დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 18.05.2026
საქმის ნომერი
ბს-475(ს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-475(ს-26) 18 მაისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს ,, ...’’

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2026 წლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შპს ,,...-ის” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გადასახადის გადამხდელი“ ან „საჩივრის ავტორი“) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2026 წლის ბრძანებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია. განიმარტა სასამართლო, სადაც შეიძლებოდა გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა გადასახადის გადამხდელმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2026 წლის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევის გამო. განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გადასახადის გადამხდელმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საჩივრის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

4. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის სპეციალურ წესს ადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) VII5 თავი.

5. სასკ-ს 2123 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად, საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-9 ნაწილით კი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, წარმოება მთავრდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (სუსგ №ბს-143(კს-22), 18.02.2022წ.). არა აქვს მნიშვნელობა, შემაჯამებელი საპროცესო აქტით საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული თუ სააპელაციო სასამართლო არსებითად განიხილავს მას და შეამოწმებს სადავო ბრძანების კანონიერებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2026 წლის ბრძანება გაასაჩივრა გადასახდელის გადამხდელმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2026 წლის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა (ს.ფ.48-51). წარმოდგენილი საჩივრით მისი ავტორი ითხოვს სწორედ 17.03.2026 წლის განჩინების გაუქმებას. ამდენად, საჩივრის ობიექტია საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება - საჩივარი წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე - რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (№ბს-1310 (კს-25), 15.12.2025წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123 მუხლის მე-9 ნაწილით, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...-ის’’ საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე