დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1332(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1332(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.პ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 18 მარტს ო.პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანებით მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა. ო.პ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა სამსახურში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები. მოსარჩელე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულების მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის პირობებში - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ო.პ-ის გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად - 1 120 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანება; მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ო.პ-ის გათავისუფლების დღიდან 2022 წლის 31 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1 120 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართთლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის №4515 ბრძანებით ო.პ-ი გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს №... განყოფილების ინსპექტორად.

2019 წლის 10 იანვარს ო.პ-ის ეცნობა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, იგეგმებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია შტატების შემცირება. მხარეს განემარტა, რომ 2019 წლის 15 თებერვლიდან რეორგანიზებული უნდა ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველო, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია შტატების შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით, შეიქმნა ...ის აღმოსავლეთის სამმართველო, სადაც №... განყოფილება განისაზღვრა 7 საშტატო ერთეულით, მათ შორის, განყოფილების უფროსის - 1 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის - 3 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის მოადგილის - 1 საშტატო ერთეული და ინსპექტორის - 2 საშტატო ერთეული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს №... განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის სერჟანტი - ო.პ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე, 103-ე, 108-ე, 110-ე, ასევე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე და 32-ე მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, სადავო აქტის კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დადგენილიყო განსახილველ შემთხვევაში იყო თუ არა სახეზე იმ საშტატო ერთეულის შემცირება/გაუქმება, რომელზეც მოსარჩელე გახლდათ დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგენილიყო ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 იანვრის №1839 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დანართი №1-ით დგინდებოდა, რომ ის ფუნქციები, რასაც ახორციელებდა ო.პ-ი, გათვალისწინებული აღარ არის, შესაბამისად, სახეზე იყო რეორგანიზაციის შემდგომ შტატების შემცირება. სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის მარტის თვეში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადდა ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ...ის ოფიცრის 44 საშტატო ერთეულზე, ამავე სამმართველოს თბილისის მე-... განყოფილებაში 14 საშტატო ერთეულზე, ხოლო მე-... განყოფილებაში 21 საშტატო ერთეულზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მიეთითა - სრული ზოგადი განათლება. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამავე პერიოდში ვაკანსიების გამოცხადება იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინათ მსგავსი ფუნქციის მატარებელ თანამდებობაზე დანიშვნა, თუმა აღნიშნული არ მომხდარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული ღია კონკურის პირობებში, სამსახურის ადმინისტრაციას შეეძლო ო.პ-ისათვის შეეთავაზებინა მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსია, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სადავო აქტით მოსარჩელის მიმართ გამოიყენეს უკიდურესი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, აგრეთვე ო.პ-ის შრომის სტაჟის გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტში ადმინისტრაციას უნდა დაესაბუთებინა მოსამსახურის სხვა პოზიციაზე გადაყვანის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები, გამოეკვლია ყველა გარემოება და დაესაბუთებინა სხვა გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, ხოლო განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდებოდა მოსარჩელის დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, შესაბამისად, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. იძულებითი განაცდური ხელფასი წარმოადგენს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2019 წელს დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეორგანიზებულ იქნა ...ის მთავარი სამმართველო, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. ...ის მთავარი სამმართველოს ნაცვლად შეიქმნა ორი მთავარი სამმართველო - ...ის მთავარი სამმართველო და ... მთავარი სამმართველო. N... განყოფილებაში თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა 12-დან 7-მდე, ინსპექტორის შტატი იყო 4 და გახდა 2.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამასახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. განსახილველ შემთხვევაში, ო.პ-ი სამსახურიდან დაითხოვეს, რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო. აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტი. სასამართლოებს მიღებულ გადაწყვეტილებებში ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ დადგნილ გარემოებაზე, რომ ო.პ-ის სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს სამსახურში აღდგენა, რადგან თავად მოსარჩელეც აცნობიერებს, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებული იყო მოსარჩელისთვის შეეთავაზებინა სხვა ტოლფასი თანამდებობა, რადგან თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომ სხვა თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ო.პ-ის გათავისუფლების დღიდან 2022 წლის 31 იანვრამდე, ყოველთვიურად - 1 120 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად. დანართი №2-ის მიხედვით, ...ის სამმართველოს №... განყოფილებაში განისაზღვრა 12 საშტატო ერთეული, მათ შორის - განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული, განყოფილების უფროსის მოადგილის - 1 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის - 3 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის მოადგილის - 3 საშტატო ერთეული, ინსპექტორის (...ის დარგში) - 1 საშტატო ერთეული და ინსპექტორის - 3 საშტატო ერთული. ამავე დანართში მითითებულია, რომ ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს - 1 120 ლარს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4515 ბრძანებით ო.პ-ი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართელოს ...ის სამმართველოს №... განყოფილების ინსპექტორად.

2019 წლის 10 იანვარს, ო.პ-ის ეცნობა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, იგეგმებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია შტატების შემცირება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით, შეიქმნა ...ის აღმოსავლეთის სამმართველო, სადაც №... განყოფილება განისაზღვრა 7 საშტატო ერთეულით, მათ შორის განყოფილების უფროსის - 1 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის - 3 საშტატო ერთეული, ოცეულის მეთაურის მოადგილის - 1 საშტატო ერთეული და ინსპექტორის - 2 საშტატო ერთეული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №949 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს №... განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის სერჟანტი - ო.პ-ი დაითხოვეს სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტში, რომლის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება. აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული კანონის მიზანია წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების უფლების დაცვა და შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.

„საჯარო სამასახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 103.1 მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებას ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ,,(ადმინისტრაციული) ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულების დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ინოვაციური ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.“ (სუსგ Nბს-1102-1096(კ-17), 12.04.2018წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (სუსგ Nბს-797(კ-18), 07.03.2019წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი, ძალადაკარგულია 15.12.2023წ. N3988 კანონით) საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის თებერვლიდან ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ...ის N... განყოფილებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა შემცირდა და 12-ის ნაცვლად გახდა 7. თუმცა აღნიშნულის პარალელურად 2019 წლის მარტში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაცხადა ვაკანსიები, კერძოდ - ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ...ის ოფიცრის 44 საშტატო ერთეულზე, ამავე სამმართველოს თბილისის მე-... განყოფილებაში 14 საშტატო ერთეულზე, ხოლო მე-3 განყოფილებაში 21 საშტატო ერთეულზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული იქნა - სრული ზოგადი განათლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში შტატების შემცირების ფაქტობრივი მოცემულობა უპირობოდ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ გულისხმობს, რადგან მნიშვნელოვანია იმ გარემოებების სრულყოფილად შეფასება და დადგენა თუ რამდენად არსებობდა დათხოვნილი მოხელის ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა, შეეთავაზა თუ არა მოხელეს მობილობა და ა.შ. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან სპეციალურ პენიტენციური სამსახურში 2019 წლის მდგომარეობით (მოსარჩელის განთავისუფლების დროისთვის) არსებობდა ვაკანტური თანამდებობები მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციურად მსგავს პოზიციაზე (79 საშტატო ერთეულზე) ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილი იყო მოსარჩელისთვის შეეთავაზებინა ზემოაღნიშნული პოზიციები, მითუფრო, რომ არსებითი განსხვავება კვალიფიკაციისა და მოვალეობების კუთხით საქმის მასალებით არ დგინდება. განსახილველ შემთხვევაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა მოსარჩელის შრომითი უფლების მზღუდავი უკიდურესი ფორმა - სამსახურიდან განთავისუფლება იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ იმსჯელა იყო თუ არა შესაძლებელი მისი დასაქმება ამავე სამსახურის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნულ გარემოებებს საერთოდ არ მისცა შეფასება და ისინი გამოუკვლეველი დატოვა. ამასთან, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ გამორიცხა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა/გადაყვანა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის ფაქტობრივ და მატერიალურ საფუძვლებს, რაც ქმნიდა მისი ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ საფუძვლებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 იანვრის №1839 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად, სადაც ის ფუნქციები, რასაც ახორციელებდა მოსარჩელე, გათვალისწინებული აღარ არის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის დადგენილი გარემოება, რომ 2022 წლის 31 იანვრიდან აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი ფუნქციების მქონე შტატი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის არარსებობის პირობებში, არ გამოირიცხება მოსარჩელის განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასება და მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის გაცემა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სწორად გაუსვა ხაზი იმ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე იყო არსებითი ხასიათის დარღვევა, რადგან მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებიდან მალევე (მეორე თვეში) საჯარო დაწესებულებამ 80-მდე თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების გზით ვაკანტური თანამდებობების არსებობა დაადასტურა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაობის პერიოდი მოიაზრებს საჯარო მოხელისათვის ანაზღაურების მიღების უფლებას ყოველთვიურად, შესაბამისი ოდენობით. საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა, იძულებით განაცდური ხელფასი წარმოადგენს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში და იმ ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ნუსხის დამტკიცების შემდგომ, კერძოდ, 31.01.2022წ. ზემოაღნიშნულ სამსახურში აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი ფუნციები, მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე განთავისუფლებიდან დღიდან 2022 წლის 31 იანვრამდე, ყოველთვიურად 1120 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა