დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1073(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...-ს“ მიმართ, რომლითაც მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 025 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივნისს გაცემული პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების №... ოქმით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, შპს „...-ს“ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5 059 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ - №...). აუქციონში გამარჯვების დადასტურების №... ოქმის მე-6 მუხლის თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ობიექტის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება 15 წლის განმავლობაში, აგრეთვე ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების (აუქციონის პირობების) შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ, მყიდველისთვის წარედგინა ინფორმაცია. ამავე ოქმის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების (2 050 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) 0.05%-ს (1 025 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში).
ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაცია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამონაცვლე) მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა 2022 წლის 28 ოქტომბერს, №08-23211 კორესპონდენციით, შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს „...-“ ვალდებული იყო შემდგომი ინფორმაცია წარედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 23 აპრილისა, თუმცა მოპასუხის მიერ ინფორმაცია წარდგენილ იქნა ვადის გადაცილებით - 2023 წლის 01 მაისს, №08-10668 კორესპონდენციით. რამდენადაც შპს „...-მა“ დაარღვია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მას უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო 1025 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 25.06.2008წ. №... ოქმით, შპს „...-“ („მყიდველი“) გამოცხადდა გამარჯვებულად და მას, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად (ხელშეკრულებით), ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ას ქუჩის №...ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5 059 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: №...). ოქმის მე-6 პუნქტის მიხედვით, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა დაეცვა, დათქმულ ვადასა და ჯეროვნად შეესრულებინა პირობები, მათ შორის, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების (აუქციონის პირობები) შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარედგინა ინფორმაცია გამყიდველისთვის. ამავე ოქმის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 25.06.2008წ. გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (№28ა) მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, შპს „...-ს“ მიერ საინფორმაციო წერილი სააგენტოს წარედგინა 2022 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო შემდგომი საინფორმაციო წერილი - 2023 წლის 1 მაისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 123-ე და 127-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით (ოქმით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა ბოლო საინფორმაციო წერილის წარდგენის დღიდან - 2022 წლის 28 ოქტომბრიდან, არამედ შემდგომი დღიდან - 2022 წლის 29 ოქტომბრიდან. ხოლო ვადის დასრულების თარიღთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2022 წლის 29 ოქტომბრიდან ინფორმაციის წარდგენის 6 თვიანი ვადის ბოლო დღეს 2023 წლის 29 აპრილი წარმოადგენდა, თუმცა ვინაიდან ინფორმაციის წარდგენის 6 თვიანი ვადის ბოლო დღე - 2023 წლის 29 აპრილი იყო შაბათი დღე (არასამუშაო დღე), ვალდებულების შესრულების ბოლო დღეს წარმოადგენდა 2023 წლის 29 აპრილის შემდგომი პირველი სამუშაო დღე - ორშაბათი, 2023 წლის 01 მაისი, რა დროისთვისაც შპს „...-ს“ საინფორმაციო წერილი სააგენტოში უკვე წარდგენილი ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 25 ივნისს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (№28ა) მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულება შპს „...-ს“ მიერ შესრულებული იყო დათქმულ დროში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორს, სააპელაციო პალატის განჩინების უსწორობასა და დაუსაბუთებლობაზე სხვა რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 22 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 25.06.2008წ. №... ოქმით, შპს „...-“ („მყიდველი“) გამოცხადდა გამარჯვებულად და მას, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად (ხელშეკრულებით), ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5 059 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №...).
25.06.2008წ. №... ოქმის მე-6 პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს პირობები, მათ შორის, მყიდველი ვალდებულია, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების (აუქციონის პირობები) შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია. ამავე ოქმის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
ქვედა ინსტანციათა სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ შპს „...-მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია წარადგინა 2022 წლის 28 ოქტომბერს, შემდგომი კი - 2023 წლის პირველ მაისს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2023წ. №4/30027 წერილით შპს „...-ს“ ეცნობა, რომ 2008 წლის 25 ივნისს გაფორმებული აუქციონში დამადასტურებელი №... ოქმის მე-6 მუხლის დარღვევისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 1025 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რამდენადაც ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ინფორმაცია სააგენტოსთვის უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 28 აპრილისა, რადგანაც წინა ინფორმაცია წარდგენილი იყო 2022 წლის 28 ოქტომბერს, ვინაიდან შპს „...-ს“ მიერ ინფორმაცია წარდგენილი იყო ვადაგადაცილებით, 2023 წლის 01 მაისს, ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო.
შპს „...-ს“ 21.06.2023წ. №08-14166 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს წარდგენილი ინფორმაციიდან 6 თვიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაწყებულიყო 29 ოქტომბრიდან, ხოლო ვინაიდან ვადის დასრულების ბოლო დღე იყო 2023 წლის 29 აპრილი, შაბათი, სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, ვადის დასრულების თარიღად უნდა განსაზღვრულიყო მომდევნო სამუშაო დღე, 2023 წლის პირველი მაისი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შპს „...-სთვის“ დაკისრების მოთხოვნა გამომდინარეობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის დარღვევით შესრულებიდან, შესაფასებელია შპს „...-ს“ მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვადის გამოთვლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ვადის დასაწყისის სწორად განსაზღვრას, ვინაიდან აღნიშნულს უფლების განხორციელების, ვალდებულების შესრულების ან ზოგ შემთხვევაში უფლების გაქარწყლების საკითხები უკავშირდება. ზოგ შემთხვევაში ვადის დასაწყისი კონკრეტული დღით ან დღის რომელიმე მონაკვეთითაა გამოხატული, ზოგჯერ კი ვადის დაწყება გარკვეული მოვლენის დადგომაზეა დამოკიდებული. ვადის გამოთვლა სრული დღეებით ხდება, რაც ნიშნავს, რომ ვადაში არ აითვლება განსაზღვრული თარიღის ან მოვლენის დადგომის დღე და ვადის დასაწყისად მომდევნო დღე მიიჩნევა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, გვ.706-707).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, ხოლო 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ან/და სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებისა და სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ შპს „...-ს“ მიერ ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა ბოლო საინფორმაციო წერილის წარდგენის დღიდან (28.10.2022წ.), არამედ შემდგომი დღიდან, 2022 წლის 29 ოქტომბრიდან; რაც შეეხება ვადის დასრულების თარიღის განსაზღვრას, 2022 წლის 29 ოქტომბრიდან ინფორმაციის წარდგენის 6 თვიანი ვადის ბოლო დღე - 2023 წლის 29 აპრილი იყო შაბათი, არასამუშაო დღე, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების უკანასკნელ თარიღად უნდა მიჩნეულიყო 2023 წლის 29 აპრილის შემდგომი პირველი სამუშაო დღე - ორშაბათი, 2023 წლის 01 მაისი, ხოლო შპს „...-ს“ მიერ საინფორმაციო წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, სწორედ 2023 წლის 01 მაისს იქნა წარდგენილი. ამდენად, ცალსახაა, რომ შპს „...-ს“ მიერ 2008 წლის 25 ივნისს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №... ოქმის მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა დათქმულ დროში.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა