დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.04.2026
საქმის ნომერი
ბს-384(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-384(კ-25) 22 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე; თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ ვ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 15 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს "ე...-მა" სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 02 თებერვლის №10/677 გადაწყვეტილების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 03 თებერვლის №10/701 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 მარტის №10/2977 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2022 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს "ე...-მა" სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის MOH 8 22 00030425 გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 30 აგვისტოს NHA 3 22 00259213 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ.ს-ისა და მ.ხ-ისათვის გაწეული მომსახურების სრულად ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 ივნისის საოქმო განჩინებით აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის ნომერი №3/2121-21. ამავე სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში №3/2121-21, მოსარჩელის - სს „ე...-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ვ...’’, ხოლო 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სს „ე...-ის“ (ს/ნ №...) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ვ...’’ საიდენტიფიკაციო ნომრით - №... თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა სადავო აქტებში მითითებული ყველა პაციენტის მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თუმცა სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნები და პაციენტების - ნ.ჯ-ის, მ.ხ-ის, ლ.შ-ის, გ.მ-ის, ქ.ნ-ის, დ.მ-ის, შ.შ-ის, ე.ო-ის, ნ.ს-ისა და მ.ხ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ვ..-.ის‘’ სარჩელი მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 მარტის №10/2977 და 2022 წლის 30 აგვისტოს NHA 3 22 00259213 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ არსებობს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და თითოეულ პაციენტთან დაკავშირებით მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გახდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე კლინიკისათვის უარის თქმის საფუძველი. საკასაციო საჩივრის თანახმად, პაციენტ ნ.ჯ-ის სამედიცინო შემთხვევა არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების პნევმონიის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს, პაციენტს უფიქსირდებოდა ფილტვების ანთება რენტგენოროგრაფიული კვლევით, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმის დასადგენად. პაციენტ მ.ხ-ის შემთხვევაში (დიაგნოზი გარდამავალი ცერებრალური იშემიური შეტევა) ჩატარდა გეგმური კვლევა და მეთვალყურეობა, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების შედეგები ნორმაში იყო, შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურება შეესაბამებოდა გეგმური თერაპიული მომსახურების მოცულობას და არ დადასტურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტი. პაციენტ ლ.შ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ კლინიკაში მკურნალობის დროს მას გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია და გამოიკვეთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების საჭიროება. დაისვა წინასწარი დიაგნოზი F20.0 - პარანოიდული შიზოფრენია და პაციენტი სამკურნალოდ გადავიდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. პაციენტ გ.მ-ის დიაგნოზი იყო თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, რომელთან დაკავშირებითაც მიეთითა, რომ არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან ჩარევა - ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია იდენტურია საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი 1.2.-ით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობის, შესაბამისად, განსხვავებულია პროგრამის დაფინანსების მეთოდოლოგიაც. საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირებით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტ ქ.ნ-ესთან მიმართებით აღნიშნავს, რომ წარდგენილი კვლევებით არ დადასტურდა ეპილეფსიის დიაგნოზი, ამდენად, სახეზე არ არის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის აუცილებლობა. პაციენტ დ.მ-ისთან დაკავშირებით სტაციონარში შესვლის დიაგნოზად მითითებულია ეპილეფსია, დაუზუსტებელი, ჩივილებით სტაციონარულად ორჯერ, ხოლო ამბულატორიულად რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა კლინიკას და იტარებდა შესაბამის კვლევებსა და მკურნალობას. პაციენტ შ.შ-ისთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს მხოლოდ მის დიაგნოზსა და ანამნეზზე, არ არის მითითება მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველზე. პაციენტ ე.ო-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით (დიაგნოზი - ცხელება) საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შემთხვევის განფასება არ ემთხვეოდა რეალურად გაწეულ ხარჯს, პაციენტ ნ.ს-ისთან მიმართებით არ დადასტურდა დიაგნოზი - მწვავე მუცელი და ინსპექტირების ეტაპზე მოთხოვნილი დიაგნოზის დამადასტურებელი მონაცემები მიმწოდებელმა ვერ წარადგინა, ხოლო მ.ხ-ისათვის გაწეული გეგმური გამოკვლევები მიჩნეულ იქნა გეგმურ თერაპიულ სამედიცინო მომსახურებად და არ დადასტურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.

კასატორის აღნიშვნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, ზემოაღნიშნული №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ხელს შეუწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურად განხორციელებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. დადგენილია, რომ პაციენტები - ნ.ჯ-ი, მ.ხ-ი, ლ.შ-ე, გ.მ-ე, ქ.ნ-ე, დ.მ-ი, შ.შ-ი, ე.ო-ე, ნ.ს-ი და მ.ხ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- პაციენტი ნ.ჯ-ი სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 16 ოქტომბერს, 16:34 საათზე და გაეწერა 2020 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო პნევმონია, დაუზუსტებელი (J18.9), რაც ასევე ემთხვევა ფორმა №IV-100/ა-ში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახულ ინფორმაციას. პაციენტი მ.ხ-ი სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 24 ოქტომბერს, 18:41 საათზე და გაეწერა 2020 წლის 26 ოქტომბერს 14:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო გარდამავალი ცერებრალური იშემიური შეტევა, დაუზუსტებელი (G45.9). ამავე შინაარსისაა სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. პაციენტი ლ.შ-ე სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 28 სექტემბერს, 10:39 საათზე და გაეწერა 2020 წლის 01 ოქტომბერს, 13:25 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო ეპილეფსია, დაუზუსტებელი (G40.9). პაციენტი გ.მ-ე სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 12 ოქტომბერს, 16:02 საათზე და გაეწერა 2020 წლის 26 ნოემბერს, 19:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, დაუზუსტებელი (D43.2), ობსტრუქციული ჰიდროცეფალია (თანმხლები) (G91.1). აღნიშნულ შემთხვევებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის №10/677 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის 15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი ქ.ნ-ე სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 05 ოქტომბერს, 18:09 საათზე და გაეწერა 2020 წლის 06 ოქტომბერს, 19:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო ეპილეფსია, დაუზუსტებელი (G40.9). იმავე დიაგნოზით მოთავსდნენ სტაციონარში დ.მ-ი (მოთავსდა 2020 წლის 23 ოქტომბერს, 11:04 საათზე და გაეწერა 2020 წლის 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე) და შ.შ-ი (მოთავსდა 2020 წლის 03 ოქტომბერს, 16:40 საათზე და გაეწერა 2020 წლის 05 ოქტომბერს, 18:00 საათზე), რაც შეეხება ე.ო-ეს, სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 29 ოქტომბერს, 11:10 საათზე და გაეწერა 2020 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას მისი დიაგნოზი იყო ცხელება (R50.9). სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 03 თებერვლის №10/701 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ.ნ-ის, დ.მ-ისა და შ.შ-ის სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ე.ო-ის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე.

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ნ.ს-ი სტაციონარში მოთავსდა 2022 წლის 26 მარტს, 22:16 საათზე და გაეწერა 2022 წლის 28 მარტს. სტაციონარში შესვლისას დიაგნოზი იყო მწვავე მუცელი (R 10.0), ხოლო მ.ხ-ი სტაციონარში მოთავსდა 2022 წლის 15 თებერვალს, 21:01 საათზე და გაეწერა 2022 წლის 22 თებერვალს, 13:00 საათზე. სტაციონარში შესვლისას მისი დიაგნოზი იყო დაუზუსტებელი საკვები ნივთიერებების უკმარისობის შედეგები (E 64.9), თანდაყოლილი კატარაქტა Q12.0, განვითარების ეტაპების დაყოვნება (R62.0), ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი ცალმხრივი (Q53.1), ანემია დაუზუსტებელი (D64.9). სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის MOH 8 22 00030425 გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,საკასაციო სასამართლო, დასახელებული სამედიცინო შემთხვევების შეფასების თვალსაზრისით, მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე - 14 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების პროცედურა. კერძოდ, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, „ი’“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ადგილი აქვს კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან; ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში განიხილავს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 მარტის №10/2977 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 30 აგვისტოს NHA 3 22 00259213 გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს. განსახილველი დავის ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმის მტკიცებას, რომ სადავო შემთხვევაში, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ასევე, ადგილი ჰქონდა კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი დანაწესების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა შეფასებული და გაანალიზებული თითოეული პაციენტის სამედიცინო შემთხვევა, რომლის საფუძველზეც ცალსახად დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები არ არის საკმარისად დასაბუთებული. სადავო გადაწყვეტილებებში არ არის მითითებული იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც უტყუარად დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ პაციენტთა მდგომარეობა არ საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან პაციენტებს, ამასთან მოსარჩელის მიერ და სასამართლოს მხრიდან თითოეული პაციენტის დიაგნოზის დეტალიზაცია ქმნის იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის გარეშე შესაძლო იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ან/და იზრდებოდა დაღუპვის რისკი.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ დაავადების არასწორ კოდირებაზე მითითება არ შეიძლება გახდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საჩივრის განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებული და გამოკვლეული უნდა იყოს გამოყენებული სამედიცინო მეთოდი განიხილება თუ არა არსებული დიაგნოზის სამკურნალო მეთოდად, ასევე, არსებობს თუ არა ჩატარებული მკურნალობის ცალკე კოდირებით გადაცემის ვალდებულება, რაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა. სადავო გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. აღნიშნული კი თავის მხრივ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების წინაპირობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო გადაწყვეტილებებიდან ცალსახად არ დგინდება სამედიცინო შემთხვევისთვის შექმნილ კალკულაციაში მითითებული რომელი ფინანსური ინფორმაცია არ შეესაბამება ჩატარებულ სამედიცინო მომსახურების მოცულობას, რასაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო. აღნიშნული გარემოება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ქმნის საკითხის ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების მსჯელობას და განმარტავს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული კი წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003 წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020 წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021 წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი კი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 17 აპრილს №10106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 467,9 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2025 წლის 17 აპრილს №10106 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 467,9 ლარის 70% - 327,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე