დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-892(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-892(კ-25) 18 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ...“, მესამე პირი - რ.გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 აპრილის №18-182211193 გადაწყვეტილება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება რ.გ-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 აპრილის №18-182211193 გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სს „...ას“ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომებში მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე, არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მიღებული იქნებოდა სხვა სახის გადაწყვეტილება. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირღვევა მესამე პირის - რ.გ-ის კონსტიტუციური უფლება, ისარგებლოს მისი საკუთრების უფლებით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 19 აპრილს რ.გ-ემ განცხადებით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, წარადგინა არქიტექტურული პროექტი და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №..., მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა (გამარტივებული წესით) (ს.ფ. 49, 50-80); ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 აპრილის №18-182211193 წერილით რ.გ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი, რ.გ-ემ სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ..., მიწის ფართობი 667.00 კვ.მ) განახორციელოს საცხოვრებელი შენობისა და ტერასის მშენებლობა წარდგენილი ესკიზის მიხედვით: საცხოვრებელი შენობის განაშენიანების ფართობი - 40.8 კვ.მ, საერთო ფართობი - 32.8 კვ.მ, ტერასის განაშენიანების ფართობი - 40.2 კვ.მ, საერთო ფართობი - 13.4 კვ.მ (ს.ფ. 81); გ) სს „...ის“ გენერალურმა დირექტორმა 2022 წლის 08 აგვისტოს №4488/09 წერილით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ რ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილი, კერძოდ, 350 კვ.მ, რომელზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, წარმოადგენს სს „...ის“ საკუთრებაში არსებული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ დაცვის ზონას (183 და 184 ანძების შუალედი). „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ. №366 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სეგხ-ს დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება. განსახილველ შემთხვევაში კი, ზემოხსენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ...-ს მიერ წინასწარი თანხმობა გაცემული არ ყოფილა (ს.ფ. 84-85); გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს №03-182222381 წერილით სს „...ას“ ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე ს/კ №..., 2022 წლის 21 აპრილს გაცემულია მშენებლობის ნებართვა (I კლასის შეთანხმება) საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. ამასთან, სს „...ის“ რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობიდან (ს/კ...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკის მიხედვით, მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებამდე მანძილი სცილდება 25 მეტრს (ს.ფ. 84-85, 91); დ) სააქციო საზოგადოება „...ის“ საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ხაზი საკადასტრო კოდით №..., ობიექტის აღწერა: 220 კვ. ე.გ.ხ. „...“, ე.გ.ხ-ს დაცვის ზონა შეადგენს 25 მეტრს, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენიდან (ს.ფ. 16-17); ე) 2022 წლის 6 ივნისის მდგომარეობით რ.გ-ის საკუთრებაში იყო 667.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... (ს.ფ. 21-22); 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის დაყოფილი 300.00 კვ.მ (ს/კ...) და 367.00 კვ.მ (ს/კ...) მიწის ნაკვეთებად (ს.ფ. 156-157, 158-159); 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით №... საკადასტრო კოდის მქონე 300.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწი ნაკვეთის მესაკუთრეა გ.ბ-ე, (საფუძველი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 05.06.2023წ.) (ს.ფ. 160-161).

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ რ.გ-ის მიერ მოთხოვნილი სამშენებლო სამუშაოები ეხება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას და მასთან დაკავშირებით დაინტერესებულმა პირმა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმირება მარტივი შეტყობინების სახით, რაზეც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო 2022 წლის 21 აპრილის №18-182211193 წერილით რ.გ-ეს მისცა სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება. კერძოდ, მოცემული წერილით რ.გ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი, რ.გ-ემ სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ..., მიწის ფართობი - 667.00 კვ.მ) განახორციელოს საცხოვრებელი შენობისა და ტერასის მშენებლობა წარდგენილი ესკიზის მიხედვით: საცხოვრებელი შენობის განაშენიანების ფართობი - 40.8 კვ.მ, საერთო ფართობი - 32.8 კვ.მ, ტერასის განაშენიანების ფართობი - 40.2 კვ.მ, საერთო ფართობი 13.4 კვ.მ.

ასევე დადგენილია, რომ სააქციო საზოგადოება „...ის“ საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ხაზი საკადასტრო კოდით №..., ობიექტის აღწერა: 220 კვ. ე.გ.ხ. „...“, ე.გ.ხ-ს დაცვის ზონა შეადგენს 25 მეტრს, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენიდან. მოსარჩელე სს „...იმ“ მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურება სადავოდ გახადა იმ საფუძვლით, რომ რ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (...) ნაწილი, კერძოდ, 350 კვ.მ, რომელზეც აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, წარმოადგენს სს ,,...ის’’ საკუთრებაში არსებული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ დაცვის ზონას (183 და 184 ანძების შუალედი), სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება. ზემოხსენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კი, ...-ს მიერ წინასწარი თანხმობა გაცემული არ ყოფილა.

,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ - 25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ - 20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ - 15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ - 10 მეტრი; ა.ა.ვ) 1 კვ-მდე - 2 მეტრი.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს გამოკვლევითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინტერაქტიული რუკის (www....) დათვალიერებით დაადგინა, რომ სს „...ის“ საკუთრებაში მყოფ 220 კ/ტ ე.გ.ხ. „...ის“ (ს/კ...) ელექტროგადამცემ ხაზსა და რ.გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ... (წინა ს/კ...)) შორის მანძილი არ აღემატება 20 მეტრს. მითითებულ საკითხზე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დასაბუთებული შედავება წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მესამე პირის მხრიდან I კლასის შენობა-ნაგებობის აღმართვისთვის სამუშაოების წარმოება მოითხოვდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს შეტყობინებას, ისე სს „...ის“ ინფორმირებასა და მისგან თანხმობის მოპოვებას. აღნიშნული კი, არ განუხორციელებია არც რ.გ-ეს და არც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის კანონით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაცულ ზონაში აშენებული კაპიტალური ნაგებობა თავის თავად საფრთხის შემცველია შენობაში მყოფი პირებისათვის. ხაზის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგიც დადგეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენობა შესაბამისი სტანდარტით აშენებული. ხაზის რეკონსტრუქციის ან ავარიის შემთხვევაში ელექტროსისტემამ ოპერატიულად უნდა განახორციელოს საავარიო სამუშაოები, დაცვის ზონაში შეიყვანოს მძიმე ტექნიკა, რასაც ხელი შეეშლება ამ ნაგებობის აშენებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას მერიას აუცილებლად უნდა მიეღო მოსარჩელის წინასწარი თანხმობა, რადგან „...“ განსაზღვრავს რა შემთხვევაშია შესაძლებელი ამ ლოკაციაზე მშენებლობის განხორციელება. ყოვლად დაუშვებელია დაცვის ზონაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის განთავსება, რომელიც მუდმივად არის დამაგრებული მიწაზე, რადგან შესაბამის ორგანოს თავისუფალი მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს დაცვის ზონაში. შენობის აშენების აკრძალვა არ ემსახურება მხოლოდ მესაკუთრის და იმ ფართში შესული ადამიანების უსაფრთხოების მიზანს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დაცული იყოს უშუალოდ ხაზის ექსპლუატაციის და გამოყენების პირობები. გასათვალისწინებელია ხაზის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მის მომატებულ საფრთხესთან ერთად. შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზზე ნებისმიერი დაზიანება ან ხაზის მწყობრიდან გამოყვანა უდიდესი ზიანის და ზარალის მომტანი იქნება იმ მოსახლეობისათვის, რომელთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ხორციელდება მოცემული 220 კვ. ე.გ.ხ. ,,...ის’’ მეშვეობით. შესაბამისად, მესამე პირისთვის მშენებლობის უფლების მიცემით მერიამ დაარღვია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მესამე პირს რ.გ-ეს ჰქონდა კანონიერ ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიმართ, რის შედეგადაც განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ზიანი, რომელიც შეიძლება დადგეს დღევანდელი მოცემულობის შენარჩუნებით აღემატება სადავო აქტის ბათილობით გამოწვეულ ზიანს, ვინაიდან საკითხი ეხება, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ისე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. შესაბამისად, კანონიერების პრინციპს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა, კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეძლებს შეასრულოს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა - დაიცვას ხაზის ექსპლუატაციისა და გამოყენების პირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა