გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.05.2026
საქმის ნომერი
ბს-758(2კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-758(2კ-23) 4 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ ...“

დავის საგანი - სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...-ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის (17.09.2012-20.06.2022წწ. პერიოდი) 69 100,80 ლარის გადახდა. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 21 ივნისიდან ყოველთვიურად 729 ლარის გადახდა ქონების გამოთავისუფლებამდე; ბ) შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზირი №2 (ს/კ ...).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...-ს“ მიმართ, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 9514 ლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისში, ...ის გამზირი №2-ში მდებარე შენობის, დაზუსტებული ფართობი 7255,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფით (118,8 კვ. მეტრი), არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმინობისათვის იყენებს შპს „...-“; ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.02.2022 წლის №000763122 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ას გამზირი №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი...) ფართის - 118,8 კვ.მ, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 395 ლარს; 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 396 ლარს; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 420 ლარს; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 541 ლარს; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 564 ლარს; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 597 ლარს; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 603 ლარს; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 672 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 741 ლარს; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 766 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დღემდე - 729 ლარს; გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ 13.12.2021წ. აქტით დადგენილ იქნა, რომ ქ. თბილისში, ...ას გამზირი №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი...), ფართით - 118,8 კვ.მ, არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმინობისათვის იყენებს შპს „...-“. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.01.2022წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ დაკავებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ ადრესატს ეთხოვა, უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა მეტი ლეგიტიმაციის მქონეა და გაიზიარა მასში გადმოცემული შეფასებები იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. მასვე ეთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა. მოპასუხე - შპს „...-ს“ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 13.12.2021 წლიდან (როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილ იქნა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმინობისათვის გამოყენების ფაქტი) გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდისათვის 9514 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 6 974.10 ლარის გადახდა. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2023 წლის 22 მაისიდან ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 729 ლარის გადახდა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.6 და 36-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე ინფორმირებული იყო, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის გამო მას წარმოეშვა გადასახადის გადახდის ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისვე განმარტებით, მოპასუხისათვის შეტყობინების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებული ფართის დასურათება მოხდა, უნდა ჩაითვალოს, რომ თვით დასურათების დროს მოპასუხე მხარეს მიეწოდა შესაბამისი ახსნა-განმარტება ზეპირსიტყვიერად. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციის თანახმად, მოპასუხე მხარის ინფორმირება ასეთი ფორმით წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალოს მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი. შპს „...-ს“ წარმომადგენლის მითითებით კი, დასურათებისას კომპანიის თანამშრომელს განემარტა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირი აწარმოებდა აღწერას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ვინაიდან მხარის სათანადო წესით ინფორმირება არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც საქმის გარემოებათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობის პირობა დაკმაყოფილებულია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები მანამდე, ვიდრე მხარის ინფორმირება არ მოხდა სარჩელის მეშვეობით (სარჩელი ჩაბარებულია 2022 წლის 5 აგვისტოს). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის დაწყების მომენტად მიჩნეული უნდა იქნეს დრო, როდესაც მოპასუხეს სარჩელის მეშვეობით ეცნობა მის მიერ დაკავებული ფართის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობისა და აღნიშნული ფართით სარგებლობის შედეგად თანხის გადახდის ვალდებულების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც მიემართება მხარის სათანადო წესით ინფორმირებამდე წარმოშობილი ვალდებულების დაკისრებას, გამყარებული არ არის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს მოპასუხისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისათვის გადასახადის დაკისრებას სარჩელის მოპასუხისათვის ჩაბარების - 2022 წლის 5 აგვისტოს შემდგომი პერიოდისათვის (ქონების გამოთავისუფლებამდე), აღნიშნულ ნაწილში დასაბუთებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არგუმენტაცია და არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია მოპასუხე მხარის სათანადო წესით ინფორმირებულობა სარჩელის წარდგენამდე პერიოდისათვის და განმარტა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6974.10 (2022 წლის 5 აგვისტოდან (ინფორმირებიდან) 2023 წლის 22 მაისამდე (სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე) პერიოდისათვის) ლარის გადახდა. ამავდროულად, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის ყოველთვიურად 729 ლარის გადახდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან - 2023 წლის 22 მაისიდან ქონების გამოთავისუფლებამდე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს „...-მ“.

5.1. კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რამეთუ სასამართლომ მოპასუხეს ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის მხოლოდ 6974.10 ლარი დააკისრა, არამართლზომიერი სარგებლობის თარიღის ათვლა კი, 2022 წლის 5 აგვისტოდან დაუსაბუთებლად დაიწყო. სასამართლომ თარიღის ათვლა მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების მომენტიდან დაიწყო, თუმცა არ უმსჯელია კანონის იმ იმპერატიულ ჩანაწერზე, რომლითაც, არამართლზომიერმა მოსარგებლემ თანხა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის უნდა გადაიხადოს. ამ მხრივ, საყურადღებოა საკანონმდებლო დანაწესი, რომლის თანახმად, ქონების არამართლზომიერი მოსარგებლე, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი №...-ში მდებარე 118.8 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ სახელმწიფო დარეგისტრირდა 2008 წლის 8 აპრილიდან. სააგენტოს უფლებამოსილებები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლით. შესაბამისად, მოსარჩელე სახელმწიფო ქონებას 2012 წლის 17 სექტემბრიდან მართავს, რის გამოც მოპასუხეს არამართლზომიერი სარგებლობის თანხა სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაეკისროს.

საყურადღებოა, სააგენტოს თანამშრომლის მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს შედგენილი აქტი, რომელიც ერთგვარი ფაქტის კონსტატაციის დოკუმენტია და იგი მოპასუხის მიერ უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებას ადასტურებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.02.2022 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ...ას გამზირი №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ფართით - 118,8 კვ.მ.) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 395 ლარს; 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 396 ლარს; 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 420 ლარს; 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 541 ლარს; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 564 ლარს; 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 597 ლარს; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 603 ლარს; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 672 ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 741 ლარს; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 766 ლარს; 2022 წლის იანვრიდან დღემდე - 729 ლარს. მითითებული დასკვნის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯამში 69100.80 ლარის გადახდა, რომელიც ყოველთვიურად ზრდადია 729 ლარით (ქონების გამოთავისუფლებამდე).

5.2. კასატორის - შპს „...-ს“ განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა თანხის დაკისრებასთან დაკავშირებული მოთხოვნის საფუძვლიანობას შეეხებოდა და შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით უპირველესად ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის არსებობის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო. სააპელაციო პალატის მიერ არ არის დასაბუთებული თუ, რომელ ფაქტებზე დაყრდნობით დგინდება მოპასუხის მხრიდან სახელმწიფო საკუთრების არამართლზომიერი სარგებლობა. სასამართლომ ასევე არ დაასაბუთა, თუ რომელი მტკიცებულებით დგინდება სადავო ქონების სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობისთვის გამოყენება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „...-სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზირი №..., სარდაფი 118,8 კვ.მ, საკადასტრო კოდი..., წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას (ს.ფ. 19-20); ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.02.2022 წლის №000763122 ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ას გამზირი №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №...), ფართით - 118,8 კვ.მ, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენდა: 2012 წლის 17 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 395 ლარს, 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 396 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 420 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 541 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 564 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 597 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 603 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 672 ლარს, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 741 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 766 ლარს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე - 729 ლარს (ს.ფ. 33-40); გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №2-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, საკადასტრო კოდი..., არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს „...-“ (ს.ფ. 21).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მითითებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (1.6 მუხ.).

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის დანაწესი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო ქონების მართვა უკავშირდება მესაკუთრის ნების საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს. ქონების მართვა თავის თავში მოიაზრებს ამ ქონებით სარგებლობას ან სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებას, მათ შორის, ქონების განმკარგველის უფლებამოსილებას დაადგინოს ამ ქონებით სარგებლობის წესი, მესამე პირებთან ურთიერთობაში შესვლისა და ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები. რამდენადაც კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას მართოს ქონება, ამავდროულად სახელმწიფო ქონებით უნებართვო სარგებლობას უკავშირებს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს. სახელმწიფო საკუთრების უნებართვო სარგებლობით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონებით უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის 29.09.2016წ. გადაწყვეტილება №3/4/641).

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ნორმატიული შინაარსი ადგენს იმ პირის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს არამართლზომიერად და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). აღნიშნული ნორმის მიზანს შეადგენს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნეს ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ., №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.)).

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ დადგეს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ პირის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს არამართლზომიერად, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და ამავდროულად სახელმწიფო ქონების გამოყენება უნდა უკავშირდებოდეს კომერციულ მიზანს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამ ორი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ქონების მმართველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოეშობა უფლება სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერ მოსარგებლეს მოსთხოვოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს შედგენილი აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, საკადასტრო კოდი..., არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს „...-“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით საქმეში ასევე წარმოდგენილია 2021 წლის 13 დეკემბერს გადაღებული ფოტოსურათები. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადასტურებულია შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად, კომერციული მიზნით სარგებლობის ფაქტი. ამ მიმართებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეძლო მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთის დაძლევა, ხოლო აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ შპს „...-მა“ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ დადასტურებული ფაქტების გაქარწყლება. სახელმწიფო ქონებით, კომერციული მიზნებისთვის არამართლზომიერი სარგებლობა კი, წარმოშობს ქონებით სარგებლობისთვის საფასურის დაკისრების საფუძველს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლითაც უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობის გაანგარიშება მოხდა ქონებით მოსარგებლისთვის სარჩელის ჩაბარებიდან (მისი ინფორმირებიდან). „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების წარმოშობას და მის პერიოდს პირის ინფორმირებულობით არ ბოჭავს, ჩანაწერი „ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად“ არ უნდა იქნეს აღქმული როგორც შეტყობინება, რომელიც უფლების წარმოშობას და მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. კანონის ამგვარად განმარტების შემთხვევაში ქონების მესაკუთრეს წაერთმეოდა საშუალება მოეთხოვა თანხის გადახდა სარგებლობის მთელი პერიოდისთვის (მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით), ამგვარი განმარტება აზრს უცვლის ნორმას და ეწინააღმდეგება მისი განმარტების მიზნებს. მეტიც, კანონმდებელმა მოცემულ ნორმაში პირდაპირ დაუკავშირა უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გაანგარიშების პერიოდი საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის და არა ქონებით მოსარგებლეზე წერილობითი მოთხოვნის ჩაბარების მომენტს (იხ. საქმე №ბს-1059(2კ-24), 10.02.2026).

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით დასტურდება შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონების 2021 წლის 13 დეკემბრიდან არამართლზომიერად ფლობის ფაქტი და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი (ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მტკიცებულება მოსარჩელეს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს, არსებობს შპს „...-სთვის“ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრების საფუძველი 2021 წლის 13 დეკემბრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2021 წლის 13 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით ჯამში - 4616.1 (ოთხი ათას ექვსას თექვსმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით (729X5=3645 ლარი - 2022 წლის 5 თვის თანხა; 766÷30X19=485.10 ლარი - 2021 წლის 13 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თანხა; 729÷30X20=486 ლარი - 2022 წლის 1 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით თანხა; 3645+485,1+486=4616,10 ლარი), ხოლო 2022 წლის 21 ივნისიდან ზემოაღნიშნული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე - ყოველთვიურად 729 (შვიდას ოცდაცხრა) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების საკითხსაც. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება, შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 400,90 (ოთხასი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (729X12=8748; 8748+4616,10=13364,10; 13364,10X3%=400,90), ხოლო მის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 53-ე და 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2021 წლის 13 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით ჯამში - 4616,10 (ოთხი ათას ექვსას თექვსმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 21 ივნისიდან ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებამდე - ყოველთვიურად 729 (შვიდას ოცდაცხრა) ლარის ოდენობით;

6. დანარჩენ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

7. შპს „...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 400,90 (ოთხასი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე

გ. უბილავა