დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-219(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილებით ს. ზ-ეის სარჩელი მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 30.01.2024 წლის №SSA52400105901 შეტყობინება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.03.2024 წლის №SSA32400314907 გადაწყვეტილება, სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 01.04.2024 წლის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.05.2024 წლის №SSA82400492897 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ზ-ეისათვის, 2024 წლის 18 მარტიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ს. ზ-ე 2018 წლიდან მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ- არქიტექტურულ კომპლექსში ...ს პოზიციაზე. მას სახელმწიფო პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, 12.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 16.11.2010 წლის №46 დადგენილებაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საქმიანობა არ შეიძლება შეფასდეს საჯარო საქმიანობის განხორციელებად. პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად პირის კვალიფიკაცია საჭიროებს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას (სუსგ №ბს-1510(კ-18), 23.01.2020წ., №ბს-1214 (კ-21), 12.07.2022წ.).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი (მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი) ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, ს. ზ-ე ითვლება მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულად, რის გამოც იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად, შესაბამისად არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის (ასაკობრივი) შეწყვეტის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ...ს პოზიციაზე. აღნიშნული კომპლექსი არ წარმოადგენს ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები, შესაბამისად, ს. ზ-ე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ იპოვებს. ს. ზ-ეს პენსიის გაცემა შეუწყდა 2023 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო და დაეკისრა საჯარო საქმიანობის პერიოდში (2021 წლის პირველი აპრილიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე) ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის 5575 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება. რაც შეეხება 2021 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ თანხებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვალა ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. კასატორებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ მსგავს დავაზე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს და საკითხის ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.04.2016წ. განჩინება საქმეზე №2-3/1/648, II-3). იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, თავად ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ფარგლები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2024წ. საოქმო ჩანაწერი №2/17/1274 საქმეზე, II-18), რომელიც განამტკიცებს და იცავს საკუთრების უფლებას. კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ასაკის გამო, პენსიის დანიშვნას, ექცევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოქმედების სფეროში იმ პირებისთვის, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ (იხ. „Carson and Others v. the United Kingdom“, [GC], 2010, §64).
საქმის მასალებში დაცული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 30.01.2024 წლის ͏№SSA 5 24 00105901 შეტყობინებით ს. ზ-ეს ეცნობა მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (2021 წლის პირველი აპრილიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე) ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის 5575 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულების თაობაზე (ს.ფ. 107). ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ს. ზ-ეს პენსიის გაცემა შეუწყდა 2023 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, კერძოდ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დასაქმების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.03.2024 წლის №SSA 3 24 00314907 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 108-113). ფილიალის 29.03.2024 წლის №358117-2024/03 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2024 წლის პირველი აპრილიდან პენსიის (ასაკის გამო) დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით (ს.ფ. 117). სააგენტოს 01.05.2024 წლის №SSA 8 24 00492897 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოს ფილიალის ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 118-122). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მიღებული პენსიის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნისა და მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის მართლზომიერება, კერძოდ, შესაფასებელია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსის საქმიანობის საჯარო საქმიანობად მიჩნევისა და ამ დაწესებულებაში დასაქმებული მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძვლების არსებობა.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გამომდინარე საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა. მსგავს დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აგრეთვე საჯარო სამსახურად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე 2018 წლიდან მუშაობს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ...ს პოზიციაზე. საქართველოს პრეზიდენტის 07.11.2006 წლის №665 ბრძანებულებით გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსს, როგორც კულტურის უძრავ ძეგლს, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს პრეზიდენტის 29.08.2007წ. №491 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 11.07.2016 წლის №164 ბრძანებულებით), გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა სსიპ გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 03.02.2012წ. №84 ბრძანებულებით მიუერთდა სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაფუძნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 16.11.2010 წლის №46 დადგენილებით. სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მასზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებდა და იგი შედიოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში. ამჟამად სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებლ ორგანოს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო. ამავე დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს დებულებით განისაზღვრა სააგენტოს მიზნები, ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი. სხვა უფლებამოსილებებთან ერთად სააგენტოს გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუზეუმო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება (დებულების 3.1 მუხ. „ფ“ ქვ.პ.). „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დამსაქმებელი დაწესებულება მის შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც (დებულების 6.5 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ამდენად, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ...ს პოზიციაზე მოსარჩელის საქმიანობა, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ვერ მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ იმგვარ საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას (შდრ. იხ. №ბს-502(კ-25), 20.11.2025წ., №ბს-1022(კ-25), 25.11.2025წ.). მითითებული გარემოებები კი ქმნიდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველს.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორების მითითება მასზე, რომ სააგენტოს არ აქვს, მსგავს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა პირს შეეხება. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს, შესაბამისად კასატორების აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს მოსარჩელის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დაუშვებელია საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული აქტების სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მსგავს საკითხზე საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან განსახილველი საქმის განსხვავების დასაბუთება.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე