დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.05.2026
საქმის ნომერი
ბს-25(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-25(კ-26) 21 მაისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ. კ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელე 31.12.2016 წლიდან 31.12.2019 წლამდე მუშაობდა „...ში“ ჟურნალისტად.

2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.07.2021 წლის №008192819 დასკვნის თანახმად, წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამეციდინო ბარათიდან ირკვეოდა, მოსარჩელემ სამედიცინო ცენტრს მიმართა 21.06.2019 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ლოყისა და საფეთქელ-ქვედა ყბის არის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ,,...მარცხენა ლოყაზე აღენიშნება სისხლმდენი ჭრილობა“. მოსარჩელეს 06.07.2019 წელს 14:46 საათზე პირადი შემოწმების მონაცემებით სახის არეში, მარცხენა ყბა-ყურა-საღეჭ მიდამოში აღენიშნებოდა ერთი უსწორონაპირებიანი ნაწიბური, რომელიც წარმოადგენს უსწორო კიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდეგ კვალს, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ 20-21.06.2019 წლის გარემოებებს.

2.3. 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. შედეგად ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო ჟურნალისტმა მოსარჩელემ, ამასთან, მის მიმართ განხორციელდა პროფესიულ (ჟურნალისტურ) საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლა. მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე №074091119801 დაზარალებულად იქნა ცნობილი.

2.4. 15.09.2021 წელს, საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ლიკა ალელიშვილმა განმარტა, რომ არის ჟურნალისტი და მოსარჩელეს იცნობს დაახლოებით 10 წელია. 20.06.2019 წელს ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მუშაობდნენ დაახლოებით ერთ ტერიტორიაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროკავშირის დროშის ქვეშ ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. პოლიციისათვის იდენტიფიცირებადი იყო, რომ იყვნენ ჟურნალისტები, ეჭირათ მიკროფონები, ეცვათ „პრესის“ ჟილეტები. არეულობის დაწყების შემდეგ დაინახა, რომ მოსარჩელეს სახეზე მოსდიოდა სისხლი და თუ ვინ ესროლა არ იცის, არ დაუნახავს.

2.5. სასამართლოს მითითებით, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენება, რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო სხეულის (სახის) დაზიანება. მოსარჩელის მიმართ, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიული ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილიდან, პოლიციამ გამოიყენა იმგვარი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არ იყო გამოსადეგი, რადგან მის მიმართ ძალის გამოყენებით ვერ აღიკვეთებოდა იმ პირთა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რის გამოც დაიწყო პოლიციამ შეკრების შეწყვეტა, ასევე, არ იყო აუცილებელი, რადგან შეკრების შეწყვეტის მიზნით კანონდამრღვევი პირების მიმართ შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება.

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი არაქონებრივ ზიანს წარმოადგენს და მას მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია, იგი დაკავშირებულია პირის პატივისა და ღირსების შელახვასთან, განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და ა.შ.. მორალური ზიანის ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს პირისათვის მიყენებული ფსიქოემოციური ზიანის სრულად აღმოფხვრას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მაგრამ მის მიზანს შესაბამისი პირის ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და განცდილი სტრესით, შიშით, უარყოფითი ემოციებით მიღებული მდგომარეობის შემსუბუქება წარმოადგენს. მორალური ზიანის ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დავალებოდა ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა წარმოადგენს.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში სსკ) დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

12. სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

13. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას ეკისრება სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები (სუსგ №ბს-509-506(2კ-17), 30.11.2017წ.).

14. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სსკ-ის 413-ე მუხლი) არის გათვალისწინებული (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა (სუსგ №ბს-48(კ-25), 10.03.2025წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო ჟურნალისტმა მოსარჩელემ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 274-279), რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიული ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილიდან. ამასთან, მის მიმართ განხორციელდა პროფესიულ (ჟურნალისტურ) საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლა. მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე №074091119801 დაზარალებულად იქნა ცნობილი (ს.ფ. 254-255).

17. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მითითება, რომ შეკრებამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მიღებულ იქნა დაშლის გადაწყვეტილება, არ გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობას (შდრ. სუსგ №ბს-48(კ-25), 10.03.2025წ; №ბს-315(2კ-24), 19.02.2025წ; №ბს-1171(2კ-24), 18.03.2025წ; №ბს-737(კ-25), 15.01.2026წ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2023 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე