დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.05.2026
საქმის ნომერი
ბს-104(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-104(კ-26) 27 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 13 ივლისს შპს ,,...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N10/525 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ,,შპს „...ს“ 2022 წლის 17 თებერვლის N928/01 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის NMOH 3 22 00030051 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის შპს „...ს“ სასარგებლოდ, მის მიერ პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №10/525 გადაწყვეტილება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ,,შპს „...ს“ 2022 წლის 17 თებერვლის N928/01 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის №MOH 32200030051 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შპს „...ს“ სასარგებლოდ, მის მიერ პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის პირველ, მე-3, მე-4, მე-8, მე-13 მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ პაციენტი ნ. წ-ის სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის ფორმა-100-ის თანახმად, პაციენტის ძირითად დიაგნოზს წარმოადგენდა - S82.2 დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა და S82.4 - მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ელექტრონული ჯანდაცვა (ე.წ. „პორტალი“) რეგისტრაციისას კლინიკის მიერ დაშვებულ იქნა მექანიკური ხარვეზი და ICD-10- S82.2-ის ნაცვლად დაფიქსირდა S82.8. რაც შეეხება პაციენტი ა. ბ-ის შემთხვევას, აღნიშნული პაციენტის დიაგნოზს წარმოადგენდა - S06.5 - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა. ჩარევა AASP10 - ნერვის კროსპაციალური ტრანსპლანტირება სახის პარალიჩის გამო. პაციენტ ა. ბ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაში, მათ შორის ფორმა-100-ში სწორად იქნა დაფიქსირებული როგორც ICD-10, ასევე NCSP კოდები, თუმცა სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ელექტრონული ჯანდაცვა (ე.წ. „პორტალი“) რეგისტრაციისას NCSP კოდის გრაფაში AASD10-ის ნაცვლად მითითებული იქნა AASP10.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში ელექტრონული ჯანდაცვა (ე.წ „პორტალი“) რეგისტრაციისას დაშვებული მექანიკური შეცდომა არ შეიძლება გახდეს შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, კანონიერად იქნა მიჩნეული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N10/525 გადაწყვეტილებით, შპს ,,...ს“ უარი ეთქვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ნ. წ-ი 27.07.2021-01.08.2021წ. ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ ...), დიაგნოზი: S600230/1-ICD10 - S82.8 - წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა. S600234/1 - S82.4 - მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა. ჩარევა: NGSJ43 - მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის/ჭანჭიკის გამოყენებით: მცირე წვივი. NGSJ62 - მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით: დიდი წვივის დიაფიზი. ხელოვნური კოდი S600230/1 არ მოიცავს ICD: S82.8 - წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება S600230/1 კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში კლინიკის მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო 2 800 ლარი, საიდანაც ანაზღაურებას დაექვემდებარა 720 ლარი, ხოლო დაკორექტირდა 2 080 ლარი. მიმწოდებელი არ დაეთანხმა კორექტირებას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამედიცინო დოკუმენტაცია არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) საფუძველზე.

ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ა. ბ-ი 26.08.2021-30.08.2021წ. ჩათვლით მკურნალობდა შპს „...ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დაფიქსირებულია შეტყობინება (შ/ნ ...), დიაგნოზი: S06.5 - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა. ჩარევა: AASP10 - ნერვის კროსფაციალური ტრანსპლანტირება სახის პარალიჩის გამო. მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში არასწორად არის დაფიქსირებული NCSP კოდი. შესაბამისად, შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამედიცინო დოკუმენტაცია არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N10/525 გადაწყვეტილება შპს ,,...მ“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის NMOH 3 22 00030051 გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ პაციენტ ნ. წ-ის სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდა დადგენილი წესით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად და ამავე სამედიცინო შემთხვევაზე კლინიკას დაეკისრა ჯარიმის გადახდა 50 ლარის ოდენობით; პაციენტ ა. ბ-ის სამედიცინო შემთხვევის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში პაციენტ ნ. წ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით მიეთითა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტის დიაგნოზი არის S82.4 - მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა, S82.2 -/- დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა. ფორმა 100-ში გადმოცემული დიაგნოზი: S82.2 -/- დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა შეუსაბამობაშია ელექტრონულ პორტალზე გადმოცემულთან (S82.8 -/- წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა). უნდა აღინიშნოს, რომ გადმოცემული ICD10 კოდი S82.8 (წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა) არ შედის პროგრამული კოდის: S600230/1 (S82.1/ S82.2/ S82.3 -/- დიდი წვივის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა/ დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა/ დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა -/- NGSJ41/ NGSJ42/ NGSJ51/ NGSJ52/ NGSJ61/ NGSJ62/ NGSJ71/ NGSJ72/ NGSJ81/ NGSJ82 -/- მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია; დიდი წვივი) შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება S600230/1 კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში კლინიკის მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო 2 800 ლარი, საიდანაც ანაზღაურებას დაექვემდებარა 720 ლარი, ხოლო დაკორექტირდა 2 080 ლარი. ამასთან, საყურადღებოა, რომ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის დახურვის შემდეგ (მიმდინარე ინსპექტირების პერიოდში, 20.12.2021 13:11-ზე) მოხდა ,,ძირითადი“ დიაგნოზის ,,თანმხლებად“ შეცვლა და პირიქით. შესაბამისად, შემთხვევა N... ექვემდებარება დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

ამავე გადაწყვეტილებაში პაციენტ ა. ბ-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით მიეთითა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტს ჩაუტარდა ჩარევა AASD10 - ქრონიკული სუბდურალური ჰემატომის ევაკუაცია, რაც შეუსაბამობაშია ელექტრონულ პორტალზე გადმოცემულთან (AASP10 - ნერვის კროსფაციალური ტრანსპლანტირება სახის პარალიჩის გამო). გარდა აღნიშნულისა, გადმოცემული NCSP კოდი - AASP10 შედის პროგრამული კოდის: NEU78479/2 (დიაგნოზი: S06.5 – S06.5 - ტრავმული სუბდურალური სისხლჩაქცევა, ჩარევები: AASD10 – AASD10 - ქრონიკული სუბდურალური ჰემატომის ევაკუაცია) შემადგენლობაში. შესაბამისად, შემთხვევას N... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის N10/525 და 2022 წლის 16 ივნისის NMOH 3 22 00030051 (ნაწილობრივ) გადაწყვეტილებების კანონიერებას; ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის შპს „...ს“ სასარგებლოდ, მის მიერ პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ასევე შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამასთან, მითითებული პროგრამის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შპს „...ს“ პაციენტ - ნ. წ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე (ასანაზღაურებლად წარდგენილი 2 800 ლარიდან ანაზღაურებას დაექვემდებარა 720 ლარი) უარი ეთქვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებას ამავე პროგრამის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ პაციენტ ნ. წ-ის დიაგნოზებიდან (S82.4 - მხოლოდ მცირე წვივის მოტეხილობა და S82.2 -/- დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა) ერთ-ერთი დიაგნოზი: S82.2 -/- დიდი წვივის დიაფიზური (სხეულის) მოტეხილობა, შეუსაბამობაში იყო ელექტრონულ პორტალზე გადაცემულ დიაგნოზთან - S82.8 -/- წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა. ასევე, მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის დახურვის შემდეგ მოხდა ,,ძირითადი“ დიაგნოზის ,,თანმხლებად“ შეცვლა და პირიქით. ამასთან, შპს „...ს“ პაციენტ - ა. ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ჩარევა AASD10 - ქრონიკული სუბდურალური ჰემატომის ევაკუაცია, რაც შეუსაბამობაში იყო ელექტრონულ პორტალზე გადაცემულ ჩარევის კოდთან - AASP10 - ნერვის კროსფაციალური ტრანსპლანტირება სახის პარალიჩის გამო.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების თანახმად, მოსარჩელეს პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე არსებითად უარი ეთქვა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული და ელექტრონულ პორტალზე ატვირთული დიაგნოზისა და ჩარევის კოდების შეუსაბამობის გამო.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს შპს „...ს“ მიერ პაციენტების - ნ. წ-ისა და ა. ბ-ისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, ასევე სადავო არ არის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეუსაბამობები გამოვლენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული და ელექტრონულ პორტალზე ატვირთული კოდების თითო სიმბოლოს (ციფრი/ასო) ნაწილში (S82.2-ის ნაცვლად S82.8; AASD10-ის ნაცვლად AASP10), რაც მიჩნეულ უნდა იქნას მექანიკურ შეცდომად, ტექნიკურ ხარვეზად/უზუსტობად, რომელთა მიუხედავად პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი მომსახურებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს (პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტი), სადავო საკითხთან მიმართებაში, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით ამგვარი ზიანის არსებობა არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციისას დაშვებული მექანიკური შეცდომა და ამასთან, მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით მითითება, არ შეიძლება გახდეს შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 4 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 4 მარტის N05031 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე