დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-230(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. თ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის კ. თ-ის მიმართ ჯარიმის 28 000 ლარისა და 2023 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს - ჯარიმის თანხის 0,02%-ის (არაუმეტეს 8 400 ლარისა) მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 01.09.2023 წლის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, კ. თ-ის საკუთრებაში არსებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) უძრავ ქონებას ყადაღა დაედო 36 400 ლარის ფარგლებში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს კ. თ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 5 000 ლარის გადახდა.
სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, თუმცა კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული და დაწესებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებითა და სურვილით. აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები. ამგვარ პირობებში ჯარიმის - 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად არ უნდა შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპასუხესთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ამ უკანასკნელის პირადი პატაკის გამო და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (მოპასუხის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 05 წელს, 06 თვეს და 20 დღეს, მოპასუხეს არასდროს დაურღვევია ვალდებულება), ოჯახური მდგომარეობის (დედა დაავადებულია ძუძუს კიბოთი, მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია), მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ჯარიმის ოდენობის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისგან მოითხოვს არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სახეს. მოთხოვნილი თანხა არის ერთჯერადი საჯარიმო სანქცია, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.14 მუხლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო 2.15 მუხლის მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის წესს, ხოლო ამავე თავის 11 პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით და შეთანხმების 6.2 პუქნტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს-ჯარიმის 0,2%-ის ოდენობის გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2023 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე (არაუმეტეს 8400 ლარის ოდენობით). ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელება უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 11.09.2017 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. თ-ეს შორის დაიდო „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი (ს.ფ. 16-21). სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 6 კალენდარული წლისა და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამი (კონტრაქტის 2.1 მუხ.), ასევე ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში განისაზღვრა მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობა - ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით ამავე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში (6.2 მუხ). მხარეებს შორის 30.04.2022 წელს დაიდო შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასწავლო მივლინების შესახებ“ (ს.ფ. 22-25). სამხედრო მოსამსახურემ იკისრა სამხედრო სამსახურში არანაკლებ 8 წლის ვადით მსახურების ვალდებულება (შეთანხმების 3.1 მუხ.). შეთანხმების მე-6 მუხლიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ამ შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, თავისი სურვილით დატოვებს სამხედრო სამსახურს, იგი ხდება ვალდებული შეთანხმების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში სამინისტროს აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.1, 6.2 მუხ.).
კ. თ-ემ 13.03.2023 წლის პატაკით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა ოჯახური მდგომარეობის გამო (ს.ფ. 26). საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 27.03.2023 წლის №MOD 5 23 00001050 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის B ქვეითი ასეულის II ქვეითი ოცეულის მეთაური ლეიტენანტი კ. თ-ე 2023 წლის პირველი აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 28). დათხოვნის საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა).
საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურის კ. თ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 5 წელი, 6 თვე და 20 დღე, შესაბამისად, დგინდება მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მიანიჭა .
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 21.09.2023წ. თავდაცვის კოდექსით) 2.14 მუხლის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. თ-ეს შორის 11.09.2017 წელს და 30.04.2022 წელს დადებული კონტრაქტის/შეთანხმების ფორმა დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის №729 და 04.04.2022 წლის №279 ბრძანებებით, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტ(ებ)ით.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტის სახის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დებულების მე-18 თავს 11 პუნქტი დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022 წლის №505 დადგენილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის კონტრაქტი/შეთანხმება დაიდო სამხედრო სამსახურის დებულებაში აღნიშნულ დამატებამდე, კერძოდ, 11.09.2017 წელს და 30.04.2022 წელს.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, მხარეთა შორის კონტრაქტის დადებისა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეთანხმების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ეწინააღმდეგება დათქმას, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კ. თ-ის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ უნდა იქნეს გაზიარებული (შდრ. იხ. სუსგ №ბს-378(კ-23), 05.10.2023წ.; №ბს-449(კ-23), 05.10.2023წ.).
უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს (სუსგ №ბს-1138(კ-22), 30.03.2023წ.; №ბს-378(კ-23), 05.10.2023წ.; №ბს-531(კ-23), 27.11.2023წ.).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე იმსახურა 5 წელი, 6 თვე და 20 დღე. აღნიშნული ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე ოჯახურ მდგომარეობაზე, კერძოდ, მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითეს. ... კლინიკის 14.09.2022 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ი. შ-ის (მოპასუხის დედის) დიაგნოზია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე (ს.ფ. 71-72, 83). ... ცენტრის 28.11.2022 წლის ცნობის მიხედვით, ა. თ-ეს (მოპასუხის მამას) გააჩნია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, II ხარისხის გადაადგილების, თვითმომსახურების შეზღუდვით (ს.ფ. 73-74, 83). საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) კ. თ-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, შესაბამისად, კასატორის მითითება მასზედ, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2024 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე