დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-251(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ძ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. ძ-ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ი. ძ-ისთვის ჯარიმის თანხის 28 000 ლარის ოდენობით და 2022 წლის 23 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს - ჯარიმის თანხის 0.2%-ის ოდენობით, არაუმეტეს 8400 ლარისა, დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ი. ძ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავზე და აღნიშნავს, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტის და დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო 8400 ლარი არის შემცირებული. ვინაიდან ი. ძ-იმა კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, მას წარმოეშვა ვალდებულება სამინისტროსთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, კონტრაქტის 7.4 პუნქტისა და N238 დადგენილების საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტის მე-11 დღიდან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0.2%-ის ოდენობით, არაუმეტეს 8400 ლარისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის 28 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი. აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად მოპასუხე. განსახილველ საქმეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავოდაა გამხდარი და შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 0.2%-ის ოდენობით (არაუმეტეს 8400 ლარისა) დაკისრების კანონიერება. საკასაციო პალატა მოკლებულია დაკისრებული ჯარიმის - 28 000 ლარის კანონიერების შეფასების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 12 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ძ-ის შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის №896 ბრძანებით დამტკიცებული №20/41-ს ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. №20/41-ს კონტრაქტის 3.1. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ იყო ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. ამავე კონტრაქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით ი. ძ-ი, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
დადგენილია ასევე, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ 2022 წლის 18 ოქტომბრის ცნობის შესაბამისად, ი. ძ-ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 2 წელს და 1 თვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 13 მარტის ცნობის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმის თანხა ი. ძ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა, რომლის შემცირება დასაშვებია. აღნიშნულ მსჯელობას ასევე ადასტურებს ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს.
განსახილველ საქმეში, მართალია, დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია სარჩელი 28 000 ლარის ოდენობის მოთხოვნის ნაწილში. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლო თავად წარმოადგენს სანქციას ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის და იგი მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციის მატარებელია. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები (სუს 2024 წლის 14 მაისის საქმე №ბს-245(კ-24)). გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა მოპასუხის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეს ძირითადი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო უკვე დაეკისრა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით, კასატორის მოთხოვნა ამავე თანხის გადაუხდელობის გამო დამატებითი პირგასამტეხლოს (8 400 ლარის) დაკისრების ნაწილში მართებულად იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე