დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-171(2კ-26) 27 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. კ-ე (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – რეაბილიტირებული პირისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. კ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის 26 700 ლარისა და მატერიალური ზიანის 138 905 ლარის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელე დააკავეს 03.04.2015 წელს 00:55 საათზე. მას 04.04.2015 წელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 03.04.2015 წელს, დაახლოებით 00:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ მოსარჩელემ, მთვრალ მდგომარეობაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე „...ს“ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსით (სახელმწიფო ნომრით ...) მგზავრობისას, „...ს“ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ამავე მიკროავტობუსის მგზავრებმა: ე. გ-იმა და ი. კ-ემ. აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო, გორის რაიონული სასამართლოს 05.04.2015 წლის განჩინებით მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017 წლის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენით მოსარჩელეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა. 07.11.2017 წლის განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.2020 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 17.05.2021 წლის განჩინებით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2.3. დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 05.04.2015 წლიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 30.04.2015 წლის №916507 დასკვნა.
2.4. 10.01.2022 წელს მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 6 21 03179666 ადმინისტრაციული აქტი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, უწყვეტ სტაჟში ჩათვლილიყო 21.05.2015 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა, 21.05.2015 წლიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელო ხელფასის ანაზღაურება, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით (სახელმწიფო წოდებისათვის სარგოზე გათვალისწინებული დანამატი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკისათვის სპეციალური სახელმწიფო წოდებიდან გამომდინარე და თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი დანამატი), თვეში 900 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022 წლის განჩინებით №3/28-22 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმისწარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022 წლის განჩინება.
2.5. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (შემდეგში „კონვენცია“).
2.6. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის თანახმად, ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და არსებობდეს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
2.7. სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ვინაიდან სისხლის სამართლებრივი დევნა, პირის პასუხისგებაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს. სასამართლოს მითითებით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მისი ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, ასევე - წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, საქმის განხილვის ხანგრძლივობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენდა 10 000 ლარს.
2.9. რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაეკისროს 03.04.2015 წლიდან 10.06.2023 წლამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 138 905 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო.
2.10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანებით დასტურდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წლის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 13.12.2013 წლის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შს სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ..., პოლიციის ... მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 05.04.2015 წლიდან.
2.11. მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 30.04.2015 წლის №916507 დასკვნა. დასკვნის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ... მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობდა ... წლიდან. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 03.04.2015 წელს, დაახლოებით 00:30 საათზე, შს სამინისტროს მოსამსახურემ - მოსარჩელემ, მთვრალ მდგომარეობაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე „...ს“ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსით (სახელმწიფო ნომრით ...) მგზავრობისას, „...ს“ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ამავე მიკროავტობუსის მგზავრებმა. აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო, გორის რაიონული სასამართლოს 05.04.2015 წლის განჩინებით, მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. დასკვნის მიხედვით, ...მა მოსარჩელემ ჩაიდინა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წლის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წლის №989 ბრძანების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება.
2.12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო არა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი - არამედ სისხლისსამართლებრივი ბრალდებისგან დამოუკიდებლად შეფასდა მის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორც მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს (იგი არ ყოფილა გადაყენებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე). შესაბამისად, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ მოსარჩელემ სადავოდ გახადა, თუმცა დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადა, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმისწარმოება (განჩინება შესულია კანონიერ ძალაში).
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ სისხლის სამართლებრივ ბრალდებაში გამართლებისაგან დამოუკიდებლად, შესაძლებელია მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთოს საჯარო სამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედოს მისთვის დისციპლინური საქმის წარმოებას და შესაბამისი დისციპლინური სახდელის დაკისრებას. ამგვარ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომა და არა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან დათხოვნა“, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, აგრეთვე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ სამსახურიდან დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანების კანონიერება სადავო არ არის, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში გამართლებული პირის მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. ადგილი არ ჰქონდა მიზეზობრივ კავშირს უკანონო ბრალდებასა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას შორის. მაშასადამე, მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, მოითხოვა განჩინების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის) არსებობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
11. სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
12. მითითებული ნორმის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს (სუსგ №ბს-636(კ-23), 23.05.2024წ; №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.). ამდენად, სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი არის შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი.
13. საქმის მასალებში არსებული გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017 წლის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილს „ბ“ ქვეპუნქტით (განაჩენში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას მოხელის მოქმედება სცილდება სამსახურებრივ უფლებამოსილებას. იმისათვის, რომ დადგენილი იქნეს განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე, ანუ დამნაშავის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საჭიროა, რომ მოხელის მოქმედება აშკარად სცილდებოდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს.... დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით. ამგვარი კავშირის არარსებობისას დანაშაულის შემადგენლობა გამორიცხულია. ...გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული კონკრეტულ შემთხვევაში არ ახორციელებდა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მას როგორც მოხელეს არ გააჩნდა სამსახურებრივი უფლებამოსილება იქ მყოფი არცერთი პირის მიმართ, რომელთაც ზიანი მიადგათ). მოსარჩელეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.2020 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 17.05.2021 წლის განჩინებით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1, ს.ფ. 13-21).
14. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სსკ-ის 413-ე მუხლი) არის გათვალისწინებული (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.).
15. მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და განაჩენის გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ; №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).
16. დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხის იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
18. შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს, რომ პროცესის მონაწილე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, გამოიკვლიოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოთქვას საკუთარი პოზიცია მათ შესახებ და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა თუ ავთენტურობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელი ხასიათდება საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებური სისტემითა და პროცესის მონაწილეთა როლების თავისებური გამიჯვნით. ინკვიზიციური პროცესისგან განსხვავებით, სადაც მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებებით, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს მოსამართლის ნეიტრალურობის პირობებში სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608,609, II-15).
19. ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს 07.11.2017 წლის განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; ბრალდების მხარეს არ წარუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ პირის ბრალეულობას (ტ.1, ს.ფ. 18). ამასთან, მოპასუხე არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ მოპასუხის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022წ.).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).
21. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში (Şahin Çağdaş v. Turkey, №28137/02, 11.04.2006წ., §34). კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23).
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა დაახლოებით 9 თვის განმავლობაში. ამასთან, მოსარჩელე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
23. ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიურ სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23). განსახილველ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთისა და სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ხანგრძლივობისა და საბოლოოდ მოსარჩელის უდანაშაულოდ ცნობის გათვალისწინებით, კასატორები ვერ ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია (შდრ. სუსგ №ბს-806(2კ-21), 22.02.2022წ; №ბს-1330(კ-22), 23.02.2023წ; №ბს-786(2კ-21), 17.03.2022წ; №ბს-1276(კ-22), 25.04.2023წ; №ბს-778(კ-24), 25.09.2024წ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
24. მოსარჩელე მატერიალური ზიანის სახით ითხოვს მოპასუხისთვის, სამსახურის დაკარგვის გამო, 03.04.2015 წლიდან 10.06.2023 წლამდე მიუღებელი შემოსავლის 138 905 ლარის გადახდის დაკისრებასაც. დადგენილია, რომ „დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013 წლის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 236). მოსარჩელემ მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმისწარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო (დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადა). აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის განჩინებით (ტ.1, ს.ფ. 194-202). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან დათხოვნა“, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ამასთან, მოცემულ დავაში სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.05.2015 წლის №1088314 ბრძანების კანონიერება, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.12-2.13 პუნქტები).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
27. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2025 წლის განჩინება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე