დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-246(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ფ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი.ფ-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ი.ფ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის ანაზღაურება.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხე ი.ფ-ას (პ/ნ...) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., სართული №..., ბინა №..., ს/კ..., სასარჩელო მოთხოვნის, 3000 ლარის ფარგლებში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი.ფ-ას (პ/ნ...) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის გაფორმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად, რეზერვად. ამავე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
კასატორის მითითებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას და ვადას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამის სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე დებულების მე-18 თავით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი. ხოლო მე-18 თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობად, კერძოდ, ჯარიმა, პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა, კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, აანაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ბრძანება დღემდე იურიდიული ძალის მქონე მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია და მითითებული ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა უფორმდება ათასობით სამხედრო მოსამსახურეს.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია განსახილველი დავის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება. კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება, კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას, იმის მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობები პირველადი რედაქციით ითვალისწინებდა ჯარიმის 14000 ლარის და 10000 ლარის, ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ჯარიმა მიიჩნია რა მაღალ ჯარიმად, თვითონვე მოაწესრიგა საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და 2014 წლის 22 ნოემბრის №1633 თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ცვლილება განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის, 3000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისგან ითხოვს არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სახეს, რომელიც პირს შეუსრულებელი ვალდებულებისთვის ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება. მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ერთჯერად საჯარიმო სანქციას, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ფ-ას შორის, 2020 წლის 18 ნოემბერს, 4 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი (ს.ფ. 18-25); ბ) 2022 წლის 31 მარტს ი.ფ-ამ პირადი პატაკის საფუძველზე, საზღვარგარეთ წასვლის გამო მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა (ს.ფ. 28); გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 27 აპრილის ბრძანებით დასტურდება, რომ ი.ფ-ა, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების თანახმად (პირადი პატაკის საფუძველზე) დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან 2022 წლის პირველი მაისიდან (ს.ფ. 30); დ) 2022 წლის 04 მაისის ცნობის თანახმად, ი.ფ-ას ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 5 თვე და 13 დღე (ს.ფ. 26-27).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების კანონიერება. ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ფ-ას შორის გაფორებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ი.ფ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობების არსებობა ფასდება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შესაბამისად, შემცირების საფუძვლებიც (მაგ. ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა. შ.) ინდივიდუალურად ფასდება. გასათვალისწინებელია მოპასუხის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა, ვალდებულების სახე და დარღვევის ხარისხი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება, მოპასუხემ, პირადი პატაკის საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვეტა. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონოდა მოპასუხის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ი.ფ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-929(კ-22), 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-419(კ-22), 2022 წლის 10 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-993(კ-21)).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა