დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-518(2კ-25) 10 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. კ-ე
მესამე პირი - შპს „დ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 28 მარტს კ. კ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილება შევიდა სერვიტუტის ფენის განსაზღვრაში ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ნაკვეთი №...) მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...); რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა სერვიტუტის უფლების ცვლილების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ნაკვეთი №...) მდებარე უძრავ ქონებაზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 14 აპრილის №04/2477 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც არ იქნა განხილული კ. კ-ეის 2022 წლის 12 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №13/66593 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში კ. კ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ორი უძრავი ნივთი: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №1-ში მდებარე ს/კ ... და ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) მიწის ნაკვეთები. კ. კ-ეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 31.01.2019წ №... წერილით ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული (ს/კ ...), ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი დამატებით დაიტვირთა სერვიტუტის უფლებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუცილებელი მისასვლელი გზის უზრუნველყოფის მიზნით. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქონებაზე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა - მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. შპს „დ...ს“ 01.11.21წ. განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა მიიღო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის უფლების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, შპს „დ...ს“ ქონება დაიყო და განხორციელდა შპს-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია №..., №... და №... საკადასტრო კოდებით. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, კერძოდ, თავდაპირველად ს/კ ...-ზე, შემდგომ კი უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მონაცემები (სერვიტუტის უფლების ცვლილების ნაწილში) არ შეესაბამება რეალობას და წინააღმდეგობაში მოდის შპს „დ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, სახელმწიფო ქონების სახელზე №... საკადასტრო კოდით (105582 კვ.მ) რეგისტრირებულ მონაცემებთან, მათ შორის, სააგენტოს 24.01.2019წ. №1/3-49 ბრძანებასთან. მოსარჩელის მოსაზრებით, შპს „დ...ს“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის, სააგენტოს 25.10.2022წ. №... სადავო აქტით და საჯარო რეესტრის 11.11.2021წ. №... გადაწყვეტილებით, შეიცვალა აქამდე არსებულ მიწის ნაკვეთებზე გავრცელებული სერვიტუტის უფლება, რითაც ილახება მოსარჩელის უფლება და ეზღუდება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი აუცილებელი გზა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ამასთან, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა სერვიტუტის უფლების ცვლილების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ნაკვეთი №...) მდებარე უძრავ ნივთზე. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 14 აპრილის №04/2477 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არ იქნა განხილული კ. კ-ეის 2022 წლის 12 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №13/66593 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2024 წლის 9 აგვისტოს კ. კ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 27 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „დ...სათვის“ ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ს/კ ...) მდებარე, შპს „დ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (დამხმარე შენობა-ნაგებობის) მშენებლობის აკრძალვა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით კ. კ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და შპს „დ...ს“ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აეკრძალა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ს/კ ...) მდებარე, შპს „დ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (დამხმარე შენობა-ნაგებობის) მშენებლობა. საქალაქო სასამართლოს ხსენებული განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2024 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „დ...მ“ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „დ...ს“ განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების განმარტების შესახებ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტა შემდეგი სახით: „№3/174-22 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს „დ...ს“ (ს/ნ ...), აეკრძალოს შენობა-ნაგებობის (დამხმარე შენობა-ნაგებობის) მშენებლობა ქ. ქუთაისში, ...ს ქ №1, ნაკვეთი №..., ს/კ ..., შპს „დ...ს“ კუთვნილებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც 22.08.2019 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება, კერძოდ, 6823 კვ. მეტრზე“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით 2024 წლის 23 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს ასევე საჩივრით მიმართა შპს „დ...მ“. საჩივრის ავტორმა მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე კ. კ-ეის შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით შპს „დ...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს „დ...მ“, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შპს „დ...მ“ (განჩინების შინაარსის შეცვლის მოტივით), ასევე, კ. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „დ...ს“ სააპელაციო საჩივრები, ასევე, შპს „დ...ს“ და კ. კ-ეის კერძო საჩივრები და შპს „დ...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, ასევე, 2024 წლის 9 აგვისტოს და 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, ასევე, სერვიტუტის უფლებაში განხორციელებული ცვლილებების ზეგავლენა მესამე პირზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალები ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... წერილი) ბათილად ცნობის საფუძველია. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევის, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, ასევე, ყველა დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვისა და მოსმენის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 21 პუნქტზე მითითებით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო, განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სერვიტუტის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... სადავო წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ის არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნიშნებს, სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის დადებასთან დაკავშირებით გაცემული თანხმობა მესაკუთრის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა, შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააგენტოს 2021 წლის 25 ოქტომბრის №... წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.
კასატორების განმარტებით, აუცილებელი გზის ინსტიტუტისგან განსხვავებით, სერვიტუტის არსებობა-არარსებობის საკითხი მესაკუთრეთა ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1-ელი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით (მუხ. 36.1). ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა- პატრონობა. 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში კ. კ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში მდებარე ორი უძრავი ნივთი, 546 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და 322 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...)).
საქმეზე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.01.2019წ. №1/3-49 ბრძანება ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ, 105582 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, სერვიტუტის უფლებით დატვირთულია 6108,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი - სერვიტუტი №1 - 4888.00 კვ.მ და სერვიტუტი №2 - 1220.00 კვ.მ) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ელ. ვერსიის შესაბამისად. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 24.01.2019წ. №1/3-49 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2019 წლიდან რეგისტრირებულია სერვიტუტის უფლება, რომელიც ვრცელდებოდა 6823 კვ. მ-ზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 31.01.2019წ. №... წერილით დადგენილია, რომ კ. კ-ეს ეცნობა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული (ს/კ ...) უძრავი ქონების ნაწილის დამატებით სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, აუცილებელი მისასვლელი გზის უზრუნველყოფის მიზნით.
დადგენილია, რომ 04.04.2019 წელს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 105582 კვ.მ), კერძოდ, ნაკვეთი №... დაიყო ორ ნაწილად და 21.08.2019წ. დარეგისტრირდა საკადასტრო კოდებით: №... და №....
15.04.2019 წელს მომზადებული ამონაწერის მიხედვით დასტურდება, რომ დაყოფის შედეგად რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა: საგანი: 6823 კვ.მ; მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება, საფუძველი: ბრძანება, რეესტრის ნომერი: №1/3-49, დამოწმების თარიღი: 24.01.2019, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ბრძანება №1/3-196, დამოწმების თარიღი: 04.04.2019, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 24.01.2019, უფლების რეგისტრაციის თარიღი: 30.01.2019წ. ასევე დადგენილია, რომ ... (დაზუსტებული ფართობი: 91053 კვ.მ) საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ასევე დაიყო და დარეგისტრირდა საკადასტრო კოდებით: №... და №....
საქმეზე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ნაკვეთი №...) მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე 28.04.2021წ. გახდა შპს „დ...“. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის №... ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 28.04.2021წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე 2019 წლიდან რეგისტრირებული იყო სერვიტუტის უფლება, რომელიც ვრცელდებოდა 6823 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საფუძველი: ბრძანება, რეესტრის ნომერი №1/3-49, დამოწმების თარიღი 24.01.2019, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბრძანება №1/3-196, დამოწმების თარიღი 04/04/2019, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო). აღნიშნულ სერვიტუტის უფლებაში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით (შპს „დ...ს“ განცხადების საფუძველზე), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული №... წერილობითი თანხმობით, განხორციელდა ცვლილება და ნაკვეთის მოცულობამ, რომელზეც ვრცელდებოდა სერვიტუტის უფლება, ნაცვლად 6823 კვ.მ-ისა შეადგინა 5633 კვ.მ. უფრო კონკრეტულად, ცვლილება შევიდა სერვიტუტის ფენის განსაზღვრაში ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1-ში (ნაკვეთი №...) მდებარე უძრავ ქონებაზე: ს/კ .... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკადასტრო ერთეული დაიყო არაერთ საკადასტრო ერთეულად და წარმოქმნილი საკადასტრო ერთეულებიც არაერთხელ დაიყო სხვადასხვა საკადასტრო ერთეულებად, რითაც მოსარჩელე კ. კ-ეს შეეზღუდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის სახელზე აღრიცხულ უძრავ ნივთებთან - ს/კ ... და ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) აუცილებელი მისასვლელი გზა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად სერვიტუტის არსზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის, ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
საკასაციო პალატა ასევე მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 3 აგვისტოს №005256622 დასკვნაზე, რომლის თანახმად, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №1, ნაკვეთი №...-ში მდებარე, შპს „დ...ს“ კუთვნილ ს/კ №... მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული გზის გავლის გარეშე, საჯარო სივრციდან კ. კ-ეის კუთვნილ ს/კ №... და ს/კ №... მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ შენობებთან დაკავშირება შეუძლებელია. დღეისათვის არსებული მდგომარეობით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №... და ს/კ №...) განთავსებული შენობა-ნაგებობების საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს) მიერ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, კერძოდ კი, ზაკ-ის მე-13 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალები ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ამგვარად გადაწყვიტოს სადავო საკითხი.
საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არის საინფორმაციო ხასიათის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში. აღნიშნული დანაწესის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააგენტოს ზემოაღნიშნული 2021 წლის 25 ოქტომბრის №... წერილი აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რამეთუ მის საფუძველზე, წარმოიშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი (ცვლილება შევიდა სერვიტუტის ფენის განსაზღვრაში). შესაბამისად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის 2021 წლის 25 ოქტომბრის №... წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე