დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1084(2კ-24) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „...ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2024 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „სააგენტო“) სარჩელი აღძრა შპს „...ას“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (ს/კ: ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 21.09.2017 წლიდან 17.10.2021 წლის ჩათვლით 69277.27 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (1418 კვ.მ მიწის ნაკვეთის) არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 01.07.2018 წლიდან 17.10.2021 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 57 468 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2024 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (1418 კვ.მ მიწის ნაკვეთის) არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 01.07.2018 წლიდან 13.09.2021 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 42953.6 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 30.05.2024 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმით: მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახადა დაეკისროს 12 134 ლარის ოდენობით (10.09.2020 წლიდან 13.09.2021 წლის ჩათვლით პერიოდზე). ამასთან, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დამატებით წარადგინა შეფასების ანგარიში №69-02/24, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.05.2024 წლის საოქმო განჩინებით დაერთო საქმეს.
4.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე და განმარტა, რომ ამ ნორმის საფუძველზე თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთან, ვინაიდან სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება.
4.3. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №5ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, ს/კ: ..., 21.09.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3278.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1,№2,№3,№4.
4.4. აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ: ...) გაიყო №... (დაზუსტებული ფართობი 1838.00 კვ.მ) და №... (დაზუსტებული ფართობი 1440.00 კვ.მ) საკადასტრო კოდის მქონე ორ მიწის ნაკვეთად, რომელთაგან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 04.02.2022 წლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1440.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...).
4.5. სააგენტოს წარმომადგენლის 14.08.2020 წლის აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №5ა-ს მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ს/კ: ... (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის წინა ნომერი) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს იურიდიული პირი მოპასუხე. აქტზე თანდართულია ფოტომასალა.
4.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით), არამართლზომიერად ფლობდა და სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით (მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №5ა-ს მიმდებარედ, 1418 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ: ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში, მათ შორის, მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა პერიოდზე უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება და ასევე რა ოდენობით.
4.7. დადგენილია, რომ სააგენტოს 10.09.2020 წლის №7/49521 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №5ა-ს მიმდებარე ტერიტორია (ს/კ: ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც იგი სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შესაბამისად, მოითხოვეს, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 21.09.2017 წლიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
4.8. აღნიშნული წერილის პასუხად, მოპასუხის 16.09.2020 წლის №1/14 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მათ მიერ არ ხორციელდება სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობა. ორგანიზაციის საზღვრებს ცვლილება არ განუცდია ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართზე.
4.9. მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდის (საწყისი) განსაზღვრის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისში, ... ქ. №5ა-ს მიმდებარედ,1418კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ: ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსებისა და მიკროავტოვუსების) დგომის ფაქტი, გარდა სააგენტოს წარმომადგენლის 14.08.2020 წლის აქტზე თანდართული ფოტოებისა, ასევე დადასტურებულია 2014, 2020 წლის ორთოფოტოებით (იხ. საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსი ...) და როგორც მოპასუხის ახსნა-განმარტებით ირკვევა, იგი თავისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ეწეოდა და ეწევა მგზავრთა გადაყვანას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოპასუხის 28.01.2021 წლის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ მათთვის ცნობილი არ ყოფილა ... ქუჩა №5ა-ს მიმდებარე ტერიტორია იყო თუ არა სახელმწიფოს ან ვინმე სხვა პირის მფლობელობაში, ვინაიდან ტერიტორია ათწლეულის მანძილზე იყო მოპასუხის საზღვრებში მოქცეული, რაზეც იხდიდა დეკლარირებულ მიწის გადასახადს. 11.02.2021 წლის წერილში კი აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი იქნებოდა ფაქტი იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფოს საკუთრება, არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ დადგებოდა. წერილში ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფოზე რიცხული უძრავი ქონება (ს/კ: ...) წარმოადგენს მტკვრის სანაპირო ზოლს და მას არ აქვს ალტერნატიული შესასვლელი, მისი რეგისტრაციის შესახებ კი მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 10.09.2020 წელს, სააგენტოს წერილით. ამასთან, მოპასუხე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა მისასვლელი გზა, ვინაიდან ... ქუჩის მხრიდან მას ესაზღვრება მოპასუხის მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...), ხოლო მეორე მხრიდან - ...ი. ნაკვეთში მოხვედრა (შესვლა) შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით.
4.10. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი ათწლეულების მანძილზე მოქცეული იყო მოპასუხის საზღვრებში, მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ალტერნატიული შესასვლელი და მასზე მოხვედრა (შესვლა) შესაძლებელი იყო მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო არსებული მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. მითითებული გარემოებების, ასევე საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სააგენტოს 10.09.2020 წლის №7/49521 წერილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ (წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას), რომელსაც არამართლზომიერად ფლობდა და სარგებლობდა. შესაბამისად, ვინაიდან უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 21.09.2017 წლიდან, სწორედ ამ დღიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის (სადავო ნაწილის) არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის მოთხოვნის უფლება.
4.11. მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობის პერიოდის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის (სადავო ნაწილის) არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის მოთხოვნის უფლება 21.09.2017 წლიდან წარმოეშვა, ხოლო სარჩელი სასამართლოს (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის - 1418 კვ.მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით) 29.06.2021 წელს წარედგინა, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გათვალისწინებით, მოპასუხეს თანხა უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანამდე 3 წლით ადრე პერიოდიდან, ანუ 01.07.2018 წლიდან.
4.12. რაც შეეხება საკითხს, თუ რა პერიოდამდე უნდა დაეკისროს მოპასუხეს თანხა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმზე (F21001237), რომლითაც დგინდება, რომ 14.09.2021 წლის მდგომარეობით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) მიმდებარე ტერიტორია გამოთავისუფლებულია და მასზე არ არის განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია 14.09.2021 წლის მდგომარეობით მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს არა 17.10.2021 წლის, არამედ 13.09.2021 წლის ჩათვლით პერიოდზე.
4.13. მოპასუხე განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ ხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასაც, კერძოდ, მან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დამატებით წარმოადგინა შპს „რ...ის“ (აუდიტორული ფირმა) შეფასების ანგარიში №69-02/24 (ქ. თბილისი, ... ქ., №5ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო საიჯარო ღირებულების გაანგარიშების შესახებ), რომლითაც დგინდება, რომ დამკვეთის - მოპასუხის მოთხოვნით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეფასდა იმ დაშვებით, რომ მას არ გააჩნია მისასვლელი რეგისტრირებული გზა, აღნიშნული შეზღუდვა გათვალისწინებულ იქნა საბაზრო შედარების მეთოდით შეფასების პროცესში. შეფასების შედეგად, მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ღირებულება განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: 2018 წელი - 853.00 ლარი, 2019 წელი - 919 ლარი, ხოლო 2020 წელი - 998 ლარი. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თანახმაა შეფასების ანგარიშში მითითებული საიჯარო ღირებულება განისაზღვროს ყოველთვიურად 1000 ლარით (დამრგვალებით). იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ...ის“ შეფასების ანგარიშით შეფასებულია მიწის ნაკვეთის საბაზრო საიჯარო ღირებულება, მითითებულია შეფასების პროცესი და მეთოდოლოგია, ასევე ის გარემოებებიც, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა შეფასების დროს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა 2018, 2019 და 2020 წელს უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 1000 ლარით. რაც შეეხება 2021 წელს, ვინაიდან ზემოაღნიშნული შეფასების ანგარიში 2021 წლის მონაცემებს არ შეიცავს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ პერიოდზე ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ უნდა იქნას მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2020 წლის №007341420 დასკვნა, რომლის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 1418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს შემდეგს: 2020 წლის იანვრიდან დღემდე (04.12.2020წ.) – 1536 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უძრავი ნივთის არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს 01.07.2018 წლიდან 13.09.2021 წლის ჩათვლით, სულ - 42 953.60 ლარი (2018 წლის ივლისი - დეკემბერი - 1000 X 6 = 6000 ლარი; 2019 წელი (სრულად - 1000 X 12 = 12 000 ლარი; 2020 წელი (სრულად) – 1000 X 12 =12 000 ლარი; 2021 წელი - 8 თვე და 13 დღე - 1536 X 8 = 12 288 + 665.60 (1536 : 30 x 13)).
I საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
II საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მას დაეკისრება 12 134 ლარის გადახდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გამო, 10.09.2020 წლიდან 13.09.2021 წლის ჩათვლით პერიოდზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) არამართლზომიერი სარგებლობის გამო საფასურის 01.07.2018 წლიდან 13.09.2021 წლამდე პერიოდზე დაკისრების საფუძვლიანობა.
10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
11. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის 36-ე მუხლი ადგენს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს, მათ შორის განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) (სუსგ №ბს-81(კ-19), 31.07.2025წ.).
12. კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. დასახელებული სამართლებრივი დანაწესის მიზანია, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა, რათა უზრუნველყოფილი და კომპენსირებული იქნას ის ფინანსური სახსრები, რომლის მიღებაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი ქონებით მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომერციული მიზნებისთვის გამოყენების გამო (შდრ. სუსგ №ბს-381(კ-21), 14.04.2022წ; №ბს-68(კ-23), 17.03.2026წ.).
13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლი. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონებით კომერციული მიზნით სარგებლობისათვის სარგებლობაში გადაცემის საფასურის მოთხოვნაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკით გამოიყენება სწორედ სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (იხ. სუსგ №ბს-1112(კ-23), 15.02.2024წ; №ბს-1119(კ-24), 06.02.2025წ; №ბს-1274(კ-24), 06.02.2025წ; №ბს-54(კ-24), 17.09.2024წ.). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 21.09.2017 წლიდან, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, თუმცა, ვინაიდან სარჩელი სასამართლოს 29.06.2021 წელს წარედგინა, მოპასუხეს თანხა უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანამდე 3 წლით ადრე პერიოდიდან ანუ 01.07.2018 წლიდან. საკასაციო პალატა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვერ გაიზიარებს მოპასუხის პრეტენზიას, რომ მოთხოვნის წარმოშობა უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს 10.09.2020 წლის წერილს.
14. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით (F21001237) (იხ. ს.ფ. 141-143) დადასტურებულია 14.09.2021 წლის მდგომარეობით მოპასუხის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების ფაქტი, სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სწორედ 13.09.2021 წლის ჩათვლით პერიოდზე.
15. მოსარჩელე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „რ...ის“ შეფასების ანგარიშის საქმეზე დართვით დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და მიუთითებს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. ზოგადი წესის მიხედვით, არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს (სუსგ №ბს-379(კ-22), 01.06.2022წ.). სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ, პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები (სუსგ №ბს-1013(კ-24), 10.04.2025წ; №ბს-1154(კ-22), 05.05.2023წ.).
16. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) არამართლზომიერი სარგებლობის გამო გადასახდელი საფასურის ოდენობის თაობაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
18. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც მათი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2024 წლის გადაწყვეტილება.
4. შპს „...ას“ (ს/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს ა. ხ-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1541 ლარის (საგადასახადო დავალება №4205, გადახდის თარიღი 05.12.2024წ.) 70% – 1078.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე