დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-106(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ. დ-ი
დავის საგანი - კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 19.11.2021 წელს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გ. დ-ისათვის ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 22.11.2021 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო გ. დ-ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ... (შასი: ...), სახელმწიფო ნომრით ....
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2025 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. დ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1 500 ლარის ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2025 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. დ-ის შორის 19.11.2020 წელს გაფორმდა №4247/20 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ". სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. დ-ი პირადი პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, 19.11.2020 წელს გაფორმებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს წარმოეშვა ვალდებულება სამინისტროსათვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს თანხა სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, რაც უპირობოდ გულისხმობს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. ამასთან, თავად სასამართლომ მიიჩნია დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა. შესაბამისად, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება და ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 19.11.2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. დ-ის შორის დაიდო კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სამხედრო მოსამსახურემ იკისრა ვალდებულება ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში (კონტრაქტის 3.1 მუხ.). ხელშეკრულების 7.3 მუხლიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ამავე კონტრაქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ. დ-იმა 06.07.2021 წელს პატაკით მიმართა მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს და საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. ამასთან, აღნიშნა, რომ ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 07.08.2021 წლის №MOD 5 2100001818 (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ) ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ...ს თანაშემწე (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №...), რიგითი გ. მ.-ს ძე დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. დათხოვნის საფუძვლად მიეთითა სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა).
საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე.
საქმეში დაცული ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 16.08.2021 წლის ცნობის თანახმად, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურე - გ. დ-ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენდა 7 თვე და 16 დღე. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 21.09.2023წ. თავდაცვის კოდექსით) 2.14 მუხლის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. დ-ის შორის 19.11.2020 წელს დადებული კონტრაქტის ფორმა („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022 წლის საქმე №ბს-1166(2კ-19)). შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში გ. დ-იმა სამხედრო სამსახურში 19.11.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 7 თვე და 16 დღე. შემდგომი სამხედრო კონტრაქტის გაგრძელების სურვილის არქონის გამო მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა გ. დ-იმა მოითხოვა პირადი პატაკის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. დ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, თავდაცვის სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) გ. დ-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 3 000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე