დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.03.2026
საქმის ნომერი
ბს-47(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-47(კ-26) 4 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ჭ-ი, მესამე პირები - ც.გ-ა, ნ.ჭ-ი, ს.ჭ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ჭ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IPD 6 23 00001683 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ც.გ-ა, ნ.ჭ-ი და ს.ჭ-ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ.ჭ-ის სარჩელი დალმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 6 23 00001683 ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ.ჭ-ის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, ვ.ჭ-ი და მისი ოჯახის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები არიან, თუმცა მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება ამ ეტაპზე არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მომდევნო ეტაპზე იქნება შესწავლილი. მონიტორინგის ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი მისსავე საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით ძმას - რუსეთში მცხოვრებ რ.ჭ-ის გადასცა. აღნიშნული საკითხი კომისიამ მოსარჩელის მიერ მისივე სახლში ცხოვრებად შეაფასა, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროების არსებობა გამორიცხა. მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №10-30/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის გათვალისწინებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოსარჩელის შემთხვევასთან დაკავშირებით სახეზე არ იყო ის კრიტერიუმები, რასაც შეიძლებოდა არსებითად დაემძიმებინა დევნილის სოციალური მდგომარეობა, რის გამოც უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იქნა კანონის ყველა მოთხოვნა, ხოლო ფაქტობრივი გარემოებები კი, სათანადოდ იქნა გამოკვლეული, რის გამოც გასაჩივრებული აქტი კანონიერია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კი, დაუსაბუთებელი. შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ.ჭ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ც.გ-ასთან (არადევნილი), ხოლო მათ შვილები - ნ.ჭ-ი და ს.ჭ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები (ს.ფ. 19, 24-29); ბ) ვ.ჭ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4.00 ქულა. კერძოდ, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა (ს.ფ. 62); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს ვ.ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე ..., ...ის ქუჩა №42. აღნიშნული უძრავი ქონება 2011 წლის 18 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა რ.ჭ-ის სახელზე (ს.ფ. 74-75, 71-72); დ) გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, ვ.ჭ-ის ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მონიტორინგის მიზნით ვიზიტი განხორციელდა 2022 წლის 4 აპრილს, მისამართზე ..., ...ის ქუჩა №42. სახლი არის ძმის რ.ჭ-ის საკუთრება. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ვ.ჭ-ი მისამართზე ცხოვრობს 2010 წლიდან ქირით. 1993-2010 წლებში ცხოვრობდა მისამართზე ..., სოფელი ...ში, ძმის მამაპაპისეულ სახლში. დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი შესყიდული იყო ძმის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილი თანხით და ძმის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ სახლი მას გადაუფორმა. ფოტოების გადაღება მოხდა ერთ ოთახში, სადაც განმცხადებელი ცხოვრობს, დანარჩენ ოთახებში მისი ძმა აკეთებს რემონტს (ს.ფ. 76-86); ე) ვ.ჭ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი (ს.ფ. 63-69); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, ვ.ჭ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, თავისსავე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო (ს.ფ. 150-161); ზ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 11 ივლისს გამოსცა №IPD 6 23 00001683 ბრძანება მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 22).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

„წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ბრძანების დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავენ კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) („წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი).

„წესით“ განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების დამუშავების სრული პროცედურა, რაც მოიცავს: განცხადების მიღებას, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. აღნიშნულის შემდგომ, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს კომისიის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტები).

საქმეში დაცული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 4 ქულით (1,50 ქულა - 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი 1 წევრი; 1,50 ქულა - C.1.1. საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები; 1 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, ორი არასრულწლოვანი). საბოლოოდ კი, მას 4 სარეიტინგო ქულა მიენიჭა.

საკასაციო პალატა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01- 30/ნ ბრძანების №1 დანართის 6.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. „დევნილ“ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არა ქულათა არასაკმარისობა, არამედ განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობა იყო, რაც არ არის დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მოქმედი სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული საფუძველი.

ფაქტი, რომ მოსარჩელე ქირით სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობს - არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-156(კ-20)).

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე რეალურად მისსავე სახლში ცხოვრობს, რომელიც ფორმალურად ძმის სახელზე აქვს რეგისტრირებული, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმეში არსებული ამონაწერებით ცალსახაა, რომ საკუთრების უფლებას საცხოვრებელ ბინაზე არ ფლობს არც მოსარჩელე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი. ამასთანავე, არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმატიული თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები - დევნილის მიერ საცხოვრებელი პირობების გაუარესების ან/და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება და მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საკუთრება, რომლითაც ფაქტობრივად სარგებლობს და შესაბამისად, არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-1230(კ-20)). შესაბამისად მითითებული ნორმატიული აქტები, დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა