დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1349(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ხ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 20 ივნისს დ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის 16.07.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ეს დაურეგისტრირდა საკუთრების უფლება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციის საფუძველი გახდა 4.10.2021წ. ცნობა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის შესახებ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საარქივო ცნობა. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნ. ხ-ემ აჩუქა დ. ხ-ეს. 30.05.2022წ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის Nბ16.16221503 ბრძანებით მოხსენებითი ბარათზე დაყრდნობით, ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 23.06.2021წ. ნ16-16117491 წერილი და იმავე დღით დათარიღებული სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო რეესტრის 8.06.2022წ. გადაწყვეტილებით გაბათილდა ... საკადასტრო კოდზე არსებული რეგისტრაცია.
17.08.2022წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 30.05.2022წ. Nბ16.16221503 ბრძანების შეჩერება და უძრავ ქონებაზე ს/კ ... ნებისმიერი ტიპის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 30.05.2022წ. Nბ16.16221503 ბრძანების მოქმედება. მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ქონებაზე ს/კ ... ნებისმიერი ტიპის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის, ფაქტების კონსტანტაციის 200 (ორასი) ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. ხ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 16 ივლისს ნ. ხ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება (ს/კ ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციის საფუძველია ორი დოკუმენტი: ცნობა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის შესახებ ა20.16211741, დამოწმების თარიღი: 23/06/2021 და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საარქივო ცნობა 69/51047, დამოწმების თარიღი: 04/10/2016, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივი. მოგვიანებით ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა დ. ხ-ეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 23.06.2021წ. N16-162117491 წერილი და სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ზ. ლ-ეის მიერ გაცემული 23.06.2021წ. Nა.20.16211741 ცნობა მასზედ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის N... მიმართვასთან დაკავშირებული N... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი (ფართობი 1670 კვ.მ.) წარმოადგენს მოქალაქე ნ. ხ-ეის (პ/ნ: ...) 2007 წლის 20 სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობ მიწის ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... არსებული რეგისტრაცია გაბათილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე, "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, მე-3 მუხლის "ე" პუნქტზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი და აერო გადაღების მასალები, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმი) დგინდებოდა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობის ნანგრევი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა გაამარტივა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა საკარმიდამო კატეგორიას მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის; კერძოდ, იმ შემთხვევებში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი დაეფუძნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ზ. ლ-ეის 2022 წლის 24 მაისის N20-162214467 მოხსენებით ბარათს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამავე ორგანოს მიერ გაცემულ ცნობაში დაშვებულია შეცდომა, ვინაიდან კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამ ტიპის წარმოებას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ სახეზე იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა იხელმძღვანელოს სადავო საკითხის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ზუსტად უნდა დაადგინოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ადგილი ჰქონდა თუ არა საოჯახო მეურნეობის განხორციელებას; აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს და მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 30 ოქტომბრის Nბ16.16243045 ბრძანებით შეთანხმდა დ. ხ-ეის (პ/ნ: ...) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ამ მიწის ნაკვეთზე II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ახლად გამოვლენილი გარემოებანი ასევე მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოცემულ საქმეზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მოიხმო ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 17 დეკემბერის ცვლილების შედგომი რედაქცია) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებაზე, რომლითაც განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალი. აღნიშნულმა ბრძანებამ მოიცვა ბორჯომის მუნიციპალიტეტიც (ბრძანების პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში 2022 წლის 01 იანვრიდან დაიწყო სისტემური რეგისტრაცია და დასრულდება 2026 წლის 01 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით მუნიციპალიტეტებს შეუჩერდათ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ცნობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გადასცემია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე იყო პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება ეკისრებოდა არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არამედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმის გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად მასზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე, დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე.ზემოაღნიშნული მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო ნაგებობის, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების ან/და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე თუ როგორი ტიპის შენობა-ნაგებობის ნანგრევია. ს/კ ... მიწის ნაკვეთზე განთავსებული არ არის რაიმე სახის შენობა-ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფდა საოჯახო მეურნეობის არსებობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 23 ივნისს Nა20.16211741 ცნობის გაცემისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ყველა გარემოება. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 7.04.2023წ. Nბს-1148(კ-21) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული ცნობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა ფაქტობრივ გარემობებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ამ დოკუმენტის გაცემისას. განსახილველ შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილი იყო მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბათილად ეცნო მის მიერ გამოცემული აქტი, ვინაიდან თავდაპირველი აქტი არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას მისი მიღების საფუძვლებთან დაკავშირებით.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსაბუთებლად დაეკისრა საადვოკატო ხარჯი. საქმეში წარმოდგენილი არ არის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის ადვოკატებთან კონკრეტულ თანხაზე შეთანხმება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვები არ ადასტურებს მოცემულ საქმეზე მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების გაწევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით სადავოა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანების კანონიერება.
საარქივო ცნობის თანახმად, ნ. ხ-ეის კომლს ერიცხება 1986წ. -0,13 ჰა., 1999-0,12 ჰა, 1999 წელში საკარმიდამო ფართობი - 0.12 ჰა, სახნავ სათესი ფართობი საკუთრებაში -0.35 ჰა, ფაქტიურად დაკავებული საძოვარი 2.40 ჰა, ფაქტიურად დაკავებულისათიბი - 0.60 ჰა.2000 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული 0.95 ჰა, სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60 ჰა; 2001 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული 0.95 ჰა, სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60ჰა;2002 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული 0.95 ჰა, სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60ჰა; 2003 წელში დაკავებული სას.სამ.სავარგული 0.95 ჰა, სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60ჰა;2004 წელში სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60 ჰა; 2006 წელში სახნავი - 0.35 ჰა, სათიბი - 0.60 ჰა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ხ-ემ 6.04.2021წ. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე 1670 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ 28.04.2021წ. მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ინფორმაციის დადასტურების მოთხოვნით.
ბორჯომის რაიონის სოფელ ...ის ადმინისტრაციული ერთეული მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 23 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, N... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი (1670 კვ.მ) წარმოადგენს ნ. ხ-ეის 2007 წლის 20 სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის “თ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობ მიწის ნაკვეთს. იმავე თარიღის წერილით ზემოაღნიშნული ცნობა გაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
16.07.2021წ. ნ. ხ-ემ დაირეგისტრირა სოფელ ...ში მდებარე 1670 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 23.06.2021წ. Nა20.16211741 საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის შესახებ ცნობა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის N69/51047 ცნობა. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებად აღირიცხა დ. ხ-ემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 30.05.2022წ. Nბ16.16221503 ბრძანების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი მერის 23.06.2021წ. N16-162117491 წერილი და სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 23.06.2021წ. Nა.20.16211741 ცნობა. ზემოაღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო სოფელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, გამოიკვეთა ცნობის გაცემისას დაშვებული შეცდომა, კერძოდ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო ამ ტიპის ცნობის გაცემა.
,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია: ა) საძოვარი, ბ) სათიბი, გ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული); დ) საკარმიდამო. დასახელებული მუხლი ცხადჰყოფს, რომ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად სხვა კატეგორიის მიწის ნაკვეთი დადგენილი არ არის. ამავე კანონით განმარტებულია საოჯახო მეურნეობისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ცნებები. ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად კი, საოჯახო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო ნაგებობის, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების ან/და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დეფინიციას და მას ასეთად განიხილავს: − 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; 2. მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება თავდაპირველად აღირიცხა ნ. ხ-ეის სახელზე, ხოლო შემდეგ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა დ. ხ-ეის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ნ. ხ-ეს არ ჰქონდა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც გამორიცხავდა კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის პირველი წინადადების შემადგენლობას. რაც შეეხება ამავე კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის მე-2 წინადადებას, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედისთვის სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების (აღრიცხოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში) სამართლებრივ საფუძველს. სწორედ ამ მიზნით სჭირდებოდა მას მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ცნობით) დადასტურება იმისა, რომ ნაკვეთი საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოწყობის დანიშნულებით გაიცა.
2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ცნობით დადასტურდება, რომ ის გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რეგისტრირდება დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების საკუთრების უფლება, ცნობაში მითითებული ფართობის შესაბამისად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. ამავე ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასა და ცვლილებას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას. ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით მუნიციპალიტეტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ცნობით დაადასტუროს, რომ მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, ნ. ხ-ეის განცხადების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში განმცხადებლის მიმართ უფლებისდამდგენი დოკუმენტის მოუძიებლობის გამო მიმართულ იქნა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსადმი, რომელმაც დაადასტურა უძრავი ქონების ნ. ხ-ეის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანება დაეფუძნა მოხსენებით ბარათს, რომელშიც მართალია მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, თუმცა ახსნილი და დასაბუთებული არ არის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები თუ რატომ გამოირიცხებოდა გაუქმებული აქტის მიღება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებადამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობა, რომელიც სადავო აქტით ბათილად ისე იქნა ცნობილი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სათანადო ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუწვევია დაინტერესებული პირი და არ მიუცა მისთვის საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მოხსენებითი ბარათი დასაბუთებულია მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული ტიპის წარმოებას არ ითვალისწინებდა კანონმდებლობა, თუმცა გასაჩივრებული ბრძანებიდან არ იკვეთება თუ რატომ გამოირიცხებოდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცნობის გაცემა და რომელი სამართლებრივი აქტით იზღუდებოდა მითითებული დოკუმენტის მომზადების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის ორთოფოტოზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.09.2022წ. ფაქტების კონსტატაციის ოქმზე და დადასტურებულად მიიჩნევს ბორჯომში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შენობა-ნაგებობის არსებობას (დღევანდელი მდგომარეობით დანგრეულია). საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის სტანდარტიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წარადგინოს მისი პოზიციის გამამყარებელი სათანადო მტკიცებულებანი. განსახილველ შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მარტოოდენ ახსნა-განმარტებით ასაბუთებს, რომ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული ნაგებობა საცხოვრებელი სახლი არ არის, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ფუნქციონირებს ადგილობრივ თვითმმართველობაში და იგი ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის "გ1" პუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 მაისის Nბ16.16221503 ბრძანების ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააჩნიათ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ცნობის გაცემის უფლებამოსილება. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო თუ არა გაცემული საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, ასევე მითითებული ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
საგულისხმოა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2024 წლის 11 აპრილის Nბ16.16241027 ბრძანებით შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 30 ოქტომბრის Nბ16.16243045 ბრძანებით შეთანხმდა დ. ხ-ეის (პ/ნ: ...) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...). ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ამ მიწის ნაკვეთზე II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ხ-ეის სახელზე გამოცემული ზემოაღნიშნული უფლებააღმჭურველი აქტები ასევე წარმოადგენს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურების გაწევის თანხის ოდენობის განსაზღვრისთვის სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება ან ადვოკატისთვის კონკრეტული გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. წარმომადგენლის ხარჯი ანაზღაურდება თუ დასტურდება მომსახურების გაწევა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ხ-ე წარმოდგენილი იყო ადვოკატებით, შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საადვოკატო მომსახურების ხარჯი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უცვლელი დატოვა, შესაბამისად მიიჩნევა, რომ მან გაიზიარა მოცემულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და შეფასებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა