დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 29.06.2026
საქმის ნომერი
ბს-186(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-186(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

29 ივნისი, 2026 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ტ-ვ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხეები)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

პალატამ გამოარკვია:

ა. ტ-ვმა სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა ბათილად ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის პირველი აგვისტოს №1000789197 უარყოფითი დასკვნის. ბათილად ცნობა საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 6 სექტემბრის №395 ბრძანებულების, ა. ტ-ვისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ასევე მოითხოვა მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა - ა. ტ-ვისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026 წლის განჩინებით ა. ტ-ვს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ან ი. მ-ეის სახელზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა, გასაჩივრების უფლებით; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026 წლის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა კასატორს, თუმცა ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მისამართზე არავინ დახვდა კურიერს. 2026 წლის 21 აპრილის განცხადების საფუძველზე 04.03.2026 წლის განჩინება ელექტრონულ ფოსტაზეც გაეგზავნა კასატორს, თუმცა აღნიშნული გზავნილის მიღების დადასტურება არ მომხდარა კასატორის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2026 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-186(კ-26) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წინამდებარე განჩინების საჯაროდ გავრცელებით კასატორს ეცნობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026 წლის განჩინება. განჩინება საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებით (www. ecd.court.ge); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026წ. განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა სასამართლო შეტყობინების საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

სსსკ-ის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 07.05.2026 წლის განჩინების საჯაროდ გავრცელებით კასატორს ეცნობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026 წლის განჩინება. ასევე ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2026წ. განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული განჩინება ა. ტ-ვისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 15.05.2026 წელს. შესაბამისად გასაჯაროების პერიოდი ამოიწურა 22.05.2026 წელს. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინება ჩაბარებულად ჩაეთვალა 22.05.2026 წელს.

სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2026 წლის 23 მაისს და ამოიწურა 2026 წლის 29 მაისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინებაზე ა. ტ-ვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე