. სამგორის რაიონის გამგეობა კი, არ არის აღნიშნული აქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო. სადავო აქტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ ამ უკანასკნელი და ერთადერთი საფუძვლით არის უარი ნათქვამი დადასტურებული ყოფილიყო, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რაც საკასაციო სასამართლოს მითითებით, არა უარის თქმის, არამედ სწორედ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან და ამავე კანონის 41 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველია. კერძოდ, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გასცეს ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე, ამ მიწის ნაკვეთზე არ უნდა იძებნებოდეს (არ გაცემულა ან დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ამჟამად მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით (დოკუმენტის №5500-Iს). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი იყო მუნიციპალიტეტების მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივების მიზნით. ამავდროულად, მითითებული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აკისრებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (ადგილზე დათვალიერება, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა გამოკითხვა და ა.შ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყვეტას. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, ასევე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ინფორმაციის გაცემა მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამავდროულად, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის გადამოწმება, კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას და რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, მოიძიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები, მოისმინოს მათი ჩვენებები, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია, განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, გაარკვიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები სტატუსი და სხვა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1195(კ-23)).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2024 წლის 7 თებერვლის სანოტარო წესით დადასტურებულ განცხადებაზე, რომლითაც დ.თ-იმა, შ.ბ-იმა და ზ.მ-იმა დაადასტურეს, რომ თ.ა-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ..., 1 393 კვ.მ ფართობი, იდენტურია უფლების დამდგენ დოკუმენტთან და წარმოადგენს თ.ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც გაცემულია საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ასევე მიუთითეს, რომ ისინი იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან, კერძოდ, დ.თ-ი - ს/კ...-ის მესაკუთრე; შ.ბ-ი - ს/კ...-ის მესაკუთრე და ზ.მ-ი ს/კ...-ის და ს/კ...-ის მესაკუთრე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ მოპასუხეს ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო თ.ა-ისათვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის კანონიერების შემოწმებასთან, თუმცა მოპასუხეს სრულყოფილი გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს ადმინსტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით ფაქტობრივი გარემოებების მოძიებასა და შესწავლას, რის გამოც მართებულია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა