დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.06.2026
საქმის ნომერი
ბს-221(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-221(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2025 წლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 20.11.2023 წლის №SSA52301241801 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 17.01.2024 წლის №SSA92400051914 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან, ასევე დაევალა რ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 15.11.2023 წლის №1222564 განცხადების წარდგენიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რ. ბ-ე დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ...ის, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 26.12.2006 წლის №95 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების თანახმად, ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული ანსამბლი წარმოადგენს კულტურული შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კულტურულ დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება კულტურული დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. ვინაიდან მოსარჩელე რ. ბ-ე საქმიანობს კულტურულ დაწესებულებაში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად. მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, შესაბამისად, გადაწყვეტილება, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შტატით გათვალისწინებულ პოზიციაზე. აღნიშნული ცენტრი არ წარმოადგენს ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები, შესაბამისად, რ. ბ-ე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებს. კასატორებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ მსგავს დავაზე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს და საკითხის ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის მართლზომიერება და მისი დანიშვნის წინაპირობების არსებობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.04.2016წ. განჩინება საქმეზე №2-3/1/648, II-3). იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, თავად ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ფარგლები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2024წ. საოქმო ჩანაწერი №2/17/1274 საქმეზე, II-18).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლით დაცულია როგორც პირის უფლება, გახდეს მესაკუთრე, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ასევე ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იგი მიიღებს კანონით დადგენილ სარგებელს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 25.07.2023წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/1675, II-7). კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ასაკის გამო, პენსიის დანიშვნას, ექცევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოქმედების სფეროში იმ პირებისთვის, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ (იხ. „Carson and Others v. the United Kingdom“, [GC], 2010, §64).

საქმის მასალებში დაცული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის ფილიალის 20.11.2023 წლის №SSA 5 23 01241801 წერილით მოსარჩელეს პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, კერძოდ, სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში“ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 17.01.2024 წლის №SSA 9 24 00051914 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოს ფილიალის ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გამომდინარე საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა. მსგავს დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აგრეთვე საჯარო სამსახურად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა.

მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის დამსაქმებელი დაწესებულება წარმოადგენს კულტურულ- შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას. კანონით დადგენილ გამონაკლისებთან სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის“ საქმიანობის კუთვნილების თაობაზე დასკვნა აგრეთვე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ბს-631(კ-23), 05.10.2023 წ., №ბს-1388(კ-24), 20.05.2025წ., №ბს-714(2კ-კს-25), 21.07.2025წ., №ბს-738(კ-25), 29.09.2025წ., №ბს-787(კ-25), 27.10.2025წ., №ბს-852(კ-25), 20.11.2025წ.). ამდენად, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ამ დაწესებულებაში ...ის თანამდებობაზე რ. ბ-ის საქმიანობა ვერ მიიჩნევა იმგვარ საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული ქმნიდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველს.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორების მითითება მასზე, რომ სააგენტოს არ აქვს, მსგავს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა პირს შეეხება. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს, შესაბამისად კასატორების აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს მოსარჩელის მიმართ განსახვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დაუშვებელია საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული აქტების სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მსგავს საკითხზე საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან განსახილველი საქმის განსხვავების დასაბუთება.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე