დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-162(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-162(კ-26) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ო-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 22 მარტის №03-1825/ო ბრძანება ა.ო-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა.ო-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ა.ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ო-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 22 მარტის №03-1825/ო ბრძანება ა.ო-ისათვის დევნილთა სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, 2022 წლის 12 იანვარს ა.ო-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. 2022 წლის 12 იანვარს მოსარჩელე ა.ო-ისთან ჩატარდა გასაუბრება „პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად. გასაუბრების დროს მოქალაქე ა.ო-იმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ცხინვალში. 1980-1990 წლებში სწავლობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის სკოლაში. 1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ...ის ინსტიტუტი. 1997 წლამდე ...ში ოჯახთან ერთად ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 1997 წელს წავიდა სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ...ში, დაიწყო ვარჯიში და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება. პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე გამომუშავებით. 2000 წელს დაოჯახდა ...ში. 2001 წელს რუსეთში შეეძინა შვილი - შ.ო-ი. 2006 წელს შეიძინეს ბინა ქ. ...ში. შ.ო-ი 2007-2018 წლებში სწავლობდა ...ის სკოლაში. ა.ო-ის განცხადებაზე თანდართულია ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2022 წლის 12 იანვარს გაცემული №5 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ა.ო-ი, ლ.ბ-ე და შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებებთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ო-სთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. სააგენტოსთვის ცნობილი არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ა.ო-ი 1997 წლიდან დაკავშირებული იყო სოფ. ...სთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, რომლის თანახმადაც, არ იკვეთება მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. თუ სამინისტრო მიანიჭებს დევნილის სტატუსს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რისთვისაც კანონმდებელმა ეს უფლებამოსილება მიანიჭა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა.ო-ის მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2010 წლის 4 აგვისტოს გაცემულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობა სარეგისტრაციო №025-42959. მოსარჩელეს არ გაუვლია 2013-2014 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია (ს.ფ 17-18, 40); ბ) 2022 წლის 12 იანვარს ა.ო-იმა დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, განაცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ არის საქართველოს მოქალაქე და არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას დაერთო ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 12 იანვრის №5 ცნობა. ცნობის მიხედვით, ... წლის ... ...ს დაბადებული ა.ო-ი, მისი მეუღლე - ლ.ბ-ე და მათი შვილი - შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ცნობაში მითითებულია, რომ ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან მცხეთაში, ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯში (ს.ფ 40, 42); გ) 2022 წლის 12 იანვარს ა.ო-ის „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს ა.ო-იმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ცხინვალში. 1980-1990 წლებში სწავლობდა ...ში, ...ის სკოლაში; 1991-1994 წლებში სწავლობდა თბილისში, თბილისის ...ის ინსტიტუტში. ოჯახთან ერთად ეწეოდა სოფლის მეურნეობას 1997 წლამდე. 2000 წელს იქორწინა ლ.ბ-ეზე და მათ 2001 წელს რუსეთში შეეძინათ შვილი - შ.ო-ი. მოსარჩელის განმარტებით, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლამდე, იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ..., ..., სადაც ცხოვრობდა მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლში. ზაფხულში ჩასულები იყვნენ ...ში, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, ... დატოვა მეუღლესთან და შვილთან ერთად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებიდან დღემდე, 1997-2021 წლებში, ცხოვრობდა ...ში, თავიდან ნაქირავებ ბინაში, ხოლო 2006 წელს შეიძინა ბინა. ა.ო-ი რუსეთის ფედერაციაში სპორტით იყო დაკავებული. შვილი - შ.ო-ი 2007-2018 წლებში სწავლობდა ...ის სკოლაში (ს.ფ 43-46); დ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ა.ო-სთან ჩატარდა გასაუბრება. დასკვნაში ყურადღება გამახვილდა გასაუბრების დროს მიწოდებულ ინფორმაციაზე, სადაც, ა.ო-ი აღნიშნავდა, რომ 1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2001 წელს რუსეთში შეეძინა შვილი - შ.ო-ი, რომელიც 2007-2018 წლებში სწავლობდა ქ. ...ის სკოლაში. 2006 წელს შეიძინეს ბინა ...ში და ცხოვრობენ თავის საკუთრებაში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ცნობილი არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ა.ო-ის 1997 წლიდან სოფელ ...სთან კავშირს ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ა.ო-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი (ს.ფ 47-49); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 22 მარტის №03-1825/ო ბრძანებით, ა.ო-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე (ს.ფ 51); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 მაისს გაცემული საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელე ა.ო-ის 1997 წლიდან 2023 წლის 4 მაისამდე საზღვარი გადაკვეთილი აქვს ს.ს.კ.გ ,,თბილისის აეროპორტის“, ს.ს.კ.გ ,,გარდაბანის რკინიგზას“ და ს.ს.კ.გ ,,ყაზბეგის“ გავლით. ამავე ცნობის დანართის მიხედვით მოსარჩელეს საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს განხორციელებული გარკვეული პერიოდულობით. საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 06.02.1997 წელს; შემოსვლა ფიქსირდება 17.06.2008 წელს - გასვლა 05.08.2008 წელს. ასევე ამავე ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ საზღვრის კვეთა ფიქსირდება შემდეგი თარიღებით: შემოსვლა 23.04.2009 წ.- გასვლა 04.06.2009წ; შემოსვლა 25.06.2010 წ.- გასვლა 09.08.2010წ; შემოსვლა 26.06.2013 წ.- გასვლა 23.08.2013 წ; შემოსვლა 25.05.2015 წ.- გასვლა 21.08.2015 წ; შემოსვლა 30.05.2016 წ.- გასვლა 26.08.2016 წ; შემოსვლა 04.08.2017 წ.- გასვლა 14.09.2017 წ; შემოსვლა 12.06.2018 წ.- გასვლა 29.08.2018 წ; შემოსვლა 10.05.2019 წ.- გასვლა 17.05.2019 წ; შემოსვლა 27.12. 2020 წ.- გასვლა 12.08.2021 წ; შემოსვლა 23.12.2021 წ.- გასვლა 22.01.2022 წ; შემოსვლა 28.05.2022 წ.- გასვლა 09.09.2022 წ; შემოსვლა 21.12.2022წ.- გასვლა 12.04.2023 წ. (ს.ფ 100-103); ზ) ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის 3 ივნისის დასკვნის თანახმად, ა.ო-ი, მეუღლე - ლ.ბ-ე და შვილი - შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ამჟამად არიან დევნილები და დაკმაყოფილებული არიან ფულადი კომპენსაციით. ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის 13 მაისის ცნობის თანახმად, ა.ო-ი ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფლობდა ორ საცხოვრებელ სახლს და ხუთ მიწის ნაკვეთს (ს.ფ 88, 21).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ა.ო-ის საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად კი დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)). ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს, მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირების, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა.ო-ი არ წარმოადგენდა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელს და აღნიშნული საცხოვრებელი მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 12 იანვრის №5 ცნობაზე, რომლის მიხედვით, ... წლის ... ...ს დაბადებული ა.ო-ი, მისი მეუღლე - ლ.ბ-ე და მათი შვილი - შ.ო-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ცნობაში მითითებულია, რომ ამჟამად არიან დევნილები და ჩასახლებულები არიან მცხეთაში, ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯში. ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის 13 მაისის ცნობის თანახმად, ა.ო-ი ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფლობდა ორ საცხოვრებელ სახლს და ხუთ მიწის ნაკვეთს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ა.ო-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის გამოკვლეული/დასაბუთებული სადავო აქტის გამოცემის საფუძველი და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები - მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აკმაყოფილებს თუ არა ა.ო-ის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რაც მოპასუხეს სათანადოდ არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას და შეფასებას კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ა.ო-ის განცხადებაზე და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა