დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1064(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს "ვ..." ((სს " ე...-ის უფლებამონაცვლე); (სს "ე...-ი" - შპს "მ...-ოს" უფლებამონაცვლე))
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 მარტს შპს მ...-ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ა.დ-ის (სამედიცნო შემთხვევები N..., N...), გ.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ლ.ბ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.ქ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.მ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.გ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.ა-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ქ.ქ-ი (სამედიცინო შემთხვევა N...), ნ.დ-ისა (სამედიცინო შემთხვევა N...) და ა.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...) მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N04/53357 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...-ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი ა.დ-ე შპს ,,...ში” 2016 წლის 19 აგვისტოს 18:04 საათიდან 22:10 საათამდე მკურნალობდა. მას გულისრევა და პირღებინება - R11 აღენიშნებოდა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნეიროქირურგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტები, გლუკოზა, ინფუზური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ა.დ-ე შპს ,,...ში” მეორედ, 2016 წლის 23 აგვისტოს 13:50 საათიდან 18:00 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით პნევმონია, დაუზუსტებელი - J18.9 დაუდგინდა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, ინფუზური თერაპია, აეროზოლოთერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი გ.მ-ი შპს ,,...ში” 2016 წლის 22 აგვისტოს 10:24 საათიდან 11:00 საათამდე მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა თავის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი - S01.9. პაციენტს გადაუდებელი მკურნალობა, კერძოდ, ექიმის კონსულტაცია, ქირურგის კონსულტაცია გაეწია, ექსკორაციები დამუშავდა, ჭრილობა დამუშავდა, დაედო ასეპტიური ნახვევი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ლ.ბ-ი შპს ,,...ში” 2016 წლის 21 აგვისტოს 19:03 საათიდან 23:35 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა - S02.0. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნეიროქირურგის კონსულტაცია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მონიტორინგი, ანალგეზიური მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ე.ქ-ა შპს "...ში” 2016 წლის 20 აგვისტოს 08:51 საათიდან 12:30 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა ურტიკარია, დაუზუსტებელი - L50.9. პაციენტს გაეწია ექიმის კონსულტაცია, ინფუზური თერაპია, ჰორმონოთერაპია, ანტიჰისტამინური პრეპარატი, ინჰალაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ა.მ-ა შპს "...ში” 2016 წლის 20 აგვისტოს 02:12 საათიდან 06:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა პნევმონია, დაუზუსტებელი - J18.9. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ანტიპირეტული მკურნალობა, ინფუზური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ე.გ-ე შპს "...ში” 2016 წლის 18 აგვისტოს 10:47 საათიდან 12:30 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა მწვავე ლარინგიტი - J04.0. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, აეროზოლოთერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა, ჰორმონოთერაპია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ა.ა-ი შპს "...ში” 2016 წლის 8 აგვისტოს 23:06 საათიდან 9 აგვისტოს 02:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის N39.0. პაციენტს ჩაუტადა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, ინფუზური თერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ქ.ქ-ა შპს "...ში” 2016 წლის 6 აგვისტოს 00:21 საათიდან 10:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა როდენტიციდების ტოქსიკური ეფექტი - T60.4. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შედედება, ხანგრძლივობა, კოაგულოგრამა, კუჭის ამორეცხვა, ინფუზური თერაპია, ანტივირებული ნახშირი, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე. პაციენტი ნ.დ-ე შპს "მ...-ოში” 2016 წლის 2 აგვისტოს 14:44 საათიდან 18:20 საათამდე მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა ტკივილი კიდურებში - M79.6. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, ექოსკოპია, ქირურგის კონსულტაცია, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ორალური რეჰიდრატაცია, ანტიპირეტული მკურნალობა, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ა.მ-ე შპს "...ში” 2016 წლის 18 აგვისტოს 09:14 საათიდან 11:00 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის დაუდგინდა სახით თავის ზედაპირული ტრამვა, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის - S00.9. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ნეიროსონოსკოპია, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილებით შპს "მ...-ოს” მოთხოვნა N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N... და N... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ პაციენტების ა.დ-ის, გ.მ-ის, ლ.ბ-ის, ე.ქ-ას, ა.მ-ას, ე.გ-ის, ა.ა-ის, ქ.ქ-ი, ნ.დ-ისა და ა.მ-ის კანონიერმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს შეთავაზებულ მკურნალობაზე 24 საათზე ნაკლებ დროში და მათი კლინიკიდან გაწერა ხელწერილის საფუძველზე განხორციელდა, თუმცა კლინიკამ სამედიცინო შემთხვევების მოდულში, გამოსავლის გრაფაში, ნაცვლად ,,დაუსრულებელი მკურნალობა“, მიუთითა ,,სტაბილიზაცია“. გადაწყვეტილების მიხედვით, მითითებული პაციენტების შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების დანაწესიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევებში პაციენტები საჭიროებდნენ სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნებას - ჰოსპიტალიზაციას, თუმცა პაციენტების მშობლებმა უარი განაცხადეს მკურნალობის გაგრძელებაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შესაბამის სამედიცინო შემთხვევებს გამოსავლის გრაფაში არასწორად მიეთითათ „სტაბილიზაცია“. ამდენად, სახეზე იყო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი. ამდენად, სადავო აქტები გამოტანილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს "ე...-მა", რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით განსახილველ საქმეში მოსარჩელის და აპელანტის შპს „ ...ოს უფლებამონაცვლედ“ ცნობილ იქნა სს „ე...-ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბერს საოქმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ ადმინისტრაციულ N3ბ/1788-19 საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად ჩართულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, მოწინააღმდეგე მხარის და მოპასუხის სტატუსით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ე...-ის“ სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს "ე...-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილება ა.დ-ის (სამედიცინო შემთხვევები N..., N...), გ.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ლ.ბ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.ქ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.მ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.გ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.ა-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ქ.ქ-ე (სამედიცინო შემთხვევა N...), ნ.დ-ისა (სამედიცინო შემთხვევა N...) და ა.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...) მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შედეგად პაციენტების: ა.დ-ის (სამედიცინო შემთხვევები N..., N...), გ.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ლ.ბ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.ქ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.მ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.გ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.ა-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ქ.ქ-ე (სამედიცინო შემთხვევა N...), ნ.დ-ისა (სამედიცინო შემთხვევა N...) და ა.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...) მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N04/53357 გადაწყვეტილება შპს "...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა N36 დადგენილების დადგენილების მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნდნენ 24 საათზე ნაკლები დროით, სამედიცინო დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ ისინი კლინიკაში შევიდნენ გადაუდებელი მდგომარეობით, რისთვისაც გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.3. დანართის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: „ბ.ზ“ ქვეპუნქტი: გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პაციენტებს შპს "...ში“ ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 02 თებერვლის N04/6272 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. სააპელაციო პალატამ მიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული დასაბუთება არასრულყოფილია, შესაბამისად ზემოაღნიშნული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მოპასუხეს დავალებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ სადავო შემთხვევებთან მიმართებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო შემთხვევებში ყველა პაციენტთან იყო ანალოგიური ვითარება, ვინაიდან მაღალი ალბათობით შესაძლოა მათ ჯანმრთელობას ზიანი მისდგომოდა. შესაბამისად, პაციენტები უნდა დარჩენილიყვნენ სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით, თუმცა აღნიშნული არ მოხდა, რადგან ისინი მშობლების მოთხოვნით - ხელწერილით გაიყვანეს კლინიკიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ შესაძლოა დასჭირვებოდათ 24 საათზე მეტი დროით მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია, კლინიკას ერთიან სამედიცინო პორტალზე გამოსავლის გრაფაში ნაცვლად „დაუსრულებელი მკურნალობისა“ არ უნდა მიეთითებინა "სტაბილიზაცია".
სს „ვ...-მა" 17.12.2025წ. საკასაციო შესაგებლით იშუამდგომლა სს „ე...-ის“ (ს/ნ...) უფლებამონაცვლედ სს „ვ...ს“ (ს/ნ...) ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილების (ა.დ-ის, გ.მ-ის, ლ.ბ-ის, ე.ქ-ას, ა.მ-ას, ე.გ-ის, ა.ა-ის, ქ.ქ-, ნ.დ-ისა და ა.მ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) კანონიერება, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N04/53357 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს "ე...-ის“ ("...ს“ უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ე...-ის“ (,,...ს“ უფლებამონაცვლე) სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილება ა.დ-ის (სამედიცინო შემთხვევები N..., N...), გ.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ლ.ბ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.ქ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.მ-ას (სამედიცინო შემთხვევა N...), ე.გ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ა.ა-ის (სამედიცინო შემთხვევა N...), ქ.ქ-ე (სამედიცინო შემთხვევა N...), ნ.დ-ისა (სამედიცინო შემთხვევა N...) და ა.მ-ის (სამედიცინო შემთხვევა N...) მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ პაცინტებთან მიმართებაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N04/53357 გადაწყვეტილება შპს "...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ა.დ-ე შპს "...ში” 2016 წლის 19 აგვისტოს 18:04 საათიდან 22:10 საათამდე მკურნალობდა. მას გულისრევა და პირღებინება - R11 აღენიშნებოდა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნეიროქირურგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტები, გლუკოზა, ინფუზური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ა.დ-ე შპს "...ში” მეორედ, 2016 წლის 23 აგვისტოს 13:50 საათიდან 18:00 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით პნევმონია, დაუზუსტებელი - J18.9 დაუდგინდა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, ინფუზური თერაპია, აეროზოლოთერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი გ.მ-ი შპს "...ში” 2016 წლის 22 აგვისტოს 10:24 საათიდან 11:00 საათამდე მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა თავის ღია ჭრილობა, დაუზუსტებელი - S01.9. პაციენტს გადაუდებელი მკურნალობა, კერძოდ, ექიმის კონსულტაცია, ქირურგის კონსულტაცია გაეწია, ექსკორაციები დამუშავდა, ჭრილობა დამუშავდა, დაედო ასეპტიური ნახვევი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ლ.ბ-ი შპს "...ში” 2016 წლის 21 აგვისტოს 19:03 საათიდან 23:35 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა - S02.0. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნეიროქირურგის კონსულტაცია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მონიტორინგი, ანალგეზიური მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ე.ქ-ა შპს "...ში” 2016 წლის 20 აგვისტოს 08:51 საათიდან 12:30 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა ურტიკარია, დაუზუსტებელი - L50.9. პაციენტს მიეცა ექიმის კონსულტაცია, ინფუზური თერაპია, ჰორმონოთერაპია, ანტიჰისტამინური პრეპარატი, ინჰალაცია ეპირეფრინით. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ა.მ-ა შპს "მ...-ოში” 2016 წლის 20 აგვისტოს 02:12 საათიდან 06:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა პნევმონია, დაუზუსტებელი - J18.9. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ანტიპირეტული მკურნალობა, ინფუზური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ე.გ-ე შპს "...ში” 2016 წლის 18 აგვისტოს 10:47 საათიდან 12:30 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა მწვავე ლარინგიტი - J04.0. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, აეროზოლოთერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა, ჰორმონოთერაპია. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ა.ა-ი შპს "...ში” 2016 წლის 8 აგვისტოს 23:06 საათიდან 9 აგვისტოს 02:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის N39.0. პაციენტს ჩაუტადა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, ინფუზური თერაპია, ანტიპირეტული მკურნალობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე.
პაციენტი ქ.ქ-ა შპს ,,...ში” 2016 წლის 6 აგვისტოს 00:21 საათიდან 10:10 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის სახით დაუდგინდა როდენტიციდების ტოქსიკური ეფექტი - T60.4. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, სისხლლის საერთო ანალიზი, შედედება, ხანგრძლივობა, კოაგულოგრამა, კუჭის ამორეცხვა, ინფუზური თერაპია, ანტივირებული ნახშირი, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მწვავე. პაციენტი ნ.დ-ე შპს "...ში” 2016 წლის 2 აგვისტოს 14:44 საათიდან 18:20 საათამდე მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა ტკივილი კიდურებში - M79.6. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოგრაფია, ექოსკოპია, ქირურგის კონსულტაცია, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ორალური რეჰიდრატაცია, ანტიპირეტული მკურნალობა, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
პაციენტი ა.მ-ე შპს "...ში” 2016 წლის 18 აგვისტოს 09:14 საათიდან 11:00 საათამდე მკურნალობდა. მას დიაგნოზის დაუდგინდა სახით თავის ზედაპირული ტრამვა, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის - S00.9. პაციენტს ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, ნეიროსონოსკოპია, მონიტორინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა, როგორც მწვავე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილებით შპს "მ...-ოს” მოთხოვნა ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტების კანონიერმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს შეთავაზებულ მკურნალობაზე და 24 საათზე ნაკლებ დროში, პაციენტები კლინიკიდან გაეწერნენ ხელწერილის საფუძველზე, თუმცა კლინიკამ სამედიცინო შემთხვევების მოდულში, გამოსავლის გრაფაში, ნაცვლად ,,დაუსრულებელი მკურნალობა“, მიუთითა ,,სტაბილიზაცია“. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიხედვით, მითითებული პაციენტების შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკამ ადმინისტრაციული საჩივრით გაააჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ზემოაღნიშნული პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის „ლ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო შემთხვევა არ ანაზღაურდება თუ პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N177 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესებზე, რომლის მე-2 მუხლის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება; ამავე მუხლის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება განიმარტება, როგორც სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს დაზღვეულის სტაციონარში 24 (ოცდაოთხ) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.3 დანართის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: „ბ.ზ“ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა).
№36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.
განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია გადაწყდეს შემდეგი საკითხი: როდესაც პაციენტი დაწესებულებაში შეყვანილია ემერჯენსის მიმართულებით (გადაუდებელი დახმარების განყოფილება), როდესაც შევსებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და როდესაც დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, ასეთი პაციენტის მიმართ გაწეული მკურნალობა წარმოადგენს გადაუდებელ სტაციონარულს (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ ექვემდებარება ანაზღაურებას) თუ გადაუდებელ ამბულატორიულს (ექვემდებარება ანაზღაურებას) და ამდენად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების ფარგლებში ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ პაციენტები შპს „...ში“ დაყოვნდნენ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, რაც გამორიცხავს მათთვის გაწეული მკურნალობის სტაციონარულად მიჩნევას. ამდენად, სახეზე შესაძლოა იყოს მხოლოდ გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდათ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა ვინაიდან სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტების სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალი იყო. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა კლინიკის მიერ ადეკვატურად იქნა შეფასებული გადაუდებლად, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მათი ავადმყოფობის მიმდინარეობა დაფიქსირდა, როგორც მწვავე. საწინააღმდეგო დაშვების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული დასაბუთება არასრულყოფილია ვინაიდან კონკრეტულად რა გახდა აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველი გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება. ასევე გასაჩივრებული აქტებიდან არ იკვეთება თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის N04/6272 გადაწყვეტილების ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალებას, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N04/53357 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
კასატორის შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება.
რაც შეეხება სს "ვ...ს" შუამდგომლობას მისი მოცემულ საქმეში სს „ე...-ის“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "ვ...ს" შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სს „ე...-ის“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ დადგინდეს სს „ვ...“ (ს/ნ ...). ზემოაღნიშნული შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (სუსგ Nბს-812(კ-24), 10.06.2025წ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.11.2025წ. N27539 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს; სს "ვ...ს" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და სს „ე...-ის“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ დადგინდეს სს „ვ...“ (ს/ნ ...);
4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.11.2025წ. N27539 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა