დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-146(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ც-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე ზ. ც-ეის სასარგებლოდ 2022 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით (მიყენებული ზიანის) მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია) ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობის შესაბამისად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ზ. ც-ეის სასარგებლოდ 2022 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით (მიყენებული ზიანის) - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობის შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 აგვისტოს SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილება და სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ. ც-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე. სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მისი მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინების საფუძველზე, რომლითაც ძალაში შევიდა და აღსასრულებლად მიექცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტომ უზრუნველყო ზ. ც-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაციის) დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით“ (№2 დანართი) დადგენილი პირობების შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ ნებაყოფლობით იქნა აღსრულებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №3/7173-23), ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ. ც-ეისათვის სახელმწიფო გასაცემელის (კომპენსაციის) კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე. სწორედ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ გამოცემულ იქნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. სწორედ ამგვარ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენდა სააგენტოს აქტის ბათილად ცნობა (არა მისი ძალაში შესვლის დღიდან) და სააგენტოსთვის დავალება, დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (კომპენსაცია) მოსარჩელე ზ. ც-ეისათვის. საქმის განხილვის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა და არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა დავალებას, აენაზღაურებინა სააგენტოს მოსარჩელისთვის 2022 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია. გადაწყვეტილება ზედმიწევნით იქნა აღსრულებული სააგენტოს მიერ 2024 წლის 22 თებერვლის №SSA 1 24 00000039 ბრძანების გამოცემის გზით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი იქნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის იდეა და მისი აღსრულების აუცილებლობის საწყისები, მოსარჩელის მიერ კი, არასწორად იქნა გააზრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსი და მიუხედავად მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების ფორმულირებისა და შინაარსისა, აგრეთვე ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილებისა, ითხოვს იმ სამართლებრივ სიკეთესა და მატერიალურ სარგებელს, რომელიც ზიანის სახით მიადგა მას, მისივე ქმედებების შედეგად და სააგენტოს ბრალეულობას ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ აქვს. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებანი, შემდგომ კი, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, უგულებელყოფენ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობას და მის შინაარსს, უარყოფენ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, აუქმებენ სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად მისი კანონშესაბამისობისა და სააგენტოს ავალებენ გადაწყვეტილების გაუქმების მოტივაციით იმგვარი ქმედების განხორციელებას, რაც დავის საგანს არც კი წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 19 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №214893/01 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანის რაიონის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით გაეგზავნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემის ყოფილი მოსამსახურის ზ. ც-ეის პირად საქმეში არსებული სამსახურის გავლის ნუსხის შესაბამისი წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2022 წლის 19 აგვისტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილებით, ზ. ც-ეს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას, ვინაიდან არ აქვს ნამსახურობის 20 კალენდარული წელი, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების მიხედვით ზ. ც-ეს აქვს ნამსახურობის 18 კალენდარული წელი, სადაც შედის სამხედრო სავალდებულო სამსახური და შეღავათიანი გაანგარიშება 2 წელი და 1 თვე. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ზ. ც-ეის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო (ს.ფ 85-102); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ. ც-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. ც-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება (ს.ფ 85-102, 34-49, 50-58); გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/7173-22 საქმეზე 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 22 თებერვლის №SSA 1 24 00000039 ბრძანებით, მიღებულ იქნა ცნობად ზ. ც-ეის №3/7173-22 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და დაევალა თბილისის საქალაქო სერვის ცენტრს ზ. ც-ეისთვის (პ/ნ ...) სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია) დანიშვნის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით (ს.ფ 82-83); დ) ზ. ც-ეს მისი 2024 წლის 3 აპრილის განცხადების პასუხად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 აპრილის №SSA 2 24 00397022 წერილით ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. ც-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე. სასამართლოს არ უმსჯელია და, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მისი მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად და თბილისის საქალაქო ცენტრმა უზრუნველყო ზ. ც-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია) დანიშვნა „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით“ (№2 დანართი) დადგენილი პირობებით, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (ს.ფ 80-81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს და სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ზ. ც-ეისთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც დგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვილ პირებს.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
ზემოაღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. ც-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ც-ეის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და შეღავათიანი გაანგარიშების პერიოდის ჩათვლის პირობებში, აღემატებოდა 20 კალენდარულ წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს კომპენსაციის დასანიშნად. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის უკანონობა. შესაბამისად, მოსარჩელემ სადავო პერიოდში (2022 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით) ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ. ც-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოს მიერ უკანონოდ და, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელეს 2022 წლის 1 აგვისტოდან ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით არ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. მოცემული გარემოებები კი, მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა