დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1096 (კ-23) 31 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ...“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს ,,თ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ლ...“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 15.05.2018 წლის №1308 განკარგულების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2018 წლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,თ...“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე პირი”, „შემსყიდველი”).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 15.05.2018 წლის №1308 განკარგულება მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. მესამე პირმა 09.06.2017 წელს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საზომი ხელსაწყოების შესყიდვის მიზნით. იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა შესაბამისი პარამეტრების საქონლის მიწოდებას, მოსარჩელე დაუკავშირდა შპს „მ...ს“, რომელმაც 07.07.2017 წლის КП №44 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მზად იყვნენ დაემზადებინათ და მიეწოდებინათ მაღალვოლტიანი სტენდი ...ის გასაწვავად. კომერციულ წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ გაწვის ბლოკის პარამეტრებში მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში, KB - იქნებოდა 25კვ.
5.2. სატენდერო კომისიის 12.07.2017 წლის N3 სხდომის ოქმით მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად. 19.07.2017 წელს მესამე პირს (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 15 500 ლარი.
5.3. შემსყიდველის ელექტრომომარაგების სამსახურის 29.09.2017 წლის №... მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, შედარებული იქნა საქონლის პარამეტრები დამატებით წარდგენილ საპასპორტო მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწოდებული საქონლის ძაბვის გამტარუნარიანობა 25 კილოვატის ნაცვლად იყო 20 კილოვატი, რაც დაფიქსირდა მოწყობილობის შკალაზე. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
5.4. შემსყიდველმა 13.10.2017 წლის №01/6624 წერილით მოითხოვა მიმწოდებელს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებდა უფლებას, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (ს.ფ. 31). მიმწოდებელმა 27.10.2017 წელს შემსყიდველს აცნობა, რომ მის ანგარიშზე გადარიცხა პირგასამტეხლოს თანხა 2170 ლარი, ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების ხელსაწყოს დამზადებაზე მწარმოებელი აცხადებდა უარს, ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და დასკვნის გაცემა საქონლის პარამეტრების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის თაობაზე, რათა შემდგომში იგი წარედგინა საქონლის მწარმოებელი კომპანიისთვის.
5.5. მესამე პირმა 29.11.2017 წლის №01/7731 წერილით მოსარჩელეს განუმარტა, რომ ხელშეკრულება შეწყდა 27.10.2017 წელს და იგი მიმართავდა სააგენტოს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) მოსარჩელის რეგისტრაციის მიზნით.
5.6. 20.03.2018 წელს სააგენტოში წარდგენილ იქნა მესამე პირის წერილობითი შეტყობინება №01/1578, რომლითაც სააგენტოს ეცნობა მოსარჩელის მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 19.07.2017 წლის №... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
5.7. სააგენტოს 27.03.2018 წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა მის მიმართ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და განესაზღვრა ხუთდღიანი ვადა განმარტების წარსადგენად. მოსარჩელემ 28.03.2018 წელს მიმართა სააგენტოს, გაეთვალისწინებინათ, რომ იგი 2011 წლიდან მონაწილეობდა ელექტრონულ ტენდერებში, მისი მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირველ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და ითხოვა, არ დაერეგისტრირებინათ შავ სიაში.
5.8. სააგენტოს 15.05.2018 წლის №1308 განკარგულებით, სააგენტოს 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე 16.05.2018 წელს დარეგისტრირდა შავ სიაში.
5.9. მწარმოებელი ქარხნის 13.06.2018 წლის №153/06 წერილით ირკვევა, რომ 17.07.2017 წლის N... ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მისამართზე მათ მიერ მიწოდებული იქნა მაღალვოლტიანი სტენდი ...ის დეფექტური იზოლაციის გასაწვავად; აღნიშნული სტენდი დამუშავებული და წარმოებული იყო ინდივიდუალური, არასტანდარტული შესრულებით, ტექნიკური დავალების შესაბამისად და უნდა ჰქონოდა შემდეგი პარამეტრები: „.... მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში KB25…“. შემსრულებლის მიერ, რომელმაც ჩაუშვა აპარატი წარმოებაში, წარმოების პროცესში დაშვებული იქნა შეცდომა შეკვეთაში, რის შედეგადაც ... -ს ჰქონდა პარამეტრები, რომელიც არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ტექნიკურ დავალებას, სახელდობრ ... ბლოკის გაწვის მაქსიმალური ძაბვა უდრიდა 20 კვ-ს 25კვ-ის ნაცვლად.
5.10. სააგენტოს 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლებს.
5.11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა შავი სიის წარმოების წესის და პირობების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შავი სიის წარმოების წესის და პირობების მე-7 მუხლში განმარტებულია, რომ სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
5.12. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში საუბარია მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობაზე და არაჯეროვან შესრულებაზე, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა და, რაც მთავარია, ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რადგან კეთილსინდისიერების პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 8.3 მუხლი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სსკ-ის 361.2 მუხლი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას.
5.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკანონმდებლო დანაწესის პირობებში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი პირის „შავ სიაში“ რეგისტრაციის შესახებ, მით უფრო რომ ე.წ. „შავი სია“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს წარმოადგენს და აღნიშნულ რეესტრში მიმწოდებლის რეგისტრირება იწვევს მძიმე სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში მას ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში და დადოს ხელშეკრულება. ამასთან, შავ სიაში მოხვედრა ზემოქმედებას ახდენს მის საქმიან რეპუტაციაზე. ამიტომ შავი სიის ფორმირება, მიუკერძოებლობის და კანონიერების, თანაზომიერების პრინციპების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს.
5.14. სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ, რის გამოც გადაიხადა პირგასამტეხლო, თუმცა, გარდა არაჯეროვანი შესრულებისა, არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავ სიაში) მიმწოდებლის რეგისტრაციამდე სააგენტოს უნდა შეეფასებინა, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა მიმწოდებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ 28.03.2018 წლის წერილში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიაწოდა ტრანსფორმატორი, რომელიც დაიწუნა შემსყიდველმა, მოსარჩელემ მიმართა მწარმოებელს, რომელმაც მოსთხოვა ოფიციალური დასკვნა პარამეტრების შეუსაბამობის შესახებ, რაც მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად, შემსყიდველს არ გადაუცია, რის გამოც მწარმოებელმა ტრანსფორმატორის შეცვლაზე უარი განაცხადა.
5.15. სასამართლოს მითითებით, ის გარემოებები, რომ მოსარჩელემ წინასწარ მოიპოვა ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული პარამეტრების საქონლის დამზადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დადგენილ დროში მიაწოდა შემსყიდველს ხელშეკრულების საგანი, გადაიხადა პირგასამტეხლო და საქონლის პარამეტრებში უზუსტობა გამოწვეული იყო შპს „მ...ს“ შეცდომით, ადასტურებს, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების შესრულებას ცდილობდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე იყო პასუხისმგებელი ხელშეკრულების შესრულებაზე, თუმცა სააგენტოს სწორედ მის კეთილსინდისიერებაზე აპელირებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაერეგისტრირებინა ის შავ სიაში თუ მიეცა გაფრთხილება, მით უფრო იმ პირობებში, როცა მის მიმართ არ არსებობდა გადაწყვეტილება გაფრთხილების ან შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საბოლოოდ, მესამე პირის მიერ ... ტენდერის საფუძველზე შესყიდული იქნა სწორედ ისეთი სახის გაწვის ტრანსფორმატორი, რომლის მაქსიმალური გამომავალი ძაბვა უქმი სვლის რეჟიმში იყო არანაკლებ 20 კვ, ანუ როგორი ძაბვაც ჰქონდა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ გაწვის ტრანსფორმატორს (ს.ფ. 174-183).
5.16. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო იგი ბათილად და სააგენტოს დაავალა დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რა დროსაც სააგნეტომ უნდა შეაფასოს, ხომ არ არსებობს მოსარჩელის მიმართ გაფრთხილების გამოყენების საფუძვლები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააგენტოს 15.05.2018 წლის №1308 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელე დარეგისტრირდა შავ სიაში.
10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი”) ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (კანონის 1.1 და მე-2 მუხლები).
11. კანონის 3.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს - შავი სიას სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
12. სააგენტოს 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების წესი და პირობების პირველი მუხლით, ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. წესის 2.1 მუხლით, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
13. წესის მე-3 მუხლი ადგენს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.
14. წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
15. წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.
16. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და შედავებული არ არის, რომ მოსარჩელემ წინასწარ მოიპოვა ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული პარამეტრების საქონლის დამზადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დადგენილ დროში მიაწოდა კიდეც შემსყიდველს ხელშეკრულების საგანი, რომელიც არ აღმოჩნდა შეთანხმებული მახასიათებელების, რაც გამოწვეული იყო საქონლის მწარმოებელი ქარხნის მიერ წარმოებაში დაშვებული შეცდომით. იმ პირობებში, როდესაც თავად კანონმდებელი კეთილსინდისიერებას მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს და დეფინიციით, შავი სია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს, რომელშიც აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასების, ურთიერთშეჯერების შედეგად და თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა დაედგინა სააგენტოს, არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თუ მისი გაფრთხილების საფუძველი.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი გულისხმობს ქცევის მასშტაბს, რომლის ფარგლებშიც პირი კანონისა და საჯარო წესრიგის დაცვით, სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის გზით ახორციელებს საკუთარ უფლებებს (სუსგ Nბს-886(კ-19), 23.01.2020წ.). პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). კეთილსინდისიერების პრინციპი მოქმედებს (გამოიყენება) სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების არა მხოლოდ უფლების განხორციელების დროს, არამედ უფლების შეძენის, დაცვისა და შეწყვეტის დროსაც. კეთილსინდისიერების პრინციპი მოქმედებს (გამოიყენება) ვალდებულების შესრულების დროსაც. ვალდებულების დაკისრება, შესრულება და შეწყვეტა უნდა მოხდეს კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ. 80,81).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე. მართებულია სასამართლოს მსჯელობა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რა დროსაც სააგენტომ უნდა შეაფასოს, ხომ არ არსებობს მოსარჩელის მიმართ გაფრთხილების გამოყენების საფუძვლები.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ Nბს-886(კ-19), 23.01.2020წ.; სუსგ Nბს-682(კ-19), 23.01.2020წ.; სუსგ Nბს-300(კ-19), 21.05.2019წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2021 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე