დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 31.03.2026
საქმის ნომერი
ბს-111(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-111(კ-26) 31 მარტი, 2026 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო" ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა ა. გ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის 3000 ლარის ოდენობით დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.02.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 05.04.2021 წელს დაიდო №1626/21 კონტრაქტი.

2.2. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3 000 ლარი.

2.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.04.2021 წლის ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ...ის ...ად (საშტატო კატეგორია „...“) და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „...“, 05.04.2021 წლიდან.

2.4. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 31.05.2022 წლის ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე.

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ 01 წლის 01 თვისა და 26 დღის განმავლობაში იმსახურა შეიარაღებულ ძალებში და მას, კონტრაქტის 7.3 პუნქტის გათვალისწინებით, ეკისრებოდა 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების სახისა და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა 1500 ლარამდე შემცირებას.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კონტრაქტით, მისი ვადამდე შეწყვეტისთვის, 3000 ლარით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 1500 ლარამდე შემცირების კანონიერება.

9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 05.04.2021 წელს დაიდო №1626/21 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.04.2021 წლის №MOD 7 20 00001806 ბრძანებით მოპასუხე დაინიშნა სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ...ის ...ად (საშტატო კატეგორია „...“) და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „...“ 05.04.2021 წლიდან.

10. მოპასუხემ 25.05.2022 წელს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 31.05.2022 წლის №MOD 4 22 00002194 ბრძანებით, სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ... გათვლის ნომერი (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №..., გვარეობის კოდი: ..., დუგ კოდი: ...), ... მოპასუხე (სსსკ ძირითადი: 21B) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. 20.06.2022 წლის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობითა და სამინისტროს 12.01.2023 წლის წერილით ირკვევა, რომ: ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე მოპასუხის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 01 წელი, 01 თვე და 26 დღე; მოპასუხეს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 ლარის ოდენობით.

11. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით მოსარჩელეს აქვს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს (ჯარიმის) 3000 ლარის ოდენობით მოთხოვნის უფლება.

12. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა) წარმოშვა სსკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც კონტრაქტის შეწყვეტის მომენტში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 21.09.2023, №3500-XIIIმს-Xმპ კანონით) მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა მიიჩნევა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ (სუსგ №ბს-1057(კ-24), 18.02.2025წ.). მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, წარმოშობის საფუძვლით, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

15. საკასაციო სასამართლო, ასევე, უთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-175-173(კ-12), 11.07.2012წ; №ბს-341 (2კ-24), 24.06.2024წ; №ბს-1057(კ-24), 18.02.2025წ; №ბს-445 (კ-25), 14.07.2025წ.). საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე