დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1273(კ-25) 31 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – რეაბილიტირებული პირისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.დ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 30 000 ლარის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელე 19.07.2022 წელს დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 06.04.2023 წლის განაჩენით, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მოსარჩელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. მოსარჩელეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20.09.2023 წლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 06.04.2023 წლის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.02.2024 წლის განჩინებით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი 20.09.2023 წლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2.4. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით.
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა: ამ ნორმის თავისებურებას წარმოადგენს, ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და არსებობდეს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს სსკ-ის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
2.6. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
2.8. სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. არსებობს მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 6 000 ლარი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა შემდეგი:
4.1. პროკურატურა, როგორც საგამოძიებო ორგანო, წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლის სამართლებრივი საქმის შედეგს და მის მიერ ბრალის წარდგენა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაგრამ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი წარმოების პირობებში, მოსარჩელემ საპატიმრო დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 16 დღე. ვინაიდან არსებობს მოსარჩელის მიმართ დამდგარი, კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენი, მას წარმოეშვა უსაფუძვლო ბრალდების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამრიგად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ არ არსებობდა მისთვის მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობა.
4.2. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს, იგი მოპასუხისთვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ოდენობას შეეხება, რომელსაც მოსარჩელე მიყენებული ზიანისა და განცდილი სულიერი ტანჯვის ასანაზღაურებლად არასაკმარისად მიიჩნევს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანგრძლივობისა და მოსარჩელის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის) არსებობის პირობებში, მორალური ზიანის ანაზღაურება.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
10. სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
11. მითითებული ნორმის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს (სუსგ №ბს-636(კ-23), 23.05.2024წ; №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.). ამდენად, სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი არის შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფასა და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა (ყანდაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 1005, ველი 11, https://gccc.tsu.ge).
12. საქმის მასალებში არსებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 06.04.2023 წლის განაჩენით, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში. მოსარჩელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. მოსარჩელეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20.09.2023 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.02.2024 წლის განჩინებით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი 20.09.2023 წლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად (ს.ფ. 14-47).
13. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სსკ-ის 413-ე მუხლი) არის გათვალისწინებული (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.).
14. მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და განაჩენის გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ; №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.). არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში კონვენცია) მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე (ყანდაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 1005, ველი 41, https://gccc.tsu.ge).
15. დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
17. შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს, რომ პროცესის მონაწილე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, გამოიკვლიოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოთქვას საკუთარი პოზიცია მათ შესახებ და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა თუ ავთენტურობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელი ხასიათდება საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებური სისტემითა და პროცესის მონაწილეთა როლების თავისებური გამიჯვნით. ინკვიზიციური პროცესისგან განსხვავებით, სადაც მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებებით, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს მოსამართლის ნეიტრალურობის პირობებში სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608,609, II-15).
18. ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს 06.04.2023 წლის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში. ამასთან, კასატორი არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ მოპასუხის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022წ.).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).
20. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში (Şahin Çağdaş v. Turkey, №28137/02, 11.04.2006წ., §34). კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23).
21. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა 8 თვეზე მეტი დროით, ამასთან, მოსარჩელე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
22. ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიურ სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23). განსახილველ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობისა და საბოლოოდ მოსარჩელის უდანაშაულოდ ცნობის გათვალისწინებით, კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია (შდრ. სუსგ №ბს-806(2კ-21), 22.02.2022წ; №ბს-1330(კ-22), 23.02.2023წ; №ბს-786(2კ-21), 17.03.2022წ; №ბს-1276(კ-22), 25.04.2023წ; №ბს-778(კ-24), 25.09.2024წ.).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე