დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-790(კ-25) 26 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, ე. ბ-ა);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 22 მარტს მ. ბ-ამ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და ე. ბ-ას მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნულ განჩინებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამება სარჩელის შინაარსს და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების აღსადგენადაც მიმართა მან სასამართლოს და რაც იყო მისი ინტერესი და განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, საქმის ხელახლა განხილვისას, პირველ რიგში უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნათა ზუსტად ჩამოყალიბება და განსაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გამოარკვიოს რას მოითხოვს (რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, ე. ბ-ას უფლების დამდგენი დოკუმენტების გაუქმებას თუ სადავო ფართზე თანამესაკუთრედ ცნობას და ა.შ.) მოსარჩელე სასამართლოსგან და რა მატერიალურ - სამართლებრივ არგუმენტებს უყენებს თავის მოთხოვნას საფუძვლად.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისა და სარჩელის დაზუსტების შემდგომ სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე ს.კ ..., ქ. სამტრედია, ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ, შენობა - ნაგებობა 24,3 კვ.მ, საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1 მეორე სართული ოთახი N10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახი (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფის 24,3 კვ.მ, ე. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 27 მაისის ... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე ს.კ. ..., ქ. სამტრედია ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ შენობა - ნაგებობა 24,3 კვ.მ, საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობა N1 მეორე სართული ოთახი N10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახი (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფის 24,3 კვ.მ, ე. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის ... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე ს.კ. ..., ქ. სამტრედია, ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ შენობა - ნაგებობა 24,3 კვ.მ, საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1 მეორე სართული ოთახი N10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახი (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფის 24,3 კვ.მ, ე. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის ... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ..., ქ. სამტრედია ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ შენობა - ნაგებობა 24,3 კვ.მ, ნ. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
1.5. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ..., ქ. სამტრედია ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ განლაგებული საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1, მეორე სართული ოთახი 10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახის (ზალა) 1/6 ნაწილი და ამ ოთახის ქვეშ სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფის შენობა - ნაგებობა 24.3 კვ.მ 1/6 ნაწილის მ. ბ-ას თანასაკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად მითითებისა და შეფასების შემდგომ არ გაიზიარა აპელანტის ის მსჯელობა, რომ ე. ბ-ას არ ჰქონდა სადაო ფართებზე უფლებადამდგენი დოკუმენტი. პალატამ აღნიშნა, რომ სამტრედიის რაიონული სასამრთლოს 1988 წლის 02 ნოემბრის N2-328/3 განჩინებით ნ. ბ-ას (ე. ბ-ას ბებიას) საკუთრების უფლებით გადაეცა საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე ერთი ოთახი, (ზალა) - 23.5 კვ.მ, ხოლო ამავე განჩინებით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 1 ოთახი 22.4 კვ.მ ფართით დარჩა ნ. ს-ეეს, რომელიც ნ. ბ-ამ ნ. ს-ეის შვილისაგან, ო. ს-ასგან შეისყიდა 2004 წლის 22 იანვრის N1-97 ნასყიდობის ხელშეკრულებით. მართალია, ნასყიდობის დოკუმენტში 22.4 კვ.მ. ნაცვლად მითითებულია - 26.32 კვ.მ (სასარგებლო ფართი 24.3 კვ.მ.), მაგრამ ტექ. აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის წერილით აწ. გარდაცვლილ ნ. ნი.-ს ასული ს-ეის სახელზე ირიცხებოდა სახლის პირველ სართულზე მდებარე №1 ოთახი - 24.3 კვადრატული მეტრი. სააპელაციო სასამართლომ მითითებულ არგუმენტთან ერთად, გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ აპელანტს (მოსარჩელე) არ გააჩნდა სადავო ფართებზე საკუთრების წარმოშობის უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლოს მსჯელობით დაადასტურებდა სადავო რეგისტრაციით მისი კანონიერი უფლების შელახვას და რომელიც შეიძლება გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ას მიერ.
კასატორის მსჯელობით სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტები უძრავი ნივთის მესაკუთრეების/ თანამესაკუთრეების შესახებ. მიუთითებს, რომ სამემკვიდრეო ქონების (მდებარე ქ. სამტრედია, ...ის ...; საკარმიდამი ნაკვეთი 729.00 კვ.მ, მასზე გაშენებული საცხოვრებელი სახლით 200 კვ.მ) თავდაპირველი მესაკუთრე იყო მისი ბაბუა კ. (ნი.) ბ-ა, რომელსაც ჰყავდა სამი შვილი ა., დ. და შა. ბ-ავები. საცხოვრებელი სახლი მათ სიცოცხლეშივე იყო განაწილებული. საერთო საკუთრებას წარმოადგენდა საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის და შენობა - ნაგებობა N1 მეორე სართული ოთახი N10 - 24.9 კვ.მ, ე.წ. მისაღები ოთახი (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფი შენობა - ნაგებობა 24.3 კვ.მ. საჩივრის ავტორის მტკიცებით, კ. (ნი.) ბ-ას (ბაბუა) გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობა გადავიდა მის სამ ვაჟზე, მათ შორის კასატორის მამაზე - შ. ბ-აზე, ხოლო შ. ბ-ას გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო კასატორის დედამ - თ. ა.-ს ასულმა ბ-ამ. დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მან და მისმა დამ თანაბარწილად. დღეის მდგომარეობით N... საკადასტრო კოდზე, დაზუსტებული ფართობი 687.00 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით - N1, N2, N3, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე და შენობა - ნაგებობაზე საერთო საკუთრების უფლება არ გაუქმებულა, აღნიშნულს ესაჭიროება სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა ან საზიარო უფლების გაუქმება სასამართლო წესით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო 2021 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება უკანონოდ აქვს რეგისტრირებული ე. ბ-ას, რომელმაც N... საკადასტრო კოდზე საერთო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687.00 კვ.მ. ერთპიროვნულად ინდივიდუალურ საკუთრებაში დაირეგისტრირა საზიარო/საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1, მეორე სართული ოთახი N10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახი (ზალა) და აღნიშნული ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფი შენობა - ნაგებობა 24,3 კვ.მ უძრავი ნივთი. კასატორის მსჯელობით, სასმართლომ არ გამოიკვლია მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ იმ პირობებში როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციისთვის მოსარჩელისგან ითხოვდა სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობას, ვინაიდან სახლი მდებარეობს საერთო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 687.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), როგორ განახორციელა ე. ბ-ამ სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე საკუთრების უფლების დარეგისტრირება საცხოვრებელ სახლზე იმ მოცემულობაში როდესაც არ გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმეტი საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლის N1 შენობა - ნაგებობის მეორე სართულის ოთახი N10 – 24.9 კვ.მ. (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე 24.3.კვ.მ. სარდაფზე. კასატორი ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად და ქრონოლოგიურად მითითებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი შემთხვევაში მსჯელობის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის ..., 2020 წლის 29 ივნისის ..., 2021 წლის 14 დეკემბრის N... და 2024 წლის 27 მაისის ... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, უძრავ ნივთზე ს/კ ..., ქ. სამტრედია ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1 მეორე სართული ოთახი N10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახი (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე სარდაფის 24,3 კვ.მ, ე. ბ-ას და ერთ შემთხვევაში (19.05.2014 წლის გადაწყვეტილება) ნ. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში და ასევე თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა (უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ..., ქ. სამტრედია ...-ში მდებარე საერთო საკუთრების არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართი 687:00 კვ.მ განლაგებული საცხოვრებელი სახლის შენობა - ნაგებობა N1, მეორე სართული ოთახი 10-24,9 კვ.მ მისაღები ოთახის (ზალა) 1/6 ნაწილი და ამ ოთახის ქვეშ სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფის შენობა - ნაგებობა 24.3 კვ.მ 1/6 ნაწილის) მ. ბ-ას თანასაკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ ფარგლებშია მოქცეული. ამ პროცესის მომწესრიგებელი ერთ - ერთი სამართლებრივი აქტია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შექმნას უკავშირებს საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციის მომენტს, რა დროიდან უძრავი ნივთის შემძენი იძენს მასზე მესაკუთრის ექსკლუზიურ უფლებებს. ამდენად, საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მისი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების შესახებ და საერთო საკუთრებაში მყოფი ეზოს გაყოფა მოხდა 2003 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული ვარიანტის მიხედვით. სახელდობრ - „ნაკვეთის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში დარჩენილი მიწის ნაკვეთი 54.19 კვ.მ, იქ არსებული სათავსოს მიერ დაკავებული ნაკვეთის ჩათვლით შეიძლება გამოიყოს ან. ბ-ამ; ეზოს ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ფართით 71.04 კვ.მ. იქ არსებული სათავსოების მიერ დაკავებული ნაკვეთების ჩათვლით შეიძლება გამოეყოს ნ. ბ-ამ. ეზოს სამხრეთ - დასავლეთ ...ის ქუჩაზე გამავალი ღობიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაიზომოს 5.5 კვ.მ. და გაევლოს ...ის ქუჩაზე გამავალი ღობის პარალელური ხაზი მივიღებთ 2 ნაკვეთს - „ა“ ფართით -19.97 კვ.მ. ,,გ’’ - ფართით - 23.56 კვ.მ. ნაკვეთის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მდებარე ნაკვეთში იქ არსებული საპირფარეშოს სამხრეთი კედლის გასწვრივ დასავლეთის მიმართებით ღობიდან გადაიზომოს 1.58 მეტრი, შემდეგ ეს ხაზი შეტრიალდეს ჩრდ. მიმართულებით იქ არსებულ სათავსომდე ამავე სათავსოს ბრდ. დასავლეთის კუთხიდან. ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ დასავლეთის კუთხიდან, მიმართულებით გაევლოს ხაზი. საერთო სარგებლობის ნაკვეთებამდე მივიღებთ 2 ნაკვეთს. მ. ბ-ას შეიძლება გამოეყოს „გ“ და „დ“ ნაკვეთები. ფართის 41.65 კვ.მ., ხოლო ნ. ს-ეეს 71.29 კვ.მ.“.
განჩინებაში მიეთითა, რომ მ. ბ-ას უნდა გამოეყოს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული ვარიანტის მიხედვით „ბ“ (ფართით 23.56 კვ.მ.) და „დ“ (ფართით 18.2 კვ.მ) ნაკვეთები.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე შენობაში არსებული 24.3. კვ.მ. ფართის ს/კ ... პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2004 წლის 22 იანვარს მესაკუთრე ო. ს-ას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2004 წლის 22 იანვარს.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2004 წლის 23 იანვარს აღირიცხა ნ. ბ-ას სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სანოტარო აქტი - 2004 წლის 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს მ. გ-ეის მიერ), 2014 წლის 10 აპრილის მდგომარეობით ... საკადასტრო კოდზე არსებული მითითებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ნ. ბ-ას სახელზე იგივე უფლების დადგენი დოკუმენტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის ... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და განხორციელდა რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორება (უძრავი ქონება მდებარე სამტრედია, ...ის ...).
დადგენილია, რომ მ. ბ-ამ 2019 წლის 25 აპრილს N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. სამტრედია, ...ის ქ. ..., 18 კვ.მ, 24 კვ.მ და 687 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მასზე განლაგებულ ერთ საცხოვრებელ და ორ არასაცხოვრებელ შენობა - ნაგებობაზე).
მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით დაუზუსტებელი იყო მოთხოვნა. საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერებით - N... საკადასტრო კოდზე (729 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) რეგისტრირებულია ფიზიკურ პირთა თანასაკუთრების უფლება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაყოფის რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში წარსადგენი იყო თანამესაკუთრეთა შეთანხმება და მიწის ნაკვეთის დაყოფის შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა მოთხოვნის დაზუსტებისა და მოთხოვნის შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარსადგენად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ივნისის N...-... გადაწყვეტილებით მ. ბ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით. მ. ბ-ამ 2019 წლის 28 ივნისს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის N...-... გადაწყვეტილების გაუქმება. სააგენტოს 2019 წლის 14 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით მ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ბ-ას მიერ სადავო გახდა სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მ. ბ-ას 2019 წლის 25 აპრილის N... სარეგისტრაციო განცხადებაზე სრულყოფილი წარმოების ჩატარება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა N... პირობითი განცხადება, განმცხადებელი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, უძრავი ნივთის მისამართი - ქალაქი სამტრედია, ქუჩა ...ე, .... ქალაქ სამტრედიაში, ი. ...ის ქუჩა ...-ში მდებარე 18.00 კვ.მ ფართზე აღირიცხა მ. ბ-ას საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა N... საკადასტრო კოდი. ასევე, ამავე მისამართზე მდებარე 24.00 კვ.მ ფართზე აღირიცხა მ. ბ-ას საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა N... საკადასტრო კოდი. გარდა ამისა, ქალაქ სამტრედიაში ი. ...ის ქუჩა ...-ში მდებარე 54.19 კვ.მ ფართზე აღირიცხა ან. ბ-ას საკუთრების უფლება. იგივე მისამართზე მდებარე 24.3 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე, 71.04 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შენობა - ნაგებობა N1 პირველი სართული ოთახი N2-16.6 კვ.მ, ოთახი N3-13.5 კვ.მ, მეორე სართული ოთახი N10-24.9 კვ.მ, ოთახი N11-18.3 კვ.მ და ოთახი N12-12.2 კვ.მ აღირიცხა ე. ბ-ას საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს (დაზუსტებული ფართობი 687 კვ.მ, მესაკუთრეები: ან. ბ-ა, ე. ბ-ა, მ. ბ-ა) მიენიჭა N... საკადასტრო კოდი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს საარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რაც შეეხება მუხლის „თ“ პუნქტს კანონმდებელმა მიუთითა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
განსახილველ შემთხვევაში როგორც კასატორი მ. ბ-ა მიუთითებს სადავო ფართი წარმოადგენდა ან. ბ-ას, ასევე მის (მ. ბ-ა) და ნ. ბ-ას თანასაკუთრება და კანონდარღვევით მიიჩნევს რეგისტრაციას, რომლითაც ე. ბ-ამ სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება (საცხოვრებელი სახლის N1 შენობა - ნაგებობის მეორე სართულის ოთახი N10 – 24.9 კვ.მ. (ზალა) და ამ ოთახის ქვეშ მდებარე 24.3.კვ.მ. სარდაფი). აღნიშნულზე მსჯელობის ჭრილში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 02 ნოემბრის N2328/3 განჩინებაზე, რომლითაც დამტკიცდა ნ. ე.-ს ასულ ბ-ას და ნ. ნი.-ს ასულ ს-ეს შორის დადგებული მორიგების პირობა, რომლის თანახმადაც ნ. ნი.-ს ასული ს-ეე, მის საკთრებაში არსებულ 23,5 კვ.მ. ფართის მქონე ერთ ოთახს, რომელიც მდებარეობს სამტრედიაში, ...ს ქ. №17-ში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საკუთრების უფლებით აძლევს ნ. ე.-ს ასულ ბ-ას, ხოლო მის (ნ. ს-ეის) საკუთრებაში რჩება ამავე სახლის პირველ სართულზე მდებარე 22,4 კვ.მ. ფართის მქონე ერთი ოთახი.
ტექ. აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის 07.03 (წელი არ იკითხება) N209 წერილით ირკვევა, რომ ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მფლობელია 1. ბ-ა ნ. ე.-ს ასული, რომელსაც ეკუთვნის 55.4 კვ.მ. (N10, N11, N12 ოთახები); 2. ბ-ა მ. შ.-ს ასული, ეკუთვნის 49.9 კვ.მ. (N15, N16, N17 ოთახები); 3. ბ-ა ან. ალ.-ს ძე, ეკუთვნის 27.6 კვ.მ. (N13, N14 ოთახები) - თითოეულის საკუთრებაშია მისი მოპირდაპირე პირველი სართულის ოთახები; 4. აწ. გარდაცვლილი ს-ე ნ. ნი.-ს ასულის სახელზეა პირველი სართულის N1 ოთახი 24.3 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ტექ.აღრიცხვის ჩანაწერით გამიჯნული არ ყოფილა, ყოველთვის საერთო სარგებლობაში იყო. საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური პასპორტი (შევსების თარიღი: 27.06.2000წ.) უძრავ ქონებაზე მისამართი: ...ის ქ. №21, მფლობელი - ბ-ა ნ. ე.-ს ასული - ½ ნაწილი. შენობის ექსპლიკაციის მიხედვით სასარგებლო ფართია: 55,4 კვ.მ. ნაგებობების ექპლიკაციის მიხედვით: 1 - საცხოვრებელი სახლი, 2-3 - კომერციული მაღაზია, 4 - საკუჭანაო, 5-7 საპირფარეშო, 6 - შეშის საწყობი, 8 - კანტეინერი; მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციით: ფაქტიურად არის 722 კვ.მ., დოკუმენტით 600 კვ.მ. დამადასტურებელი საბუთი: 1) სასამართლოს განჩინება №2-328/3, 1988 წლის 02 ნოემბერი, შენიშვნა: I სართულის ზალა №1 – 24,3 კვ.მ. ეკუთვნის ნ. ნი.-ს ასულ ს-ეს. საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 22 იანვრის N2-4 სამკვიდრო მოწმობით კი ო. ს-ამ, როგორც აწ.გარდაცვლილი ნ. ს-ეის პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო დედის - ნ. ს-ეის სამკვიდრო ქონება, რომელიც შეადგენდა საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახს, მდებარე ქ.სამტრედია, ...ის ქუჩა ...-ში, რომლის მახასიათებლებია: ა) განაშენიანების ფართობი -26.32 კვ.მ.; ბ) საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა -1; გ) საცხოვრებელი ფართი - 24.3 კვ.მ; დ) სასარგებლო ფართი -24.3 კვ.მ; სარეგისტრაციო ზონა სამტრედია, კოდი ..., სექტორი სამტრედია, კოდი ..., კვარტალი N..., ნაკვეთის N475, ფართობი 24.3, უფლება საკუთრება, ფუნქცია საკარმიდამო. როგორც 2004 წლის 22 იანვრის N1-97 ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა ო. ს-ამ გაყიდა, მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი მდებარე: ქ. სამტრედია, ...ის ქ. N2I-ში, ხოლო ნ. ბ-ამ 500 ლარად იყიდა ო. ს-ასაგან საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი მდებარე ზემოთ დასახელებულ მისამართზე. საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახის მახასიათებლებია: ა) გაშენების ფართი ოცდაექვსი და ოცდათორმეტი (26. 32) კვ.მ; ბ) სასარგებლო ფართი ოცდაოთხი და სამი (24.3)კვ.მ.; გ) საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა ერთი (I ); დ) საცხოვრებელი ფართი ოცდაოთხი და სამი (24.3) კვ.მ.; სარეგისტრაციო ზონა სამტრედია, კოდი ..., სექტორი სამტრედია, კოდი ..., კვარტალი N..., ნაკვეთის N475, ფართობი 24.3, უფლება საკუთრება, ფუნქცია საკარმიდამო. 2004 წლის 23 იანვრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განცხადების რეგისტრაციის N...) სარეგისტრაციო ზონა სამტრედია, კოდი ..., სექტორი სამტრედია, კოდი ..., კვარტალი N..., ნაკვეთის N475, ფართობი 24.3 კვ.მ. (დაუზუსტებელი) უფლება - საკუთრება, მიწის ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო - სამეურნეო, მესაკუთრედ რეგიტრირებულია - ნ. ბ-ა; უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებულია 22.01.2004 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს 2014 წლის 10 აპრილის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან რომლის თანახმად, ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე 729 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით ... (ნაკვეთის წინა N..., ... შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3) თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ან. ბ-ას (პ/ნ ...; მიწის ფართი 54.19.კვ.მ); მ. ბ-ას (პ/ნ. ..., მიწის ფართობი 41.65 კვ.მ.) და ნ. ბ-ას (შენობა - ნაგებობა 24.3 კვ.მ) სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის N2/ბ-358 გადაწყვეტილება და 2004 წლის 22 იანვრის N1-97 ნასყიდობის ხელშეკრულება. 2014 წლის 11 აპრილის N... სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ე. ბ-ამ, რომელიც არის მამკვიდრებლის - ნი. ბ-ას პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, სრულად მიიღო აწ. გარდაცვლილი მამის - ნი. ბ-ას სამკვიდრო ქონება სამკვიდროში შემავალი აქტივებით და პასივებით. ამავე მოწმობაში მითითებულია, რომ ნი. ბ-ამ მის სიცოცხლეში მიიღო დედის - ნ. ბ-ას კუთვნილი სამკვიდრო ქონება, სამკვიდროში შემავალი აქტივები, პასივები და არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა - ნაგებობით (24.3 კვ.მ.) მდებარე: სამტრედიაში, ...ის ქუჩის ...-ში, მაგრამ არ დაირეგისტრირა მემკვიდრეობის უფლება. რაც შეეხება სადავო რეესტრის 2014 წლის 19 მაისის N... გადაწყვეტილებას, აღნიშნულით დაკმაყოფილდა N... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი - ან. ბ-ა ითხოვდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ პირადი ნომრის გასწორებას.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ბ-ამ 2020 წლის 26 იანვარს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე სამტრედია, ...ის ქუჩა ..., საკადასტრო კოდი .... სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში წარადგინა სამკვიდრო მოწმობა N..., წერილობითი განცხადება, სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება N2-328/3, შიდა აზომვითი ნახაზი ფართების სათანადო მონიშვნებით. რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 29 ივნისის N... გადაწყვეტილებით ე. ბ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და სამტრედიაში, ...ის ქუჩის ...-ში მდებარე 729 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით ... (ნაკვეთის წინა N..., ...; შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3) თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა - ან. ბ-ას (პ/ნ. ...; მიწის ფართი 54.19.კვ.მ.); ე. ბ-ას (პ/ნ ...; შენობა-ნაგებობა 24.3 კვ.მ.; მიწის ნაკვეთის ფართით 71.04 კვ.მ., იქ არსებული სატავსოების მიერ დაკავებული ნაკვეთების ჩათვლით; შენობა-ნაგებობა N1 პირველი სართულის ოთახი N2 -16.6 კვ.მ. ოთახი N3 -13.5 კვ.მ., მეორე სართული ოთახი N10-24.9 კვ.მ., ოთხი N11-18.3 კვ.მ. და ოთახი N12-12.2 კვ.მ.) და მ. ბ-ას (პ/ნ. ..., მიწის ფართობი 41.65 კვ.მ.) სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.11.2003 წლის N2/ბ-358 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.06.2020 წლის N ... ცნობა - დახასიათება და 11.04.2019 წლის N... სამკვიდრო მოწმობა. დადგენილია, რომ 2024 წლის 27 მაისს ე. ბ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით N... მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში სამკვიდრო მოწმობის რეკვიზიტის გასწორება - დამოწმების თარიღი უნდა ჩაწერილიყო 11.04.2014 წ. ნაცვლად 11.04.2019-სა. 2024 წლის 27 მაისის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და გასწორდა ტექნიკური ხარვეზი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე ს/კ N... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, ცნობა - დახასიათება (N ..., დამოწმების თარიღი 29.06.2020) სამკვიდრო მოწმობა N... (დამოწმების თარიღი 11.04.2014).
საკასაციო პალატა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო მმართველობის განხორციელება ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის და რეალაქტის სამართლებრივი შედეგის გაუქმების საფუძველია. პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას კასატორის იმ მსჯელობაზე, რომ ქ. სამტრედიაში, ...ის ქუჩის ...-ში (ამჟამად N31) მდებარე სამემკვიდრეო ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო მოსარჩელე მ. ბ-ას ბაბუა კ. (ნი.) ბ-ა (საკარმიდამო ნაკვეთი შეადგენდა 729.00 კვ.მ, მასზე გაშენებული საცხოვრებელი სახლი კი - 200 კვ.მ) რომელსაც ჰყავდა სამი შვილი - ა., დ. და შა. ბ-ავები, რომელთა სიცოცხლეშივე განაწილებული იყო საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. საერთო საკუთრებას წარმოადგენდა ასევე N1 საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე N10 მისაღები ოთახი (ზალა), ფართით – 24.9 კვ.მ. და ამ ოთახის ქვეშ მდებარე 24.3 კვ.მ. სარდაფი, რომელიც კასატორის მსჯელობით მარეგისტრირებელმა სამსახურმა ისე დაურეგისტრირა საკუთრების უფლებით ე. ბ-ას, რომ არ მოუთხოვია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და თანამესაკუთრეთა თანხმობა, რითაც შეილახა მისი, როგორც თანამესაკუთრის და კანონიერი მემკვიდრის უფლებები. საკასაციო პალატა ზემოთმითითებული მსჯელობის, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმათა შეფასების შემდგომ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ დასაბუთებას, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სამტრედიის რაიონული სასამრთლოს 1988 წლის 2 ნოემბრის N2-328/3 განჩინებაზე, რომლითაც ნ. ბ-ას (ე. ბ-ას ბებიას) საკუთრების უფლებით გადაეცა საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მდებარე ერთი ოთახი, ზალა - 23.5 კვ.მ, ხოლო ამავე განჩინებით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 1 ოთახი 22.4 კვ.მ. ფართით დარჩა ნ. ს-ეეს, რომელიც ნ. ბ-ამ ნ. ს-ეის შვილისაგან, ო. ს-ასგან შეისყიდა 2004 წლის 22 იანვრის N1-97 ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მითითებულ არგუმენტთან ერთად, მართებულად აღნიშნა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო ფართებზე საკუთრების წარმოშობის უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა სადავო რეგისტრაციით მისი კანონიერი უფლების შელახვას და რომელიც შეიძლება გამხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი ე. ბ-ას უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის ..., 2020 წლის 29 ივნისის ..., 2021 წლის 14 დეკემბრის N... და 2024 წლის 27 მაისის ... გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, ვერ გაიზიარებს კასატორის იმ მსჯელობას, თითქოსდა ე. ბ-ას არ ჰქონდა სადაო ფართებზე უფლებადამდგენი დოკუმენტი.
რაც შეეხება კასატორის შედავებას განჩინების იმ ნაწილზე რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილს, საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე აპელირებით მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც გაზიარებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება შედავებულ ნაწილშიც. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის (სადავო ნაწილი) გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი და ამდენად, გასაზიარებულად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო ფართებზე საკუთრების წარმოშობის უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა სადავო რეგისტრაციით მისი კანონიერი უფლების შელახვას და რომელიც შეიძლება გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა - განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული ახალი მტკიცებულების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც მითითებული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება;
3. მ. ბ-ას შუამდგომლობა მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე