დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-353(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-353(კ-26)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (მოსარჩელე), ...ის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 22.04.2020 წელს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ...ის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „...-ს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 13.11.2019 წლის №... ბრძანების და ...ის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2019 წლის №60 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის განჩინებით სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2022 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის 13.11.2019 წლის №... ბრძანებით შეთანხმდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ვ...-ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №...), ...ის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია და 14.11.2019 წელს გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №60. მშენებლობის დაწყების თარიღად განისაზღვრა 14.11.2019 წელი, ნებართვის მოქმედების ვადად -14.11.2021 წელი, მშენებლობის ობიექტი - ...ისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის 11.03.2020 წლის №306 წერილით ...ის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ შპს „...-ს“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, ...ის სახელობის ტაძრის მიმდებარედ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო ტაძარში გამოვლინდა ძველი ნალესობის, ქვა ღორღის და ბათქაშის ჩამოცვენის ფაქტები. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ მოახდინა საკითხის ადგილზე შესწავლა და დაადასტურა ძეგლის დაზიანების კვალი. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავარიული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და სერიოზული საფრთხე შეიქმნა, ქორეპისკოპოსმა ითხოვა დროული რეაგირება და ...ის ...ის სახელობის ტაძრის მიმდებარედ ყველანაირი სამუშაოების აკრძალვა. ...ის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 13.08.2020 წლის №09/2646 წერილის თანახმად, ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დაფიქსირდა მიწის გატანის სამუშოების ფაქტი. აღნიშნული წერილით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოითხოვდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 29.10.2019 წლის №06/5682 (სააგენტოში რეგისტრირებული: №4782; 29.10.2019 წელი) წერილის პასუხად მომზადებული დასკვნის (№12/4637; 01.11.2019 წელი) საფუძველზე გაცემული სამშენებლო ნებართვის მოქმედების შეჩერებას, სამშენებლო მიწის ნაკვეთის სრულყოფილ არქეოლოგიურ გამოკვლევამდე. ...ის მუნიციპალიტეტის მერის 17.08.2020 წლის №... ბრძანებით, შეჩერდა ...ის მუნიციპალიტეტის მერის 13.11.2019 წლის №... ბრძანების მოქმედება, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებდა. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. გადაწყვეტილების მიღებისას გურჯაანის რაიონული სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 12.03.2019 წლის მიმართვას, რომლის შესაბამისად შპს „... ...ას“ ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, თუმცა იგი ახორციელებდა ბურღვით სამუშაოებს, სუბარტეზიული ჭაბურღილის მოსაწყობად, ასევე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.07.2020 წლის №003793820 დასკვნაზე და არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად ...ის სამონასტრო კომპლექსს მიადგა ზიანი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია და არ დაუდგენია საპროექტო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, აღნიშნული მიდამოს ისტორიული განვითარების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა თუ არა სრულყოფილი კვლევა. საპროექტო არეალის მდებარეობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე განახორციელა თუ არა რისკების შეფასება ტერიტორიის არქეოლოგიური თვალსაზრისით კვლევის საჭიროების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არქეოლოგიის დოქტორის გ.ლ-ის დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია ...ის ...ის (რომელზეც ...ის კომპლექსია განლაგებული) მიჯნას წარმოადგენს, რასაც ყოფდა მდინარე ... დასკვნის ავტორი ახალმშენებლობის ზონაში მათ მიერ ჩაშვებული ხუთი გეოლოგიური შურფის საფუძველზე ასკვნიდა, რომ შურფები იყო არქეოლოგიური თვალსაზრისით სტერილური და კულტურული ფენები არ დასტურდებოდა. აღნიშნული შეფასების საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატამ მიუთითა პროფესორ ნ.ბ-ის დასკვნაზე, რომლის თანახმად გეოლოგების მიერ ექსკავატორის „ჩამჩით“ ამოღებულ ჭრილში ჩახედვა სრულიად უსარგებლო ხერხი იყო მიწისქვეშა არქეოლოგიური ძეგლების გამოსავლენად. პროფესორი ნ.ბ-ე თავის დასკვნაში მიუთითებს მეთოდზე, რითაც გახდებოდა შესაძლებელი სრულყოფილი არქეოლოგიური კვლევის ჩატარება. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ნ.ბ-ის დასკვნის ის ნაწილი, რომლის თანახმად კონკრეტული ნაკვეთი შედგენილი იყო მდინარის პერიოდული ადიდებისგან შექმნილი აკუმულირებული ქანებისგან. ნ.ბ-ე მიუთითებდა, რომ ზუსტად ამ ნაკვეთზე იყო აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ...ის ქალაქობის პერიოდის აგურით ნაგები ... , რომელიც ფოტოგრაფირებულია, ჩახაზულია და გამოქვეყნებულია ლ.ჭ-ის სამეცნიერო მონოგრაფიაში (დასკვნას ერთვის №3 დანართის სახით). ხსენებული ... განაშენიანებაში იქნებოდა ჩართული - მას ნაგებობებიდან სპეციალურად დაშორებულ ადგილზე, მით უფრო მდინარის ადიდებისას წყლით დაფარვის ზონაში არავინ ააგებდა. შესაბამისად, მხოლოდ ამ სამეურნეო ნაგებობის აღმოჩენის საფუძველზეც ივარაუდებოდა, რომ მის მიმდებარე ფართობებზე სხვა საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობების ნაშთებიც იქნებოდა განლაგებული, რომელთაც ჯერ არქეოლოგიური გათხრები არ შეხებია.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს ,,...-ს“ დაკვეთის საფუძველზე, ...ის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მიწის სამუშაოებზე, არქეოლოგიის დოქტორის ი.ჩ-ის მიერ მომზადებულ არქეოლოგიური მეთვალყურეობის ანგარიშზე, სადაც ავტორი მიუთითებს, რომ მიწის სამუშაოებმა მოიცვა დაახლოებით 250-300 კვ.მ., შედეგად დადგინდა, რომ ნიადაგი იყო ნაყარი ქვა-ღორღიანი და არ გამოვლენილა კულტურული ფენები, მისთვის დამახასიათებელი ნიშნები (კერამიკული, ოსტეოლოგიური მასალა და ა.შ.). ანგარიშის თანახმად, პროექტით გათვალისწინებული იყო ასევე მიწის სამუშაოების წარმართვა უკვე დამუშავებული ტერიტორიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, რომელიც ნაკლებად დაექვემდებარებოდა ადრე წარმოებული (საბჭოთა პერიოდში) ინფრასტრუქტურული სამუშაოების არეალს, ამიტომაც სასურველი იყო მიწის სამუშაოები გაგრძელებულიყო არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებული 5271 კვ.მ.-დან კვლევა ჩატარებული იყო არსებითად მცირე ნაწილზე - 250-300 კვ.მ.-ზე. ამასთან, მესამე პირის დაკვეთით ჩატარებული კვლევებიც კი მიუთითებდა საპროექტო არეალში მიწის სამუშაოების არქეოლოგის ზედამხედველობით ჩატარების რეკომენდაციაზე.

პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ...ის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27.05.2020 წლის №09/1661 წერილზე, რომლის თანახმად შესათანხმებლად წარდგენილ დოკუმენტაციაში ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია ძეგლის გარკვეულწილად დაზიანება, გათვალისწინებული არ ყოფილა. ამავე წერილის მიხედვით, სააგენტოში წარდგენილი კვლევის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლენილი იყო მიწისზედა ხილული კულტურული მემკვიდრეობის კვალი, ასევე 1920-1970 წლებში აღმოჩენილი და რეკულტივირებული არქეოლოგიური მემკვიდრეობა, აღნიშნული მიზეზით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების მესაკუთრესთან შუამდგომლობა, რათა შესაძლო კულტურული ფენების გამოსავლენად შეთანხმებით განხორციელებულიყო ტერიტორიის სრულყოფილი გამოკვლევა და შესწავლა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სრულყოფილად და სისტემურად უნდა შეეფასებინა საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება/უკანონობის თაობაზე. ამასთან, შეფასების საგანს წარმოადგენდა აგრეთვე ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგენას საჭიროებდა თუ რომელი პრინციპის დაცვა იქნებოდა კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული და აღმატებული ხარისხის

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ...-მა“.

კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია თუ ის აკმაყოფილებს სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს. დასაშვებობის ფარგლებში შემოწმების ერთ-ერთ მთავარ საკითხს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები წარმოადგენს. აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს იმ მომენტს, როდესაც პირმა შეიტყო უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობის თაობაზე, რაც აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას იძლევა. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს აქტის ადრესატს, ის შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირი და ამ აქტის საჯარო გამოქვეყნება (რაშიც მოაზრება შპს „...-ს“ უფლების ასახვა ამონაწერის ვალდებულების გრაფაში) საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ნებისმიერი მესამე პირისათვის აქტი ჩაითვალოს გაცნობილად. საპროექტო დოკუმენტაციის და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ ბრძანების, ასევე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღებია 2019 წლის 13-14 ნოემბერი, ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო ამ დროიდან მოეთხოვა ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელი შეტანილია 16.04.2020 წელს, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია და არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

კასატორი თვლის, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არ არის უფლებამოსილი იდავოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კასატორმა მიუთითა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება ეხება ისეთი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული, საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). მოსარჩელე მის მიერ ნ.ბ-ის წარმოდგენილ დასკვნაში მიუთითებს, რომ ზუსტად ამ ნაკვეთზე აღმოჩენილია ... და ქვითკირით ნაგები შენობის ნაშთი. კასატორის მოსაზრებით, ამ ყოველივეს არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო საგანძურთან.

კასატორმა მიუთითა, რომ ... ...ას ზიანი არ მიუყენებია ...ის მონასტრისათვის. აღნიშნულს ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები და ბურღვითი სამუშაოების წარმოებისას ვიბრაციის გავრცელების კვლევის ანგარიში. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ძირითადად დააყრდნო ნ.ბ-ის დასკვნას, რომელიც თეორიული მოსაზრებებია. ნ.ბ-ე მიუთითებს, რომ მიწის ქვეშ არსებული ნაგებობები არის ადგილზე და დროებითაა შენახული. ამის საწინააღმდეგოდ კი საქმეში დაცულია მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი არაერთი არქეოლოგიური დასკვნა, რომელიც რეალურად ფაქტობრივად (და არა თეორიულად) ადასტურებენ, რომ მიწის ქვეშ არ არის არქეოლოგიური ნაშთები.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთი გასხვისდა სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი გაგრძელებულიყო სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოები. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც თუ მერიას დარღვეული აქვს აუქციონის გამართვამდე სააგენტოსთვის მიმართვის ვალდებულება, აღნიშნული ვერ ჩაითვლება კანონის იმგვარ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მერიის მიერ რაიმე სახის დარღვევა ვერ გახდება ნებართვების ბათილობის საფუძველი. კასატორი უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (29.12.2022წ. №ბს-816(კ-21), 27.12.2022წ. №ბს-633-633(კ-18), 29.12.2021წ. №ბს-267(კ-19), 21.10.2021წ. №ბს-763(კ-20)) მითითებით თვლის, რომ კანონის ყველა სახის დარღვევა არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად და შესაბამისად, არ იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. ბათილობის საფუძველი შესაძლოა იყოს მხოლოდ კანონის იმგვარი დარღვევა, რომლის შედეგადაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული კანონის დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა.

კასატორი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა შესწავლილი საქმის მასალები და საქმეზე მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება, შესაბამისად, უმართებულოდ მიიჩნევს საქმის პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2026 წლის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2026 წლის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 06.11.2017 წლის პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №17 ოქმის თანახმად, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ვ...“ (საფირმო სახელწოდების ცვლილების შემდეგ შპს ,,...“), დირექტორი ნ.თ-ი. შპს ,,ვ...-ს“ საკუთრებაში გადაეცა სოფელ ...ში, მდ. ...სთან მდებარე 5271 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №..., იმ პირობით, რომ 2 წლის განმავლობაში განახორციელებდა ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოაწყობდა ..., ..., ..., და ...ას, რაც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ისტორიული ადგილის ინფრასტრუქტურასთან და მის განხორციელებაში უნდა ჩადებულიყო 250000 ლარის ინვესტიცია. 11.12.2019 წელს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა შპს ,,...-ს“ სახელზე.

...ის მუნიციპალიტეტის მერის 13.11.2019 წლის №... ბრძანებით, ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ვ...-ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...), შეთანხმდა ...ის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია და 14.11.2019 წელს გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №60. მშენებლობის დაწყების თარიღად განისაზღვრა 14.11.2019 წელი, ნებართვის მოქმედების ვადად - 14.11.2021 წელი, მშენებლობის ობიექტი - ...ისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 06.03.2020 წლის №19/936 წერილის თანახმად, ეროვნულ სააგენტოში შესული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიდამოებში მდებარე ...ის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ...ის ტაძრის მონიტორინგი. შესული ინფორმაციის თანახმად, ...ის ...ის ტაძარში შეინიშნებოდა გუმბათიდან ძველი ნალესობის, ქვა-ღორღისა და ბათქაშის ჩამოცვენის ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო მონასტრის მიმდებარედ მიმდინარე ბურღვითი სამუშაოების გავლენით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად ტაძარში დაფიქსირდა ჩამოცვენილი ნალესობის კვალი, ხოლო აღნიშნული მიზეზის დადგენა ვიზუალური დათვალიერებით ვერ მოხერხდა. წერილის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მძიმე ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ძეგლის დაცვის არეალში აკრძალულიყო მძიმე ტექნიკით მუშაობა.

...ის მუნიციპალიტეტის მერიის 12.03.2020 წლის №06/1375 წერილის თანახმად, სააგენტოს ეცნობა, რომ შპს „... ...ას" ჯერ არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. ისინი აწარმოებდნენ ბურღვით სამუშაოებს სუბარტეზიული ჭაბურღილის მოსაწყობად. ნებართვის მაძიებელს სააგენტოს წერილის მიღების შემდეგ დამატებით მიეწოდა ინფორმაცია, რომ მშენებლობის წარმოების პროცესში არ გამოეყენებინა მძიმე ტექნიკა და ემოქმედა ტერიტორიის ისტორიული და არქეოლოგიური კვლევის დასკვნების მასალებით განსაზღვრული რეკომენდაციებით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27.05.2020 წლის №09/1661 წერილით ...ის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ მშენებლობის კორექტირებული პროექტი მერიას არ ჰქონდა წარდგენილი ეროვნულ სააგენტოში, ხოლო შესათანხმებლად წარდგენილ დოკუმენტაციაში ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია ძეგლის გარკვეულწილად დაზიანება, გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, სააგენტოში წარდგენილი იყო ...ის ... მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ...ისა და ტურისტული კომპლექსის აშენებაზე გაცემული ნებართვების მართლზომიერების ექსპერტიზა, რომლის თანახმად საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლენილი იყო მიწისზედა ხილული კულტურული მემკვიდრეობის კვალი, ასევე 1920-1970 წლებში აღმოჩენილი და რეკულტივირებული არქეოლოგიური მემკვიდრეობა, აღნიშნული მიზეზით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების მესაკუთრესთან შუამდგომლობა, რათა შეთანხმებით განხორციელებულიყო ტერიტორიის სრულყოფილი გამოკვლევა და შესწავლა შესაძლო კულტურული ფენების გამოსავლენად. ამავე წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გასხვისება მოხდა ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად.

...ის მუნიციპალიტეტის მერის 15.06.2020 წლის წერილით სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ეცნობა, რომ ... ...ას არ ჰქონდა დაწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც შეეხება ჭაბურღილის მოწყობის ბურღვით სამუშაოებს, მასზე ნებართვის გაცემა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდებოდა. ამასთან, ... ...ას გაეგზავნა შუამდგომლობა ტერიტორიის დამატებითი კვლევის საჭიროების შესახებ.

...ის მუნიციპალიტეტის მერიისადმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 24.06.2020 წლის №09/1963 წერილის თანახმად, მათ მიერ 01.11.2019 წელს გაცემული №12/4637 დასკვნა საჭიროებდა დამატებით შესწავლას ახლად გამოვლენილი გარემოების (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნ.ბ-ის კვლევა) გამო. აღნიშნულ წერილში სააგენტო აფიქსირებდა პოზიციას, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და სამშენებლო მიწის ნაკვეთის საფუძვლიანად გამოკვლევის შემდეგ გასცემდა ახალ დასკვნას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 13.08.2020 წლის №09/2646 წერილით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სამშენებლო ნებართვის მოქმედების შეჩერება, სამშენებლო მიწის ნაკვეთის სრულყოფილ არქეოლოგიურ გამოკვლევამდე.

...ის მუნიციპალიტეტის მერის 17.08.2020 წლის №... ბრძანებით შეჩერდა ...ის მუნიციპალიტეტის მერის 13.11.2019 წლის №... ბრძანების მოქმედება, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 17.08.2020 წლის №19/2679 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს, წარუდგინა ფოტომასალა და მიუთითებდა, რომ ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ის მიდამოებში მდებარე ...ის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ...ის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები, რომელმაც სავარაუდოდ დააზიანა არქეოლოგიური ობიექტი. სააგენტო თვლიდა, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საჭირო იყო შესაბამისი რეაგირების გატარება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 09.07.2021 წლის №17/2553 წერილის თანახმად, შპს ,,...-ს“ დირექტორს ნ.თ-ის ეცნობა, რომ სააგენტოს თანამშრომლების მოხსენებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო არეალში დათვალიერებულ იქნა ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და გასულ საუკუნეში არსებული რესტორნის სამხრეთ მონაკვეთებში ჩატარებული მიწის სამუშაოები. პირველ მონაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ცენტრალურ ტრასას, კარგად იკვეთებოდა გზის გადასაყვანად ხელოვნურად მოზვინული წვრილკენჭოვანი და რიყის ქვისგან შექმნილი კონგლომერატი, რომლის 2 მეტრის სიღრმეში კულტურული ფენები არ გამოვლენილა. პროექტის მიხედვით, ამ არეალის დადაბლება აღარ იგეგმებოდა, შესაბამისად, არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის ალბათობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. მეორე მონაკვეთის ჭრილების დათვალიერებისას კი იკვეთებოდა მხოლოდ გასული საუკუნის ნაყარი და მდინარეული, სრულიად სტერილური ფენები. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს არ გამოვლენილა არქეოლოგიური ობიექტი და არტეფაქტები, ნაკვეთის მდებარეობიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენდა მიწის ნებისმიერი სამუშაოს წარმართვა არქეოლოგის ზედამხედველობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ გურჯაანის რაიონული პროკურატურის 24.01.2022 წლის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე - არქეოლოგიური ობიექტის შესაძლო დაზიანების ფაქტზე, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტი არ დადგინდა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 09.07.2021 წლის წერილის მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლების მიერ შემოწმებულ იქნა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნ.თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო რაიმე არტეფაქტის და ზოგადად, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება არ დადგინდა, შესაბამისად, სააგენტომ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება მიზანშეწონილად მიიჩნია არქეოლოგის მეთვალყურეობით. აღნიშნული დადგენილებით ასევე ირკვევა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იყო არქეოლოგიური ექსპერტიზა, რის ჩატარებაზეც ბიურომ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ არ ჰყავდათ შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 24.02.2022 წლის №19/301 წერილით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის - ...ის ...ის სამონასტრო კომპლექსის დამცავ ზონაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ობიექტის შესაძლო დაზიანების ფაქტზე, გამოძიება შეწყდა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. შესაბამისად, სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არ არსებობის შემთხვევაში, სააგენტო შესაძლებლად მიიჩნევდა სამუშაოების გაგრძელებას სააგენტოსთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ...ის ...ის კომპლექსის და მისი ნაწილის ...ის ტაძრის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სანებართვო მოწმობის გაცემის კანონიერება წარმოადგენს.

სასამართლო მიუთითებს ,,კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 07.11.2006 წლის №665 ბრძანებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია გვიანი შუა საუკუნეების ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ...ის ...ის სტატუსი, რომელიც მოიცავს: 1. ...ის ტაძარს, 2. საცხოვრებელ კოშკს, 3. ციხეს, 4. ...ის ეკლესიას, 5. ...ას, 6. აბანოს, 7. ...ის ციხეს და 8. სხვა ნაგებობებს. ასევე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს, რომ ...ის ...ის კომპლექსის ნაწილი - ...ის ტაძარი წარმოადგენს კანდიდატს აღიარებული იქნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საპროექტო ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის მიმდებარედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2018 წლის ამონაწერის თანახმად, ...ში, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 65558 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება (ს/კ №...), მათ შორის ...ის ...ის ტაძარი, აღრიცხულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური, სეისმური და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ძეგლებზე და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, როგორც კოლექტიური ევროპული მეხსიერებისა და როგორც ისტორიული და მეცნიერული კვლევის ინსტრუმენტისა. კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ამ მიზნით, არქეოლოგიური მემკვიდრეობის, საგანი თუ კვალი ელემენტებად მიჩნეულია ყველა ისტორიული ნაშთი კაცობრიობის წარსულის ყოფისა, რომელთა: დაცვა და შესწავლა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს კაცობრიობის განვითარების და მისი ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის ისტორია; ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გათხრები და აღმოჩენები, აგრეთვე კაცობრიობისა და მისი გარემოს ურთიერთობის ისტორია; ადგილმდებარეობა ექვემდებარება მონაწილე მხარეთა იურისდიქციას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია და არ დაუდგენია საპროექტო მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, აღნიშნული მიდამოს ისტორიული განვითარების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა თუ არა სრულყოფილი კვლევა. მშენებლობის ნებართვის გაცემამდე განხორციელდა თუ არა რისკების შეფასება ტერიტორიის არქეოლოგიური თვალსაზრისით კვლევის საჭიროების თაობაზე. მოცემულ საქმეზე დავის საგანი პირდაპირ უკავშირდება კულტურული ობიექტის და შენობა-ნაგებობების მდგომარეობასა და მასზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის საკითხს, აღნიშნული კი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუშობს ვალდებულებას ქონების განკარგვამდე სრულყოფილად შეაფასოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია საპროექტო არეალში ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგი, რომელთაგან მხოლოდ ორი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ისე რომ არ არის შეფასებული საქმეში არსებული სხვა კვლევის შედეგები, დაცული მტკიცებულებები და არ არის დასაბუთებული მათ გაზიარებაზე უარი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს გათვალისწინებულ იქნა არქეოლოგიის დოქტორის გ.ლ-ის 26.09.2018 წლის დასკვნა, ასევე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ინჟინერ-გეოლოგის გ.ჭ-ის 2019 წლის სექტემბერში მომზადებული საექსპერტო შეფასება ...ის მშენებლობისათვის გამოყოფილ სამშენებლო მოედანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე. გ.ლ-ი წარმოდგენილ დასკვნაში ადასტურებს, რომ საპროექტო ტერიტორია ...ის ...ის (რომელზეც ...ის კომპლექსია განლაგებული) მიჯნას წარმოადგენს, რასაც ყოფს მდინარე ... დასკვნის ავტორი ახალმშენებლობის ზონაში მათ მიერ ჩაშვებული ხუთი გეოლოგიური შურფის საფუძველზე ასკვნის, რომ შურფები იყო არქეოლოგიური თვალსაზრისით სტერილური და კულტურული ფენები არ დასტურდებოდა. გ.ლ-ის რეკომენდაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ნაკლებად მოსალოდნელია არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენა, დაზღვევის მიზნით, მიწის სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს აღნიშნული შეფასების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნ.ბ-ის დასკვნას, სადაც დასკვნის ავტორი აკრიტიკებს ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის მეთოდს და მიიჩნევს, რომ გეოლოგების მიერ ექსკავატორის „ჩამჩით“ ამოღებულ ჭრილში ჩახედვა სრულიად უსარგებლო ხერხია მიწისქვეშა არქეოლოგიური ძეგლების გამოსავლენად. პროფესორი ნ.ბ-ე თავის დასკვნაში მიუთითებს მეთოდზე, რითაც გახდებოდა შესაძლებელი სრულყოფილი არქეოლოგიური კვლევის ჩატარება. დასკვნის ავტორის შეფასებით, სანებართვო დოკუმენტაციის მიხედვით, ექსპერტ-არქეოლოგს თითქმის არ ჩაუტარებია ადეკვატური დაზვერვითი სამუშაოები. დასკვნის ავტორი შენიშნავს, რომ ფოტოებზე გამოსახული ოთხივე „შურფი“ ისეთი მცირე ფართობისაა, რომ ისინი შესაძლოა საკმაოდ მოზრდილი ნაგებობების ინტერიერში ან მათ შორის იყოს მოქცეული და ამან შეიყვანოს შეცდომაში ექსპერტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ.ბ-ის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად კონკრეტული ნაკვეთი შედგენილია მდინარის პერიოდული ადიდებისგან შექმნილი აკუმულირებული ქანებისგან. ნ.ბ-ე მიუთითებს, რომ ზუსტად ამ ნაკვეთზე იყო აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ...ის ქალაქობის პერიოდის აგურით ნაგები ..., რომელიც ფოტოგრაფირებულია, ჩახაზულია და გამოქვეყნებულია ლ.ჭ-ის სამეცნიერო მონოგრაფიაში. დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ ხსენებული ... განაშენიანებაში იქნებოდა ჩართული - მას ნაგებობებიდან სპეციალურად დაშორებულ ადგილზე, მით უფრო მდინარის ადიდებისას წყლით დაფარვის ზონაში არავინ ააგებდა. შესაბამისად, მხოლოდ ამ სამეურნეო ნაგებობის აღმოჩენის საფუძველზეც ივარაუდება, რომ მის მიმდებარე ფართობებზე, სხვა საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობების ნაშთებიცაა განლაგებული, რომელთაც ჯერ არქეოლოგიური გათხრები არ შეხებია. დასკვნის მიხედვით, საპროექტო ნაკვეთის იმავე ზონაში, მიწის ზედაპირზევე დააფიქსირეს კიდევ ერთი, ქვიტკირით ნაგები შენობის ნაშთი, რომლის მშენებლობის ტექნიკა ზუსტად შეესაბამებოდა ... ...ის ... უბნის სხვა მონაკვეთებზე მიწის ზედაპირზევე დღესდღეობითაც კარგად შესამჩნევ ნაგებობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს შპს ,,...-ს“ დაკვეთის საფუძველზე, ...ის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მიწის სამუშაოებზე, არქეოლოგიის დოქტორის ი.ჩ-ის 14.12.2021 წლის არქეოლოგიური მეთვალყურეობის ანგარიშზე, რომლის თანახმად, დასკვნის ავტორი მიიჩნევდა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი მიწის ის მონაკვეთი, სადაც წარმოებდა ზემოაღნიშნული მიწის სამუშაოები, არ შეიცავდა კულტურულ ფენებს და წარმოდგენილი იყო ნაყარი ქვა-ღორღიანი მიწით, ამასთან, აღნიშნული მდგომარეობა შესაძლებელია გამოეწვია საბჭოთა პერიოდში მის მიდამოებში ჩატარებულ სამუშაოებს (სამანქანო გზის გაყვანა, ხიდის მშენებლობა და აქვე ადრე მდგარი პატარა სასადილოს შენობა). დასკვნის ავტორი, მეორეს მხრივ, ასევე მიუთითებდა, რომ პროექტით გათვალისწინებული იყო მიწის სამუშაოების წარმართვა უკვე დამუშავებული ტერიტორიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, რომელიც ნაკლებად დაექვემდებარებოდა ადრე წარმოებული (საბჭოთა პერიოდში) ინფრასტრუქტურული სამუშაოების არეალს, ამიტომაც სასურველი იყო მიწის სამუშაოები გაგრძელებულიყო არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულ დასკვნაში საგულისხმოა ისიც, რომ ი.ჩ-ის განმარტებით, უწყვეტი არქეოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ მიწის სამუშაოებმა 250-300 კვ.მ. მოიცვა, რის შედეგადაც არ გამოვლენილა კულტურული ფენები, მისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებული 5271 კვ.მ.-დან კვლევა ჩატარებულია არსებითად მცირე ნაწილზე - 250-300 კვ.მ.-ზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად დადებითი გადაწყვეტილება მიიღო სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით, შესაძლებლად მიიჩნია მისი განხორციელება, ხოლო შემდგომ საპროექტო ტერიტორიაზე სრულყოფილი არქეოლოგიური კვლევების ჩატარებამდე სამშენებლო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა და არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა. საბოლოოდ კი, იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (დარგის სპეციალისტის არ ყოლის გამო) და არტეფაქტის და ზოგადად, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება ვერ დადგინდა, შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 24.02.2022 წლის №19/301 წერილით დასტურდება, რომ სააგენტომ სამუშაოების გაგრძელება შესაძლებლად მიიჩნია, თუმცა რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 09.07.2021 წლის №17/2553 წერილში მიუთითებს სადავო ტერიტორიაზე მონიტორინგის ჩატარების თაობაზე, რასაც ასევე ეყრდნობა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი მონიტორინგის მასალები. სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის ცვლილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ამ კუთხით შესაფასებელია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების (სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვ.პ.) საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხიც.

რაც შეეხება შპს „...-ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ზეგავლენას ...ის ...ის ტაძარზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც საქმეში დაცულია არაერთი საექსპერტო დასკვნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 15.06.2020 წლის წერილის თანახმად, ... ...ას ამ პერიოდისათვის და შესაბამისად, სარჩელის შეტანის დროისთვისაც (22.04.2020წ.) არ ჰქონდა დაწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აწარმოებდა ბურღვით სამუშაოებს. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „ე....-ის“ მიერ 2020 წელს მომზადებულ, ...ის რაიონში, სოფ. ...ში შპს „...-ს“ მიერ ბურღვითი სამუშაოების წარმოებისას ვიბრაციის გავრცელების კვლევის ანგარიშზე, რომლის თანახმად განხილულ იქნა შენობის პოტენციური დაზიანების ფაქტორები. შპს „ე....-ის“ მიერ საპროექტო ტერიტორიის ორ წერტილში მოხდა ვიბრაციის მონაცემების შეგროვება (საავტომობილო გზის მიმდებარედ და საბურღი დანადგარის სიახლოვეს). საბურღი დანადგარის მიმდებარედ მიღებული მონაცემები მკვეთრად (დაახლოებით 10-ჯერ) ნაკლებია სტანდარტით გათვალისწინებულ საორიენტაციო მაჩვენებლისაგან, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით, საბურღ დანადგართან მონაცემების აღება მოხდა 3 წუთის განმავლობაში, ხოლო 3 წუთიანი გაზომვა არ არის საკმარისი სრულყოფილი ანალიზის ჩატარებისათვის. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ...ის მონასტრის შენობაში ვიბრაციის აპარატის დამონტაჟება ვერ მოხერხდა, ხოლო ...ის მონასტრის შენობაზე საბურღი სამუშაოებიდან წარმოქმნილი ვიბრაციის ზეგავლენის შეფასებისათვის აუცილებელია უშუალოდ შენობაში ჩატარდეს ვიბრაციის აპარატის დამონტაჟება და მონაცემების შეგროვება. აღნიშნულ ანგარიშს ეყრდნობა საქმეში დაცული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 15.10.2025 წელს მომზადებული დასკვნა, რომელმაც შპს „ე....-ის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით განსაზღვრა, რომ ...ის ...ის ტაძარზე დაფიქსირებული ბათქაშის ცვენის ფაქტები შპს „...-ს“ მიერ ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს არ კავშირდებოდა.

ამასთან, აღსანიშნავია, ...ის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27.05.2020 წლის №09/1661 წერილი, სადაც სააგენტო უთითებს, რომ შესათანხმებლად წარდგენილ დოკუმენტაციაში ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია ძეგლის გარკვეულწილად დაზიანება, გათვალისწინებული არ ყოფილა. საქმეში დაცულია აგრეთვე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.07.2020 წლის დასკვნა, რომლის თანახმად ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ...ის მონასტრის მიმდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ №...; №...) დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „...-ს“ მიერ დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სამშენებლო სამუშაოები იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში მოცემული რეკომენდაციები, ...ის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ ნაგებობაზე ზეგავლენას არ მოახდენს. თუ სამშენებლო სამუშაოების შესრულების მომენტში საჭირო გახდება მძიმე ტექნიკის გამოყენება, პრევენციის მიზნით, ისტორიულ შენობებზე უნდა განხორციელდეს სეისმოგრაფიული დაკვირვება. მაჩვენებლების დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების შემთხვევაში, სამუშაოები უნდა შესრულდეს მცირე სიმძლავრის მექანიზმებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არ შეფასებულა ერთობლიობაში და არ გამოკვლეულა სრულყოფილად. სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საბურღი დანადგარის მიმდებარედ მიღებული მონაცემები მკვეთრად (დაახლოებით 10-ჯერ) ნაკლები იყო სტანდარტით გათვალისწინებულ საორიენტაციო მაჩვენებლისაგან, არ არის საკმარისი განხორციელებული სამშენებლო (ბურღვითი) სამუშაოებისგან მომდინარე ზეგავლენის შესაფასებლად, მით უფრო, რომ აღნიშნული კვლევა ჩატარებულია არასრულყოფილად და მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეუძლებელია გარემოებების ობიექტურად შეფასება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება მოხდა ფრაგმენტულად, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთნ დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-121-117-2016), სადაც განიმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია არასრული (შეზღუდული) აპელაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზების არსებობისას. დიდმა პალატამ მიუთითა 24.11.2004წ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიერ შემუშავებული №6 დასკვნის 98-ე და 135-ე პარაგრაფებზე, რომლის მიხედვით აპელაცია არ უნდა იყოს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობა ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებში შესწორებების შეტანისა, რომელთა წარდგენაც მხარეს შეეძლო და უნდა წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არასრული აპელაციის დროს, სსკ-ის 385.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა არსებითად განსახილველად და გადაწყვეტილების გამოსატანად.

კასატორის მოთხოვნა, სასარჩელო მოთხოვნის საკასაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებაზე, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან საქმეზე დადგენას საჭიროებს საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საკასაციო პალატა ახდენს უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, იგი არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, მისი მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აფასებს მხოლოდ დავის სამართლებრივ გარემოებებს.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასა და საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო აქტების მოსარჩელისათვის ჩაბარებას, არ წარმოდგენილა, ამ პირობებში, კასატორის მითითება ხანდაზმულობის ვადის ასათვლელად გამოყენებული იქნეს შპს „...-ს“ უფლების ამონაწერში ასახვა და საჯარო რეესტრში ინფორმაციის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ვერ იქნება განხილული ხანდაზმულობის ვადის ათვლისათვის სათანადო ფაქტობრივ გარემოებად. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შესახებ 2020 წლის მარტში შეიტყო, ხოლო სარჩელი აღძრულია ამავე წლის აპრილის თვეში. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არ არის უფლებამოსილი იდავოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების მიმდებარედ. ...ის ...ის ტაძარი კი მდებარეობს სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების ვალდებულებას ერთობლივად კისრულობს სახელმწიფო და ეკლესია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება განმტკიცებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 19.11.2025 წლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 06.11.2017 წლის პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №17 ოქმის და ...ის მუნიციპალიტეტის მერის 20.11.2019 წლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი №2 მოწმობის ბათილად ცნობა. სწორედ ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში შპს „... ...ს" სოფელ ...ში, მდ. ...სთან მდებარე 5271 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №..., იმ პირობით, რომ 2 წლის განმავლობაში განახორციელებდა ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოაწყობდა ..., ..., ..., და ...ას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულყოფილად და სისტემურად უნდა შეაფასოს საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები და მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება/უკანონობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2025 წლის განჩინება;

3. შპს „... ...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2026 წლის №... საგადახდო დავალებით ნ.თ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე