დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1300(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1300(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. შ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-ამ 23.01.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2023 წლის №IDP 3 23 01403034 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც გ. შ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ასევე მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გათვალისწინებით, ცვლილების შეტანის დავალება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, კერძოდ, ამოღებულ იქნეს მითითება იმის შესახებ, რომ გ. შ-ა არის კომპენსირებული პირი და შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცეს მას უფლება გაიაროს აპლიკაცია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2024 წლის გადაწყვეტილებით გ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2023 წლის №IDP 3 23 01403034 გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. შ-ასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებაზე, რომლის №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. მითითებული წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2023 წლის №IDP 3 23 01403034 აქტით, გ. შ-ას მისი №1388965 გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ე. დ-ეის ოჯახს სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაეცა ფულადი კომპენსაცია. თანხა გაიცა შემდეგ პირებზე: გ. შ-ა, ნ. შ-ა, ე. დ-ე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოკვლეული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 06.02.2009 წლის №01-19/27 წერილი და იმ დევნილთა სია, რომლებსაც 2006 წელს აჭარაში განხორციელებული კომპაქტურად განსახლების ობიექტებში პრივატიზაციის დროს გამოეყოთ ფინანსური კომპენსაცია, მათ შორის ფიქსირდება მოსარჩელის დედა - ე. დ-ე და მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრები (შვილები) - ნ. შ-ა და გ. შ-ა. ამავე წერილს თან ერთვის „ბ...ს“ ბათუმის ფილიალის მიერ გაცემული დევნილების საკომპენსაციო ძირითადი თანხების რეესტრი №1, სადაც აღნიშნულია რომ ე. დ-ეზე 21.03.2006 წელს გაიცა 12 792 ლარი და 50 თეთრი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა მოსარჩელის დედა -ე. დ-ე, რომელმაც დაადასტურა საკომპენსაციო თანხის მიღება, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი ბინის შესაძენად და გამოყოფილი იყო იმისთვის, რომ ოჯახს უზრუნველეყო ქირის გადახდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ე. დ-ეის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი თავის მხრივ წარმოადგენდა გ. შ-ას კომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც კომპენსაციის მიღების პერიოდისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა არასრულწლოვანს. კანონის შესაბამისად კი დევნილი ოჯახის კომპენსირებით სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. შ-ას მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის დაცული მოსარჩელისათვის სათანადო საცხოვრებელი ფართის გადაცემის ან სათანადო ფულადი კომპენსაციის გაცემის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრული და ობიექტური ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად წარმოედგინა გ. შ-ას მიერ კომპენსაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. გასაჩივრებული აქტი ეფუძნება დევნილთა მონაცემთა ბაზის ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე დედასთან - ე. დ-ესთან და დასთან ერთად ითვლება კომპენსირებულ პირად. კასატორმა მიუთითა, რომ დევნილთა მიერ დაკავებული ქონებიდან გამოსახლება უნდა მომხდარიყო მათთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, რაც საქმეში დაცული არ არის. სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ე. დ-ემ აღნიშნა, რომ ის და მისი შვილები, რომლებიც იმ დროისათვის იყვნენ არასრულწლოვნები, იძულებით გამოაძევეს სასტუმრო „...დან", მასთან არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ე. დ-ემ არ უარყო, რომ მას სასტუმროს მიმდებარედ გადასცეს თანხა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ იყო კომპენსაციის თანხა, არამედ იგი წარმოადგენდა თანხას ბინის დასაქირავებლად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ დევნილთა ანკეტაზე და მიუთითებს, რომ ანკეტებში საკომპენსაციო თანხის გადაცემაზე არაფერია აღნიშნული, ხოლო 2013 წლის ანკეტის მე-14 პუნქტით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ე. დ-ე ცხოვრობს დაქირავებულ სახლში.

კასატორის მოსაზრებით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელის კომპენსირებულ პირად მონიშვნის არსებობა, ამ ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე, არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ის გარემოება, რომ ე. დ-ე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოაძევეს სასტუმრო „...დან“ და გადასცეს თანხა გაურკვეველმა პირებმა, არ ნიშნავს იმას, რომ მასთან კანონის შესაბამისად დაიდო ხელშეკრულება საკომპენსაციო თანხის გადაცემის შესახებ და იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონის შესაბამისად გამოცემას, რაც ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე გ. შ-ა, მოსარჩელის დედა - ე. დ-ე და მოსარჩელის და - ნ. შ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ოჯახი შედგება სამი წევრისგან. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - 019-01330. 19.07.2023 წელს გ. შ-ამ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.07.2023 წლის წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა. გ. შ-ამ 26.12.2023 წელს კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოითხოვა დევნილთა მონაცემების ბაზაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. შ-ას კომპენსირებულ პირად მიჩნევის თაობაზე ჩანაწერის ამოღება და მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე აპლიკაციის გავლის უფლების მინიჭება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2023 წლის №IDP 3 23 01403034 აქტით გ. შ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ეცნობა, რომ ე. დ-ეის ოჯახს სასტუმრო „...ში“ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაეცა ფულადი კომპენსაცია. თანხა გაიცა შემდეგ პირებზე: გ. შ-ა, ნ. შ-ა, ე. დ-ე. თანხის მიმღებ პირად ფიქსირებულია ე. დ-ე. ზემოაღნიშნული წერილის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 06.02.2009 წლის №01-19/27 წერილს და მის დანართს, რომელთა თანახმად ე. დ-ეს, ნ. შ-ას და გ. შ-ას 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ ფინანსური კომპენსაცია. თანხის მიმღებ პირად დაფიქსირებულია ე. დ-ე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე, რომლის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თუ დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 06.02.2009 წლის №01-19/27 წერილზე, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გაეგზავნა იმ დევნილთა სია, რომლებსაც 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტურად განსახლების ობიექტებში პრივატიზაციის დროს გამოეყოთ ფინანსური კომპენსაცია, მათ შორის ფიქსირდება, მოსარჩელის დედა - ე. დ-ე და მისი შვილები - ნ. შ-ა და გ. შ-ა, რომლებიც მითითებულ პერიოდში იყვნენ არასრულწლოვნები. ამავე წერილს თან ერთვის „ბ...ს“ ბათუმის ფილიალის მიერ გაცემული დევნილების საკომპენსაციო ძირითადი თანხების რეესტრი №1, სადაც აღნიშნულია, რომ 21.03.2006 წელს ე. დ-ეზე გაიცა 12 792.50 ლარი. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა მოსარჩელის დედა - ე. დ-ე, რომელმაც დაადასტურა საკომპენსაციო თანხის მიღება, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი ბინის შესაძენად და გამოყოფილი იყო იმისთვის, რომ ოჯახს უზრუნველეყო ქირის გადახდა. დედის მიერ თანხის მიღების ფაქტი არ არის უარყოფილი არც სარჩელით. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული თანხა არ წარმოადგენდა ადეკვატური კომპენსაციის ოდენობას, რაც შესაძლებლობას მისცემდა თავად ე. დ-ეს შეეძინა სათანადო საცხოვრებელი 3-სულიანი ოჯახისათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ გ. შ-ა დედასთან და დასთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა სასტუმრო „...ში“. დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ დედის მიერ კომპენსაციის მიღება დასტურდება როგორც საქმეში დაცული მტკიცებულებებით, ისე სასამართლო პროცესზე თავად ე. დ-ეის მიერ მიცემული ჩვენებით. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში ქმნის გ. შ-ას, როგორც ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ ერთჯერადად მიღებული ფულადი თანხა ეკუთვნოდა ოჯახს, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ე. დ-ე, გ. შ-ა და ნ. შ-ა.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება დევნილთა ანკეტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ანკეტებში საკომპენსაციო თანხის გადაცემაზე არაფერია აღნიშნული და 2013 წლის ანკეტის მე-14 პუნქტით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ე. დ-ე ცხოვრობს დაქირავებულ სახლში. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ნ. და გ. შ-ას დევნილთა ანკეტებზე, სადაც მე-13 პუნქტად აღნიშნულია, რომ ისინი ცხოვრობენ ფულადი კომპენსაციით შეძენილ ბინაში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ე. დ-ეის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი თავის მხრივ წარმოადგენს გ. შ-ას კომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც კომპენსაციის მიღების პერიოდისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა არასრულწლოვანს. კანონის შესაბამისად კი დევნილი ოჯახის კომპენსირებით სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე