დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-133(კ-26) 23 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო" ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა დ. კ-ეის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის 3000 ლარის ოდენობით დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდა 2500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 22.10.2018 წელს დაიდო №1/2712/18 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
2.2. კონტრაქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს.
2.3. კონტრაქტის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, კერძოდ, მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 ლარი.
2.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.2019 წლის №MOD 2 19 00002394 ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის თანახმად, სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის ...ის ...ი (საშტატო კატეგორია ...; შტატი №...), რიგითი - მოპასუხე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
2.5. მოპასუხის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 0 წელი, 10 თვე და 21 დღე.
2.6. მოპასუხეს დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 3000 ლარის ოდენობით, რომელიც მას ამ დრომდე არ გადაუხდია.
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხე სამსახურებრივი შეუსაბამობისთვის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, განსაზღვრული სანქცია - 3000 ლარი - იყო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოპასუხის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 10 თვე და 21 დღე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, არსებობდა პირგასამტეხლოს 2500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 2500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მხარე სრულად გამორიცხავდა ფინანსური ვალდებულების არსებობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც წარმოშობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 1000 ლარამდე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავო არ არის გარემოება მასზე, რომ 22.10.2018 წლის №1/2712/18 „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით მოსარჩელეს აქვს მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს (ჯარიმის) 3000 ლარის ოდენობით მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ ზემოაღნიშნული კონტრაქტით 3000 ლარით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 1000 ლარამდე შემცირების კანონიერება.
9. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ წარმოშვა სსკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც კონტრაქტის შეწყვეტის მომენტში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 21.09.2023, №3500-XIIIმს-Xმპ კანონით) მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა მიიჩნევა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ (სუსგ №ბს-1057(კ-24), 18.02.2025წ.). მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, წარმოშობის საფუძვლით, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
12. საკასაციო სასამართლო, ასევე, უთითებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-175-173(კ-12), 11.07.2012წ; №ბს-341 (2კ-24), 24.06.2024წ; №ბს-1057(კ-24), 18.02.2025წ; №ბს-445 (კ-25), 14.07.2025წ.). საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე