დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1250 (კ-25) 23 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჯარიმის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო" ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა ა. ხ-ეის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 10.04.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 06.10.2019 წელს სამინისტროსა და მოპასუხეს შორის დაიდო სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი 5 წლის ვადით.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.05.2022 წლის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
2.3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 25.05.2022 წლის №MOD 4 22 00002130 ბრძანებით მოპასუხე 12.03.2022 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
2.4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმა - 2000 ლარი. ამდენად, განსახილველი დავის საგანს შეადგენს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლით მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.
2.5. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 12.10.2023 წლიდან თავდაცვის კოდექსის 185-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობად სახელდებოდა (პირველი პუნქტი). ამასთანავე, სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებდა, მათ შორის, რეზერვს (მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). სამხედრო სამსახური იყოფოდა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად, ხოლო რეზერვში მყოფი პირები - რეზერვისტები იყოფოდნენ აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვისტებად („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2, 21 პუნქტები). საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესებს განსაზღვრავდა „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია 12.10.2023 წლიდან თავდაცვის კოდექსის 185-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად). ამავე კანონით სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეებს შორის სახელდებოდა აქტიური სარეზერვო სამსახური - აქტიური რეზერვი (4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). აქტიური სარეზერვო სამსახური იყო ნებაყოფლობითი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან ფორმდებოდა კონტრაქტი, პირი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ირიცხებოდა აქტიურ რეზერვში რიგითის სამხედრო წოდებით და ითვლებოდა სამხედრო სამსახურში გაწვეულად („თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-3, 5 პუნქტები). სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას მიიჩნეოდა სამხედრო მოსამსახურედ („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ძალადაკარგულია 12.10.2023 წლიდან თავდაცვის კოდექსის 185-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად)). აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის უფლებები და მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა კონტრაქტით („თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი).
2.6. კონტრაქტის 6.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრებოდა ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაეხადა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამდენად, მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობდა სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილისთვის ჯარიმის - 2000 ლარის დაკისრების პირობას, თუ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა განპირობებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას.
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე ყოფნისას, იმ დროს, როდესაც იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ ვალდებულებებს. ყოველი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა იმთავითვე კონტრაქტის პირობების დარღვევას არ მოიაზრებს. პირმა შესაძლოა ჩაიდინოს არაერთი კანონშეუსაბამო ქმედება, რომელსაც რაიმე შემხებლობა სამხედრო სამსახურის გავლასთან არ აქვს. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ნორმატიულად მოსამსახურის გათავისუფლების დამატებითი საფუძვლის შემოღების საჭიროება, რადგან კონტრაქტის პირობების დარღვევა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მოიცავს მოსამსახურის კანონშეუსაბამო ქმედებების სრულ ფართო სპექტრს. დავის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით დგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევა და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის სხვადასხვა, ურთიერთდამოუკიდებელი საფუძველია. იდენტიფიცირებას საჭიროებს კონკრეტულ შემთხვევაში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის პირობა.
2.8. როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, გათავისუფლების საფუძველი გახდა სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 წლის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლით. ასევე დგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სხვა რაიმე მოქმედებას/უმოქმედობას, რაც შესაძლოა კონტრაქტის პირობების დარღვევად ყოფილიყო მიჩნეული, ადგილი არ ჰქონია. ასეთ მოქმედებასა თუ უმოქმედებაზე მითითებას არ შეიცავს სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, მსგავსი ქმედების ჩადენის შესახებ რაიმე ინფორმაცია არც სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულა. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან დადებული კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მის მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის და არა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
2.9. შესაბამისად, მოპასუხისათვის ჯარიმის - 2000 ლარის დაკისრების მიზნებისთვის, უნდა გაირკვეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის საფუძვლით სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით რამდენად იყო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა, რადგან მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის 6.4. პუნქტის მიხედვით, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას პირს ჯარიმა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი ვადამდე წყდება იმ საფუძვლით, რომელიც კანონმდებლობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ითვალისწინებს.
2.10. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 12.10.2023 წლიდან თავდაცვის კოდექსის 185-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის 15 პუნქტის მიხედვით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრებოდა სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი ადგენდა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებსა და წესს. „დებულების“ მე-18 თავის პირველი პუნქტის მიხედვით, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს წარმოექმნებოდა კონტრაქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობის ანაზღაურების ვალდებულება, თუ: სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იყო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“ (ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ), „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე („ა“ ქვეპუნქტი); სადისციპლინო წესდების საფუძველზე („ბ“ ქვეპუნქტი) ან სახეზე იყო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით ან ამ დებულების VI თავის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა („გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავია და სხვა საფუძვლით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებზე ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რაიმე მითითებას არ შეიცავს. ამასთანავე, დაუშვებელია პირის უფლების შემზღუდავი, მისთვის პასუხისმგებლობის დამკისრებელი ნორმის ფართოდ განმარტება, არსებული რეგულაციის ფარგლების ხელოვნური გაფართოება. კონტრაქტის პირობების დარღვევა და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის სხვადასხვა, დამოუკიდებელი საფუძვლებია და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას სადავო პერიოდში მოქმედი კანონონმდებლობა არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, კონტრაქტის 6.4 პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდა იმ საფუძვლით, რისთვისაც კანონმდებლობა ფინანსურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი პირობები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა სარჩელში მოპასუხისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძვლად საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტის მითითებაზე და აღნიშნა, რომ მითითებული პუნქტი მე-18 თავს დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022 წლის №505 დადგენილებით, ხოლო მოპასუხესთან კონტრაქტი ვადამდე შეწყდა 5 თვით ადრე - საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 25.05.2022 წლის ბრძანებით. შესაბამისად, მე-18 თავის 11 პუნქტის მოწესრიგება ვერ იქნება მიმდინარე დავის მიმართ გამოყენებული, რადგან მის მიმართ უკუძალის ამოქმედების რაიმე პირობა არ გამოკვეთილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას ჯარიმის გადახდას და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გაფორმებელი კონტრაქტის, ამ პირის მიერ სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, შეწყვეტისას ჯარიმის დაკისრების კანონიერება.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, პირგასამტეხლოზე შეთანხმება ნების არანაკლებ ორმხრივი გამოვლენის შედეგია/პირგასამტეხლო სახელშეკრულებო შეთანხმების ფარგლებში წესრიგდება (სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., მუხლი 417, ველი 1; Looschelders, Schuldrecht AT, 15.Auf., S. 288-289).
10. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, წარმოშობის საფუძვლით, სახელშეკრულებო ხასიათისაა. საკასაციო სასამართლო უთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-444(კ-25), 29.09.2025წ; №ბს-73(კ-25), 31.07.2025წ; №ბს-68(კ-25), 22.07.2025წ.). ამასთან, პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
11. ისეთ პირობებში, როცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის მასზე, რომ: მოპასუხეს არ დაურღვევია კონტრაქტის პირობები და მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის მიერ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას ჯარიმის გადახდას, მართებულია მსჯელობა სარჩელის უარყოფის შესახებ.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81). საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე