დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-336(კ-26) 27 მაისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. მ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 4000 ლარისა და ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 240 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს კრწანისის II ოცეულის პატრულ-ინსპექტორის 15.04.2025 წლის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ 15.04.2025 წელს ქ. თბილისში, ...ს ამსვლელ გზაზე, მთის ფერდობიდან ჩამოვარდა დიდი ზომის ლოდი და დაეცა მოძრავ „...“-ის (სახელმწიფო ნომერი - ...) ავტომობილს, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელე. მოსარჩელეს სხეულის დაზიანება არ მიუღია. ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური და ეცნობა მერიის შესაბამის სამსახურს (ს.ფ. 14-17).
4.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.06.2025 წლის N003726025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, ... წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ „...“-ზე (სახელმწიფო ნომერი - ..., საიდენტიფიკაციო ნომრით ...), მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 4000 ლარს (ს.ფ. 20-28).
4.3. 17.04.2025 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მერიას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 08.05.2025 წლის N... წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის და მერია იმოქმედებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად (ს.ფ. 18,19).
4.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე და მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, რომლის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები,მათი ნაწილები და ქუჩები. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნებისთვის. მუნიციპალიტეტის ორგანოები ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას. შესაბამისად, მერიის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის, საყრდენი კედლების და სხვა ობიექტების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ გზის სავალი ნაწილით სარგებლობენ.
4.6. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) XIV თავის დებულებებით. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
4.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1005-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
4.8. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მთის ფერდობიდან ჩამოვარდნილმა დიდი ზომის ლოდმა დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. მერიის მოვალეობაა შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. მოპასუხე მერიამ ჯეროვნად არ განახორციელა ნაკისრი ვალდებულება, სათანადო კონტროლი, რაც გულისხმობდა მათ ვალდებულებას, უზრუნველეყო გზის უსაფრთხოება. მოპასუხის უმოქმედობის, ანუ დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კანონით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება თანხის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.06.2025 წლის N003726025 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 4000 ლარს. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება დაკისრებული თანხის ოდენობასთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა 4000 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე მართებულად დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი მომსახურების თანხა 240 ლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
10. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული ნორმის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015 წლის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2,3).
11. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
12. სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი სსკ-ის 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში (სუსგ Nბს-389(კ-25), 30.06.2025წ.). ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს უმოქმედობითაც, თუ შესაბამისი მოქმედების განხორციელება შედიოდა ზიანის მიმყენებლის ვალდებულებაში (შდრ. სუსგ Nბს- 1116-1067(კ-07), 17.04.2008წ; სუსგ Nბს-366-292-კ-05, 01.06.2005წ).
13. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება. მე-19 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას.
14. ამდენად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ორგანოები ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე მერიის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის, საყრდენი კედლების და სხვა ობიექტების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, კუთვნილ ქონებას, რომლებიც ამ გზის სავალი ნაწილით სარგებლობენ.
15. დადგენილია, რომ 15.04.2025 წელს თბილისში, ...ს ამსვლელ გზაზე, მთის ფერდობიდან ჩამოვარდა დიდი ზომის ლოდი და დაეცა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელე. მოსარჩელეს სხეულის დაზიანება არ მიუღია. ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური და ეცნობა მერიის შესაბამის სამსახურს (ს.ფ. 14-17). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის უმოქმედობის, ანუ დაკისრებული ვალდებულებების განუხორციელებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან მთის ფერდობიდან სავალ ნაწილზე დიდი ლოდის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი. კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ Nბს-389(კ-25), 30.06.2025წ.; სუსგ Nბს-271(2კ-25), 16.06.2025წ.; სუსგ Nბს-26(კ-24), 27.11.2024წ.).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წანამძღვრები. ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წარმოდგენილი არც ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან მიმართებაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.06.2025 წლის N003726025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 4000 ლარს. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის ოდენობის სხვაგვარ გაანგარიშებას შესთავაზებდა სასამართლოს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე