დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-124 (კ-26) 1 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნა; ბ) დაევალოს მოპასუხეს ს.შ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადებითი დასკვნის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნა. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ს.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემა და საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-17, 22-ე და 24-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლზე მითითებით კასატორმა განმარტა, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ს.შ-ის (დაბ.: ... ... ...წ. საქართველოში, პასპორტის №...) 2022 წლის 29 ნოემბრის №... განცხადება, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე. კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ს.შ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა 9 ქულა (დადებთ შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). კომისიამ ასევე შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას და მიიჩნია, რომ ს.შ-ე ვერ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს. შესაბამისად, 2023 წლის 15 მარტს ს.შ-ის განცხადებაზე, საქართვველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოამზადა უარყოფითი დასკვნა №....
გასაუბრება კომისიის წევრებსა და გასაუბრებაზე მოწვეულ პირს შორის წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა შემდეგი: ს.შ-ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, ქ. ქუთაისში, საშუალო განათლება მიიღო უკრაინაში, უმაღლესი განათლება რუსეთში, დასაქმებული იყო პეტერბურგის სასამართლოში, ამჟამად დასაქმებულია სოც. უზრუნველყოფის სამსახურში, ჰყავს რუსეთის მოქალაქე შვილები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, საქართველოში ჰყავს დები, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არსებობს მის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
კასატორის განმარტებით, საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომელზედაც განსახილველ შემთხვევაში მხარე უთითებდა განცხადებაში, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი და სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი ოქმების შინაარსი, რომლებშიც ასახული იყო ს.შ-ის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. მოსარჩელის საქართველოსთან კავშირი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, კომისიის ოქმით აღნიშნული არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს.შ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნის კანონიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს (მე-17 მუხლის პირველი პუნქტი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს (მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ს.შ-ე (დაბადებული - ... ... ...წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ს.შ-ე დაბადებულია საქართველოში, ქ. ქუთაისში (ს.ფ. 67-71); ბ) 1990 წლის 8 აგვისტოს მომზადებული ცნობის თანახმად, ს.შ-ე 1987 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ,,...ის‘’ ...ის ...ად (ს.ფ. 143-146); გ) საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩაზე №14-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) თანამესაკუთრეა ს.შ-ე (ს.ფ. 28-29); დ) 2022 წლის 29 ნოემბერს ს.შ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. განმცხადებელმა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლად მონიშნა შემდეგი: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, რადგან საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიგაჩნიათ და თქვენ ან თქვენი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი (ს.ფ.57-66); ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №00006892 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 1 დეკემბრის №... წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ს.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ. 88); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №MIA 7 22 03517200 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 6 დეკემბრის №01/282456 წერილის პასუხად ეცნობა, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს (ს.ფ. 93-94); ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №SSG 4 23 00036652 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის №... წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ს.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ. 91); თ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 15 თებერვლის №5852 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.შ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. ამავე სხდომაზე, კომისიამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დაადგინა ს.შ-ესთან გასაუბრება (ს.ფ. 95-96); ი) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 13 მარტის №9142 სხდომის ოქმის თანახმად, კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს - ს.შ-ეს. ამავე ოქმის თანახმად, კითხვა-პასუხის შედეგად კომისიამ დაადგინა: ს.შ-ე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. დაბადებულია საქართველოში, ქუთაისში. საშუალო განათლება მიიღო უკრაინაში, ხოლო უმაღლესი განათლება რუსეთში. დასაქმებული იყო პეტერბურგის სასამართლოში, ამჟამად, დასაქმებულია სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში. ჰყავს რუსეთის მოქალაქე შვილები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, საქართველოში ჰყავს დები და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. კომისიამ დაადგინა, რომ ს.შ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა; საქართველოს ისტორია - 10 ქულა; სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა). კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ს.შ-ე ვერ აკმაყოფილებს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს (ს.ფ. 97-99); კ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების (№9142 სხდომის ოქმის) საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ს.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე №... უარყოფითი დასკვნა. 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ს.შ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები (ს.ფ. 100-101); ლ) 2023 წლის 15 მარტს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000839698/1 მიმართვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გაუგზავნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნა (ს.ფ. 102); მ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 16 მარტის №1874 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №... უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა (ს.ფ. 103).
საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №00006892 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ს.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №MIA 7 22 03517200 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №SSG 4 23 00036652 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ს.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 13 მარტის №9142 სხდომის ოქმის თანახმად, კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს - ს.შ-ეს. ამავე ოქმის თანახმად, კითხვა-პასუხის შედეგად კომისიამ დაადგინა: ს.შ-ე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, დაბადებულია საქართველოში, ქუთაისში. საშუალო განათლება მიიღო უკრაინაში, ხოლო უმაღლესი განათლება რუსეთში. დასაქმებული იყო პეტერბურგის სასამართლოში, ამჟამად დასაქმებულია სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში. ჰყავს რუსეთის მოქალაქე შვილები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, საქართველოში ჰყავს დები და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. კომისიამ დაადგინა, რომ ს.შ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა; საქართველოს ისტორია - 10 ქულა; სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნა არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. ამასთან, გარდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, სარჩელში მითითებულია, რომ ს.შ-ეს არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან, ყოველ შვებულებას ატარებს საქართველოში და შვილებსაც ხშირად აგზავნის, რათა დააახლოვოს ნათესავები და შეაჩვიოს ქართულ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას მასზედ, რომ გასაჩივრებული დასკვნა არ შეიცავს საკმარის მოტივაციას სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების მიღმა დატოვა იმგვარი არსებითი ფაქტები, რომლებსაც შეეძლო წარდგენილ მოთხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია. სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ს.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 15 მარტის №... დასკვნა ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.01.2026წ. №00823 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.01.2026წ. №00823 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა