გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-328(კ-25) 12 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ჯ-ი
მესამე პირი - შპს ,, ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ნოემბერს ა.ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ა.ჯ-ის სახელზე 2011 წელს შპს ,,...-ის’’ მიერ გაცემული ბაკალავრის BA №...- დიპლომის (სარეგისტრაციო №...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ა.ჯ-ი 2007 წელს ჩაირიცხა შპს ,, ...-ში“, რომელსაც 2009 წელს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,...-“. 2011 წლის 7 ივლისს ა.ჯ-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომი №...-. 2018 წელს ა.ჯ-იმა ჩააბარა მაგისტრატურის გამოცდები. ასევე, 2018 წლის 27 სექტემბერს ა.ჯ-იმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და 2011 წელს შპს ,,...-ის’’ მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილებით, ა.ჯ-ის უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რომლის კანონიერებასაც ხდის სადავოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...-“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3 მუხლებზე, „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე, 661 მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით კი, ა.ჯ-ი დაწესებულებაში ჩარიცხულია 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანებით. ამასთან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MES 1 18 01603670 და 2019 წლის 11 მარტის №MES 3 19 00292623 წერილებით ირკვევა, რომ ა.ჯ-იმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, ა.ჯ-ის სწავლის გაგრძელების უფლება არ მოუპოვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს ,,...-ს“ მიერ 2011 წლის 21 ნოემბერს ა.ჯ-იზე გაცემული ბაკალავრის BA №...- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ჯ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ა.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით განსაზღვრულ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 52-ე, 88-ე, 89-ე მუხლებზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-7 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შპს ,,...-ის’’ მიერ 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ა.ჯ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი BA №...- არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „კ...ის’’ 17.10.2018 წლის №... ცნობის თანახმად, ა.ჯ-ი საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლისა და უნივერსიტეტში ჩატარებული შიდა გამოცდების საფუძველზე, კ...-ის რექტორის 22.09.2018 წლის №... ბრძანებით ჩაირიცხა ...ის ფაკულტეტის ...ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი მხარის განმარტებით, ა.ჯ-იმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაასრულა და ამჟამად დასაქმებულია აუდიტის სამსახურში თავისი სპეციალობით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის MES 3 18 01603670 წერილის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზების მონაცემებით, ა.ჯ-იმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით კი, ა.ჯ-ი ჩაირიცხა შპს ი...-ის კოლეჯში 2007 წლის 15 ოქტომბერს №182 ბრძანებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი არ ადასტურებენ ა.ჯ-ის შპს ი...ის კოლეჯში ჩარიცხვისა და სწავლების ფაქტს, ამასთანავე განმარტავენ, რომ შპს ,,...-ში“ ა.ჯ-ი ჩაირიცხა ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, სასამართლო დავალების შესაბამისად, მხარეებმა წარმოადგინეს დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ: სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 23.06.2022 წლის NMES 8 22 0000700165 წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისას, შპს ... „...“ შედიოდა იმ დაწესებულებათა ჩამონათვალში, რომელიც აბიტურიენტს შეეძლო მიეთითებინა სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებად. 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებისას, ა.ჯ-ის შპს ... „...“ მითითებული ჰქონდა მის მიერ არჩეულ საგანმანთლებლო დაწესებულებებს შორის. 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ა.ჯ-მა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შპს ... „...ს“ არ გააჩნდა 2007 წელს დადგენილი ზღვრებისგან განსხვავებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რომელიმე საგანში. დანართის სახით წერილს თან ერთვის ა.ჯ-ის მიერ არჩეული პროგრამების ჩამონათვალი EXCEL-ის ფაილის სახით. ასევე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა ცენტრის არქივში დაცული ინფორმაცია, კერძოდ, ...„...ს“ 2011 წლის 4 აპრილის N35 წერილი, რომლის შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა შპს „...ში“ ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელობითი სია სათანადო რეკვიზიტებით (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ჩარიცხვის ბრძანება), სადაც პირველ ნომრად ფიქსირდება ა.ჯ-ი, ბრძანების N182, 15.10.2007. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 14.03.2023 წლის MES 9 23 0000289848 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ... „...ს“ საარქივო მასალებში ამავე დაწესებულების რექტორის 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანება დაცული არ არის. გარდა ამისა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ... „...ს“ სტუდენტის ბილეთი N..., რომლის თანახმადაც, ა.ჯ-ი იყო ...ის ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტის ბილეთის ვადა - 2007-2011 წლები. წარმოდგენილია ასევე ...-ის BA N...- დიპლომის დანართიც (შეფასება).
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირის ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6, მე-7, 96-ე, 97-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისთვის შპს ... ,,...ს“ ბაკალავრის დიპლომის N...- ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ექვემდებარება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ: გამოითხოვოს დოკუმენტები (სტუდბილეთი, დიპლომის დანართი, ჩარიცხვის ბრძანება...), შეაგროვოს ცნობები (იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელება, დიპლომის შემდგომი პროფესიული საქმიანობა...) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ... „...ს“ 2011 წლის 4 აპრილის N35 წერილის თანახმად, ა.ჯ-ი არის შპს უნივერსიტეტ „...ში“ (შპს ... „...“) ლიცენზირებულ რეჟიმში, 15.10.2007 წლის N182 ბრძანების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტი, ხოლო სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, ა.ჯ-ი შპს ი...-ის კოლეჯში ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბერს №182 ბრძანებით (მოსარჩელე უარყოფს შპს ი...-ის კოლეჯში სწავლების ფაქტს). ასევე, მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელე ა.ჯ-ის მიერ ლიცენზირებულ და აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის უფლების კანონიერება (მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით). მოსარჩელის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების (პროფესიული რეალიზაცია) შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობა/არარსებობის ფაქტორი. ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ გამოკვლევას საჭიროებს აპელანტის მიერ ლიცენზირებულ და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების კანონიერება (მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით). კასატორის განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის MES 5 18 01394974 გადაწყვეტილებაში, რომლითაც ა.ჯ-ის უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება; ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით კი, იგი 2007 წლის 15 ოქტომბერს N182 ბრძანებით ჩარიცხულია შპს ... ,,...ში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრმა გადაამოწმა ა.ჯ-ის მოპოვებული ჰქონდა თუ არა სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. ცენტრის მხრიდან არც ერთი წარმოების ეტაპზე არ მომხდარა იმის უგულებელყოფა, რომ ა.ჯ-ი გასული იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებში მონაწილეობა, თუნდაც მინიმალური ზღვრის გადალახვა, არ არის საკმარისი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ის ორგანო, რომელიც ადგენს იმ პირთა სიას, რომელთაც მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, სწორედ მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული სამი კორესპონდენციით (2018 წლის 12 დეკემბრის MES 1 18 01603670, 2019 წლის 11 მარტის MES 3 19 00292623, 2022 წლის 23 ივნისის MES 8 22 0000700165 წერილები) დასტურდება ერთი და იგივე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ა.ჯ-იმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მიუხედავად, ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, ცენტრის 2023 წლის 14 მარტის MES 9 23 0000289848 სამსახურებრივი ბარათითა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით დასტურდება, რომ ა.ჯ-იმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობის გვერდით ავლით - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე.
კასატორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რა მიზნით ეკისრება ცენტრს დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვა, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისა თუ შემდგომი პროფესიული საქმიანობის შესახებ ცნობების შეგროვება, ექსპერტიზის დანიშვნა, ასევე გაუგებარია თუ რომელი აუცილებელი აქტები ან/და დოკუმენტები არ გამოიყენა ცენტრმა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. კასატორის განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტები, რომ ჯერ საქალაქო სასამართლოში წარმოების ეტაპზე, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლოების დავალებით, ცენტრმა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა ინფორმაციები ა.ჯ-ის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის, მოპოვებული ქულებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების ფაქტის არსებობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებდა და უფრო მეტიც, განამტკიცებდა ცენტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ამავე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილ ანალოგიურ ინფორმაციას, ა.ჯ-ის მიერ სტუდენტის სტატუსის კანონმდებლობის გვერდით ავლით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) მოპოვების შესახებ. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს დავალების ფარგლებში, ცენტრმა სასამართლოს წარუდგინა ჩარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამატებითი დოკუმენტი - ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელობითი სია, სადაც ფიქსირდება ა.ჯ-ის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ჩარიცხვის ბრძანება).
კასატორი აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გაუგებარია თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ა.ჯ-ის შპს ,,ი...ის კოლეჯში“ ჩარიცხვაზე, ვინაიდან მოცემული საგანმანათლებლო დაწესებულების მითითება ცენტრის გადაწყვეტილებაში, წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას. აღნიშნული კი განმარტებული იყო როგორც სააპელაციო შესაგებლით, ასევე ზეპირ სასამართლო სხდომაზეც. ამასთან, ა.ჯ-ის შპს ... ,,...ში“ ჩარიცხვის ფაქტი დგინდება ცენტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტითაც - არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის ამონაწერითაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზევე ნათელი იყო თუ რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ა.ჯ-ი და ასევე, ცხადი და ნათელი იყო ტექნიკურად დაშვებული შეცდომის ფაქტიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 27 სექტემბერს ა.ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,...-ს“ მიერ მის სახელზე 2011 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის BA №...- (სარეგისტრაციო №...-) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილებით, ა.ჯ-ის უარი ეთქვა შპს ,,...-ს“ მიერ მის სახელზე 2011 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის BA №...- (სარეგისტრაციო №...-) ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით კი, ა.ჯ-ი შპს ი...-ის კოლეჯში ჩარიცხულია 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანებით. ამასთან, ცენტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, ა.ჯ-ის არ მოუპოვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MES 1 18 01603670 წერილი, რომლის თანახმად, ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები და დადგინდა, რომ ა.ჯ-იმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მის მიერ მიღებული იქნა შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 62 ქულა (სკალირებული ქულა - 154.35), ზოგადი უნარები - 34 ქულა (სკალირებული ქულა - 139.6), რუსული ენა - 55 ქულა (სკალირებული ქულა - 155.1). ასევე, საქმეში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის №MES 3 19 00292623 წერილი, რომლის თანახმად, ა.ჯ-ი 2007 წელს მონაწილეობას იღებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წერილს თან ერთვის ამონაწერი აბიტურიენტის ელექტრონული პორტალიდან, სადაც მითითებულია ა.ჯ-ის მიერ 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებში მიღებული შეფასებები და დამატებით აღნიშნულია ,,ვერ ჩაირიცხა“. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 23 ივნისის №MES 8 22 0000700165 წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისას, შპს ... „...“ შედიოდა იმ დაწესებულებათა ჩამონათვალში, რომელიც აბიტურიენტს შეეძლო მიეთითებინა სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებად; 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებისას, ა.ჯ-ის შპს ... „...“ მითითებული ჰქონდა მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის; 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ა.ჯ-მა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება; შპს ... „...ას“ არ გააჩნდა 2007 წელს დადგენილი ზღვრებისგან განსხვავებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რომელიმე საგანში. აღნიშნულ წერილს დანართის სახით ერთვის ა.ჯ-ის მიერ 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული საგნების, მიღებული შეფასებების, არჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 14 მარტის №MES 9 23 0000289848 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს ..., ,...ს“ საარქივო მასალებში ამავე დაწესებულების რექტორის 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანება დაცული არ არის. სამსახურებრივ ბარათს დანართის სახით თან ერთვის აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ ცენტრისთვის წარდგენილი, ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელობითი სია (სამართლის ფაკულტეტი), სადაც ფიქსირდება ა.ჯ-ი (საფუძველი: 15.10.2007წ. N182 ბრძანება). ამასთან, საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა ელექტრონული სიის ამონაწერი, რომლის თანახმად, ა.ჯ-ი შპს ... ,,...ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ა.ჯ-ის უარი ეთქვა შპს ,,...-ს“ მიერ მის სახელზე 2011 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის BA №...- (სარეგისტრაციო №...-) ნამდვილობის დადასტურებაზე იმ მოტივით, რომ მას სწავლის გაგრძელების უფლება არ მოუპოვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, მათ შორის დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. ამასთან, პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის ზაფხულში.
საკასაციო პალატა მიუთითებს ა.ჯ-ის შპს ,,...-ში“ ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, უფლება ან/და ვალდებულება, ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღების განსახორციელებლად, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. გამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს. ამასთან, მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ა.ჯ-ის შპს ,,...-ში“ ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხვა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა ელექტრონული სიის ამონაწერით დგინდება, რომ ა.ჯ-ი შპს ... ,,...ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანების საფუძველზე. ამასთან, რაც შეეხება აღნიშნულ ბრძანებას, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 14 მარტის №MES 9 23 0000289848 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ... ,,...ს“ საარქივო მასალებში ამავე დაწესებულების რექტორის 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანება დაცული არ არის. თუმცა სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ ცენტრისთვის წარდგენილი, ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელობითი სია (...ის ფაკულტეტი), სადაც ფიქსირდება ა.ჯ-ი (საფუძველი: 15.10.2007წ. N182 ბრძანება). ასევე, საქმეში წარმოდგენილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №MES 1 18 01603670, 2019 წლის 11 მარტის №MES 3 19 00292623 და 2022 წლის 23 ივნისის №MES 8 22 0000700165 წერილებით დასტურდება, რომ ა.ჯ-მა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მეტიც, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი აბიტურიენტის ელექტრონული პორტალიდან, სადაც მითითებულია ა.ჯ-ის მიერ 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებში მიღებული შეფასებები და დამატებით აღნიშნულია ,,ვერ ჩაირიცხა“. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ა.ჯ-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით.
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ა.ჯ-მა, მას შემდეგ, რაც პირველადი ჩარიცხვების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, კიდევ ერთხელ გააკეთა განაცხადი უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით, ამ გზით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ა.ჯ-ის უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციების მოქმედების პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას როგორც პირველადი, ისე მეორადი ჩარიცხვების დროს აბიტურიენტის მიღება შეეძლო მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაგზავნილი სიების გათვალისწინებით, სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე. შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვა არ წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისაგან დამოუკიდებელ ჩარიცხვის წესს. მეორადი ჩარიცხვაც ხდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, თუმცა პირველადი ჩარიცხვის შემდგომ დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჩართულობით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და არა ცენტრის გვერდის ავლით, აბიტურიენტის ან უნივერსიტეტის მიერ, პირადი სურვილით ან შეხედულებით. შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვის შედეგები, ისევე როგორც პირველადი ჩარიცხვის შედეგები, აისახებოდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ ერთიან სიაში, სადაც მოცემულ შემთხვევაში, ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწორედ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას, ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან აღნიშნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და ჩასაბარებელ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვა, აბიტურიენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსს ავტომატურად არ ანიჭებს, აუცილებელია დადგინდეს აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულები საკმარისია თუ არა მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად. მოცემულ შემთხვევაში კი დადასტურებულია, რომ ა.ჯ-ის მიერ 2007 წელს ჩაბარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად. ამასთან, მას არც უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ახალი განაცხადის წარდგენის გზით მოუპოვებია სტუდენტის სტატუსი. შესაბამისად, ა.ჯ-მა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018). თუმცა, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ა.ჯ-ის ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან მან 2007 წელს სცადა სტუდენტის სტატუსის მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ა.ჯ-იმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. აღნიშნული გარემოებები კი გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, კანონიერი ნდობის არსებობას ვერც საქმეში წარმოდგენილი შპს ,,კ...-ის“ 2018 წლის 17 ოქტომბრის N... ცნობა ადასტურებს, რომლის თანახმად, ა.ჯ-ი საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლისა და უნივერსიტეტში ჩატარებული შიდა გამოცდების საფუძველზე, კ...-ის რექტორის 2018 წლის 22 სექტემბრის N... ბრძანებით ჩაირიცხა სამართლის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე და ცნობის გაცემის მომენტისთვის არის აღნიშნული პროგრამის I სემესტრში აქტიური სტატუსით. მეტიც, მართალია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი მხარის განმარტებით, ა.ჯ-მა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაასრულა და ამჟამად დასაქმებულია აუდიტის სამსახურში თავისი სპეციალობით, თუმცა მოსარჩელის მიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. მიუხედავად ამისა, ამგვარი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდება BA №...- (სარეგისტრაციო №...-) ბაკალავრის დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც ა.ჯ-ს სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე არ მოუპოვებია, რაც საქმეში წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით არის დადასტურებული.
საკასაციო პალატა აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნულია, რომ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით, ა.ჯ-ი შპს ი...ის კოლეჯში ჩარიცხულია 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანებით, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა როგორც სააპელაციო შესაგებელში, ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში შპს ,,ი...ის კოლეჯის“ მითითება წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უზუსტობას/შეცდომას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის აღნიშნული განმარტება მართებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ ა.ჯ-ი 2007 წლის 15 ოქტომბრის N182 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა შპს ... ,,...ში“ და არა შპს ,,ი...-ის კოლეჯში“. ამასთან, ამგვარი ტექნიკური ხასიათის შეცდომა მოცემულ შემთხვევაში გავლენას არ ახდენს აქტის კანონიერების შეფასებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №MES 5 18 01394974 გადაწყვეტილება, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მისი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ა.ჯ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. ა.ჯ-ის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე