დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-7(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2025 წლის გადაწყვეტილებით თ.კ-ას სარჩელი მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ.კ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.05.2024 წლის №1000935832 დასკვნა და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.კ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააგენტომ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თ.კ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, 02.05.2024 წელს მოამზადა №1000935832 უარყოფითი დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების წარდგენის შემდგომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 02.05.2024 წლის სხდომაზე (სხდომის ოქმი №5235) კომისიამ განიხილა და შეაფასა თ.კ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ცოდნის დონე და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თ.კ-ას მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. მოცემულ შემთხვევაში ბიოგრაფიული ცნობებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დაიბადა ... ... ... წელს, საქართველოში, ქ. გალში. 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ცხოვრობდა გალის რაიონში, სოფელ ...ში. მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპრის ადგილია. იგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია. 1997-2002 წლებში, სწავლობდა ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობა - .... რუსეთის ფედერაციაში, ქ. ში ეწევა ... საქმიანობას, 2012 წლიდან დღემდე, ... კომპანია „....ის“ გენერალური დირექტორია, ჰყავს მეუღლე - ი.კ-ა, შვილები - ლ.კ-ა და ვ.კ-ა, დედა - ლ.კ-ა, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად მოსარჩელემ დაასახელა საქართველოში დაბრუნების და ცხოვრების სურვილი. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებებით თ.კ-ას, არათუ სამომავლო, არამედ ამჟამად არსებული მჭიდრო კავშირიც უდავოა საქართველოსთან, შესაბამისად, გასაჩივრებული დასკვნა არ არის დასაბუთებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ არც ერთი ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა/ინფორმაცია გაცემული, მან ცოდნის დონის შეფასებისას მიიღო უმაღლესი ქულები, ასევე მისი მეუღლე და შვილები საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმაში მოსარჩელე დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ აქვს საქართველოში ... საქმიანობის განხორციელების სურვილი, საქართველოში აქვს ორი უძრავი ქონება და ასევე ჰყავს ნათესავები. განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, დასტურდება სადავო დასკვნის უარყოფითი გავლენა/შედეგი მოსარჩელის ცხოვრებაზე. ცხადია, რომ გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს ართმევს სამშობლოში საკუთარ ოჯახთან ერთად სრულფასოვნად დამკვიდრების, საქართველოს მოქალაქისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებება-მოვალეობებით სარგებლობისა და საქართველოში საკუთარი პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას, რაც პიროვნებასა და მისი დაბადების ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი კავშირის გათვალისწინებით, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსარჩელის მდგომარეობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მისი უფლებების ეფექტიან რეალიზაციაზე. მეორე მხრივ, სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს თვითნებურობის პრევენციის ტესტს. როგორც აღინიშნა და თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ დასკვნა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, არ იკვეთება რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა სააგენტოს მიერ მოსარჩელის მიმართ უარყოფითი დასკვნის მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი. თუ პირს დაბადებით არ აქვს მოპოვებული მოქალაქეობა, ნატურალიზაციის დროს არ შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრის მოქალაქეობამ იქონიოს გავლენა, ამასთან, პირს არ აქვს საქართველოში შემოსვლის და დაყოვნების შეზღუდვა. სააპელაციო სასამართლოს ერთმანეთისგან არ გაუმიჯნავს „მოქალაქეობის შენარჩუნება“ და „საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება“. გადაწყვეტილებაში მითითებულია მხარის საქართველოსთან მჭიდრო კავშირზე, ხოლო „სარწმუნო კავშირს“ კომისია იკვლევს მოქალაქეობის შენარჩუნების და არა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას. გაუგებარია რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ თ.კ-ას მიერ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიჩნევის ფაქტი ან რატომ გახდა აღნიშნული გარემოება საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველი. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესის არსებობისას. მოსარჩელესთან მიმართებით არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებებს დაადასტურებდა. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღების საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ პირი ეთნიკურად ქართველია. ეროვნული კუთვნილება არ ქმნის სამართლებრივ შედეგებს, მოქალაქეობა კი ასეთ შედეგებს ქმნის ეროვნულობის მიუხედავად.
კასატორმა მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის მიზნით 02.05.2024 წელს კომისია გაესაუბრა მოსარჩელეს. კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა შემდეგი: თ.კ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, გალის რაიონში, 1992 წლიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთში, საშუალო და უმაღლესი ... განათლება მიიღო რუსეთში, ამჟამად დასაქმებულია ... სფეროში რუსეთში, მეუღლე და შვილები არიან საქართველო-რუსეთის მოქალაქეები და ცხოვრობენ რუსეთში, დედა და და არიან რუსეთის ფერდერაციის მოქალაქეები და ცხოვრობენ რუსეთში, საქართველოში ჰყავს ნათესავები. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორი წევრის, ნ.შ-ისა და ლ.წ-ის მიერ დაფიქსირებული იქნა თ.კ-ას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დადებითი პოზიცია.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2020 წლის (საქმე №ბს-858(3კ-19)) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეობა არის უფლება მოახდინოს თვითიდენტიფიცირება და აღიჭურვოს რიგი უფლებებით კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ. მოქალაქეობის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო თავად განსაზღვრავს პირის მიერ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის არსებული კავშირის სიმძლავრისა და ეფექტიანობის ხარისხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10). მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. იხ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხ.). მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, ნატურალიზაციის სხვა ფორმების მსგავსად, აქცევს ორგანული კანონის რეგულირების სფეროში. ეს კი ნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გარკვეული წესები და პირობები, რომლის არსებობის დადგენას, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფს კომისია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-32). განსახილველ შემთხვევაში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე 02.05.2024 წელს მოამზადა №1000935832 უარყოფითი დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს (ს.ფ. 111-112). საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 14.05.2024 წლის №3251 წერილის თანახმად აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, რაც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 21.2 მუხლის შესაბამისად მიიჩნევა მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს (17.1 მუხ.). სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი (17.2 მუხ. „ა.ა“ ქვ.პ.). მოსარჩელემ სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (ს.ფ. 68). პირმა, რომელიც მითითებული საფუძვლით ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები (17.3 მუხ.). მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 02.05.2024 წლის №5235 სხდომის ოქმის თანახმად თ.კ-ას ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (ს.ფ. 107).
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე დაიბადა ... ... ... წელს, საქართველოში, ქ. გალში. 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა გალის რაიონში, სოფელ ...ში. მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპრის ადგილია. იგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია. 1997-2002 წლებში, სწავლობდა ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რუსეთის ფედერაციაში, ქ. ...ში ეწევა .... საქმიანობას, 2012 წლიდან დღემდე, ... კომპანია „....ის“ გენერალური დირექტორია, ჰყავს მეუღლე - ი.კ-ა, შვილები - ლ.კ-ა და ვ.კ-ა, დედა - ლ.კ-ა, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად მოსარჩელემ დაასახელა საქართველოში დაბრუნების და ცხოვრების, ასევე საქართველოში ... საქმიანობის განხორციელების სურვილი. მოსარჩელეს საქართველოში საკუთრებაში გააჩნია აგრეთვე უძრავი ქონება, კერძოდ, თ.კ-ას საკუთრებაშია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 88,80კვ.მ. ფართობის მქონე ბინა ... (ს.ფ. 153). საქმის მასალებში დაცულია ასევე რეკომენდაციები მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე (ს.ფ. 86-87).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას უარყოფითი დასკვნის მომზადების საფუძვლების შესახებ. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმსა და სააგენტოს დასკვნაში ასახულია მხოლოდ მოსარჩელის ბიოგრაფიული ცნობები, ამ ცნობების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლებზე მითითების გარეშე (ს.ფ. 106-108, 111-112). ამდენად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საქმეზე დადგენილი გარემოებების არასაკმარისობის მტკიცება მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მისანიჭებლად.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომელიც აგრეთვე ვრცელდება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უარის თქმის რომელიმე საფუძველზე. საქმის მასალებში დაცული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის 27.02.2024 წლის წერილების თანახმად, აღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ (ს.ფ. 102-103). რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის ოლქში მთავარი სამმართველოს 27.08.2024 წლის ცნობის თანახმად თ.კ-ას შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნასამართლეობის, სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ არ არის დაცული (ს.ფ. 121).
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება მასზედ, რომ საქართველოსთან „სარწმუნო კავშირს“ კომისია იკვლევს მოქალაქეობის შენარჩუნების და არა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 33.3 მუხლის თანახმად, იმ პირის მიმართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვს საქართველოს სამშობლოდ მიჩნევის საფუძვლით, აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ იგი ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაგილებული პირია, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას, ამდენად, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას შეფასებას შესაძლოა დაექვემდებაროს საქართველოს მოქალაქოების მიღების მსურველი პირის კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. იხ. სუსგ №ბს-486(კ-25), 23.07.2025წ., №ბს-649(კ-25), 30.10.2025წ., №ბს-867(კ-25), 30.10.2025წ.) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2025 წლის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №27922, გადახდის თარიღი 26.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე