დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-18(კ-26) 23 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ზ.რ-ე
მოპასუხე-ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 22 იანვარს ზ.რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. ბათუმში, ...ის ქ. N..., ბინა N...-ში, თუმცა საკუთრებაში ასევე გააჩნია ქ. ბათუმში, ...ის ქ. N...-ში (ს.კ ...) მდებარე ბინა, სადაც 2010 წელს ნებართვის გარეშე გამოჭრა ფანჯრის ღიობი. 2019 წელს ზედამხედველობის სამსახურმა ზ.რ-ეს მისცა მითითება მასზედ, რომ 10 დღის ვადაში ამოეშენებინა ფანჯრის ღიობი ან/და წარედგინა მშენებლობის ნებართვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან შეასრულა მითითებით განსაზღვრული ვალდებულება. 2019 წლის ნოემბერში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საბანკო ანგარიშს ედო ყადაღა, ვინაიდან გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი თანხის დაკისრების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დადგენილების აღსასრულებლად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ მითითების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმა დაეკისრა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 18.07.2019წ. N204 დადგენილებით ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო მოსარჩელეს ასევე დაეკისრა საურავი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა "სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ.რ-ის დაჯარიმებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილებისა და მითითებული დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო “საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი "ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილება; ზ.რ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება №3/21-21 საქმეზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №61 მითითებით, ზ.რ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ღიობის უნებართვოდ გამოჭრის გამო. მოსარჩელეს დაევალა 10 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 01.07.2019წ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს მითითების პირობების შესრულება და დადგინდა მითითების პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.
,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ზ.რ-ის დაჯარიმებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №204 დადგენილებით მოსარჩელეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით და დადგინდა მშენებლობის დემონტაჟი.
ზ.რ-ეს, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №204 დადგენილება, შპს „...ის“ კურიერის მეშვეობით, 2019 წლის 19 ივლისს გაეგზავნა მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №... საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, კურიერი მისამართზე გამოცხადდა 2019 წლის 22 ივლისს, თუმცა ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა.
ზემოხსენებული დადგენილება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19-20 პუნქტების შესაბამისად, 2019 წლის 31 ივლისს განთავსდა სამშენებლო ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას. 8.10.2019წ. შემოწმების აქტის საფუძველზე, ზ.რ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მიიჩნია, რომ ზ.რ-ეს №204 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა არ ჰქონდა გადახდილი, რაც წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველს. საქმის განხილვის სხდომაზე ზ.რ-ე არ გამოცხადდა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №403 დადგენილებით, ზ.რ-ეს ამავე სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისის №204 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, დაეკისრა საურავი, 3 000 ლარის ოდენობით.
ზ.რ-ემ ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №204 დადგენილება და ამავე სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №403 დადგენილება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 20.12.2019წ. N102 ბრძანებით მხარეს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 18.07.2019წ. N204 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო მეორე ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 43-ე, 25-ე მუხლის მე-17 და მე-19 ნაწილებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სააპელაციო საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიის სამსახურის 28.10.2019წ. N403 დადგენილების კანონიერება. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ მხარეს კანონით დადგენილი წესით გაეცნო დაჯარიმების შესახებ დადგენილება. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი ფოტოსურათებით შეუძლებელი იყო ადგილის იდენტიფიცირება, რამეთუ არ ჩანდა აქტი განთავსებული იყო თუ არა “პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19-20-ე ნაწილებით განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილას. სასამართლოს მითითებით, ფოტოსურათებზე მხოლოდ ფურცლები ჩანდა, ხოლო შინაარსი გაურკვეველი იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (Nბს-220-212(2კ-13), 9.09.2013), რომლის თანახმად, “შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება”. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი ადრესატისთვის ოფიციალური გაცნობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დადგინდა, რომ ზ.რ-ეს დაჯარიმების შესახებ დადგენილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, უსაფუძვლო იყო მისთვის საურავის დაკისრებაც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მიღებული საბოლოო შედეგი, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ პირმა ჩაიდინა სამშენებლო სამართალდარღვევა და უნებართვოდ განახორციელა მშენებლობა, ბუნებრივია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომზადებული და გამოცემული სადავო აქტები მოსარჩელის დაჯარიმებისა და საურავის დაკისრების შესახებ კანონიერია. სასამართლო სადავო აქტის უკანონობას ასაბუთებს აქტის ჩაუბარებლობაზე მითითებით. თავდაპირველად მხარეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა დაჯარიმების შესახებ დადგენილება, თუმცა გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა. მოგვიანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტი გამოიკრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართის შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის დანაწესის შესაბამისად უზრუნველყო მხარისთვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა და ჩაბარება. მოსარჩელეს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-17 და მე-19 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.04.2024წ. გადაწყვეტილებით ზ.რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, საურავის დაკისრების შესახებ” ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილება; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ხოლო მოსარჩელეს სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი სადავოდ აღარ გაუხდია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2.10.2025წ. განჩინებით ა(ა)იპ “ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა” და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2.10.2025წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და შეაფასებს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს, კერძოდ, „საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილების კანონიერებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის N61 მითითებით, ზ.რ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N...-ში, საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ღიობის უნებართვოდ გამოჭრის ფაქტზე. მოსარჩელეს დაევალა 10 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
1.07.2019წ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს ზ.რ-ის მიერ №61 მითითების პირობების შესრულების ფაქტი და დადგინდა, რომ მან არ შეასრულა მითითების პირობები. ზ.რ-ეს უწყებით ეცნობა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი, თარიღი და დრო. 5.07.2019წ. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე ზ.რ-ე არ გამოცხადდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ზ.რ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით და დადგინდა მშენებლობის დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ზ.რ-ეს 2019 წლის 19 ივლისს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა N.... საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან ზ.რ-ე მისამართზე არ იმყოფებოდა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილება, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-19-20-ე ნაწილების შესაბამისად, 2019 წლის 31 ივლისს განთავსდა სამშენებლო ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული
პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილებით, ზ.რ-ეს ამავე სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, დაეკისრა საურავი, 3 00 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია რამდენად სწორად დაეკისრა მხარეს საურავი და უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული აქტის გაცნობად მისი განთავსება სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ხოლო იმავე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, კი ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით ნათელია, რომ მხარისთვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების პირადად ჩაბარების შეუძლებლობის მოცემულობისას, მითითებული აქტების მხარისთვის გაცნობად მიიჩნევა დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტების ადრესატისადმი გაცნობის ფორმა თვალსაჩინო ადგილას განთავსების გზით გამოიყენება როგორც უკიდურესი საშუალება, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენების მიუხედავად ვერ დაადგინა სამართალდამრღვევი პირის ადგილსამყოფელი.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად: სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართადარღვევისთვის პირს საურავი დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ იგი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამდენად, არსებითია დადგინდეს მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თუ არა დაჯარიმების შესახებ დადგენილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის Nბს-220-212 (2კ-13)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება. დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, რადგან გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს სადავო აქტს. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის უფლებას საჩივარზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ოფიციალური გაცნობა ნიშნავს დაინტერესებული პირისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ზ.რ-ეს მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა დაჯარიმების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის N204 დადგენილება, რომელიც ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო, კორესპონდენცია ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა გამგზავნ ადმინისტრაციულ ორგანოს. უკუგზავნილში მითითებულია, რომ ბინა გაქირავებულია. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის უცნობი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმების ფაქტი, შეტყობისთანავე ჯარიმა გადაიხადა. ამასთან, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს არა სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის ადგილი, არამედ სხვა მისამართი, კერძოდ ქ. ბათუმი, ... ...ის ქუჩა N..., ბინა ... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროს (ცეესკოს ოფიციალური საიტი) მეშვეობით დგინდება, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. ბათუმი, ... ...ის ქუჩა N..., ბინა ...
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ დადგენილების სამშენებლო ობიექტზე გაკვრა უპირობოდ არ უნდა განხილულიყო როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობა (გადაცემა/ჩაბარება). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანომ აქტის ერთჯერადად ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლობის პირობებში, განმეორებით გაგზავნის, მხარის სხვა ალერნატიული მისამართის მოძიებისა და მასთან სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობის გარეშე, პირდაპირ განათავსა იგი სამშენებლო ობიექტის ფასადზე. თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებად, თუ ორგანომ გზავნილის პირადად ჩაბარების ყველა სხვა საშუალება ამოწურა. ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი აქტების გაგზავნის შესახებ, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად. ადრესატისათვის კორესპონდენციის ერთხელ გაგზავნა ვერ იქნება ასეთ ღონისძიებად მიჩნეული, რადგან ფოსტის მეშვეობით გზავნილის ერთხელ ჩაუბარებლობა არ ადასტურებს გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების რეალურ შეუძლებლობას და შესაბამისად, არ წარმოშობს თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობას.
მოცემულ შემთხვევაში, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა არ დაიცვა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის დანაწესი, რადგან არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა გონივრული შესაძლებლობა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარე ინფორმირებული იყო მის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მითითება, შემოწმების აქტი, დაჯარიმების შესახებ დადგენილება) მიღების თაობაზე, შესაბამისად, მხარეს არ მიეცა საშუალება სამშენებლო სამართალწარმოების თითოეულ სტადიაზე სამართლებრივად დაეცვა საკუთარი ინტერესები.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ მშენებარე ობიექტზე დადგენილების გაკვრის გზით დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის წესი გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადრესატისათვის მისი გაცნობა, პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის როგორც საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა, გააცნოს დადგენილება ადრესატს ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით, აღმოჩნდება უშედეგო (სუსგ Nბს-1443(კ-18); 16.07.2019წ).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის "კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს, რისი შესაძლებლობაც განსახილველ შემთხვევაში ზ.რ-ეს არ მიეცა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა სადავო აქტის - 2019 წლის 28 ოქტომბრის N403 დადგენილების მიღებამდე სრულყოფილად არ გამოიკვლია ზ.რ-ისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარების საკითხი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან ზ.რ-ეს დაჯარიმების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, გამოირიცხებოდა ჯარიმის გადაუხდელობის მოტივით მოსარჩელისთვის საურავის დაკისრებაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა