დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1342(3კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1342(3კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე), სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „პ...“

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2025 წლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „პ...მა“ 02.10.2014 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრში 19.12.2005 წელს განხორციელებული №... ჩანაწერის, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.2009 წლის №... გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 28.11.2013 წლის №... გადაწყვეტილების და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.11.2013 წლის №... გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2014 წლის განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შპს „პ...მა“ 02.12.2014 წელს, ასევე 18.08.2015 წელს სასარჩელო მოთხოვნებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შესახებ განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხეებად მიუთითა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად ასევე დამატებით მოითხოვა: უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 05.05.2009 წლის №06-8/4429 მიმართვის, უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.11.2013 წლის №02-9/787 ბრძანების, უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20.11.2013 წლის №02-9/834 ბრძანების და უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 26.11.2013 წლის №02-9/846 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.2016 წლის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე (№3/3631-14) საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ №3/206-15 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - შპს „პ...“, რ. ა-ი, ლ. ქ-ე (ამჟამად ი-ი) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.2021 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე (№3/3631-14) განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2022 წლის განჩინებით შპს „პ...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყოველგვარი სარეგისტრაციო წარმოება-რეგისტრაციისა და შემდგომი ცვლილების განხორციელება ქ. თბილისში, მეტროსადგურ „...ს“ მიმდებარედ არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 234.88 კვ.მ. (235 კვ.მ.) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 348 კვ.მ. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში.

შპს „პ...მა“ 26.10.2021 წელს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.12.2005 წლის №6/1096 წერილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.05.2015 წლის №... გადაწყვეტილების და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.05.2015 წლის №02-9/575 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.12.2005 წლის №6/1096 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

შპს „პ...მა“ 03.06.2024 წელს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.09.2019 წლის №... გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.03.2022 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2024 წლის გადაწყვეტილებით შპს „პ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები: 19.12.2005 წლის №... ჩანაწერი №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.2009 წლის №... გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 28.11.2013 წლის №... გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.11.2013 წლის №... გადაწყვეტილება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.05.2015 წლის №..., 24.09.2019 წლის №... და 11.03.2022 წლის №... გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც ხდება შპს ,,პ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს.კ. №..., დაზუსტებული ფართობი - 4378 კვ.მ.) გადაფარვა (ს.კ. №... - ფართი - 235 კვ.მ. და ს.კ. №... – 348 კვ.მ.), ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 05.05.2009 წლის №06-8/4429 მიმართვა უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.11.2013 წლის №02-9/787 ბრძანება უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20.11.2013 წლის №02-9/834 ბრძანება უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 26.11.2013 წლის №02-9/846 ბრძანება უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.05.2015 წლის N02-9/575 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც ეხება შპს ,,პ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს.კ. №..., დაზუსტებული ფართობი - 4378 კვ.მ.) გადაფარვას (ს.კ. №... - ფართი - 235 კვ.მ. და ს.კ. №... – 348 კვ.მ.) და თვითმმართველის ერთეული სახელზე რეგისტრაციას, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 06.12.2005 წლის 6/1096 წერილი, რომლითაც გადაგზავნილ იქნა და დარეგისტრირდა ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსადგომების დისლოკაციის სქემები (ნუსხა, შესაბამისი ფართობების მინიშნებით), იმ ნაწილში, რომლითაც ეხება შპს ,,პ...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთს (ს.კ. №..., დაზუსტებული ფართობი - 4378 კვ.მ.) და გადაფარავს მას (ს.კ. №... - ფართი 235 კვ.მ. და ს.კ. №... – 348 კვ.მ.). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ასევე სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2024 წლის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის განჩინება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის (მიღებული 25.03.2005 წელს, ძალადაკარგულია 05.02.2014 წლის №1958 კანონით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 2005 წელს მოქმედი რედაქციის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის (მიღებული 16.12.2005 წელს, ძალადაკარგულია 05.02.2014 წლის №1958 კანონით) 671 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, დაურეგისტრირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. ასევე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

სააპელაციო პალატამ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018 წლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე კერძო პირის უფლების არსებობა გამორიცხავდა ქონების მართვის სააგენტოს შესაძლებლობას დაედგინა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. ამასთან, ისეთ პირობებში, როცა მიწის ნაკვეთზე კერძო პირის უფლების რეგისტრაციას აბრკოლებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქონების მართვის სააგენტოს გააჩნდა ვალდებულება, კერძო პირის უფლების შესაბამისად, თბილისის მთავრობის თანხმობით განეხორციელებინა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,პ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოიშვა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა (ძალადაკარგულია 20.03.2006 წლის №2635-რს კანონით) და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007 წლის №5274-რს კანონით) შესაბამისად. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 25.03.2021 წლის №ბს-1213(კ-19) განჩინებაზე და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შპს „პ...ზე“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია და არ გაუქმებულა საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტებიც. განსახილველ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს სახელზე სადავო პირველადი რეგისტრაციის დროს, მიწის ნაკვეთი შპს ,,პ...ს’’ სახელზე უკვე იყო აღრიცხული და გადაფარულ ნაწილზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება არ გაუქმებულა, ამდენად, სახეზეა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას (სუსგ 25.03.2021 წლის საქმე №ბს-459(კ-19)). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება უკვე აღრიცხული იყო შპს ,,პ...ს’’ სახელზე, მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი მასზე განეხორციელებინა თვითმმართველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სადავოდ ხდიდა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის განჩინებას, რომელიც შეეხებოდა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.12.2005 წლის №6/1096 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურიდან გაეგზავნა ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსადგომების დისლოკაციის სქემები, ნუსხა ფართების მინიშნებით და ეთხოვა აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი რეგისტრაცია, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, გასაჩივრებული წერილის/მიმართვის (ისევე როგორც ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის სადავო მიმართვებით) საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაცია და მას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის, სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. კასატორმა ასევე მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 46-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ქალაქ თბილისის მერის 26.12.2006 წლის №14 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენდა ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სარგებლობდა მესაკუთრის ყველა უფლებებით, მათ შორის, მიეღო გადაწყვეტილება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის ან/და საზღვრების ცვლილების შესახებ. კასატორმა მიუთითა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართვები გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილებები სადავო მიწის ნაკვეთების დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ინტერაქტიული რუკის თანახმად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონების კატეგორიას, რომელიც ამავე კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა ძირითად განუსხვისებელ ქონებას. კასატორმა მიუთითა, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გზას, რაც იმას ნიშნავს, რომ განკარგვის დროსაც უძრავი ქონება განუსხვისებელი ქონების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 22.09.2014 წლის №... გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ გადაფარვა დაფიქსირებული იქნა №... განაცხადის წარდგენის შემდეგ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის კონფიგურაცია განსხვავდებოდა №... განაცხადით რეგისტრირებულ მონაცემებზე წარდგენილი გეგმისაგან, რაც თავის მხრივ შეთანხმებული იქნა ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 23.02.1996 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი ახალი აზომვითი ნახაზი შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე და მის საფუძველზე დადგენილი გადაფარვის ფაქტი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.

კასატორმა - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.12.2005 წლის №6/1096 წერილისა და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2005 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 234.88 კვ.მ. დაზუსტებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა და ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ან ბათილად არ იქნება ცნობილი. კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ უთითებს არც ერთ ნორმას, რომელიც დარღვეულ იქნა სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემის დროს. არც სარჩელში და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახსენები არ არის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული წერილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ამასთან, ქონების მართვის სააგენტოს ფუნქციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით). კასატორმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ქონებათა სახეები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ქონება. ამასთან, იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ ქონებათა ჩამონათვალი, რომელიც კანონით თვითმმართველი ერთეულისთვისაა მიკუთვნებული და ქონება, რომელიც გამოირიცხება მისაკუთვნებელი ქონების სიიდან. კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, საქმის გარემოებების შესწავლისა და მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის შედეგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე. შესაბამისად, უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა ზემოთ აღნიშნული პრინციპების საფუძველზე და არ არსებობდა სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით შპს „პ...“ წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის, ...ს ქუჩასა და ... "...ს" შორის მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელზეც მისი უფლება რეგისტრირებულ იქნა 28.12.1998 წელს. უძრავ ნივთზე (ს/კ №...) საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. №07.12.70 დადგენილება, რომლითაც ,,პ...ს“ დაუმაგრდა ...ს მოედანს, ...ს ქუჩას, ...ს ქუჩასა და ... ,,...ს“ შორის არსებული ტერიტორია. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. №17.15.743 დადგენილებით შპს ,,...ს“ მიენიჭა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროგრამის სტატუსი და დაუდასტურდა უპირატესი ხელშეწყობის პირობები 10 წლის განმავლობაში. შპს ,,პ...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოიშვა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა (ძალადაკარგულია 20.03.2006 წლის №2635-რს კანონით) და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007 წლის №5274-რს კანონით) შესაბამისად. აღნიშნული უძრავი ნივთის კონფიგურაციისა და საზღვრების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 23.02.1996 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა და ამ უკანასკნელის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული საკადასტრო რუკა.

18.09.2014 წელს შპს „პ...მა“ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (№...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს 22.09.2014 წლის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა რეგისტრირებული ნაკვეთის (ს.კ. №...) კონფიგურაცია, ხოლო ვინაიდან მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელებული იყო ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 23.02.1996 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის გეგმით დადგენილი საზღვრების შესაცვლელად საჭირო იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა. ამდენად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

მოცემული დავის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი შპს „პ...ს“ №... სარეგისტრაციო განაცხადზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი უძრავი ნივთების (ს.კ. №... და ს.კ. №...) შესახებ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები.

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა 06.12.2005 წლის №6/1096 წერილის საფუძველზე ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ ,,...ს’’ მიმდებარედ, 234,88 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო 19.12.2005 წელს (ს.კ. №...). ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.06.2009 წლის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 05.05.2009 წლის №06-8/4429 წერილის საფუძველზე.

რაც შეეხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთს. თავის მხრივ, №... საკადასტრო კოდით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.11.2013 წლის №... გადაწყვეტილებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.11.2013 წლის №02-9/787 ბრძანების საფუძველზე მეტროსადგურ ,,...ს’’ მიმდებარედ 8386 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.11.2013 წლის №... გადაწყვეტილებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 26.11.2013 წლის №02-9/846 ბრძანების საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 8386 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიმიჯნა 8381 კვ.მ. (მიენიჭა №... საკადასტრო კოდი) და 5 კვ.მ. (მიენიჭა №... საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.05.2015 წლის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრის ცვლილება, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.03.2022 წლის №... გადაწყვეტილებით №... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო 8033 კვ.მ. (მიენიჭა №... საკადასტრო კოდი) და 348 კვ.მ. (მიენიჭა №... საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთებად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.09.2019 წლის №... გადაწყვეტილებით კი ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ 1447 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდება გამოვლინდა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო წარმოებისას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „პ...ს“ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე (ს.კ.№ ...) აღირიცხა 28.12.1998 წელს (№1818-98) და გაიცა შესაბამისი ამონაწერი. ამასთან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 09.12.1998 წელს გაიცა საკადასტრო რუკაც. აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერი ძალაშია და არ გაუქმებულა, რასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.2021 წლის №ბს-1213(კ-19) განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2017 წლის გადაწყვეტილება. მითითებული დავის საგანს სწორედ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.12.1998 წლის №1818/98 ჩანაწერის კანონიერება წარმოადგენდა, რა დროსაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი. ამდენად, 28.12.1998 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი არ იქნა ცნობილი ბათილად სასამართლოს მიერ, ძალაშია აგრეთვე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტებიც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა. სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციას არ ითვალისწინებდა აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონი და ამჟამად მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტს მიკუთვნებული ქონებიდან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს გამორიცხავს (107-ე მუხ.1-ელი პუნქტის „ბ.ა“ ქვ.პ., მე-2 პუნქტის „ა“ ქვ.პ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ თვითმმართველი ორგანოს სახელზე სადავო პირველადი რეგისტრაციების დროს, მიწის ნაკვეთი შპს ,,პ...ს" სახელზე უკვე იყო აღრიცხული და გადაფარულ ნაწილზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება არ გაუქმებულა, ამდენად, სახეზეა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას. (იხ. სუსგ 25.03.2021 წლის საქმე №ბს-459(კ-19)). ის გარემოება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ისვე როგორც სხვა მოპასუხეებს) ჰქონდა მსგავსი შინაარსის მიმართვების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილება, არ ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის (სახელმწიფოს) სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი მიმართვებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერებას. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო მიწის ნაკვეთის შპს „პ...სთვის“ გამოყოფა მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით და შესაბამისად, ის გარემოება, რომ მითითებულ მიწაზე არსებობდა სხვა პირის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო იმთავითვე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მას (ადმინისტრაციულ ორგანოს) თავისთავად ჰქონდა ვალდებულება სადავო მიმართვების გაგზავნამდე მოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდებოდა სხვა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში მუნიციპალიტეტის სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება (იხ. სუსგ 24.07.2024 წლის საქმე №ბს-1302(კ-22)). მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს თვითმმართველობის (სახელმწიფოს) სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის/მისი ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა (სუსგ 25.03.2021 წლის საქმე №ბს-459(კ-19)), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი და სადავო ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.05.2015 წლის №002828415 დასკვნაზე, რომლის მიხედვით საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 09.12.1998 წელს გაცემული ...ის, ...ს ქუჩისა და ... ,,...ს’’ შორის მდებარე შპს ,,პ...ს’’ სარგებლობაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე დატანილი 4378 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი მოიცავს დღეის მდგომარეობით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სრულად (ფართით 235 კვ.მ.) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს ფართით 348 კვ.მ.. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებულ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ სრულყოფილად შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, დაედგინათ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების არსებობის/არარსებობის საკითხი, მოეძიებინათ შესაბამისი დოკუმენტები თუ სხვა სახის მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). რაც შეეხება კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონების კატეგორიას და განკარგვის დროსაც წარმოადგენდა განუსხვისებელ ქონებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანს სცილდება სადავო უძრავი ქონების შპს „პ...ს“ სახელზე განკერძოების კანონიერება, ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ძალაშია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, ხოლო 28.12.1998 წლის №1818/98 სარეგისტრაციო ჩანაწერის მართლზომიერება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2017 წლის გადაწყვეტილებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2025 წლის განჩინება;

3.სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (საიდენტიფიკაციო კოდი 205270053) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 26.11.2025 წლის №01845 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე