დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1262(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ო.გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; გორის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - ე.ა-ა; მ.მ-ე, გ.ქ-ი, ი.მ-ი, დ.ჭ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 6 ნოემბერს ო.გ-ამ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ, 2020 წლის 25 თებერვლის №0015 ოქმისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის № 04/4418 მიმართვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მდებარე 5 769 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ვ.ქ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების, აღნიშნული მიწის ნაკვეთის №..., №..., №... საკადასტრო კოდებად დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის №..., №... საკადასტრო კოდებად დაყოფის რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 23 მაისის № ... გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის №..., № ..., № ... საკადასტრო კოდებად დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის №..., №... საკადასტრო კოდებად დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ო.გ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წელის 20 იანვრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ვ.ქ-ი, მ.მ-ე, ი.მ-ი, გ.ქ-ი და დ.ჭ-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო.გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით ო.გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.გ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორს - ო.გ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ო.გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება 2025 წლის 15 დეკემბერს ფოსტით გაეგზავნა კასატორს - ო.გ-ას საქმეში არსებულ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, რესპუბლიკა ჩრდილო ოსეთი-ალანია, ქ. ვლადიკავკაზი, ... ,,...“ სახლი .... 2025 წლის 19 დეკემბრის შპს ,,ს...ის“ დირექტორის ნ.მ-ის წერილის თანახმად, აღნიშნული გზავნილი ზემოაღნიშნულ მისამართზე ვერ გაიგზავნა, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეჩერებულია ოპერირება უკრაინის, რუსეთის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. ო.გ-ას სხვა ალტერნატიული მისამართი კი საქმეში არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია ო.გ-ას ჰყავდა წარმომადგენლები, თუმცა რწმუნებულების თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ზ.მ-ისა და ნ.გ-ის მინიჭებული აქვთ 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით და საკასაციო სასამართლო მათ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებას ვერ გაუგზავნიდა. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინების საჯარო გამოქვეყნებით, ო.გ-ას ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2025 წლის 31 დეკემბერს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2026 წლის 7 იანვარს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 7 იანვრიდან და ამოიწურა 20 იანვარს (სამშაბათს) 24:00 საათზე, რადგან მე-10 დღე 2026 წლის 17 იანვარი უქმე დღე (შაბათი) იყო. ასევე, უქმე დღეს წარმოადგენდა მომდევნო სამუშაო დღე - ორშაბათი - 19 იანვარი (ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე). საკასაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე