გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 16.06.2026
საქმის ნომერი
ბს-42(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-42(კ-26) 16 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ქ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ქ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ნ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანება; გ) დაევალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ.ქ-ის სამსახურში, ...ის დეპარტამენტის ...ის - ...ის ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დ) დაევალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსარჩელე ნ.ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ნ.ქ-ი 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ...ის ...ის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 10 მაისის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ...ის დეპარტამენტში ...ის - ...ის ...ის თანამდებობაზე; ბ) სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 31 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური წარმოება მოსარჩელე ნ.ქ-ის მიმართ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტზე. დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მიერ 2021 წლის 2 აპრილს შედგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დათვალიერების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვით, მოქალაქის განცხადება სისტემაში აიტვირთა 2021 წლის 15 მარტს, რომელიც იმავე დღეს დაეწერა სახელმწიფო ინსპექტორს, რის შემდეგაც რეზოლუციით - „შესაბამისი რეაგირებისათვის შესასრულებლად“ გადაეცა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს, ხოლო მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომელმაც, საბოლოოდ, 2021 წლის 15 მარტს, განცხადება რეზოლუციით „რეაგირებისათვის“ დააწერა ამავე დეპარტამენტის ...ას ნ.ქ-ის. რეზოლუციით განისაზღვრა შესრულების ვადა - 2021 წლის 19 მარტი. ნ.ქ-იმა აღნიშნულ განცხადებაზე 2021 წლის 2 აპრილს ატვირთა წერილი, რითაც განმცხადებელს გაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში 2021 წლის 13 აპრილს მოსარჩელე ნ.ქ-იმა ახსნა-განმარტებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს და განუმარტა, რომ მოქალაქის განცხადება მას შესასრულებლად გადაეცა 2021 წლის 15 მარტს, რომელსაც გაეცნო და მის უშუალო ხელმძღვანელს გაესაუბრა განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, რაზეც ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მოეცადა. აღნიშნული განცხადების თაობაზე, უშუალო ხელმძღვანელს შეახსენა 2021 წლის 18 მარტს, თუმცა ამის შემდგომ, 2021 წლის 26 მარტამდე უშუალო ხელმძღვანელთან, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია. 2021 წლის 26 მარტს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწერა მას. განცხადების განხილვის ვადის დარღვევა განპირობებული იყო იმით, რომ უშუალო ხელმძღვანელისაგან არ ჰქონია უკუკავშირი და მითითება შემდგომი რეაგირების შესახებ. ამასთან, განცხადება იყო ბუნდოვანი და მან ჩათვალა, რომ განცხადება შესაძლებელი იყო განხილულიყო შეტყობინებად. განცხადების განხილვის ვადის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის არ შეუხსენებია. დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 19 მარტის ახსნა-განმარტებაში, მოსარჩელე ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელმა ვერ გაიხსენა, მიმართა თუ არა მას ნ.ქ-იმა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2021 წლის 26 მარტამდე. ამასთან, უარყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ მან ნ.ქ-ის მისცა მითითება, მოეცადა განცხადების განხილვა; გ) 2021 წლის 14 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს, წარუდგინა დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნა, სადაც აღწერილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის მიერ მოქალაქის განცხადების განხილვის ვადის დარღვევის თაობაზე და განუმარტა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასებულიყო მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ ნ.ქ-ის მიმართა გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათის და დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა 2021 წლის 25 მაისს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის - გაფრთხილების გამოყენების შესახებ; დ) 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელე ნ.ქ-იმა წერილობითი განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და ითხოვა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2021 წლის 14 ივნისიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2021 წლის 14 ივნისიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დისციპლინური საქმის წარმოების შედეგად დადგენილ იქნა მოსარჩელე ნ.ქ-ის მიერ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადების კანონით დადგენილი ვადის დარღვევა, რომლის შესრულებაც მას ევალებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, სამსახურებრივი დისციპლინის უზრუნველყოფის გარეშე, შეუძლებელია საჯარო სამსახურის დიდი მნიშვნელობის მქონე ფუნქციების ეფექტური განხორციელება და სწორედ აღნიშნული დისციპლინის უზრუნველსაყოფად აქვს ხელმძღვანელ თანამდებობის პირს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დაწესებულების ეფექტური მართვა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ.ქ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მსუბუქი ზომა - გაფრთხილება, რაც არ წარმოადგენს, დისციპლინური დარღვევის არაპროპორციულ ზომას, რადგან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიზანი დისციპლინის დამრღვევი მოსამსახურის ქცევაზე იმგვარი ზემოქმედებაა, რაც მომავალში ახალი დარღვევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაცია კი, ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომაზე ადეკვატურ, თანაზომიერ რეაგირებას ემსახურება.

რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, სასამართლომ განმარტა, რომ მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს. პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელე ნ.ქ-იმა წერილობითი განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2021 წლის 14 ივნისიდან. ნ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არ მიუმართავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის და განცხადების განუხილველად დატოვება არ მოუთხოვია. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2021 წლის 14 ივნისიდან. ამრიგად, მოსარჩელე ნ.ქ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც მან გამოხატა ნება სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, არ არსებობს მოსარჩელე ნ.ქ-ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელე ნ.ქ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ქ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანება და ნ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანება. მოპასუხე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაევალა კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) ნ.ქ-ი 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანებით ნ.ქ-ი დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ...ის ...ის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 10 მაისის ბრძანებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ...ის დეპარტამენტში ...ის - ...ის ...ის თანამდებობაზე; ბ) სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 31 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური წარმოება მოსარჩელე ნ.ქ-ის მიმართ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტზე; გ) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მიერ 2021 წლის 2 აპრილს შედგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დათვალიერების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მოქალაქის განცხადება სისტემაში აიტვირთა 2021 წლის 15 მარტს, რომელიც იმავე დღეს დაეწერა სახელმწიფო ინსპექტორს, რის შემდეგაც რეზოლუციით - „შესაბამისი რეაგირებისათვის შესასრულებლად, გადაეცა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს, ხოლო მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომელმაც, საბოლოოდ, 2021 წლის 15 მარტს, განცხადება რეზოლუციით „რეაგირებისათვის“ დააწერა ამავე დეპარტამენტის ...ას ნ.ქ-ის. რეზოლუციით განისაზღვრა შესრულების ვადა - 2021 წლის 19 მარტი. ნ.ქ-იმა, აღნიშნულ განცხადებაზე, 2021 წლის 2 აპრილს განმცხადებელს გაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ; დ) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 13 აპრილს, ნ.ქ-იმა ახსნა-განმარტებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს და განმარტა, რომ მოქალაქის განცხადება შესასრულებლად გადაეცა 2021 წლის 15 მარტს, რომელსაც გაეცნო და აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს - ჯ.ჩ-ეს, რის თაობაზეც ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ მოეცადა განცხადების განხილვა. აღნიშნულის თაობაზე შეახსენა 2021 წლის 18 მარტს, თუმცა მითითება შემდგომი რეაგირების შესახებ არ არ მიუღია. მისივე განმარტებით, ვინაიდან განცხადება თავისი შინაარსით იყო ბუნდოვანი, მნიშვნელოვანი იყო ხელმძღვანელთან საერთო პოზიციის შეჯერება და მისი მითითებით მოქმედება. 2021 წლის 26 მარტს, ხელმძღვანელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწერა განცხადებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რაზეც მიეცა მითითება, გასაუბრებოდა განმცხადებელს; ე) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, მოსარჩელე ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელმა - ჯ.ჩ-ემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ვერ იხსენებს, მიმართა თუ არა მას ნ.ქ-იმა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2021 წლის 26 მარტამდე. ამასთან, უარყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ ნ.ქ-ის მისცა მითითება, მოეცადა განცხადების განხილვა; ვ) 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნაში აღწერილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ისა და მისი უშუალო უფროსის - ჯ.ჩ-ის მიერ მოქალაქის განცხადების განხილვის ვადის დარღვევის ფაქტი, დისციპლინური წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებები. მითითებული დასკვნის თანახმად, ჯ.ჩ-ისა და ნ.ქ-ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოიწვია საჯარო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეპუტაციის შელახვა და შესაბამისად, მათი ქმედება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამდენად, ნ.ქ-ისა და ჯ.ჩ-ესთან მიმართებით მიზანშეწონილი იქნებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“; ზ) თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინური საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის თანახმად, 2021 წლის 19 მაისის გაიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ისა და სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ გადაწყვიტა, რომ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად, ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისთვის საჭირო კრიტერიუმების არარსებობის, სამსახურის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოწვეული მძიმე შედეგის არარსებობის, განმცხადებლის საჩივრის არარსებობის, განმცხადებლისთვის მისი უფლებების რეალიზების კუთხით დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის, უშუალო შემსრულებელსა და ხელმძღვანელს შორის არსებული პასუხისმგებლობის დიფერენცირების საჭიროებისა და ამავდროულად, დისციპლინური წარმოების ფარგლებში არსებული მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა დადასტურება ვერ განხორციელდა უტყუარად და რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დამდგარი შედეგის მიმართ სამსახურის თანამშრომელთა ბრალეული ქმედების გამოკვეთის კუთხით, სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ის ქმედება მიჩნეულ იქნა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და გათავისუფლდა დისციპლინური პასუხისმგებლობისგან. მასვე დაევალა, უზრუნველყოს სამსახურის ...ის დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის ქმედება შეფასდა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა - გაფრთხილება; თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინური საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა 2021 წლის 25 მაისს გამოსცა №02/43 ბრძანება, სამსახურეობრივი მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ას - ნ.ქ-ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - გაფრთხილების შეფარდების თაობაზე; ი) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინური საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა 2021 წლის 25 მაისს გამოსცა №02/44 ბრძანება, სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ის ქმედების მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე; ამავე ბრძანებით ჯ.ჩ-ეს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვლისწინებული ვადების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები; კ) 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელე ნ.ქ-იმა წერილობითი განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2021 წლის 14 ივნისიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2021 წლის 14 ივნისიდან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოწვეული მძიმე შედეგის არარსებობის, განმცხადებლისთვის მისი უფლებების რეალიზების კუთხით დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის, მათ შორის, დისციპლინური წარმოების ფარგლებში არსებული მთელი რიგი გარემოებების გათვალისიწინებით, რომელითაც უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის ბრალეულ ქმედებას, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტები, მოსარჩელის ქმედების მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად შეფასებისა და პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების განსაზღვრის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა და გააჩნდა ტექნიკური შესაძლებლობა, ეფექტური კონტროლი განეხორციელებინა შემსრულებლის მიერ შესაბამისი უფლებმოსილების განხორციელებაზე, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გათავისუფლდა დისციპლინური პასუხისმგებლობისგან. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის დასაბუთებულობას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სასამართლოს მიერ აქტის კანონიერების შეფასების მიზნებისათვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იგი გავლენას ახდენს პირის უფლებაზე - მისთვის გამჭვირვალე, განჭვრეტადი და ცხადი იყოს, რამდენად სწორად და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მისი საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ ხასიათდება იმგვარი კონკრეტიკით, რაც შესაძლებელს გახდის იმის გადამოწმებას, სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი სადავო საკითხი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ პირთა უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკანონმდებლო მექანიზმების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს ინტერესთა აწონ-დაწონა და პროპორციული დაბალანსება. ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კოლიდირებადი ინტერესები გამოკვლეული და გათვალისწინებული იქნა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად; გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებიდან, ასევე, უნდა იკვეთებოდეს არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება უპირატესობის მინიჭება საჯარო ან კერძო ინტერესისათვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც განსხილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ინსპექტორის 2025 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა აპელანტის არგუმენტებზე, რომელმაც განმარტა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადების დაკმაყოფილებით დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამსახურის მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის ცნობილი იყო ჩატარებული დისციპლინური წარმოების მიმართ აპელანტის დამოკიდებულების შესახებ და ამასთან, გათავისუფლების შესახებ მისი მხრიდან განცხადების დაწერა მოხდა გამოთხოვილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის მომდევნო დღეს და მისი ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ რამდენიმე საათში. აღნიშნული არ ყოფილა მისი ნების გამოვლენა და მიუთითა, რომ დისციპლინური წარმოების შემდგომ, ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა დაუსაბუთებელ საყვედურებში, რომ ვერ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მის მიერ მომზადებულ ყველა დოკუმენტთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ე.წ „ჩასაფრებულ პოზიციას“. დაუმსახურებელი, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და დაუდასტურებელი პრეტენზის გამო იძულებული გახდა, 2021 წლის 10 ივნისს, სამსახურიდან გასვლის შემდეგ, დაეწერა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მეორე დღეს - 11 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ 10 ივნისის განცხადებას არ ჰქონდა უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა, ხელახლა ატვირთა იგივე შინაარსის განცხადება. აღნიშნულს ადმინისტრაციის მხრიდან, დამატებითი საკითხის შესწავლა ან/და მისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შეფასება არ მოჰყოლია. სწრაფად იქნა მიღებული სადავო ბრძანება, რაც სარწმუნოს ხდის იმ გარემოებას, რომ ამგვარი განზრახვა სწორედ ხელმძღვანელთან საუბრის შემდგომ წარმოიშვა.

სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული დაადგინოს დასაქმებულის ნამდვილი ნება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში სავალდებულო არ არის განცხადებაში აისახოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. ამგვარი საჭიროება, ანუ დასაქმებულის ნების ნამდვილობის დადგენის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. საჯარო მოსამსახურე მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დათხოვნილი სამსახურიდან, თუ მხარეთა შორის სადავო არ არის მისი ნების გამოხატვის პირობა და საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ ირკვევა, თუ რით იყო განპირობებული ნ.ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი და რამდენად ჰქონდა ადგილი ნების თავისუფალ გამოვლენას, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებას წინ უსწრებდა დისციპლინური წარმოება, რასაც მოჰყვა მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები, მათ შორის, მოსარჩელესა და ხელმძღვანელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახეზეა ნამდვილი თავისუფალი ნებით თანამდებობის დატოვების სურვილი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოკვლია და შეფასებინა, მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება იყო თუ არა მისი თავისუფალი ნების გამოვლენა და შესაბამისად, მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სადავო აქტების დასაბუთება ვერ პასუხობს კონკრეტულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანება და სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, რის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. რაც შეეხება აპელანტის სასარჩელო მოთხოვნებს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას, ამ ეტაპზე არ არსებობს მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხარედ მითითებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ამგვარი ორგანო დღეის მდგომარეობით არ არსებობს და მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით საქმეში ჩართული ორგანოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც კანონის საფუძველზე არ არის უფლებამონაცვლე ორგანო, არამედ ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო მსჯელობს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხზე. მოცემულ საქმეშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განჩინებით დადგინდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლეობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არარსებული ორგანოს მიმართ მიიღო გადაწყვეტილება და არარსებულ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, რაც თავისი არსით, მნიშვნელოვნად აყენებს ეჭვქვეშ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, თუმცა აღნიშნული ცვლილების საფუძვლად 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ განსაზღვრულა და ყოველ კონკრეტულ საქმეში ცალკეული განჩინებით დგინდება მისი საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციიდან გამომდინარე. წინამდებარე დავა შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას, კერძოდ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენება და აპელანტის პირადი განცხადების საფუძველზე მისი სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებია, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების მომწესრიგებელი ურთიერთობაა და კავშირი არ აქვს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ფუნქციის განხორციელებასთან. ამასთან, სადაო აქტები არის ერთი ადმინისტრაცული ორგანოს მიერ მასთან დასაქმებული პირის მიმართ გამოტანილი აქტები და მეორე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ ურთიერთობის ფარგლებში ახალი აქტების გამოცემის დავალება სამართლებრივად აღუსრულებელი მოცემულობაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გაუქმებული ადმინისტრაციული ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული დისციპლინური წარმოება ჩაატაროს ხელახლა, განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საკითხის შეფასების მიზნით, თუნდაც გამოკითხოს მასთან შრომითსამართლებრივ კავშირში არმყოფი პირები, რომლებიც დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, შედეგით პირდაპირ დაინტერესებული აპელანტი და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში (დავის მიმდინარეობისას უკვე გაუქმებული ორგანო) დასაქმებული (დავის არსებობისას უკვე შეწყვეტილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობა) პირის მიმართ გამოსცეს ახალი აქტი. საგულისხმოა, რომ აპელანტი დასაქმებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და იქამდე გათავისუფლდა სამსახურიდან, ვიდრე ეს ორგანო გაუქმდებოდა, მის უფლებამონაცვლედ კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ განსაზღვრულა ნორმატიული აქტით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასება საერთოდ არ განუხორციელებია. საკითხი სასამართლოს სიღრმისეულად არ შეუსწავლია და მიიღო აღუსრულებელი გადაწყვეტილება ისე, რომ არ გაითვალისწინა სამართლებრივი შედეგის დადგომის რეალური შესაძლებლობა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის გარემოებათა გამოსაკვლევად ყველა შესაძლო ბერკეტი გააჩნდა - საქმე მოცულობითი მტკიცებულებებით არის გაჯერებული, ხოლო სასამართლო სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არაერთგზის ეცადა მტკიცებულებებზე მითითებით გაეცა მოსამართლის შეკითხვებისთვის პასუხი, თუმცა პალატა მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ მოსაზრებებს და პოზიციებს დაეყრდნო და მტკიცებულებათა კვლევა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არ განუხორციელებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სრული მოცულობით განხორციელდა და მტკიცებულებათა შეფასებაც მოხდა საქმეში წარმოდგენილი მოცულობითი, კომპლექსური და ინფორმატიული მასალის გამოყენებით. შესაბამისად, ბუნდოვანი დარჩა სააპელაციო პალატის მითითება მასზედ, რომ თითქოსდა საქმე არ იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლოს ემსჯელა სადავო აქტების კანონიერებაზე, რადგან ისინი სათანადო შეფასების და გამოკვლევის გარეშე იყო მიღებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 მარტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შევიდა მოქალაქე მ.რ-ის (№...) განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განმცხადებლის და მასთან დაკავშირებული პირების პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონოდ დამუშავებასთან დაკავშირებით. იმ დროისათვის მოქმედი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებული იყო, განეხილა მონაცემთა სუბიექტის განცხადება პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებდა გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებდა განმცხადებელს. ვინაიდან მ.რ-ის განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა წარმოადგენდა ...ის დეპარტამენტის კომპეტენციას, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განცხადება განსახილველად დაეწერა აღნიშნულ დეპარტამენტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯ.ჩ-ემ მ.რ-ის განცხადების შესრულება იმავე დღეს დაავალა ამავე დეპარტამენტის ...ას - ნ.ქ-ის რეზოლუციით - „რეაგირებისთვის“, ხოლო შესრულების ვადად განუსაზღვრა 2021 წლის 19 მარტი. ნ.ქ-ის კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მ.რ-ის განცხადებაზე არ განუხორციელებია შესაბამისი რეაგირება. ამასთან, ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელი არ ჩაუყენებია საქმის კურსში განაცხადზე განსახორციელებელ ღონისძიებებთან და განცხადებაზე რეაგირების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ.ქ-ის არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ობიექტური არგუმენტაცია ან რაიმე საპატიო მიზეზი, რაც ახსნიდა მის მიერ კანონით განსაზღვრული განცხადების განხილვის ვადის დარღვევას. ასევე, ნ.ქ-ის სადავოდ არ გაუხდია ვადის დარღვევის ფაქტი. მ.რ-ის განცხადებაზე ნ.ქ-ის მიერ მომზადდა 2021 წლის 2 აპრილის №... წერილი, რომლითაც მოქალაქე მ.რ-ის გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 29 მარტის №გ-1/083/2021 გადაწყვეტილება მ.რ-ის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესულ განცხადებაზე, კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით განხორციელებული რეაგირების თაობაზე, სახელმწიფო ინსპექტორს შემდგომი რეაგირების მიზნით წარედგინა ინფორმაცია, შესაბამისი დასაბუთებით, ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 31 მარტის №... კორესპონდენციით. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის პირველი აპრილის №02/26 ბრძანება გამოიცა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ჯ.ჩ-ის 2021 წლის 31 მარტის №.... მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. შესაბამისად, დაიწყო დისციპლინური წარმოება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის მიმართ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტზე.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში, თავდაპირველად 2021 წლის 13 აპრილს ახსნა- განმარტება ჩამოერთვა ნ.ქ-ის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, განმცხადებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე რეაგირებისთვის, კანონით დადგენილი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. ახსნა-განმარტების წარდგენისას ნ.ქ-იმა მიუთითა გარკვეულ ფაქტებზე, რომელიც ასახავდა კომუნიკაციას/ფაქტებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლებთან, მათ მორის, მის უშუალო ხელმძღვანელთან, ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლთან ჯ.ჩ- ესთან და ამავე სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ასთან - ლ.ტ-სთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის - გ.გ-ის №... მოხსენებითი ბარათით, სახელმწიფო ინსპექტორს ეთხოვა დისციპლინური წარმოების 1-თვიანი ვადის გაგრძელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ნ.ქ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნებისთვის, გამოიკვეთა დამატებით სხვა პირების, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ჯ.ჩ-ისა და ამავე სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ლ.ტ-ის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის აუცილებლობა. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ნ.ქ-ის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტური მასალა, რომელიც ასევე საჭიროებდა შესწავლას.

დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ჯ.ჩ-ეს და ამავე სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ლ.ტ-ის. დისციპლინური წარმოების ფარგლებში დათვალიერდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (...) დარეგისტრირებული, მოქალაქე მ.რ-ის 2021 წლის 15 მარტის №... განცხადება და მასზე განხორციელებული მოქმედებები. გამოიკვეთა, რომ განცხადებაზე რეაგირება კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში არ განხორციელებულა. დათვალიერდა ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტიდან შესული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა ნ.ქ-ის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით სარგებლობის დეტალები. დადგინდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...მა ნ.ქ-იმა დაარღვია სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №01/115 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამდებობისთვის აუცილებელი სამუშაო აღწერილობისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლისა და საგამოძიებო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომლის თანამდებობისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების“ დანართი №2-ით განსაზღვრული ...ის დეპარტამენტის ...ის ფუნქცია-მოვალეობები, რომლის თანახმად, მას კანონით დადგენილ ვადაში უნდა მოემზადებინა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტი, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ნ.ქ-იმა დაარღვია სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №01/105 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები თანამდებობისთვის/პოზიციისთვის ან/და დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს სამსახურში არსებული შესაბამისი ელექტრონული პროგრამები/სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე. ყოველივე აღნიშნულით კი, დაარღვია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები.

დისციპლინური წარმოების სრული მოცულობით და მაღალი სტანდარტებით ჩატარების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...მა ნ.ქ-იმა მოქალაქე მ.რ-ის განცხადების რეაგირების გარეშე დატოვებით ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა „სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა“, რის თაობაზეც დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ შედგა 2021 წლის 14 მაისის №2021-003 დასკვნა „დისციპლინური წარმოების შესახებ“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №2021-003 დასკვნის შესაბამისად, ნ.ქ-ისთან მიმართებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე დასმულიყო საკითხი, რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ნ.ქ-ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური’’. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 18 მაისის №01/132 ბრძანებით შექმნილი იყო თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო. საბჭო დაკომპლექტებული იყო სამსახურში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებული პირებით. საბჭოს თავმჯდომარედ განსაზღვრული იყო სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული იყო თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესი, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილი იყო განეხილა თანამშრომლების დისციპლინური გადაცდომის საკითხები და გაეცა რეკომენდაციები. კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო იღებდა ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სამსახურის გენერალური ინსპექციის და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ნაცვლად, სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე; დ) სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დასკვნა განსახილველად გადაეცა საბჭოს.

დადგენილი წესის თანახმად, საბჭოს მიერ, თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვა დაიწყო სამსახურის გენერალური ინსპექციის დასკვნის გაცნობით. თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია, მოისმინოს სამსახურის გენერალური ინსპექციის დასკვნა, ახსნა-განმარტებით წარსდგეს საბჭოს წინაშე და გამოთქვას აზრი დისციპლინური წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და აღნიშნულისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა. 2021 წლის 19 მაისს გაიმართა საბჭოს სხდომა. დღის წესრიგის დამტკიცებისა და საორგანიზაციო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბჭოს სხდომაზე მიწვეულ იქნა სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი გ.გ-ი, რომელმაც საბჭოს წევრებს გააცნო სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის №2021-003 დასკვნა დისციპლინური წარმოების შესახებ. დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, გ.გ-ის საბჭოს წევრების მხრიდან დაესვა მნიშვნელოვანი კითხვები დასკვნით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებები. ნ.ქ-იმა საკუთარი ნებით არ ისურვა საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღება. საბჭოს სხდომაზე გამართული მსჯელობის, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევისა და შეჯერების შემდეგ, ასევე, საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით როგორსაც წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად, ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისთვის საჭირო კრიტერიუმები, სამსახურის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოწვეული მძიმე შედეგის არარსებობა, განმცხადებლის საჩივრის არარსებობა, განმცხადებლისთვის მისი უფლებების რეალიზების კუთხით დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა, მოცემულ შემთხვევაში უშუალო შემსრულებელსა და ხელმძღვანელს შორის არსებული პასუხისმგებლობის დიფერენცირების საჭიროება და ამავდროულად, დისციპლინური წარმოების ფარგლებში არსებული მთელი რიგი გარემოებები, რომელთა დადასტურება ვერ განხორციელდა უტყუარად და რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დამდგარი შედეგის მიმართ სამსახურის თანამშრომელთა ბრალეული ქმედების გამოკვეთის კუთხით, საბჭოს წევრებმა, ნ.ქ-ის მიმართ მიიღეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის ზომის შემცირების თაობაზე, კერძოდ, კენჭი უყარეს სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ნ.ქ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ნ.ქ-ის არ ჰქონდა მოქმედი დისციპლინური სახდელი, მისი ქმედება შეფასდა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა - გაფრთხილება (რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის ყველაზე მსუბუქ ფორმას და განსხვავდებოდა გენინსპექციის მიერ შეთავაზებული სახდელის ზომისგან, შესაბამისად, ეს მეტყველებს ნ.ქ-ის მიმართ თანაზომიერების და პროპორციულობის პრინციპების დაცვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე). შედეგად, საბჭოს სხდომაზე, ნ.ქ-ის მიმართ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის ნ.ქ-ის ქმედება შეფასდეს მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვროს გაფრთხილება. აღნიშნულის შემდგომ, საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, სახელმწიფო ინსპექტორისთვის რეკომენდაციით მიმართვის მიზნით, საბჭოს სხდომის ოქმი წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების შესახებ №2021-0003 დასკვნისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ას ნ.ქ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

კასატორის განმარტებით, წარმოდგენილი ფაქტებითა და მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანება დასაბუთებული და სამართლიანია, ემყარება საქმის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას და გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. გარდა ამისა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიმართოს სხვა მექანიზმებს დისციპლინური წარმოების კანონიერების კვლევისთვის, ვინაიდან მისი მონაწილე არცერთი მხარე სამსახურში აღარ მუშაობს, აღარ არსებობს საბჭო და არც სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში არასოდეს იმყოფებოდა აპელანტი და ამგვარ პირობებში მის მიმართ გაუქმებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი დისციპლინური სახდელის მიზანშეწონილობის კვლევა, არსებითი გარემოებების შეფასება და ახალი აქტის გამოცემა სცდება როგორც კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას, ასევე ზოგადსამართლებრივ პრინციპებს.

სადავო დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოყენებულია ყველა შესაძლო სამართლებრივი ბერკეტი, კერძოდ, დისციპლინური წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით არსებობდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი (ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვადის დარღვევა), დისციპლინური წარმოება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესწავლის პროცესში გამოიკვლეულ იქნა საქმესთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დაუდგენელია რა გარემოებების გამოკვლევა მიიჩნია არასაკმარისად სასამართლომ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ცალსახად არ უთითებს, თუ რისი შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდა ინსპექტორის სამსახურს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოყენებული. გასათვალისწინებელია, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებულია კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებულია სათანადო არგუმენტებით. სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, განჩინებაში მიუთითებს, რომ მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონიერების შესწავლით შემოფარგლავს და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების (სახდელის კონკრეტული ზომის შეფარდება) მიზანშეწონილობას ხდის სადავოდ.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანების ბათილად ცნობა, კერძოდ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა განხორციელდა მისი ძლიერი სულიერი აღელვების პირობებში, დისციპლინური წარმოების მასალების გაცნობის შემდგომ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მხოლოდ და მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების გაჟღერებას ემსახურება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი არაერთგზის გაეცნო დისციპლინური წარმოების მასალებს როგორც წარმოების მიმდინარეობისას, ასევე მას შემდეგ. ამასთან, გათავისუფლების თაობაზე განცხადება მან დაწერა ორჯერ, 2021 წლის 10 და 11 ივნისს, მაშინ, როდესაც დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე ბრძანება გამოიცა 2021 წლის 25 მაისს, განცხადებაში კი მიუთითა, რომ სურდა სამსახურიდან გათავისუფლებულიყო 2021 წლის 14 ივნისიდან, რაც თავისი არსით კონკრეტული თარიღის მიმართ აპელანტის ინტერესს გამოხატავდა და პრაქტიკულად უტოლდებოდა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნას, რამდენადაც 2021 წლის 11 ივნისი პარასკევი დღე იყო, ხოლო 14 ივნისი - ორშაბათი.

კასატორის განმარტებით, საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია. თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება - საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში (№198/3-XIმპ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საზედამხედველო ფუნქციის გადაცემის შესახებ. ხსენებული ფაქტობრივი გარემოება კი, წამოჭრის როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს აპელანტის იურიდიულ ინტერესს. ამასთან, ყველა ის გარემოება, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე შეფასებულია. გასათვალისწინებელია, რომ ჯ.ჩ-ის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად ჩათვალა ის მტკიცებულებები, რაც გადაწყვეტილების გამოცემას დაედო საფუძვლად.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 6 მაისის №01/115 ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამდებობისთვის აუცილებელი სამუშაო აღწერილობები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია ...ის დეპარტამენტის თანამდებობებისთვის აუცილებელი სამუშაო აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამავე ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად, ხოლო №2.4 დანართით გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის სამუშაო აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ნ.ქ-ის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად, ამავე დოკუმენტში განსაზღვრულ სხვა ფუნქციებთან ერთად მის ფუნქციებს (მოვალეობებს) განეკუთვნება: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და დროული რეაგირება; დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. განცხადების განხილვის ფარგლებში ზეპირი განხილვის ორგანიზება და ჩატარება (სხდომის თავმჯდომარის ფუნქციის შესრულება) დადგენილი წესით; სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებული განცხადების განხილვის ფარგლებში ზეპირი განხილვის სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ქ-ის უშუალო ფუნქციას (მოვალეობას) წარმოადგენდა დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება, მისი დასაშვებობის შემოწმება და შემდგომი მსვლელობის მიცემა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 9 მარტს, ნ.ქ-ისთან განხორციელდა მისი შეფასების კომპონენტზე შეთანხმება, რომლითაც შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად განისაზღვრა აღნიშნული ფუნქცია („დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება) და მიენიჭა მაღალი პრიორიტეტულობა. შესაბამისად, მისი ვალდებულება იყო, მეტი პასუხისმგებლობით მიდგომოდა ხსენებულ საკითხს და მასზე მომეტებულად გაემახვილებინა ყურადღება. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №01/105 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია დროულად, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად შეასრულოს სამსახურეობრივი მოვალეობები თანამდებობისთვის/პოზიციისთვის ან/და დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად; ხოლო, ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომელი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს სამსახურში არსებული შესაბამისი ელექტრონული პროგრამები/სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე.

მოცემულ საქმეში სასამართლოს არ შეუფასებია მტკიცებულებები და არც ვარაუდი გამოუხატავს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა აპელანტის მიმართ ადგილი დისკრიმინაციულ მოპყრობას. სასამართლოს არ შეუსწავლია ნ.ქ-ის სამუშაო აღწერილობა და მისი უშაულო მოვალეობები, რაც მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა აპელანტისა და მისი ზემდგომის (უშუალო ხელმძღვანელის) მხრიდან ფაქტის მიმართ თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა/არყოფნის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე. ასევე არ უმსჯელია სასამართლოს დისციპლინური სახდელის განსხვავებულობის გამართლების ობიექტურობასა და გონივრულობაზე და ისე დაადგინა, რომ საკითხი სათანადოდ არ იყო შეფასებული მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა ინსპექტორის სამსახურში დისციპლინური წარმოების მაღალი სტანდარტის დაცვით ჩატარებას. ამავდროულად, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქმეში არსებული იმგვარი მტკიცებულებები, როგორიცაა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ 2021 წლის 1 აპრილის №02/26 ბრძანება და მის საფუძვლად არსებული მოხსენებითი ბარათი, აპელანტის, მისი ხელმძღვანელის და აპელანტის მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირის ახსნა-განმარტებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის დათვალიერების ოქმი, დისციპლინური წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ 2021 წლის 15 აპრილის ბრძანება და მის საფუძვლად არსებული მოხსენებითი ბარათი, აპელანტისა და მისი ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო აღწერილობები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის აპელანტზე და მის ხელმძღვანელზე გაპიროვნებული ავტორიზაციის მექანიზმის გამოყენების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერები, ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციული ...ის დეპარტამენტიდან გაგზავნილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენინსპექციის უფროსის 2021 წლის 14 მაისის მოხსენებითი ბარათი დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენების მოთხოვნით და მისივე 2021 წლის 14 მაისის დასკვნა №2021-003 დისციპლინური წარმოების შესახებ, 2021 წლის 25 მაისის „თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 15 მაისის №01-132 ბრძანების საფუძველზე შექმნილი თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმი №01/02. აღნიშნული ოქმის ფარგლებში საბჭომ 10 წევრის შემადგენლობით იმსჯელა და გადაწყვიტა ნ.ქ-ისა და ჯ.ჩ-ის მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ოქმის დასაბუთება ადასტურებს, რომ უთანასწორო მიდგომას აპელანტისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ადგილი არ ჰქონია და ნ.ქ-ის მიმართ ბევრად მსუბუქი დისციპლინური სახდელის სახე შეირჩა, ვიდრე ეს გენინსპექციის უფროსის მხრიდან იყო სამსახურის უფროსისათვის შეთავაზებული. ამდენად, სახეზე იყო წერილობითი, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ უთანასწორო მოპყრობის გამომრიცხავ გარემოებებს. საქმეში წარმოდგენილია და ხაზგასმულია ის ფუნქციური განსხვავებები, რომელიც შესასრულებელი საქმისადმი განსხვავებულ მოპყრობას ავალდებულებდა საქმეში მონაწილე პირებს დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ...ის მიმართ. იმდენად მკაფიოა იმ ვალდებულებათა და შესასრულებელ ქმედებათა ჩამონათვალის სხვადასხვაობა, რომ მიუკერძოებელი არბიტრისთვის რწმუნების მაღალი სტანდარტით დადგენილი უნდა იყოს გადაცდომის მიმართ ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული რეაგირების ობიექტურობა. აღნიშნულის საპირწონედ, იმისათვის, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ნ.ქ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, თანასწორობის პრინციპის დარღვევა ან ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მას კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობისას, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, უნდა დგინდებოდეს ადგილი ჰქონდა თუ არა პირთა ანალოგიურ მდგომარეობაში არსებობას - იდენტური იყო თუ არა ქ-ისა და ჯ.ჩ-ის მიერ შემოსულ კორესპონდენციაზე საჭირო რეაგირება. მტკიცებულებებით დადენილია, რომ ჯ.ჩ-ე და ნ.ქ-ი სამსახურებრივი მოვალეობიდან და ფუნქციიდან გამომდინარე ასრულებდნენ სხვადასხვა საქმეს, ხოლო წერილზე რეაგირების განხორციელება უშუალოდ აპელანტის პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, განსხვავებული სახდელის დადებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ფუნქციის შესრულება და არა პირის სამსახურებრივი სტატუსი/ტიტული, რაც ნათლად არის გადმოცემული საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებით ნ.ქ-ისა და ჯ.ჩ-ის საკვალიფიკაციო მოთხოვნებითა და სამუშაო აღწერილობებით. ამის საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ დისციპლინური სახდელებისას თანასწორობის პრინციპის საკითხის შეფასების ვალდებულება კასატორ მხარეს დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჯ.ჩ-ე მოხსენიებულია, როგორც გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, რისი მტკიცებულებაც საქმეში არ არსებობს. აღნიშნული პოზიცია აპელანტის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულია სააპელაციო საჩივარში/სხდომაზე და არა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც საერთოდ არც კი უნდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს და რაც ასევე, დარღვევას წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებით სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აპელანტის ნების ნამდვილობას სამსახურიდან წასვლის თაობაზე და უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლასთან დაკავშირებით. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ნ.ქ-ი მიუთითებდა, რომ მის მიერ გამოხატული ნება სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ იყო ნამდვილი და იგი განპირობებული იყო სამსახურში მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოებით, რასაც შედეგად მოჰყვა სახდელის დადება. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის საკითხები, რომელიც მეტყველებს მხარის რეალურ ნებაზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ნ.ქ-ი 2021 წლის 28 მაისს გაეცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანებას „ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ“. აღნიშნულის შემდგომ 2021 წლის 2 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის ინიციატივით მოსარჩელესა და სახელმწიფო ინსპექტორს შორის გაიმართა ზეპირი კომუნიკაცია. 2021 წლის 7 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის ს.ბ-ის ინიციატივით გაიმართა ზეპირი კომუნიკაცია ს.ბ-ისა და ნ.ქ-ის შორის. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური წარმოება იყო დასრულებული, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელ პირებთან დამატებით შეხვედრებს დისციპლინური წარმოების პროცედურა არ ითვალისწინებს, მოსარჩელესთან გამართული შეხვედრები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი პირებისათვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული თანამშრომლის მოსაზრების მოსმენა უშუალოდ მათგან და შესაბამისი უკუკავშირის გაზიარება, მათ შორის, იმ მიზნით, რომ თანამშრომელი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული დისციპლინური წარმოების შედეგებზე და კანონიერებაზე. ასევე, ხელმძღვანელი პირების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერით შემსუბუქდეს ის ემოციური დამოკიდებულება, რაც შესაძლოა ახლდეს თანამშრომლის მიმართ დისციპლინურ წარმოებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილესთან ს.ბ-ისთან გამართულ შეხვედრაზე მოსარჩელე განცხადების განხილვის ვადის მის მიერ დარღვევას არ უარყოფდა, ასევე არ ჰქონია რაიმე არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მის მიერ განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვადის დარღვევის ფაქტი სადავო არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელემ განცხადება დაწერა 2021 წლის 10 ივნისს, რომლითაც მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2021 წლის 14 ივნისიდან. მოსარჩელე განცხადების დაწერის მიზეზად მიუთითებს განცხადების დაწერის დღეს გამართულ შეხვედრაზე მის ძლიერ აღელვებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას არ მოუთხოვია განცხადების განუხილველად დატოვება (არ გაუთხოვია დაწერილი განცხადება). უფრო მეტიც, მომდევნო დღეს მან განმეორებით, შეგნებულად და ნების მთელი სიცხადის გამოხატვით დაწერა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან 2021 წლის 14 ივნისიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან 10 ივნისს დაწერილ განცხადებაზე „ვიზიორად“ არ იყო მითითებული ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელი - ჯ.ჩ-ე. განმეორებითი განცხადება ნ.ქ-იმა დაწერა მომდევნო დღეს, 11 ივნისს. 2021 წლის 11 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე, ს.ბ-ი კიდევ ერთხელ გაესაუბრა მოსარჩელე ნ.ქ-ის, რომელმაც განმარტა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და უკეთესი იქნებოდა სამსახურის დატოვება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ს.ბ-ი ასევე გაესაუბრა ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელს - ჯ.ჩ-ეს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას, ნ.ქ-ი გაეცნო განცხადების დაწერამდე 12 დღით ადრე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დისციპლინური წარმოების დაწყება და სახდელის სახით „გაფრთხილების“ შეფარდება არ წარმოადგენს დასაქმებულის ძლიერი სულიერი აღელვების ფონის გამომწვევ იმგვარ წინაპირობას, რომ მან სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვოს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სადავო ბრძანების გასაჩივრება თანამდებობაზე დარჩენის პარალელურად შეეძლო. ამდენად, სრულიად უსაფუძვლოა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის ფაქტის სასამართლოს მიერ შეფასება აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულის იმწუთიერ რეაქციად. დადგენილია, რომ ნ.ქ-იმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ორჯერ დაწერა, 2021 წლის 10 და 11 ივნისს და ორივეჯერ გათავისუფლების თარიღად 14 ივნისი მიუთითა. კონკრეტული თარიღიდან სამსახურიდან გათავისუფლების ნება კი, სწორედ, რომ მისი ნამდვილობის გამოხატულებად და ამ თარიღისადმი მხარის ინტერესზე მიუთითებს, რაც შესაბამისად უტოლდება სამსახურიდან დაუყოვნებლივ (14 დღიანი დაყოვნების გარეშე) გათავისუფლების მავალდებულებელ გარემოებას. ბუნებრივია, რომ დღეის მდგომარეობით, ობიექტურად ვერ შეფასდება მხარის დამოკიდებულება ნების ნამდვილობის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან იგი სუბიექტურად არის განწყობილი შედეგისადმი. ამასთან, სამსახურის მხრიდან მისი აღდგენის შეუძლებლობა კიდევ ერთი გარემოებით არის განპირობებული - სამსახური ვერ დაპირდება აპელანტს აღდგენას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ გადაიბარებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე საზედამხედველო მანდატს და არც ამ შემთხვევაში მოხდება მისი უფლებამონაცვლეობა ადმინისტრაციული/შრომითი/საორგანიზაციო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2025 წლის 17 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის (№1314-IVმს-XIმპ) მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განისაზღვრა, რომ 2026 წლის 2 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში წარმოებული შესაბამისი საქმეების წარმოება 2026 წლის 2 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. ამდენად, წინამდებარე დავაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონისმიერ უფლებამონაცვლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 ივნისის განჩინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება. შესაბამისად, საკასაციო პალატა შეზღუდულია სწორედ აღნიშნული საკასაციო მოთხოვნის ფარგლებით.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ნ.ქ-ი 2016 წლის აპრილიდან მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანებით ნ.ქ-ი დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ...ის ...ის თანამდებობაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 10 მაისის ბრძანებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ...ის დეპარტამენტში ...ის - ...ის ...ის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ 233, 239); ბ) სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 31 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური წარმოება მოსარჩელე ნ.ქ-ის მიმართ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტზე (ტ.1, ს.ფ 191, 192-193); გ) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მიერ 2021 წლის 2 აპრილს შედგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დათვალიერების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მოქალაქის განცხადება სისტემაში აიტვირთა 2021 წლის 15 მარტს, რომელიც იმავე დღეს დაეწერა სახელმწიფო ინსპექტორს, რის შემდეგაც რეზოლუციით - „შესაბამისი რეაგირებისათვის შესასრულებლად, გადაეცა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს, ხოლო მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომელმაც, საბოლოოდ, 2021 წლის 15 მარტს, განცხადება რეზოლუციით „რეაგირებისათვის“ დააწერა ამავე დეპარტამენტის ...ას ნ.ქ-ის. რეზოლუციით განისაზღვრა შესრულების ვადა - 2021 წლის 19 მარტი. ნ.ქ-იმა, აღნიშნულ განცხადებაზე, 2021 წლის 2 აპრილს განმცხადებელს გაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ (ტ.1, ს.ფ 201-202); დ) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 13 აპრილს, ნ.ქ-იმა ახსნა-განმარტებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს და განმარტა, რომ მოქალაქის განცხადება შესასრულებლად გადაეცა 2021 წლის 15 მარტს, რომელსაც გაეცნო და აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს - ჯ.ჩ-ეს, რის თაობაზეც ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ მოეცადა განცხადების განხილვა. აღნიშნულის თაობაზე შეახსენა 2021 წლის 18 მარტს, თუმცა მითითება შემდგომი რეაგირების შესახებ არ არ მიუღია. მისივე განმარტებით, ვინაიდან განცხადება თავისი შინაარსით იყო ბუნდოვანი, მნიშვნელოვანი იყო ხელმძღვანელთან საერთო პოზიციის შეჯერება და მისი მითითებით მოქმედება. 2021 წლის 26 მარტს, ხელმძღვანელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწერა განცხადებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რაზეც მიეცა მითითება, გასაუბრებოდა განმცხადებელს (ტ.1, ს.ფ 216-221); ე) დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში, მოსარჩელე ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელმა - ჯ.ჩ-ემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ვერ იხსენებს, მიმართა თუ არა მას ნ.ქ-იმა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2021 წლის 26 მარტამდე. ამასთან, უარყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ ნ.ქ-ის მისცა მითითება, მოეცადა განცხადების განხილვა (ტ.1, ს.ფ 246-251); ვ) 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნაში აღწერილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ისა და მისი უშუალო უფროსის - ჯ.ჩ-ის მიერ მოქალაქის განცხადების განხილვის ვადის დარღვევის ფაქტი, დისციპლინური წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებები. მითითებული დასკვნის თანახმად, ჯ.ჩ-ისა და ნ.ქ-ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოიწვია საჯარო დაწესებულების - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეპუტაციის შელახვა და შესაბამისად, მათი ქმედება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამდენად, ნ.ქ-ისა და ჯ.ჩ-ესთან მიმართებით მიზანშეწონილი იქნებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“ (ტ.1, ს.ფ 307-317); ზ) თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის თანახმად, 2021 წლის 19 მაისის გაიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ისა და სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის საკითხი. საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ გადაწყვიტა, რომ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად, ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისთვის საჭირო კრიტერიუმების არარსებობის, სამსახურის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით გამოწვეული მძიმე შედეგის არარსებობის, განმცხადებლის საჩივრის არარსებობის, განმცხადებლისთვის მისი უფლებების რეალიზების კუთხით დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის, უშუალო შემსრულებელსა და ხელმძღვანელს შორის არსებული პასუხისმგებლობის დიფერენცირების საჭიროებისა და ამავდროულად, დისციპლინური წარმოების ფარგლებში არსებული მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა დადასტურება ვერ განხორციელდა უტყუარად და რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დამდგარი შედეგის მიმართ სამსახურის თანამშრომელთა ბრალეული ქმედების გამოკვეთის კუთხით, სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ის ქმედება მიჩნეულ იქნა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და გათავისუფლდა დისციპლინური პასუხისმგებლობისგან. მასვე დაევალა, უზრუნველყოს სამსახურის ...ის დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის ქმედება შეფასდა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად და პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა - გაფრთხილება (ტ.1, ს.ფ 342-355); თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა 2021 წლის 25 მაისს გამოსცა №02/43 ბრძანება, სამსახურეობრივი მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - გაფრთხილების შეფარდების თაობაზე (ტ.1, ს.ფ 357); ი) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს №01/02 სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა 2021 წლის 25 მაისს გამოსცა №02/44 ბრძანება, სამსახურის ...ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ჯ.ჩ-ის ქმედების მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე; ამავე ბრძანებით ჯ.ჩ-ეს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვლისწინებული ვადების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები (ტ.1, ს.ფ 358); კ) 2021 წლის 11 ივნისს მოსარჩელე ნ.ქ-იმა წერილობითი განცხადებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება 2021 წლის 14 ივნისიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის ბრძანებით მოსარჩელე ნ.ქ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2021 წლის 14 ივნისიდან (ტ.1, ს.ფ 363, 364).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ.ქ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების შეფარდებისა და პირადი განცხადების საფუძველზე მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო, საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი პირადი განცხადება, რომლითაც ნ.ქ-იმა მოითხოვა სამსახურიდან დათხოვნა 2021 წლის 14 ივნისიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული კანონის 109-ე მუხლის თანახმად, (1) მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; (3) სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 18.12.2024წ. №ბს-73(კ-24) საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, „109-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი ცხადყოფს, რომ 14-დღიანი ვადა დაწესებულია დამცავ მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურიდან წასვლის პროცესის გონივრულად წარმართვას, თუმცა იგი შეიძლება გამოირიცხოს იმ პირობებში, როდესაც მოხელის განცხადება შეიცავს დაუყოვნებლივი გათავისუფლების მკაფიო მოთხოვნას და მოცემული გარემოება არ ქმნის საფრთხეს უწყების შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, გაათავისუფლოს მოხელე მის მიერ მითითებულ თარიღში, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც განცხადებაში მითითებულია კონკრეტული თარიღი, ადმინისტრაციული ორგანო არ ელოდება 14 სამუშაო დღის გასვლას, თუკი ეს არ არღვევს დაწესებულების საქმიანობის უწყვეტობას. ამდენად, მითითებული ნორმის მიზანი არა მხოლოდ საჯარო სამსახურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების დაცვაა, არამედ ამავდროულად ემსახურება დასაქმებული პირის შრომის თავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფას“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული (სუსგ 11.01.2018წ. №ბს-663-659(კ-17)). ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები, კერძოდ, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (სუსგ 05.11.2014წ. №ას-649-616-2014). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მისი მხრიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას უკავშირებს შემდეგ გარემოებას: 2021 წლის 10 ივნისს ჯ.ჩ-ის ინიციატივით მოხდა მისი დაბარება დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით. ხელმძღვანელის მიერ მოსარჩელის მხრიდან მომზადებული დოკუმენტაციის ხარისხთან მიმართებით გამოითქვა პრეტენზიები, რაც მიიჩნია, რომ იყო დაუმსახურებელი. შესაბამისად, საუბრის შინაარსის გათვალისწინებით, მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე, იმავე დღეს, 2021 წლის 10 ივნისს სამსახურიდან გასვლის შემდგომ, 22:11 საათზე დაწერა განცხადება 2021 წლის 14 ივნისიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (იხ. სასარჩელო განცხადება).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დეტალურ დასაბუთებას, რის გამო უნდა შეეტანა ეჭვი დამსაქმებელს დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში და ეკვლია აღნიშნული საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა კონკრეტული თარიღიდან - 2021 წლის 14 ივნისიდან სამსახურიდან გათავისუფლება. ის გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №02/54 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან წინააღმდეგობაში არ მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლთან, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მიერ არ არის დადგენილი ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანას განაპირობებდა. მართალია, პირადი განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას წინ უსწრებდა ნ.ქ-ის მიმართ დისციპლინური წარმოება და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა საყურადღებოა, რომ დისციპლინური სამართალწარმოების მასალები მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს 2021 წლის 9 ივნისს (ს.ფ. 359-362), ხოლო განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელე წერს ორჯერ - 2021 წლის 10 ივნისსა (ტ.1. ს.ფ. 108) და 11 ივნისს (10 ივნისს შედგენილ განცხადებას არ ჰქონდა ვიზირება, რის გამოც საჭირო გახდა განცხადების ხელმეორედ დაწერა). შესაბამისად, მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებები მძიმე ემოციური მდგომარეობის შედეგად განცხადების დაწერის შესახებ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, ვერ გახდება მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი. მოსარჩელის მიმართ წინმსწრები დისციპლინური წარმოება და მისთვის გაფრთხილების გამოცხადება, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ არ ანიჭებდა ვალდებულებას, ეჭვი შეეტანა ნ.ქ-ის მიერ გამოხატულ ნებაში კონკრეტული თარიღიდან სამსახურიდან წასვლის თაობაზე და ეწარმოებინა დამატებითი კვლევა ნების ნამდვილობის დასადგენად. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების შესახებ ინფორმირებული იყო ამავე წარმოების ფარგლებში, ხოლო გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ბრძანება შეეძლო გაესაჩივრებინა კანონის დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცემია განსახილველ საკითხს. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უნდა იქნეს, ნ.ქ-ის მიერ განთავისუფლების შესახებ განცხადების ორჯერ დაწერის პირობებში არსებობდა თუ არა რაიმე გარემოება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნ.ქ-ის მიერ გამოვლენილ ნებაში ეჭვის შეტანასა და მისი ნამდვილობის კვლევას განაპირობებდა.

რაც შეეხება, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანებას, რომლითაც სამსახურეობრივი მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ას - ნ.ქ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა (1-ლი მუხლი). კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (მე-2 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

მითითებული კანონის 85-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, კერძოდ, 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომაა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.

ზემოაღნიშნული კანონის 86-ე და 87-ე მუხლების მიხედვით, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.

აღნიშნული კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანებით ...ის დეპარტამენტის ...ის - ნ.ქ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი მე-2 პუნქტის (მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს) მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტზე. დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე მ.რ-ის განცხადება მოსარჩელეს 2021 წლის 15 მარტს დაეწერა რეზოლუციით „რეაგირებისთვის“, შესრულების ვადად კი მიეთითა - 2021 წლის 19 მარტი. აღნიშნულ ვადაში მოსარჩელის მიერ განცხადებაზე სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. ამავე კანონის 90-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. ამავე კანონის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. ამავე კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

ზემოაღნიშნული კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 97-ე მუხლის თანახმად, (1) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს; (2) მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება). ამასთან, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა განსაზღვროს და იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოსარჩელესა და ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს - ჯ.ჩ-ეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ მ.რ-ის განცხადებაზე მოსარჩელის მხრიდან 2021 წლის 19 მარტის ჩათვლით სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა და არ მომზადებულა შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი. საგულისხმოა, რომ თავად ნ.ქ-იც არ უარყოფს მისი მხრიდან ვადის დარღვევის ფაქტს. მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ იმის შესახებ, რომ უშუალო უფროსმა მოსთხოვა დალოდებოდა მის მითითებებს, რაც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის სამუშაო აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ტ.1, ს.ფ 290-295). აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ...ის ფუნქცია-მოვალეობებში შედის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ასევე, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და დროული რეაგირება. გარდა ამისა, ნ.ქ-ი მის მიერ დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ როგორც განცხადებაზე, ასევე, შეტყობინებაზე ყველა სახის დოკუმენტი, მათ შორის, კორესპონდენცია მზადდებოდა მის მიერ, რაც შემდგომ ეგზავნებოდა ხელმძღვანელს დასადასტურებლად.

დადგენილია, რომ 2021 წლის 14 მაისის დისციპლინური წარმოების №2021-003 დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №02/43 ბრძანებით სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ას ნ.ქ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

ზემოაღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას სააპელაციო პალატამ ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ნ.ქ-ის უშუალო ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა და გააჩნდა ტექნიკური შესაძლებლობა, ეფექტური კონტროლი განეხორციელებინა შემსრულებლის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაზე, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გათავისუფლდა დისციპლინური პასუხისმგებლობისგან, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ...ის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ წამოადგენს მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ნ.ქ-ისა და ჯ.ჩ-ის საქმის გარემოებების იდენტურობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ დაუდგენია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია მათთვის. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ უნდა იქნეს ნ.ქ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის არსებობის/არარსებობის ფაქტი, რა დროსაც შეფასება უნდა მიეცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის სამუშაო აღწერილობას და სწორედ აღნიშნულის შედეგად უნდა შეფასდეს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა