დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1051(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ნ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ნ...ის“ 2022 წლის 02 ივნისის №H-01/370 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 ივლისის №NHA 6 22 00148589 გადაწყვეტილება; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შპს „ნ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პაციენტების - თ. წ-ისა (პ/ნ ...) და მ. მ-ის (პ/ნ ...) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურება, ჯამში - 21 650 (ოცდაერთიათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ნ...ის“ 2022 წლის 02 ივნისის №H-01/370 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 ივლისის №NHA 6 22 00148589 გადაწყვეტილება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „ნ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პაციენტების - თ. წ-ისა (პ/ნ ...) და მ. მ-ის (პ/ნ ...) მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურება, ჯამში - 21 650 (ოცდაერთიათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, თ. წ-ი, მკურნალობდა შპს „ნ...ში“ კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტის ფარგლებში 02.12.2021 წლიდან 15.12.2021 წლამდე და 15.12.2021 წლიდან 28.12.2021 წლამდე ახალი კორონავირუსით (SARS-CoVID-19) მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ ...), პროგრამული კოდი: CAR11/3. დიაგნოზი: 171.9 აორტის ანევრიზმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, გასკდომის აღნიშვნის გარეშე. ჩარევა: FCSB00 - აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით სარქველშემცველ კომპოზიტურ სისხლძარღვოვან პროთეზში. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს დიაგნოზი დაზუსტებული აქვს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევით, სადაც გამოვლინდა აღმავალი აორტის ანევრიზმული დილატაცია. გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით: ასწრივი აორტის ანევრიზმული დილატაცია, მაქსიმალური განივი დიამეტრი - 5.9 სმ პროქსიმალური მესამედის დონეზე. ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, დიაგნოზი დაზუსტებულია, მაგრამ არ არის ასახული სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში.
პაციენტი - მ. მ-ი მკურნალობდა შპს „ნ...ში“ კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტის ფარგლებში 2021 წლის 16 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ ...), პროგრამული კოდი: CAR15/1. დიაგნოზი: I48 - წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა. ჩარევა: FPSE25 - გულის ტრანსვენური პესიმეკერის იმპლანტაცია - ბივენტრიკულური ელექტროდებით. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 1.8 დანართით განსაზღვრული პროცედურები დაზუსტებულია ICD – NCSPკლასიფიკატორის შესაბამისად და პროგრამული კოდი - CAR15 არ მოიცავს ICD - I48-ს - წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა.
შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს - №... და №... განესაზღვრათ სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არსებითად ჩაერია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში და მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე - პაციენტი, თ. წ-ი (პ/ნ ...) 2021 წლის 02 დეკემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრამდე მკურნალობდა შპს „ნ...ში“ კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტის ფარგლებში (კოდი CAR11/3), ხოლო 2021 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 28 დეკემბრამდე მკურნალობდა - ახალი კორონავირუსით (SARS-CoVID-19) მართვისთვის გასატარებელ ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში (კოდი 200016). შპს „ნ...ის“ მიერ პაციენტ თ. წ-ის სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულ იქნა პროგრამული კოდით CAR11/3, დიაგნოზი: I71.9-აღმავალი აორტის ანევრიზმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, გასკდომის აღნიშვნის გარეშე. ჩარევა: FCSB00-აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით სარქველშემცველ კომპოზიტურ სისხლძარღვოვან პროთეზში. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ პაციენტს დიაგნოზი დაზუსტებული აქვს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევით, სადაც გამოვლინდა აღმავალი აორტის ანევრიზმული დილატაცია. გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით: ასწრივი აორტის ანევრიზმული დილატაცია, მაქსიმალური განივი დიამეტრი-5,9სმ პროქსიმალური მესამედის დონეზე ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე დიაგნოზი დაზუსტებულია. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილებით, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“) შესაბამისად (ს.ფ. 56-69, 72, 24-25, 26); ბ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე - პაციენტი მ. მ-ი (პ/ნ ...) 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 17 დეკემბრამდე მკურნალობდა შპს „ნ...ში“ კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტის ფარგლებში. შპს „ნ...ის“ მიერ პაციენტ მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინება (შ/ნ ...) გადაცემულ იქნა პროგრამული კოდით CAR15/1, დიაგნოზი: I48 - წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ჩარევა: FPSE25 - გულის ტრანსვენური პეისმეკერის იმპლანტაცია ბივენტრიკულური ელექტროდებით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილებით, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“) შესაბამისად. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 1.8 დანართით განსაზღვრული პროცედურები დაზუსტებულია ICD – NCSP კლასიფიკატორის შესაბამისად და პროგრამული კოდი CAR15 არ მოიცავს ICD - I48-ს - წინაგულების ფობრილაცია და თრთოლვა (ს.ფ. 54-55, 24-25, 26); გ) 2022 წლის 02 ივნისს შპს „ნ...ის“ წარმომადგენელმა №12210 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გასაჩივრებულ სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 ივლისის №NHA 6 22 00148589 გადაწყვეტილებით, შპს „ნ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 36-40, 27-31).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოთვლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით და დანართი №1.3-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი თ. წ-ი არის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, ხოლო პაციენტი მ. მ-ი - დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო; დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაყვანის მიზეზი; ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება.
დადგენილია, რომ პაციენტ თ. წ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შპს „ნ...ის“ მიერ გადაგზავნილი იყო დიაგნოზის ზოგადი კოდი, ნაცვლად სპეციალურისა. რაც შეეხება, პაციენტ მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევას, აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს გადაცემული პროგრამული კოდისა და ჩარევის კოდის შეუსაბამობა. შესაბამისად, ორივე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
თ. წ-ითან მიმართებით დადგენილია, რომ შპს „ნ...ის“ მიერ სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულ იქნა პროგრამული კოდით CAR11/3, დიაგნოზი: I71.9-აორტის ანევრიზმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, გასკდომის აღნიშვნის გარეშე. ჩარევა: FCSB00-აორტის ბოლქვის და აღმავალი აორტის რეზექცია კორონარული არტერიების რეიმპლანტაციით სარქველშემცველ კომპოზიტურ სისხლძარღვოვან პროთეზში. სამედიცინო დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ პაციენტს დიაგნოზი დაზუსტებული აქვს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევით, სადაც გამოვლინდა აღმავალი აორტის ანევრიზმული დილატაცია. გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით: ასწრივი აორტის ანევრიზმული დილატაცია, მაქსიმალური განივი დიამეტრი - 5,9 სმ პროქსიმალური მესამედის დონეზე ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე დიაგნოზი დაზუსტებულია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ „ავადმყოფთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის“ (ICD10) დოკუმენტზე (ტომი 2; სახელმძღვანელო ინსტრუქციები) (ს.ფ. 32-34), სადაც 2.4.5. პუნქტში (ოთხნიშნა ქვერუბრიკები) განმარტებულია, რომ სამნიშნა რუბრიკების უმრავლესობა დაყოფილია მეათედი წერტილის შემდეგ მეოთხე რიცხვითი ნიშნის მეშვეობით, რათა შესაძლებელი გახდეს კიდევ 10-მდე ქვერუბრიკის გამოყენება. სამნიშნა კოდის შემდეგ მეოთხე ნიშანი - „9“ ყველაზე ხშირად გამოიყენება იმავე ცნების გამოსახვისთვის, რაც მოცემულია სამნიშნა რუბრიკის სახელწოდებაში დაზუსტების გარეშე.
ამდენად, ზემოდასახელებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევაში, სამნიშნა კოდის (I71) შემდეგ მეოთხე ნიშნის, „9“-ის დამატებით წარმოქმნილი კოდი - I71.9 (აორტის ანევრიზმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, გასკდომის აღნიშვნის გარეშე) მოიცავს კოდს I71.2, გულმკერდის აორტის ანევრიზმა, გასკდომის აღნიშვნის გარეშე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პაციენტს დიაგნოზი დაზუსტებული აქვს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევით, სადაც გამოვლინდა აღმავალი აორტის ანევრიზმული დილატაცია.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ინსპექტირების ეტაპზე წარდგენილი იყო ზოგადი კოდი, ნაცვლად კონკრეტულისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეცვა პროგრამით დადგენილი ფორმალური მოთხოვნები და კლინიკისათვის განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოდასახელებული „პროგრამის“ 13.3 მუხლზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემთხვევების კლასიფიცირების ეტაპზე სააგენტო არ მოქმედებს ავტომატურად, მხოლოდ მიწოდებული დოკუმენტაციის ფარგლებში. ზემოდასახელებული წესი, მსგავსად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა, ითვალისწინებს ხარვეზის ინსტიტუტს და ხარვეზით წარდგენილი შემთხვევების აღმოფხვრის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატას დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ მიაჩნია, ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, ტექნიკური შეუსაბამობის გამო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, განმცხადებელს არ განუსაზღვრა ვადა ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა არასწორი დიაგნოზი, არამედ წარდგენილ იქნა დიაგნოზის ზოგადი კოდი, ნაცვლად სპეციალურისა, რასთან მიმართებითაც საკასაციო პალატა კვლავ გაამახვილებს ყურადღებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, I71.9 (აორტის ანევრიზმა დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, გასკდომის აღნიშვნის გარეშე) მოიცავს I71.2 კოდს - გულმკერდის აორტის ანევრიზმა, გასკდომის აღნიშვნის გარეშე.
რაც შეეხება პაციენტ მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევას, მოცემული სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაცემულ იქნა პროგრამული კოდით CAR15/1, დიაგნოზი: I48 - წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ჩარევა: FPSE25 - გულის ტრანსვენური პეისმეკერის იმპლანტაცია ბივენტრიკულური ელექტროდებით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 01 მაისის №10/3877 გადაწყვეტილებით, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას №... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. სადავო გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 1.8 დანართით განსაზღვრული პროცედურები დაზუსტებულია ICD – NCSP კლასიფიკატორის შესაბამისად და პროგრამული კოდი CAR15 არ მოიცავს ICD - I48-ს (წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ წარდგენილი ინფორმაცია იყო ზუსტი. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დააფიქსირა პასუხი იმის თაობაზე, თუ რომელი ჩარევის კოდი უნდა მიეთითებინა კლინიკას იმისათვის, რომ წარდგენილი ინფორმაცია ყოფილიყო შესაბამისი. საყურადღებოა, რომ მითითებულ საკითხზე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დასაბუთებული შედავება წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას და აღნიშნავს, რომ მ. მ-ის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელე ფორმალურად ვერ აკმაყოფილებდა წარდგენილ დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შემსრულებლისთვის მიეთითებინა აღნიშნულის შესახებ და ზემოდასახელებული „პროგრამის“ 13.3 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 85-ე მუხლის საფუძველზე, მიეცა საშუალება ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევებთან მიმართებით არ დასტურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები და, შესაბამისად, დასახელებული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.
მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.10.2025წ. №08590 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1082,5 ლარის 70 პროცენტი - 757,75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა