დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1237(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1237(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ-ე, მესამე პირები - სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 27 მარტს ე. გ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2024 წლის 9 თებერვლის Nგ-39.38240402 განკარგულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს მე-... N... მ/ტ, მიწის ნაკვეთის ფართობი 411 კვ.მ., ე. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ე. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 9 თებერვლის Nგ-39.38240402 განკარგულება და დაევალა მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოსმგადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე, მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სადავო განკარგულებით ე. გ-ეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტი განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტის განვითარების არეალის 100 მეტრიან რადიუსში, კერძოდ, გზიდან 59 მეტრის დაშორებით და ამასთან, მას ჭრის შიდა კვარტალური სატრანსპორტო ზოლი.

სააპელაციო პალატამ „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებასა და საქმეში წარმოდგენილ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის N2-03/5257 წერილის შინაარსზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით დასრულდა დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები თბილისი - ...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი - ...ს მონაკვეთის განახლებაზე და ე. გ-ეის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთი (წერილის დანართით წარდგენილი სქემის მიხედვით) არ მოექცა ზემოთ დასახელებული პროექტის განვითარების არეალში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ე. გ-ეის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საავტომობილო გზის ღერძიდან მარცხენა მხარეს, 59 მეტრის დაშორებით, აღნიშნული აღარ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან საავტომობილო გზის პროექტის შედგენის პროცედურები დასრულდა ისე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ იქნა მოქცეული პროექტის განვითარების არეალში. ამავეს ადასტურებს, მესამე პირის - სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ ე. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარება არ წარმოადგენს მათთვის ხელშემშლელ გარემოებას განახორციელონ საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.

საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ მეორე გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე ე. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზუსტად რა მდებარეობით გადიოდა სატრანსპორტო გზა, რამეთუ ის გარემოება, რომ ე. გ-ე ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, ასევე აკმაყოფილებდა სხვა წინაპირობებს საკუთრების უფლების აღიარებისთვის, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის შემდგომ მიღებულ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის წერილზე, რომლის თანახმად, ქ. რუსთავში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 411 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 2-ში, სექტორ 1-ში და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილში არსებული ზოგადი მითითება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიასთან დაკავშირებით, ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამეთუ არ დგინდება კონკრეტულად რა მოცულობით და მდებარეობით კვეთს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ნაკვეთს შიდა კვარტალური გზა, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოება არც კომისიის წევრების მიერ შედგენილი ადგილის დათვალიერების აქტით დგინდება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ადგილის დათვალიერების 2023 წლის 5 დეკემბრის აქტიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით და მასზე დგას მრავალწლიანი ნარგავები. აღნიშნული აქტი არ შეიცავს რაიმე მითითებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთს კვეთს გზა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის სადავო ნაკვეთზე გზის გავლის ზუსტი ადგილმდებარეობა, განმცხადებელს ვერც იმ ტერიტორიის აღიარების შესაძლებლობა მიეცა, რომელზეც არ გადიოდა აღნიშნული გზა, ამგვარის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილზე გადიოდა გზა, აღნიშნული არ ქმნიდა სადავო საკითხზე სრული მოცულობით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით ესარგებლა მისი მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობით და ისე მიეღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, თავდაპირველად დაადგინოს შიდა კვარტალური საავტომობილო გზის ადგილმდებარეობა, ხოლო შემდგომ შესთავაზოს დაინტერესებულ პირს კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა. აღნიშნული საკითხების შეფასების შედეგად კი, გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის N2-03/5257 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ე. გ-ეის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საავტომობილო გზის ღერძიდან მარცხენა მხარეს, 59 მეტრის დაშორებით, აღნიშნული აღარ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან საავტომობილო გზის პროექტის შედგენის პროცედურები დასრულდა ისე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ იქნა მოქცეული პროექტის განვითარების არეალში. კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულება ზღუდავს გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწის გასხვისებას, განკარგულებით დადგენილი შეზღუდვა კი ისევ განკარგულებით უნდა მოიხსნას და მას ვერ შეცვლის დეპარტამენტის წერილი. ამასთან, კასატორი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-3 მუხლსა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის წერილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთს ჭრის სატრანსპორტო ზოლი, რის გამოც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სადავო აქტში სატრანსპორტო ზოლის ფართობის მითითება მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 2 ივნისს ე. გ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს მე-... N... მ/ტ (411 კვ.მ.), საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ქ. რუსთავი, ...ს მე-... N...-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ (ს/კ ..., მესაკუთრე - ე. გ-ე); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 17 მაისის N... წერილი, განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ; მ. გ-ის, ი. ხ-ის და დ. გ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული 2023 წლის 1 ივნისის განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ე. გ-ე ქალაქ რუსთავში, ...ს მე-... N...-ში მდებარე, მისსავე საკუთრებაში არსებული 487 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, 1990 წლიდან დღემდე თვითნებურად ფლობს 411 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც გაშენებული აქვს ათწლიანი ხეხილი. აღნიშნულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მას მოდავე არ ჰყავს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის წარდგენილ განცხადებას ასევე თან ერთვოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის N2-03/5257 წერილი, რომლის თანახმად, ე. გ-ეს ქალაქ რუსთავში, გ. ჩ-ის მე-... N...-ში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ...-ის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ღერძიდან მარცხენა მხარეს, 59 მეტრის დაშორებით მდებარე 411 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წერილის დანართით წარდგენილი სქემის მიხედვით) ლეგალიზაციით გაფორმების საკითხთან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით დასრულდა დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები თბილისი - ...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი - ...ს მონაკვეთის განახლებაზე. ე. გ-ეის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთი (წერილის დანართით წარდგენილი სქემის მიხედვით) არ ექცევა ზემოთ დასახელებული პროექტის განვითარების არეალში.

დადგენილია, რომ ე. გ-ეის 2023 წლის 2 ივნისის განცხადების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა ადგილის დათვალიერების აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, ადგილზე გასვლით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, დგას მრავალწლიანი ნარგავები.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 9 თებერვლის Nგ-39.38240402 განკარგულებით, ე. გ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს მე-... N... მ/ტ; მიწის ნაკვეთის ფართობი 411 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი განთავსებულია „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით განსაზღვრულ 100 მეტრიან ზოლში, კერძოდ, საავტომობილო გზის ღერძიდან 59 მეტრის დაშორებით და ასევე, სალეგალიზაციო ობიექტი გადის სატრანსპორტო ზოლზე.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის წერილი, რომლის თანახმად, ქ. რუსთავში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მ/ტ არსებული 411 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N154 დადგენილების კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შესაბამისად, მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 2, სექტორი 1-ში (სზ 2 სექტორი 1) და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 9 თებერვლის Nგ-39.38240402 განკარგულების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს მე-... N... მ/ტ, მიწის ნაკვეთის ფართობი 411 კვ.მ., ე. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, მითითებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 9 თებერვლის Nგ-39.38240402 განკარგულების თანახმად, ე. გ-ეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს მე-... N... მ/ტ; მიწის ნაკვეთის ფართობი 411 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა ორი საფუძვლით: 1. სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი განთავსებულია „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით განსაზღვრულ 100 მეტრიან ზოლში, კერძოდ, საავტომობილო გზის ღერძიდან 59 მეტრის დაშორებით; 2. სალეგალიზაციო ობიექტი გადის სატრანსპორტო ზოლზე.

საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის პირველ საფუძველთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საავტომობილო გზის პროექტის შედგენის პროცედურები დასრულდა და სადავო მიწის ნაკვეთი არ იქნა მოქცეული პროექტის განვითარების არეალში, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ე. გ-ეის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საავტომობილო გზის ღერძიდან 59 მეტრის დაშორებით, აღნიშნული აღარ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულების პირველადი რედაქციის თანახმად დადგენილი იყო, რომ მათ შორის თბილისი - ...ს საავტომობილო გზის თბილისი - რუსთავის მონაკვეთზე დაგეგმილი რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდერნიზებული საავტომობილო გზების საპროექტო გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება, თუმცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N1505 განკარგულებით, მითითებულ განკარგულებაში შევიდა ცვლილება და 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულების პრეამბულა, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, დადგინდა, რომ მათ შორის თბილისი-...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე დაგეგმილი რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების გათვალისწინებით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგან რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე, შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის N2-03/5257 წერილზე, რომლის თანახმად, ე. გ-ეს ეცნობა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით დასრულდა დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები თბილისი - ...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი - ...ს მონაკვეთის განახლებაზე და ე. გ-ეის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთი (წერილის დანართით წარდგენილი სქემის მიხედვით) არ ექცევა ზემოთ დასახელებული პროექტის განვითარების არეალში. ამდენად, მითითებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ საავტომობილო გზის რუსთავი - ...ს მონაკვეთის განახლებაზე დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები დასრულებულია, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება და არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ყოფილა გამოკვლეული ის გარემოება, დასრულებულია თუ არა მითითებული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულება), გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებას და არა საპროექტო გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისი - ...ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი - ...ს მონაკვეთის განახლებაზე დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები დასრულებულია, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დასრულებულია თუ არა მითითებული პროექტით დაგეგმილი სამუშაოები, რაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს და არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული სადავო განკარგულების მიღების დროს.

საკასაციო სასამართლო აქვე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მეორე საფუძველთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არც ამ ნაწილში გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 მაისის წერილზე (მიღებულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ), რომლის თანახმად, ქ. რუსთავში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მ/ტ არსებული 411 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N154 დადგენილების კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შესაბამისად, მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 2, სექტორი 1-ში (სზ 2 სექტორი 1) და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე. ამდენად, აღნიშნული წერილი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიასთან დაკავშირებით და წერილით არ დგინდება კონკრეტულად რა მოცულობით და მდებარეობით კვეთს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ნაკვეთს სატრანსპორტო ზოლი. ამასთან, ამგვარი ზოლის არსებობის თაობაზე მითითებას არ შეიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 5 დეკემბრის ადგილის დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით და დგას მრავალწლიანი ნარგავები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის სადავო ნაკვეთზე გზის გავლის ზუსტი ადგილმდებარეობა, მოსარჩელეს ვერც იმ ტერიტორიის აღიარების შესაძლებლობა მიეცა, რომელზეც არ გადიოდა აღნიშნული გზა (ამგვარის დადასტურების შემთხვევაში) და სრულად ეთქვა უარი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო აქტში სატრანსპორტო ზოლის ფართობის მითითება მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია კონკრეტულად რა მონაკვეთზე გადიოდა გზა და აღნიშნულის გათვალისწინებით არ მიუცია განმცხადებლისთვის მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სატრანსპორტო ზოლი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 411 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მხოლოდ კონკრეტულ ნაწილზე გადის, აღნიშნული სამართლებრივ საფუძველს აცლის ამ მოტივით მთლიან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. ამდენად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთის რა ტერიტორიაზე გადის სატრანსპორტო ზოლი, შესთავაზოს დაინტერესებულ პირს კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა და სადავო საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულება არ არის მიღებული საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით აქვს დაკისრებული. შესაბამისად, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხელახლა გამოკვლევას საჭიროებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე