დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.05.2026
საქმის ნომერი
ბს-379(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-379(კ-25) 18 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „უ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „უ...მ“ 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 06 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „უ...ს“ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებისა და 2017 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისთვის დავალება.

სარჩელის თანახმად, შპს „უ...მ“ 2017 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მის მიერ მანამდე წარდგენილ (28.10.10.წ., 06.01.11წ., 18.01.11წ.) განცხადებებში ასახული იდენტური მოთხოვნით. განმცხადებელმა სზაკ-ის 102-ე მუხლზე საფუძველზე მოითხოვა 8170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის აღდგენა. განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველი გახდა 2016 წელს შპს „უ...ს“ სახელზე 17 129 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია, რამაც მოსარჩელის მოსაზრებით შესაძლებელი გახადა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა, სწორედ აღნიშნული ნახაზის წარდგენას მოითხოვდა სააგენტო 28.01.2011წ. გადაწყვეტილების შესასრულებლად. სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა შპს „უ...ს“ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებაზე 2017 წლის 14 მარტს მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტი, 2017 წლის 29 მარტს გასაჩივრდა სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომ თანამდებობის პირთან, სააგენტოს თავმჯდომარესთან. საჩივარში აღინიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას დაირღვა სზაკ-ის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს დებულება. 2017 წლის 29 მარტის საჩივარზე 2017 წლის 06 აპრილს გადაწყვეტილება მიიღო იმავე ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა. მოსარჩელის მოსაზრებით, 2017 წლის 14 მარტისა და ამავე წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებები უკანონო, არარა ნორმატიული სამართლებრივი აქტებია. აღნიშნული აქტების გამოცემისას დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.16წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების 7.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ინდივიდუალური აქტის გამოცემის განსაკუთრებული უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარეს დელეგირების უფლების გარეშე, ასევე მოსარჩელეს წაერთვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.2 მუხლით მინიჭებული გასაჩივრების უფლება - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ სზაკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე.

2017 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შპს „უ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ მიერ 2017 წლის 13 თებერვალს წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; შპს „უ...ს“ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...სა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. შპს „უ...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივლისის განჩინებით შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...სა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით შპს „უ...ს“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „უ...ს“ განცხადება საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ოქტომბრისა და 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებების მხარეთა დასწრების გარეშე საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების ნაწილში შეცვლისა და ზეპირი მოსმენით საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივლისის განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივლისის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისისა და 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს „უ...ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „უ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, 28.12.1998წ. შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურას და ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 1.8 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 26 170 კვ.მ ნაკვეთზე. ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი №....

შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა 04.11.2010წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა გარდაბნის რაიონში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 04.11.2010წ. №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და ვინაიდან მიწის ნაკვეთი ხვდებოდა ტყის სავარაუდო ბუფერში, განმცხადებელს მოეთხოვა კორექტირებული აზომვითი ნახაზი. აღნიშნულის დავალების შეუსრულებლის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურმა 16.12.2010წ. №... გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

შპს „უ...ს“ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც თან დაურთო ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 01.12.2010წ. №47 კრების ოქმი, რომლითაც ...ში არსებული ტერიტორიისათვის მინიჭებული ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით, რაც ქმნიდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განთავსების საფუძველს. აღნიშნული განემარტა შპს „უ...ს“ ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 21.12.2010წ. №... წერილით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.2011წ. №... გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები; გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციით შეცვლილი იყო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება, შეცვლილი გარემოებები კი განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 11.10.2011წ. №13/11-42116 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 16.02.199წ. რეგისტრატორმა შპს „უ...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1.80 ჰა-ს ნაცვლად, აღნიშნულით მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მიუხედავად აღნიშნულისა, რეგისტრატორის მიმართ ვერ მოხერხდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შესაბამისად 21.01.2008წ. შეწყდა საქმეზე წინასწარი გამოძიება.

2011 წლის 26 აგვისტოს შპს „უ...ს“ დირექტორმა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტი მდებარეობდა გარდაბნის სარეგისტრაციო ზონაში, განცხადება გადაიგზავნა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში. საგამოძიებო სამსახურიდან დოკუმენტაციის დაბრუნების შემდგომ 07.11.11წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, შპს „უ...ს“ საკუთრებაში ერიცხებოდა 18 000 კვ.მ ნაკვეთი, ხოლო ამ ფართობიდან 1000 კვ.მ ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებული იყო კ. მ-ეის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის №..., 29.09.2003წ.), შესაბამისად, დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო სამსახურმა მოსთხოვა დარჩენილ 17 000 კვ.მ ფართზე კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის მოტივით, 13.02.12წ. მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 21.03.2012წ. №... გადაწყვეტილება.

...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა კ. მ-ეის საკუთრების უფლება. ახალ კოორდინატთა სისტემაში შემდგომში ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების შედეგად, მიწის ნაკვეთის ფართობმა 871 კვ.მ შეადგინა.

შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა 07.06.2016წ. განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა შპს „კ...ის“ მიერ მომზადებული ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურმა 17.06.2016წ. შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განუმარტა განმცხადებელს, რომ შპს „უ...ზე“ სახელმწიფოს მიერ განკარგული იყო 18000 კვ.მ უძრავი ნივთი, რომლიდანაც შპს „უ...ს“ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე კ. მ-ეს გადაეცა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ უძრავი ნივთი. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დარჩენილ 17000 კვ.მ უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 21.07.2016წ. №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის 17.06.2016წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან დადგინდა, რომ შპს „უ...მ“ თავის საკუთრებაში არსებული ...ში მდებარე 1.8 ჰა ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სააგარაკე კოტეჯებიდან კ. მ-ეს გადასცა კოტეჯი №5 დაახლოებით 0,1 ჰა-თან ერთად, კ. მ-ეს აღნიშნული უძრავი ნივთის საზღვრების დაზუსტების შედეგად ფართი შეადგენს 871 კვ.მ-ს, ამდენად, შპს „უ...ს“ საკუთრებაში დარჩენილი ჰქონდა 17 129 კვ.მ ნაკვეთი. აღნიშნულის გათვალისწინებით ...ში მდებარე 17 129 კვ.მ ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა შპს „უ...ს“ საკუთრების უფლება., უძრავ ნივთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი, მომზადდა საკადასტრო გეგმა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა 13.02.17წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, რომლითაც მოითხოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება. 01.04.17წ. სააგენტოში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „უ...ს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტად განხილული უნდა იქნეს ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. №... გადაწყვეტილება, ხოლო რაც შეეხება გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილებას, ის არარად უნდა იქნეს აღიარებული, ვინაიდან 1.80 ჰა ფართობი მასში მიეთითა ადგილზე გასვლის გარეშე. წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. №... გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, აღსრულებული არ ყოფილა 17 129 კვ.მ ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) შპს „უ...ს“ საკუთრებაში რეგისტრაციით, სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სახეზე იყო 2011-2012წ.წ. არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის ისეთი ცვლილება, რომელიც განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას და მაშინდელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, რეგისტრაციის განხორციელების შემდგომ შესაძლებელი გახდა სააგენტოსთვის 8 170 კვ.მ ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობა, ვინაიდან ეს ნაკვეთი ყოველთვის იმყოფებოდა შპს „უ...ს“ მართლზომიერ მფლობელობაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.17წ. №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მიერ. სააგენტოს 06.04.17წ. №... გადაწყვეტილებით უარი ითქვა საჩივრის განხილვაზე. სზაკ-ის 178-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №139 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ საფუძველზე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სააგენტოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ ჰყავს, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების უფროსს მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა და მომზადებულ კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯელობის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „უ...ს“ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადების ხელახალი განხილვის დავალების საფუძვლის არსებობის შეფასება წარმოადგენდა. ამასთანავე პალატამ შპს „უ...ს“ 2017 წლის 13 თებერვლის მიმართვის სამართლებრივი ბუნების დადგენის მიზნით, მოსარჩელეს დააზუსტებინა მითითებული აქტის მოთხოვნა და სამართლებრივი საფუძველი, რასაც მოსარჩელის განმარტებით, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის №ბს-883(2კ-20) საქმეზე დაყრდნობით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.2011წ. №... გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ „საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ამასთანავე ხსენებული გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებაზე და არა სადავო მიწის ნაკვეთის შპს „უ...ს“ სახელზე აღრიცხვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებაზე მითითებას, კვლავ საკასაციო პალატის შეფასებაზე მითითებით გაიმეორა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიჩნეული სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ახლად აღმოჩენილ და არც ახლად გამოვლენილ გარემოებად, არ იკვეთებოდა სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების, სადავო აქტების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიმეორა საკასაციო სასამართლოს მსჯელობა შპს „უ...ს“ წარმომადგენლის მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ არც სარეგისტრაციო და არც სასამართლო წარმოების განმავლობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი - გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება, რომლითაც შპს „უ...ს“ გამოყოფილი აქვს 1.80 ჰა მიწის ფართობი, ძალაშია, არ გაუქმებულა, მასში არ ყოფილა შეტანილი ცვლილება-დამატებები.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებები სადავო აქტის კანონიერების თაობაზე და მიიჩნია, რომ სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა იგი. შესაბამისად, სადავო აქტის კანონშესაბამისობის დადგენის პირობებში, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სააგენტოსთვის 13.02.2017წ. განცხადების ხელახალი განხილვის დავალების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ მიერ.

კასატორის, შპს „უ...ს“, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ადრე, სააპელაციო პალატის შემადგენლობაში მონაწილეობდა აღნიშნული საქმის პარალელურად მიმდინარე საქმეზე, სადაც განიხილებოდა შპს „უ...ს“ სარჩელი, ამჟამად განხილული საქმის ერთ-ერთ, ცალკე საქმედ წარმოებულ, არსებით ეპიზოდზე - ...ს საკრებულოს 10.12.2003 წლის №684 ცნობის არარად აღიარების შესახებ. აცილების შუამდგომლობის მიუხედავად მოსამართლეს საქმე არ აუცილებლია, შესაბამისად, სახეზეა სამართლებრივი დარღვევა, სადავო 10.12.2003წ. №684 ცნობა წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს. სასამართლომ ...ს საკრებულო უფლებამოსილად ჩათვალა შპს „უ...ს“ კანონიერ კერძო საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი ცალმხრივად განეკარგა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის 14.03.2017წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.9 პუნქტი, რომლის თანახმად ...ს საკრებულოს 10.12.2003წ. №684 ცნობით 0.1 ჰა მიწის ნაკვეთზე 29.12.03წ.-ს რეგისტრირებული იქნა კ. მ-ეის საკუთრების უფლება - 4 წლის შემდეგ, 2007 წელს კი გამორკვეულა, რომ №684 ცნობით რეგისტრირებული იყო სწორედ შპს „უ...ს“ უძრავი ქონებიდან 13.12.03წ.-ის პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ნატურით გამოყოფილი 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, №684 ცნობასთან ერთად, საფუძვლად მიეთითა ასევე შპს „უ...ს“ პარტნიორთა კრების 23.12.03წ. ოქმი. კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოპასუხის 14.03.17წ. გადაწყვეტილება ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მისთვის 4 წლის განმავლობაში უცნობი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ ...ს 10.12.03წ. №684 ცნობის საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „უ...ს“ საკუთრებაში მანამდე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი, რაც მოპასუხემ ჩათვალა კანონზომიერად მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თვითნებური რეგისტრაცია ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი კერძო საკუთრების უფლების შელახვას. რეალურად კ. მ-ეის საკუთრების უფლება 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არასდროს ყოფილა რეგისტრირებული, ვინაიდან შესაბამისი „ამონაწერი“ არასდროს გამოცემულა და არც საქმეშია დაცული.

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 14.11.96წ. კანონზე, ამ კანონის საფუძველზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 10.01.98წ.-ის №2-5 ბრძანებაზე, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 28.12.05წ.-ის კანონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. №800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციაზე და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 19.12.08წ. კანონზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სრულყოფილ და დასრულებულ სარეგისტრაციო წარმოებად იქნეს მიჩნეული სააგენტოს მიერ 10.12.2003წ. №684 ცნობის საფუძველზე შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის გახსნის მიჩნევა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოება დასრულდა უშედეგოდ, „ამონაწერის“ გამოუცემლად, რამდენადაც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ვერ დადგინდა №684 ცნობაში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობა.

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება გამოგონილ ფაქტობრივ გარემოებებს, რისთვისაც ერთი მხრივ ყურადღების მიღმაა დარჩენილი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მეორე მხრივ, არ არის შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებში დაშვებული ნაკლოვანებები. აღნიშნული განაპირობა სასამართლოს მიერ სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი სარეგისტრაციო კანონმდებლობის გამოუყენებლობამ, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სინამდვილეს.

კასატორის წარმომადგენელი პასუხგაუცემლად მიიჩნევს რამდენიმე კითხვას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის ნამდვილი არსის გამოსარკვევად. შპს „უ...ს“ კითხვები მიემართება გარდაბნის რაიგემგეობის 25.12.97წ. №262 დადგენილებას, შპს „უ...ს“ 28.12.1998წ. განცხადებას, ...ს საკრებულოს 10.12.03წ. №684 ცნობას, 27.11.07წ. ამონაწერს, რომელიც ეხება კ. მ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე 23.12.2009წ. ამონაწერს, რომელიც ეხება შპს „უ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას დაუზუსტებელ 1.8 ჰა მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს 28.01.2011წ., 01.12.2011წ. გადაწყვეტილებებს, ქ. თბილისის მერიის 21.12.10წ. აქტსა და მის საფუძველზე გამოცემულ ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. გადაწყვეტილებას, მოპასუხის 01.12.2011წ. გადაწყვეტილებას, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 11.10.11წ. წერილს, სააგენტოს 07.11.11წ. და 29.11.11წ. გადაწყვეტილებებს.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გარდაბნის რაიგამგეობის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და რაოდენობრივი გარემოებები არ ემყარებიან სათანადო მტკიცებულებებს, რის გამოც ამ კომპონენტებში დადგენილებას აქვს არაერთმნიშვნელოვანი ხასიათი - ამ გარემოებების უგულებელყოფამ კი როგორც მოპასუხის, ისე სასამართლოს მიერ მნიშვნელოვნად განაპირობა სასამართლო დავის დაწყებაც და ამჟამინდელი სრულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლი ამტკიცებს, რომ „კომისიის მიერ შედგენილ აქტს“, რომელშიც აღწერილია ყოფილი სახელმწიფო გაერთიანება „ს...ს“ საუწყებო გამაჯანსაღებელი კომპლექსის ადგილზე არსებული და სრულიად თვალსაჩინო მდგომარეობა - რომ „კომპლექსი შემოკავებულია კაპიტალურად მავთულის ბადით, დგას ოცი ფინური ტიპის კოტეჯი“ (აღნიშნული დადასტურებულია 2023-2024 წლებში სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული აზომვებითა და „ადგილზე დათვალიერების ოქმებით“, რაც შესრულდა 3 ეტაპად და დადგინდა, რომ შემოკავებული ფართის მთლიანი ფართობია 16798+8942-895=26635 კვ.მ).

კომპლექსის თვალსაჩინო აღწერილობა გრძელდება დაუსაბუთებელი დებულებით, რომ აზომვის შედეგად მიწის ფართობი დადგინდა 1.8 ჰა. აზომვის ფაქტი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რამდენადაც აზომვის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს სათანადო აზომვითი ნახაზი, რომელიც კომისიას არ შეუდგენია, არც არასდროს არსებულა 1.8 ჰა-ზე და დღემდეც არ არსებობს. აქტზე ხელმომწერ კომისიის შემადგენლობას არ შეეძლო ასეთ ფართობზე აზომვითი სამუშაოების ჩატარება. იმ პერიოდში არსებული ხელსაწყოების მეშვეობით გამაჯანსაღებელი კომპლექსის მთა-გორიან ადგილზე ტერიტორიის აზომვა მოითხოვდა რთული და მაღალკვალიფიციური სამუშაოების ჩატარებას, რასაც ვერ შეძლებდნენ კომისიის ხელმძღვანელი და საკრებულოს მოხელეებით დაკომპლექტებული კომისია.

შპს „უ...ს“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ გარდაბნის რაიონული გამგეობის 25.12.97წ. №262 დადგენილების შინაარსი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: დადგენილებით გამოყოფილ-გადმოცემული იქნა გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიერ დაკავებული ტერიტორია დაუზუსტებელი 1.8 ჰა ფართობით, რომელიც უნდა დაზუსტებულიყო საქართველოს კანონით „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ დადგენილი წესით ჩასატარებელი საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შედეგად, შესაბამისად, უფლების რეგისტრაციაც ზემოხსენებული კანონის მოთხოვნათა საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო. დადგენილების ამგვარი შინაარსი, რომლის გამაბათილებელი არანაირი არგუმენტი მოყვანილი არ არის სასამართლო გადაწყვეტილებაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარსა თუ 14.03.2017წ. გადაწყვეტილებაში მთლიანად გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის ნამდვილობას. სამწუხაროდ 1998 წლის ოქტომბრამდე, მიწაზე მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების არსებობის პირობებში, მიუხედავად კანონის „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ მოთხოვებისა, დაუზუსტებელი 1.8 ჰა-ს დაზუსტება-რეგისტრაციას არ ჩქარობდნენ არც შპს „უ...“ და არც გარდაბნის რაიგაგმგეობისა თუ მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლები - პროცესები დაჩქარდა მხოლოდ მიწაზე საკუთრების უფლების 28.10.1998წ.-ის შემოღების შემდეგ.

ზემოხსენებულ მსჯელობას ადასტურებს რეგისტრატორის მიწის მართვის სამმართველოსადმი შპს „უ...ს“ 28.12.1998წ. განცხადებაში დაშვებული ხარვეზები, კერძოდ, 1.8 ჰა-ს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნისას განცხადების ტიპური ფორმა აუცილებლად მოითხოვდა შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული „მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტის“ ან „მიწის ნაკვეთის გეგმის“ წარდგენას, რაც შპს „უ...ს“ არ შეუსრულებია, ვინაიდან რეალურად არ არსებობდა არც ერთი მათგანი (არსებობდა ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცული გეგმა - მიწის მთლიანი ფართის მიუთითებლად).

მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის სანაცვლოდ წარდგენილი იქნა გარდაბნის რაიონული გამგეობის №262 დადგენილება დაზუსტებული 1.8 ჰა-ს გამოყოფა-გადმოცემაზე, რომელიც დაზუსტდა სწორედ 28.12.98წ. განცხადების განხილვის პროცესში ჩატარებული პირველი საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების შედეგად, რომლითაც გამოირკვა და დადგინდა, რომ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ქონება, თანახმად წარდგენილი საკუთრების მოწმობისა, განთავსებული იყო კაპიტალურად შემოღობილ მიწის ნაკვეთზე 26 170 კვ.მ ფართობით, რომელიც სარეგისტრაციო სამსახურმა დაარეგისტრირა კიდეც.

№262 დადგენილების მიხედვით დაუზუსტებელი 1.8 ჰა ფართობის მიწა უნდა გადასცემოდა ამ ფართობში მდებარე კოტეჯების შემსყიდველ შპს „უ...ს“, ანუ რეგისტრატორი ვალდებული იყო დაეზუსტებინა და დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი, რომელზე განლაგებული იქნებოდა შესყიდული 20 კოტეჯი და რაც შესაბამისობაში იქნებოდა რეგისტრატორთან წარდგენილ საკუთრების მოწმობასთან „გამაჯანსაღებელ კომპლექსზე. ნაკვეთის დაზუსტებისას რეგისტრატორი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა №262 დადგენილების განუყოფელი ნაწილი, 14.03.97წ. კომისიის აქტი და მასში მოხსენებული ტექაღრიცხვის ბიუროში დაცული დოკუმენტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხული იყო რეალურად დაუზუსტებელი 1.8ჰა-ს დაზუსტებულად მიჩნევა და 1.8ჰა ფართობის დარეგისტრირების მცდელობა, ამ შემთხვევაში რეგისტრატორს მოუწევდა არჩევანის გაკეთება - გამაჯანსაღებელი კომპლექსის რომელი ნაწილი უნდა დაერეგისტრირებინა და რომელი დაეტოვებინა რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნული კი სცდებოდა რეგისტრატორის კომპეტენციას და ეწინააღმდეგებოდა №262 დადგენილებისა თუ „კომისიის აქტის“ სულისკვეთებას.

აღსანიშნავია, რომ გამაჯანსაღებელი კომპლექსი რეგისტრაციას ექვემდებარებოდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მიღებისთანავე, 14.11.96წ. „საქმონტაჟსპეცმშენის“ დროული განაცხადის შემთხვევაში კომპლექსი დარეგისტრირდებოდა ტექაღრიცხვის ბიუროში არსებული ჩანაწერების საფუძველზე და რაოდენობრივი შედეგი იქნებოდა იგივე, რაც 28.12.98წ. რეგისტრაციისას; აღნიშნულს ადასტურებს ტექაღრიცხვის ჩანაწერები და 26 170 კვ.მ რეგისტრირებული საკადასტრო რუკის არსებითი და თვალსაჩინო იდენტურობა, რაც სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა.

ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დაუზუსტებელი 1.8ჰა-ს რეგისტრაციის პროცესში დაზუსტება და დაზუსტებული 26170 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედ სარეგისტრაციო კანონთან „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ ზუსტ შესაბამისობაში და გარდაბნის რაიგამგეობის თანხმობით, რის გამოც არ არსებობდა ამ რეგისტრაციის კანონშეუსაბამოდ ჩათვლის საფუძველი.

საქართველოს კანონის „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება მოპასუხე სააგენტოს მიერ ე.წ. უფლების დამდგენ ერთადერთ დოკუმენტად გარდაბნის რაიონული გამგეობის №262 დადგენილების მხოლოდ იმ ნაწილის მიჩნევა, სადაც მოხსენიებულია არასრულყოფილი მონაცემი, იგივე მიწის დაუზუსტებელი ფართობი 1.8ჰა. წინააღმდეგობას წარმოშობს ის გარემოება, რომ კანონის მიხედვით მიწის რეგისტრაციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, მისგან გამომდინარე მისი რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, მაშინ, როდესაც მოპასუხე მთლიანად უგულებელყოფს №262 დადგენილების იმ განუყოფელ ნაწილს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ტერიტორიის საზღვრებს, იძლევა მის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებისა და დაუზუსტებელი 1.8 ჰა-ს დაზუსტების შესაძლებლობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც შპს „უ...მ“ 30.10.2006წ. განცხადებით მოითხოვა რეგისტრირებულ 26 170 კვ.მ ნაკვეთის ფართობში 23.12.03წ. პარტნიორთა კრების ოქმით კ. მ-ეისათვის უძრავი ქონების გამოყოფით გამოწვეული ცვლილების რეგისტრაცია, მოპასუხე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა 13.03.07წ. წერილით აცნობა, რომ წარსადგენი იყო გამიჯვნის აქტი შპს „უ...სა“ და კ. მ-ეს შორის, რის გარეშეც ვერ ხერხდებოდა ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული წერილით სარეგისტრაციო სამსახურმა ფაქტობრივად დაადასტურა ისიც, რომ არავითარი რეგისტრაცია კ. მ-ეზე მანამდე არ განხორციელებულა, არც 29.12.03წ., რასაც სასამართლო დაუსაბუთებლად თვლის განხორციელებულად. კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ როგორც 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფასა და მის მომზადებაში, ისე ამ დაყოფის შედეგების ნაწილობრივ რეგისტრაციაში არავითარი მნიშვნელობა და როლი ...ს საკრებულოს №684 ცნობას არ ჰქონია და კანონიერად არც შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა კ. მ-ეზე 27.11.07წ. ამონაწერში ის მაინც აღმოჩნდა შპს „უ...ს“ 23.12.03წ. პარტნიორთა კრების ოქმთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები შეუთავსებელია და გამორიცხავენ ერთმანეთს.

შპს „უ...ს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტომ 23.12.09წ. თვითნებურად და უკანონოდ გამოსცა ამონაწერი შპს „უ...ს“ საკუთრებაში დაუზუსტებელი 1.8 ჰა-ს დარეგისტრირებაზე, სააგენტომ ასევე უკანონო გამოსცა 04.11.10წ. გადაწყვეტილება. სააგენტოს 04.11.10წ. გადაწყვეტილებით შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთადერთი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მიღებულმა მოპასუხის 28.01.11წ. გადაწყვეტილებამ უსაფუძვლოდ შეაფერხა სარეგისტრაციო წარმოება. მოპასუხის 28.01.11. გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ შეჩერებულ-გადადებული 28.10.10წ. სარეგისტრაციო საქმე მისი 01.02.11წ. გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა, პროკურატურის მიერ 2007 წელს ამოღებული სარეგისტრაციო დოკუმენტების დედნების ამოღებამდე/დაბრუნებამდე. 2007 წელს ამოღებული დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება შეწყვეტილი ჰქონდა 21.01.08წ. დადგენილებით, ანუ 3 წლის წინ, ხოლო დოკუმენტაცია მაშინვე უნდა დაებრუნებინა, თუმცა მთავარი და არსებითი მაინც ის იყო, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ასეთ საფუძველს სარეგისტრაციო კანონმდებლობა არ იცნობდა. პროკურატურის 11.10.11წ. გზავნილით დედანი დოკუმენტაციის დაბრუნების შემდეგ შპს „უ...ს“ მოუწია შეეხსენებია მოპასუხისთვის, რომ განეახლებინა 28.10.10წ. დაწყებული სარეგისტრაციო საქმის წარმოება, რომელიც შეწყვეტილი იყო პროკურატურის მიერ საქმის ამოღების მიზნით. მოპასუხე იძულებული გახდა განეახლებინა საქმე და 07.11.11წ. მიიღო ახალი გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, სადაც, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, აბსურდულია სააგენტოს დასაბუთება ნაკვეთის ტყის ზოლში მოხვედრაზე, ვინაიდან გამორიცხულია დაუზუსტებელი მისი ნაკვეთის მიმართ ამგვარი გარემოების დადგენა. აღნიშნულის შემდგომ კი მოპასუხემ 01.02.11წ. გადაწყვეტილებით შეჩერებული საქმე შეწყვიტა.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შეუსრულებელია მოპასუხის 28.01.11წ. გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევაზე, საქმეში იგულისხმება 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია და მისი განახლების კანონიერების შესწავლა, ნამდვილი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და ჩატარებულიყო კიდეც ამ დრისათვის მოქმედი სრული სარეგისტრაციო კანონმდებლობის საფუძვლებზე, როგორებიცაა 14.11.96წ. საქართველოს კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“; 28.10.98წ. საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; 28.12.05წ. საქართველოს კანონი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“; იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია; 22.06.07წ. საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 27.09.07წ. №313 ბრძანება 13.12.06წ. №800 ბრძანებით დამტკიცებულ „ინსტრუქციაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მისი 601 მუხლის შესაბამისად; საქართველოს პარლამენტის 22.11.07წ. №5489-II „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიების შესახებ“; 19.02.2008წ. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის; საქართველოს პრეზიდენტის 18.01.11წ. №27 „საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ბრძანებულება.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულ მოპასუხის 29.11.11წ. გადაწყვეტილებას და შემდგომ გამოცემულ აქტებს, მათ შორის, 21.03.12წ. №... გადაწყვეტილებას, ისინი არ ეხებიან 28.10.10წ. სარეგისტრაციო წარმოებას და განიხილავენ ჩვენ მიერ დამატებით წარდგენილ 26.08.11წ. განცხადებას. ხსენებული გადაწყვეტილებები შეფასების მიღმა ტოვებენ მის ძირითად არსს, რომ 1998 წლიდან რეგისტრირებული 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთის განახლების საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 22.01.10წ. №46 ბრძანებულების, „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს 22.06.07წ. კანონის საფუძველზე.

შეჯამების სახით კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შპს „უ...ს“ სარეგისტრაციო საქმე დასრულებულად ვერ მიიჩნევა, თუ შპს „უ...სა“ და კ. მ-ეის ამონაწერები არ იქნებიან ურთიერთშესაბამისობაში და არ გაეცემა პასუხი კითხვას, თუ საიდან წარმოიშვა კ. მ-ეის დაზუსტებული 871 კვ.მ და №5 კოტეჯი, სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა 13.20.17წ. განცხადების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას და განცხადება სრულფასოვნად განხილული ვერ ჩაითვლება ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე, ვინაიდან მისი მოსაზრებით, მის შესრულებას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა და ის დაასრულებს ყოველგვარ დავას მოპასუხესთან.

საკასაციო სასამართლოს 2023 წლის განჩინების იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს კოტეჯების 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებისა და სადავო სამართალურთიერთობის მიმართ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებლობის დადგენას, კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მათი არაერთგზის მოთხოვნისა, სასამართლოს არ შეუსრულებია. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „უ...“ მოქმედებდა დამოუკიდებლად და შესაბამისი განცხადებით, სისტემური წესით 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე მიმართა მოპასუხეს, ჩატარებულია სათანადო აზომვითი სამუშაოები, შედგენილია ადგილზე დათვალიერების ოქმი, მიღებული მონაცემები გამოქვეყნებულია საჯაროდ, თუმცა პროცესი, რომელიც აქამდე აუცილებლად დასრულდებოდა სასამართლოს მხრიდან მოპასუხისათვის შესაბამისი მითითებების მიცემის შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის დაუსრულებელია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დადასტურებულია შპს „უ...ს“ კოტეჯების განთავსების ფაქტი სადავო 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

კასატორის წარმომადგენელი პრეტენზიას გამოხატავს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის 14.03.2017წ. გადაწყვეტილებით საქმის გარემოებები სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, მოხსენიებული არ არის მოპასუხის მიერ 23.12.2009წ. „ამონაწერის“ გამოცემის ფაქტი შპს „უ...ს“ საკუთრებაში დაუზუსტებელი 1.8 ჰა-ს რეგისტრაციაზე და შეფასების მიღმაა დატოვებული მისი კანონიერება. ამონაწერის ობიექტური შეფასება გამოავლენდა ამონაწერის ისეთ კანონშეუსაბამობებსა და ხარვეზებს, რომლებიც შეუძლებელს გახდიდნენ სააპელაციო გადაწყვეტილების არსებული სახით გამოტანას, რის გამოც საქმე მოპასუხის მიერ შესწავლილი უნდა იქნეს ხელახლა. მისი განმარტებით, არც მოპასუხის 14.03.2017წ. გადაწყვეტილებასა და სააპელაციო საცივარში, აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმ ხარვეზზე, რომელიც დაშვებულია მოპასუხის 04.11.10წ, გადაწყვეტილების გამოცემისას და რომელმაც შეაფერხა მოთხოვნის დაკმაყოფილება 25 299 კვ.მ ნაკვეთის რეგისტრაციის განახლებაზე, რაც შემდგომში გამორიცხავდა ყოველგვარ დავას მოპასუხესთან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, ზოგადად, მაშინ, როდესაც მუხლი შედგება 10 პუნქტისგან, კონკრეტულად კი არც ერთი მათგანი (შეჩერების საფუძველი) არ არის მითითებული, ამავდროულად მითითებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, რომელიც იყო გაუქმებული, ვინაიდან 2010 წლის 15 იანვრიდან მის ნაცვლად მოქმედებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, სწორედ ამ უკანასკნელის მე-18 მუხლის თანახმად, ვინაიდან ფაქტობრივად არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების კონკრეტული საფუძვლები და ასეთები მითითებული არ ყოფილა მოპასუხის 04.11.10წ. გადაწყვეტილებაში, სააგენტო ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ მოქმედი ინსტრუქციით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანება) მოპასუხე ვალდებული იყო მიემართა ქ. თბილისის მერიისათვის „ტყის სავარაუდო ბუფერთან“ 04.11.10წ. გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად თუ გარდაბნის რაიგამგეობის დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებული მიწის რეგისტრაციის განახლებისთვის, ასეთ ხარვეზს საერთოდ ითვალისწინებდა სარეგისტრაციო კანონმდებლობა, თუმცა ვინაიდან აღნიშნული არ შესრულდა მიმართეს მერიას, რაც საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „უ...ს“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირის მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, ასევე არსებობს თუ არა სსიპ საჯარო ეროვნული სააგენტოსთვის შპს „უ...ს“ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადების ხელახალი განხილვის დავალების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, რომელთა თანახმად შპს „უ...ს“ დირექტორმა 13.02.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა „სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებაზე განცხადების ხელახლა წარმოდგენის შესახებ“ განცხადებით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მას წარმოეშვა განცხადების ხელახლა შეტანის საფუძველი და სახეზე იყო ისეთი ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილება, რაც მისთვის უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებდა. განმცხადებლის განმარტებით, დასასვენებელ კომპლექსს ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდა არა 18 000 კვ.მ, არამედ 26 170 კვ.მ ფართობი. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისათვის დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის - 26 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ტყის სავარაუდო ბუფერის ზონალური სტატუსის შეცვლის მიზნით შპს „უ...მ“ მიმართა მერიას. ქ. თბილისის მერიის სამსახურებმა მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს, რომელმაც 27.12.10წ. მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 28.01.11წ. მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულებულა და არც საკრებულოს გადაწყვეტილებას მისცემია სათანადო შეფასება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აუცილებელი იყო შპს „უ...ს“ და მისგან გამოყოფილი ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და ამ პროცესში ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების რანგში განხილვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ წარმომადგენელს 13.02.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ ერთადერთი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრული იყო შპს „უ...სთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი (1,8 ჰა), წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილება, რომლის საფუძველზე შპს „უ...ს“ სახელზე უკვე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება. 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერსა (№...) და საკადასტრო რუკაზე უძრავი ნივთის ფართობად 26 170 კვ.მ ოდენობის ფართის მითითება განპირობებული იყო მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედებით. 1,80 ჰა ფართობის გადაცემის ნაწილში გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილების არარად აღიარების საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იგი არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულის თაობაზე. ამასთანავე, სააგენტომ მიუთითა, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. №... გადაწყვეტილება იყო აღსრულებული და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად მიღებული იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ ადასტურებდა შპს „უ...ს“ უფლებას 8 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და არც 2012 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობდა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე შპს „უ...ს“ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სააგენტომ არ გაიზიარა დაინტერესებული პირის მოსაზრება და უფლების დამდგენ დოკუმენტად არ მიიჩნია ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №... გადაწყვეტილება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების 3.9 პუნქტში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის მიერ 28.12.1998წ. გაცემულ ამონაწერში და საკადასტრო რუკაზე შპს „უ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობად 26 170 კვ.მ მითითებული იქნა მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.

საკასაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულზე უზენაესი სასამართლოს მოსაზრებას (სუს 22.06.2023წ. განჩინება საქმეზე №ბს-883(2კ-20)), რომ შპს „უ...ს“ სახელზე 17 129 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას (21.07.16წ. გადაწყვეტილება) სააგენტოსთვის ცნობილი იყო ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. გადაწყვეტილების თაობაზე. შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიჩნეული სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ახლად აღმოჩენილ და არც ახლად გამოვლენილ გარემოებად. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა შპს „უ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ჯერ კიდევ 21.03.12წ. №... გადაწყვეტილებით, რომელიც იყო ძალაში და იწვევდა სამართლებრივ შედეგს - სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 29.11.11წ. და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 13.02.12წ. გადაწყვეტილებები. ხსენებული აქტების გამოცემის მომენტისათვის უკვე მიღებული იყო თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №... გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე და ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილებაზე მოსარჩელის მითითება არ ქმნიდა სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საქმის მასალებით არ დასტურდება სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ამასთანავე ხსენებული გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებაზე და არა სადავო ნაკვეთის შპს „უ...ს“ სახელზე აღრიცხვის შესახებ. საქმეზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია სსიპ საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების განახლება, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულია სხვადასხვა აქტი, სააგენტომ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც კავშირში იყო სარეგისტრაციო წარმოებასთან, აღნიშნული კი თავის მხრივ, ადასტურებდა სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების გამოცემისას უცნობი იყო სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგები, კერძოდ, ის, რომ შპს „უ...ს“ სახელზე 1,8ჰა-ს ნაცვლად 26 170 კვ.მ დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვა განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 11.10.11წ. №13/11-42116 წერილით (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კანცელარიაში წერილი დარეგისტრირდა სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძოდ, 12.10.11წ. №...) სააგენტოს ეცნობა, რომ 16.02.1999წ. რეგისტრატორმა ნ. ბ-ამ შპს „უ...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა 26 170 კვ.მ მიწა, ნაცვლად 1,80ჰა (18 000კვ.მ) ფართობისა მაშინ, როდესაც შპს „უ...ს“ ეკუთვნოდა მხოლოდ 18 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულით ნ. ბ-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდებოდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულის მიუხედავად რეგისტრატორ ნ. ბ-ას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხერხდა იმ მოტივით, რომ გასული იყო სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც საქმეზე წარმოება შეწყდა. საკასაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული იურისდიქცია არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი ორგანოების კომპეტენციაში ინტერვენციას, სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საკითხზე სრული და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამდენად, სააგენტოს 28.01.11წ. გადაწყვეტილებაზე, მისი აღსრულების გაჭიანურებაზე მითითება არ ქმნიდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება საქმეძე გამოძიების შეწყვეტის გამო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 11.10.11წ. №13/11-42116 წერილის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძველს ხანდაზმულობა წარმოადგენდა. სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მუხლი არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემადგენელი ქმედების არარსებობას, აღნიშნული უბრალოდ შეუძლებელს ხდის სასჯელის შეფარდებას.

წარმოების განახლებისა და სადავო ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძვლად მოსარჩელე აგრეთვე უთითებს ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009წ. №6-17 გადაწყვეტილებას. შპს „უ...ს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების რეგისტრაციის ასპექტში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ნივთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთზე უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობას. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ქ. თბილისის საკრებულოს 27.12.2010წ. №... გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილებით მოხდა ტერიტორიის ფუნქციონალური ცვლილება, აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის შპს „უ...ს“ საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემა, გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გარაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და მისი შემდგომი სრულყოფისთვის. თბილისის საკრებულოს 27.12.10წ. №... გადაწყვეტილება არის ნორმატიული და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნული გადაწყვეტილებით „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე შეტანილი იქნა ცვლილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009წ. №6-17 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა განახლებული სახით ჩამოყალიბდა, დაზუსტდა ...ში ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის, სასოფლო-სამეურნეო ზონისა და სარეკრეაციო ზონის კონტური, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სასოფლო-სამეურნეო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 2-ით. ის გარემოება, რომ ზონის სტატუსის ცვლილება განხორციელდა შპს „უ...ს“ განცხადების საფუძველზე, არ ადასტურებს სადავო ნაკვეთზე შპს „უ...ს“ საკუთრებას; ის, რომ ფართის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლით შესაძლებელი გახდა საცხოვრებელი სახლების განთავსება, არ ადასტურებს სადავო ფართის მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნას. ამასთანავე, საკრებულოს მიერ ზონის ცვლილების პერიოდში ცნობილი არ იყო პროკურატურის აქტი, რომლის მიხედვით 26 170 კვ.მ ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. კანონმდებლობით განსაზღვრულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კონკრეტულ შემთხვევაში კი არ არსებობს 8 170 კვ.მ მიწის ფართობზე შპს „უ...ს“ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სივრცის დაგეგმარების გეგმა ასახავს ტერიტორიაზე მოსახლეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური, კულტურული განვითარების პერსპექტივას, სივრცითი დაგეგმვის საგანია ტერიტორიის სივრცითი განვითარების ზოგადი მიმართულების და მისი ძირითადი სტრუქტურის განსაზღვრა. კოორდინირებული სივრცის დაგეგმარების განხორციელება არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური პოლიტიკის გეოგრაფიული ასახვა, ტერიტორიის გამოყენების და განვითარების წინაპირობების ჰარმონიზაცია, გენერალური გეგმის საფუძველზე შესაძლოა მიწის ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალის შეძენა, განვითარება, შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა, სივრცის გამოყენების მომავლისათვის შენარჩუნება, სივრცითი დაგეგმარების გეგმა არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე უფლების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას. სააგენტომ სადავო 14.03.17წ. №... გადაწყვეტილებაში იმსჯელა საკრებულოს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე და არ მიიჩნია ის პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. სააგენტოს 14.03.17წ. სადავო გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას 13.02.17წ. თანდართულ ქ. თბილისის საკრებულოს №... გადაწყვეტილებაზე, სააგენტოს გადაწყვეტილების 3.5 პუნქტში სააგენტო არ დაეთანხმა დაინტერესებული პირის მოსაზრებას საკრებულოს 27.12.10წ. №... გადაწყვეტილების უფლებადამდგენ დოკუმენტად მიჩნევასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დადგენილება შეეხებოდა ...ში არსებული ტერიტორიისათვის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებას და არ აწესებდა ან ადასტურებდა პირის საკუთრებას ან მართლზომიერი მფლობელობას უძრავ ნივთზე, რაც სააგენტოს აზრით ასევე დასტურდება გადაწყვეტილების დანართად არსებული განმარტებითი ბარათით, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღების მიზანია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა. სადავო აქტში გადმოცემულია სააგენტოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარმოადგენდა მოსარჩელე მესაკუთრეს 26 170კვ.მ ნაკვეთზე, განხილულ იქნა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიეთითა, რომ დოკუმენტები არ წარმოადგენენ სადავო ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს უზენაესი სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე არ იკვეთება სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების, სადავო აქტების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შპს „უ...ს“ მოთხოვნა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის შესახებ ვერ თავსდება სზაკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში. სზაკ-ის 102-ე მუხლი არ ნიშნავს ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადამოწმებას, ამ მუხლის საფუძველზე დასმული მოთხოვნა ემყარება სახელდობრ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებას და ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „უ...სთვის“ ...ს ტერიტორიაზე 1.80 ჰა მიწის ფართობის (ტყით დაუფარავი თავისუფალი საძოვარი) გამოყოფა განხორციელდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 25.12.1997წ. №262 დადგენილებით. მითითებული დადგენილების მე-2 პუნქტით, საქართველოს მთავრობას ეთხოვა ამ დადგენილების დამტკიცება. აღსანიშნავია, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებები დადგენილებაში ნაკვეთის ფართის არასწორად ასახვის, დადგენილებაში ნაკვეთის ფართის ოდენობის ადგილზე გასვლის გარეშე ასახვის შესახებ არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ამ გარემოების კვლევა (მისი შინაარსობრივი მხარე) ან მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სახით მისი წაკითხვა სცდება ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებს.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დადგინდა შპს „უ...სთვის“ გადაცემული კოტეჯების სადავო 8 170 კვ.მ განთავსების ფაქტი, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას სადავო ნაკვეთთან მიმართებით გამოეყენებინა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაცია.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებით, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სააგენტოსთვის 2017 წლის 13 თებერვლის განცხადების ხელახალი განხილვის დავალების შესახებ.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „უ...“-ს საკასაციო საჩივარზე 13.02.2025წ. №5180509479 საგადასახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს „უ...“-ს (ს/ნ - ...) დაუბრუნდეს მის მიერ 13.02.2025წ. №5180509479 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა