დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1259(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1259(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 23 მარტს ი.კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ...ში; ი.კ-ა მიუთითებს, რომ დედა ა.კ-ა იყო აფხაზეთიდან დევნილი და თავად მას, როგორც დევნილის შვილს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ავტომატურად მიენიჭა. მოსარჩელის განმარტებით 2013 წელს იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ამ მიზეზით ვერ გაიარა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც შემდგომში სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდა. ი.კ-ა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა სააგენტოს მიერ მისი მოთხოვნა უკანონოდ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებსა და ინტერესებს.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 14 მარტის №03-1793/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ი.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 14 მარტის №03-1793/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ი.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.კ-ამ 2021 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. 2021 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელე ი.კ-ას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. 2000 - 2012 წლებში სწავლობდა ...ის სკოლაში. 1994 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, 2011-2021 წლებში კი, ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართზე. ჰყავს არადევნილი მამა, მ.კ-ა, დაბ. ... წელს ...ში და და, ა.კ-ა, დაბ. ... წელს ...ში (შეწყვეტილი აქვს დევნილის სტატუსი). ი.კ-ას განმარტებით, დედა, ა.კ-ა, დაბადებული იყო ქ. გალში და გარდაიცვალა ... წელს, ...ის სამშობიაროში, ა.კ-ას დაბადების დროს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 13 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ ი. და ა. კ-ები 2007 წლის სექტემბრის ჩათვლით სარგებლობდნენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებით. კერძოდ, იღებდნენ დევნილის შემწეობას. 2022 წლის 10 მარტს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს და გადაუგზავნა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ი.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 14 მარტის №03-1793/ო ბრძანებით მოსარჩელე ი.კ-ას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა შესაბამის შემწეობას; პალატის განმარტებით, მოსარჩელის დედის ა.კ-ას დევნილთა ბაზაში არყოფნა არ წარმოადგენდა ი.კ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ი.კ-ასღვის აღედგინა შეწყვეტილი დევნილის სტატუსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის აღნდგენით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის აღსადგენად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.

კასატორი ხაზგასმით მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ი.კ-ა ომის შემდგომ დაიბადა ქ. ...ში და მას ოკუპირებულ ტერიტორიასთან არანაიაირი შეხება არ ჰქონია. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დედა დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება. ამრიგად, სააგენტო განსახილველ საქმეზე სასამართლოთა შეფასებებს არ ეთანხმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 14 მარტის №03-1793/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ი.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე - ი.კ-ა დაიბადა ... წელს ...ში. გასაუბრების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელე 2000-2012 წლებში სწავლობდა ...ის სკოლაში. 1994 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, 2011-2021 წლებში კი ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართზე. ამასთან, დადგენილი, რომ ი.კ-ას ჰყავს არადევნილი მამა - მ.კ-ა (დაბ.... წელს ...ში) და და - ა.კ-ა (დაბ. ... წელს ...ში, შეწყვეტილი აქვს დევნილის სტატუსი).

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 13 სექტემბრის მიმართვაზე, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა შესაბამის შემწეობას 2007 წლის სექტემბრის ჩათვლით; ამასთან, აღსანიშნავია, რომ ი.კ-ას დევნილის სტატუსი სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუწყდა;

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის დედის ა.კ-ას დევნილთა ბაზაში არყოფნა გამორიცხავს ი.კ-ას დევნილის სტატუსის აღდგენას, რამეთუ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა.კ-ა დაბადებული იყო ქ. გალში და გარდაიცვალა 1996 წელს ...ის სამშობიაროში მოსარჩელის დის - ა.კ-ას დაბადების დროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ი.კ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი, ვინაიდან ი.კ-ა დაიბადა კონფლიქტის შემდგომ და ოკუპირებულ ტერიტორიასთან შეხება არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ეხება უშუალოდ იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კი საქართველოს მოქალაქესა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს იმ პირობებში როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე ირიცხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთიან ბაზაში, როგორც დევნილი დედის შვილი, ხოლო 2007 წელს დევნილის სტატუსი შეუწყდა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, უკანონოა სააგენტოს გადაწყვეტილება ი.კ-ას დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. სადავო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კასატორის არგუმენტი მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების გამორიცხვასთან დაკავშირებით არარელევანტურია, რადგან განსახილველ შემთხვევაში ი.კ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს დევნილი დედის ყოლა, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა და დევნილთა ერთიან ბაზაში ამიტომ არ ფიქსირდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა