დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1388(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1388(კ-25) 16 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ.კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - შ.კ-ის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2021 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ.კ-ის შორის დაიდო №596/21 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის 2021 წლის 30 ნოემბრის №MOD 7 21 00002369 ბრძანებით უმცროს სერჟანტ შ.კ-ის გაუფორმდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული "სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი" 2021 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე და 2021 წლის 28 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-… კადრირებული ბრიგადის …-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის … მსუბუქი ქვეითი ასეულის … მსუბუქი ქვეითი ოცეულის ...ის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,უმცროსი სერჟანტი", შტატი №..., გვარეობის კოდი: ...).

2022 წლის 01 აპრილს, შ.კ-იმა, პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 7 აპრილის №MOD 9 22 00001406 ბრძანებით შ.კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-… კადრირებული ბრიგადის …-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის … მსუბუქი ქვეითი ასეულის … მსუბუქი ქვეითი ოცეულის ...ის მეთაური (საშტატო კატეგორია "უმცროსი სერჟანტი", შტატი №...), აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული უმცროსი სერჟანტი შ.კ-ი, 2022 წლის პირველი აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

2022 წლის 13 აპრილის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 2 აგვისტოს №MOD 2 22 00882330 წერილის თანახმად ირკვევა, რომ შ.კ-ის დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, 2021 წლის №596/21 კონტრაქტის დარღვევისათვის. ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 თვე. შ.კ-ის ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით არ გადაუხდია.

შ.კ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 115900.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ ჯარიმის 2000 (ორი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში აყენებდა სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდიდა კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1.4 პრიმა პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის 1.5 პრიმა პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე- 18 თავის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2021 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ.კ-ის შორის დაიდო №596/21 ხელშეკრულება (კონტრაქტი) „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის 2021 წლის 30 ნოემბრის №MOD 7 21 00002369 ბრძანებით უმცროს სერჟანტ შ.კ-ის გაუფორმდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული "სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი" 2021 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე და 2021 წლის 28 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-… კადრირებული ბრიგადის …-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის … მსუბუქი ქვეითი ასეულის … მსუბუქი ქვეითი ოცეულის ...ის მეთაურად (საშტატო კატეგორია „უმცროსი სერჟანტი“, შტატი №..., გვარეობის კოდი: ...).

2022 წლის 01 აპრილს, შ.კ-მა, პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 7 აპრილის №MOD 9 22 00001406 ბრძანებით შ.კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-… კადრირებული ბრიგადის …-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის … მსუბუქი ქვეითი ასეულის … მსუბუქი ქვეითი ოცეულის ...ის მეთაური (საშტატო კატეგორია "უმცროსი სერჟანტი", შტატი №...), აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული უმცროსი სერჟანტი შ.კ-ი, 2022 წლის პირველი აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

2022 წლის 13 აპრილის ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 2 აგვისტოს №MOD 2 22 00882330 წერილის თანახმად ირკვევა, რომ შ.კ-ის დაეკისრა ფინანსური პასუხისმგებლობა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, 2021 წლის №596/21 კონტრაქტის დარღვევისათვის. ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 თვე. შ.კ-ის ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით არ გადაუხდია.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, შ.კ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 115900.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ: ა) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის კონტრაქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრებოდა ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაეხადა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს შ.კ-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულის შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, როგორია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა მოპასუხის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. ამდენად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს (2000 ლარი) თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში - 1 000 ლარამდე.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებული იყო თავდაცვის სამინისტროსა და შ.კ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით, რაც, თავისმხრივ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაა. ამდენად, სადავო პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (05.03.20 წ. №ბს-936(კ-19); 16.05.19წ. №ბს-230(კ-19); 02.04.20წ. №ბს-570(კ-19)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა