გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-579(კ-25) 30 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: ვ. გ-ამ 2019 წლის 2 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დასავლეთ რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის მიმართ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის (სამსახურის) უფროსის 2019 წლის 13 ივნისის MIA 71901530931 და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 23 ივლისის MIA 41901930277 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ვ. გ-ას სახელზე 1988 წელს გაცემულია დოკუმენტი (მძღოლის საგამოცდო ბარათი), რომელიც ადასტურებს მის მიერ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას, ასევე გაცემულია მოწმობა №..., რომელიც ადასტურებს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არსებობას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აფხაზეთიდან რუსეთში გადასვლისას დაკარგა მართვის მოწმობა, რის გამოც 2019 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრს და დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა მოითხოვა. ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2019 წლის 13 ივნისის პასუხით განმცხადებელს განემარტა, რომ დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრით არ დასტურდება აღნიშნული მოწმობის გაცემის ფაქტი. ზუგდიდის მომსახურების ცენტრში არსებული ელექტრონული ბაზის მიხედვით კი, ... სერიისა და ნომრის მქონე მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა. მითითებული მიზეზით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ვ. გ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული დოკუმენტები იძლეოდა სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენისა და მართვის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, რის გამოც სასარჩელო წესით მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ვ. გ-ასთან ინახება სსრკ სიმბოლიკიანი დოკუმენტები, კერძოდ, 1988 წელს გაცემული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებაზე, ასევე, მოწმობა №..., მისთვის „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არსებობაზე. ამ დოკუმენტების გაცემა არ დასტურდება სააგენტოში დაცულ საარქივო მასალებში;
- 1988 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სრულიად საკავშირო, ლენინის და წითელი დროშის ორდენოსანი, არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის ნებაყოფლობითი საზოგადოების (სსრკ ...ს) TC№... მოწმობის თანახმად, ვ. გ-ა სწავლობდა „B“ პროგრამის მიხედვით. ამავე მოწმობის შესაბამისად, აფხაზეთის ასს შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ 1988 წლის 27 ოქტომბერს გაიცა მართვის მოწმობა ... №...;
- მოსარჩელესთან არსებულ მძღოლის საგამოცდო ბარათში მითითებულია, რომ მძღოლის საგამოცდო ბარათს ინახავს მძღოლი და წარუდგენს სახელმწიფო ავტოინსპექციას მართვის მოწმობის გამოცვლის და დუბლიკატის მიღების დროს;
- ვ. გ-ამ 2019 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა. ამავე ცენტრის 2019 წლის 13 ივნისის პასუხით დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდა, ცენტრში არსებულ ელექტრონულ ბაზაში ... სერიისა და ნომრის მქონე მართვის მოწმობის გაცემის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით 2019 წლის 13 ივნისის პასუხზე ვ. გ-ას მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიუთითა საქართველოს შსს მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 50-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა ხდება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შესაბამისად. ასევე მიუთითა ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება თუ: ა) მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრით არ დასტურდება აღნიშნული მოწმობის გაცემის ფაქტი; ბ) მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებით ვერ ხორციელდება მოწმობის მფლობელის ან მისთვის მინიჭებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების სრულყოფილი იდენტიფიცირება; გ) მოთხოვნის მომენტისათვის, პირს შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირს აეკრძალა სატრანსპორტო საშუალების მართვა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მითითებული ნორმების საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აღდგენილი მართვის მოწმობა უპირობოდ უნდა შეესაბამებოდეს მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახულ სარეგისტრაციო ჩანაწერს, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდება ასეთი ჩანაწერის არარსებობის გამო. კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ მართვის მოწმობის აღდგენა არ დაიშვება თუ მონაცემები არ არსებობს მოწმობათა გაცემის რეესტრში.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება დასახელებული №598 ბრძანების 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო დაყრდნობოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საგამოცდო ბარათს და ამდაგვარად მოეხდინა მართვის მოწმობის აღდგენა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასახელებული მუხლის თანახმად, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერების აღდგენა ან შესწორება შეიძლება განხორციელდეს: ა) საგამოცდო ოქმების ან სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტების მიხედვით; ბ) მართვის მოწმობის მიხედვით; გ) უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. მითითებული საკანონმდებლო ნორმა კი, გამოიყენება თავად რეესტრში შესწორების შეტანის ან ჩანაწერის აღდგენისათვის და არა დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის დროს. ამასთან „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეს შესაძლებელი ხდება ან საგამოცდო ოქმზე ან თვითონ სააგენტოში დაცულ მასალაზე დაყრდნობით. განსახილველ შემთხვევაში კი უდავო იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საგამოცდო ბარათი და არა საგამოცდო ოქმი, ამასთან, ეს დოკუმენტი დაცული არ იყო სააგენტოში, რაც ზემოდასახელებული ნორმის შესაბამისად, დოკუმენტის აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რაიონული სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, ვ. გ-ასათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების ან/და მის სახელზე მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც მართვის მოწმობის აღდგენისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის სხდომაზე ვ. გ-ას მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომ იგი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება განაპირობა საომარმა მოქმედებებმა. ის დროებით ცხოვრობდა ქ. სოჭში, რა დროსაც მართვის მოწმობა თან ჰქონდა, მაგრამ ვერ იყენებდა, რადგან პასპორტი არ ჰქონდა. მას პოლიციელებმა ჩამოართვეს მართვის მოწმობა და გაანადგურეს. საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა. პირველად მართვის მოწმობის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიმართა 2014-15წწ., თუმცა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული არ იცის. ახსოვს, რომ უთხრეს, თუ რამე ახალი გარემოება გამოჩნდებოდა, შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის. ვ. გ-ას მითითებით, მას თუ რამ დოკუმენტი ჰქონდა, წარმოადგინა სასამართლოში და ამ დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამის რეესტრში უნდა აღედგინა დაკარგული ჩანაწერი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიზანს რეესტრში დაკარგული ჩანაწერის აღდგენა წარმოადგენდა.
მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესის გამორკვევის მიზნებისთვის, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 44-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შეცვალოს ან აღადგინოს დაკარგული სარეგისტრაციო ჩანაწერები, აგრეთვე შეასწოროს აშკარად მცდარი სარეგისტრაციო ჩანაწერი. სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენა ან შესწორება დასაშვებია, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების შეფასებით, შესაძლებელია აღსადგენი ან შესასწორებელი მონაცემების დადგენა. 44.7 მუხლით კი - მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერების აღდგენა ან შესწორება შეიძლება განხორციელდეს: ა) საგამოცდო ოქმების ან სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტების მიხედვით; ბ) მართვის მოწმობის მიხედვით; გ) უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორად უნდა დადგინდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურდა მოსარჩელეს, ასევე გარემოებები, რომლებმაც განაპირობა დავის დაწყება. სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა და დავის საგნის დაზუსტების შემდეგ, ემსჯელა მოსარჩელე მხარის რეალურად მიღწევადი და აღსრულებადი უფლების შესახებ. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების მოპოვებისთვისაც მიმართა მან სასამართლოს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის დანაწესი, უნდა დახმარებოდა მოსარჩელეს მოთხოვნის დაზუსტებასა თუ ტრანსფორმირებაში, რათა განსაზღვრულიყო დავის საგანი. სასარჩელო მოთხოვნები კი ჩამოყალიბებულიყო იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მხარის კანონიერი ინტერესების დაცვა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული), ხოლო 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და ერთ- ან ორეტაპიანი პრაქტიკული).
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 44-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შეცვალოს ან აღადგინოს დაკარგული სარეგისტრაციო ჩანაწერები, აგრეთვე შეასწოროს აშკარად მცდარი სარეგისტრაციო ჩანაწერი. სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენა ან შესწორება დასაშვებია, თუ მითითებული მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების შეფასებით, შესაძლებელია აღსადგენი ან შესასწორებელი მონაცემების დადგენა. ამავე პუნქტის მიხედვით, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერების აღდგენა ან შესწორება შეიძლება განხორციელდეს: ა) საგამოცდო ოქმების ან სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტების მიხედვით; ბ) მართვის მოწმობის მიხედვით; გ) უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების სისტემური ანალიზის შედეგად უდავოა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირებული საკითხები განეკუთვნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს და შესაბამისად, ამ მიზნით უფლებამოსილი ორგანოს, ამ შემთხვევაში მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებშია მოქცეული. პირზე მოწმობის გაცემა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა ჩააბარა მართვის უფლების მისაღები გამოცდები, სწორედ ამიტომ, სააგენტოში დაცული დოკუმენტი (საგამოცდო ოქმი და საარქივო ჩანაწერი) შესაძლოა გახდეს მოწმობათა გაცემის რეესტრში ჩანაწერის შეცვლის/აღდგენის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში კი, უდავოა, რომ სააგენტოში არ მოიპოვება და არც მოიპოვებოდა რაიმე სახის დოკუმენტი ვ. გ-ას შესახებ და უსაფუძვლოა მოთხოვნა ჩანაწერის აღდგენაზე, ვინაიდან არარსებული ჩანაწერის აღდგენა, არარსებული უფლების დადასტურება ან აღიარება წინააღმდეგობაშია როგორც აღიარებითი სარჩელის შინაარსთან, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არათუ უგულებელყო ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მოთხოვნები და მიზნები, არამედ მნიშვნელოვნად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობაც მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების წესების დარღვევაზე მიუთითა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა შეცილებითი და მავალებელი სახის სარჩელებით. მას მოთხოვნა არ შეუცვლია, ხოლო განმწერსიგებელ სხდომებზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოარკვია ის გარემოებანი, რაზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ვ. გ-ამ 2019 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა. ვ. გ-ამ განცხადებას თან დაურთო მძღოლის საგამოცდო ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ ვ. ი.-ს ძე გ-ამ (დაბ: ...წ. გალის რაიონის ს....ში, მცხ: გაგრა, ..., ..., პასპორტის სერია ..., გაცემული ოჩამჩირის ქალაქის შსგ-ს მიერ, სამედიცინო შემოწმება გაიარა გაგრის ქალაქის პოლიკლინიკაში, ცნობა №..., გაც: 06.10.1987წ.) გაიარა სწავლება „В“ კატეგორიის მძღოლების პროგრამის მიხედვით გაგრის „...ს“ სსკ-ში; 1988 წლის 6 აპრილს მიიღო მოწმობა №.... დოკუმენტს ხელს აწერს გაგრის „...ს“ სსკ-ის თავმჯდომარე. გამოცდის შედეგების გრაფიკით ირკვევა, რომ თეორიული გამოცდა ვ. გ-ამ ჩააბარა 25.05.1988წ. და 27.10.1988წ., ხოლო პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა - 27.10.1988წ. ამდენად, 27.10.1988წ. გაცემულ იქნა №... მოწმობა, სერიით ..., კატეგორია „В“. დოკუმენტი ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის მიერ 27.10.1988წ. ასევე დოკუმენტი დამოწმებულია აფხაზეთის ასსრ შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის, სარაიონთაშორისო სარეგისტრაციო-საგამოცდო №2 განყოფილების მრგვალი ბეჭდით (ს.ფ.21). განცხადებაზე თანდართულია ასევე 27.10.1988წ. გაცემული სრულიად საკავშირო, ლენინის და წითელი დროშის ორდენოსანი, არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის ნებაყოფლობითი საზოგადოების (სსრკ ...ს) TC№ ... მოწმობა, რომლის თანახმად, ვ. გ-ა სწავლობდა „B“ პროგრამის მიხედვით. ამავე მოწმობის მიხედვით, აფხაზეთის ასს შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ 1988 წლის 27 ოქტომბერს გაიცა ... № ... მართვის მოწმობა (ს.ფ.19). განცხადებაზე თანდართული, ნოტარიულად დამოწმებული АВМ №... მართვის მოწმობის ტალონით კი, ირკვევა, რომ ვ. ი.-ს ძე გ-ას სახელზე აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ 27.10.1988წ. გაცემულია ... №... (სერია) მართვის მოწმობა, რომლითაც ნებადართულია „В“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა. დოკუმენტი დამოწმებულია აფხაზეთის ასსრ შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის, სარაიონთაშორისო სარეგისტრაციო-საგამოცდო №2 განყოფილების მრგვალი ბეჭდით (ს.ფ.18).
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2019 წლის 13 ივნისის პასუხით განმცხადებელს ეცნობა, რომ დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან ცენტრში არსებულ ელექტრონულ ბაზაში ... სერიისა და ნომრის მქონე მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა. ვ. გ-ამ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომლითაც ზემოაღნიშნული ცენტრის 2019 წლის 13 ივნისის №1530931 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღდგენა მოითხოვა.
სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 ივლისის MIA 4 19 01930277 გადაწყვეტილებით ვ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის №1530931 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იმ დასაბუთებით, რომ დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის მიზნებისათვის, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში მართვის მოწმობის გაცემის არსებობის ფაქტი იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის და წარმოადგენდა იმპერატიული ხასიათის ჩანაწერს, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკაზე (2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-119-118 (კ-16)), რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ მართვის მოწმობის აღდგენის მიზნებისთვის უნდა გაირკვეს გააჩნია თუ არა პირს მართვის უფლება. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - მომსახურების სააგენტო ამ საკითხს არკვევს და ადგენს მხოლოდ ერთ (ერთადერთი) წყაროზე - მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრზე დაყრდნობით და თუ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრით არ დასტურდება პირზე მართვის უფლების მინიჭების ფაქტი, იგულისხმება, რომ პირს მართვის უფლება არ გააჩნია, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ პირმა მოითხოვოს არარსებული უფლების დამადასტურებელი საბუთის აღდგენა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით აღინიშნა, რომ ვ. გ-ას მითითება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 44-ე მუხლის მე-7 პუნქტზე იყო უსაფუძვლო, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შეცვალოს ან აღადგინოს დაკარგული სარეგისტრაციო ჩანაწერები, აგრეთვე შეასწოროს აშკარად მცდარი სარეგისტრაციო ჩანაწერი. სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენა ან შესწორება დასაშვებია, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების (საგამოცდო ოქმები ან სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტები; მართვის მოწმობა; უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება) შეფასებით, შესაძლებელია აღსადგენი ან შესასწორებელი მონაცემების დადგენა, ხოლო ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად (ს.ფ. 25-29).
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერის შეტანასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერებას იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სრულიად საკმარისი იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ. გ-ასათვის მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. გ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მოცემული დავის ძირითადი გარემოებების დადგენამდე და შეფასებამდე, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობდა მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების საფუძვლები.
სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სხდომაზე ვ. გ-ას მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების შედეგად, აღნიშნა, რომ აპელანტის მიზანს რეესტრში დაკარგული ჩანაწერის აღდგენა წარმოადგენს. მითითებული საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმა კი მოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებულ „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ 44-ე მუხლის მე-6 პუნქტში, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შეცვალოს ან აღადგინოს დაკარგული სარეგისტრაციო ჩანაწერები, აგრეთვე შეასწოროს აშკარად მცდარი სარეგისტრაციო ჩანაწერი. სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენა ან შესწორება დასაშვებია, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების შეფასებით, შესაძლებელია აღსადგენი ან შესასწორებელი მონაცემების დადგენა, ხოლო 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით - მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში სარეგისტრაციო ჩანაწერების აღდგენა ან შესწორება შეიძლება განხორციელდეს: ა) საგამოცდო ოქმების ან სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტების მიხედვით; ბ) მართვის მოწმობის მიხედვით; გ) უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი, გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურდა მოსარჩელეს, ასევე გარემოებები, რომლებმაც განაპირობა დავის დაწყება. სააპელაციო პალატის განმარტებით, რაიონულ სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა და დავის საგნის დაზუსტების შემდეგ, ემსჯელა მოსარჩელე მხარის რეალურად მიღწევადი და აღსრულებადი უფლების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიზანს წარმოადგენს აღადგინოს ელექტრონულ რეესტრში მართვის დაკარგული მოწმობის ჩანაწერი. ჩანაწერი კი არ არსებობს იმის გამო, რომ საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შესაბამის უწყებაში დაცული ყველა ჩანაწერი განადგურდა. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების მოპოვებისთვისაც მიმართა მან სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსარჩელის მხრიდან ეფექტური შედეგის მიღწევისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირების ინსტიტუტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო, პროცესის დაჩქარების მიზნით, მხარეს ეხმარება მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, რათა ეფექტურად დაიცვას უფლება. სასამართლო, დაჩქარებული საქმისწარმოების მიზნით იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ნორმის რეალიზებისას, სასამართლომ უნდა დაიცვას ორი პირობა: 1. სარჩელის ტრანსფორმირება უნდა ემსახურებოდეს პროცესის დაჩქარებას და 2. სარჩელის ტრანსფორმირებისას მოსამართლე არ უნდა გასცდეს სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს. ამრიგად, მიუხედავად ადმინისტრაციულ პროცესში გათვალისწინებული სარჩელის ტრანსფორმირების შესახებ ჩანაწერისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოქმედებით, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი.
ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლის მიზანი - სარჩელის ტრანსფორმირება უნდა ემსახურებოდეს პროცესის დაჩქარებას - გამომდინარეობს საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან და უზრუნველყოფს სასამართლო წესით უფლების დაცვას გონივრულ ვადაში. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლისას სავალდებულოა, ეს განახორციელოს მოსარჩელემ სასამართლოს დახმარებით; სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელის ნების გარეშე თვითონ შეასრულოს სასარჩელო მოთხოვნის ახალი ფორმულირება და იმსჯელოს მასზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მხრიდან ასეთი თანხმობა ვერ იქნება მიღებული, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნაზე პირვანდელი სახით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (სუსგ საქმე №ბს-1224(კ-19), 25.11.2021წ.).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ძირითად საფუძველს მოსარჩელისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარება, მოსარჩელის რეალური მიზანისა და მისაღწევი შედეგის განსაზღვრა წარმოადგენს, იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის ტრანსფორმირებაში მოსარჩელისათვის დახმარების გაწევა, საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და მათი სამართლებრივი შეფასება, სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეუძლია. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება პროცესის ეკონომიურობის პრინციპს, ქმნის საქმის უსაფუძვლო გაჭიანურების წინაპირობებს და გამართებული არ არის არც ფორმალურ-მატერიალური და არც საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო მოცემულ ეტაპზე არ აფასებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე წარმოდგენილ პრეტენზიებზე საქმის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით
დაადგინა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე